მასშტაბური პროტესტისა და საერთაშორისო პარტნიორების მკაცრი შეფასებების ფონზე, თავად „ოცნება“ კომპრომისის ერთადერთ შესაძლებლობას პრეზიდენტის ვეტოს ფარგლებში ხედავს - ამბობს, რომ ღია იქნება „სამართლებრივი არგუმენტების“ მოსასმენად და პოზიციების შესაჯერებლად.
„ოცნების“ შეთავაზებულ თამაშის წესებს არ ეთანხმებიან არც არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია და არც თავად პრეზიდენტი.
რა გზები რჩება კომპრომისისთვის?
„ოცნება“ ვეტოს ელოდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, 13 მაისს გამართულ ბრიფინგზე გაიმეორა, რომ „აგენტების კანონის“ შინაარსში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობას პრეზიდენტის ვეტოს ეტაპზე ხედავს.
„მზად ვართ, ღია ვართ დისკუსიებისთვის ვეტოს ფარგლებში... არის ორი კვირა 14 მაისიდან 28 მაისამდე. ამ ორი კვირის განმავლობაში შესაძლებელია პოზიციების შეჯერება და შემდეგ ამ პოზიციების ასახვა ვეტოს კანონპროექტში“, - უპასუხა კობახიძემ კვლავ ტელეკომპანია „იმედის“ შეკითხვას.
პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა, რომ „თუკი ამის შესაძლებლობას არ მისცემს არც ხელისუფლებას, არც საერთაშორისო პარტნიორებს სალომე ზურაბიშვილი, ეს იქნება, ბუნებრივია, მისი პასუხისმგებლობა“ და, რომ პრეზიდენტს არაკონსტრუქციული მიდგომა აქვს.
10 მაისს, ტელემედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ „აგენტების კანონთან“ დაკავშირებული შენიშვნები შესაძლოა პრეზიდენტის ვეტოში აისახოს; შემდეგ, „ქართული ოცნება“ მათ განიხილავს და შესაძლოა პოზიციები შეჯერდეს.
პრემიერ-მინისტრმა 13 მაისს გაიმეორა ისიც, რომ „სალომე ზურაბიშვილი თვითონ არ წერს ხოლმე ვეტოს კანონპროექტებს და „ან „ენჯეოები“ უწერენ, ან გარედან უწერენ“.
„ახლა გაახსენდათ პრეზიდენტი, პრეზიდენტთან სახვეწრად გაიხადეს საქმე“, - ასე გამოეხმაურნენ სოციალურ ქსელებში ირაკლი კობახიძის მიერ, მანამდე, 10 მაისს, გაკეთებულ განცხადებებს, როცა მან კომპრომისის შესაძლებლობაზე პირველად მიანიშნა.
11 მაისს, „აგენტების კანონის“ მიმართ ერთგვარი უკმაყოფილება გამოხატა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ - ირაკლი ღარიბაშვილმა. მან ასევე თქვა, რომ უნდა მოხდეს „გაუგებრობის განმუხტვა“ და უნდა გაგრძელდეს დიალოგი „ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან“. ასევე მისი სიტყვებია, რომ - „ვეტოს დაძლევამდე დროა“.
უარი „ოცნებას“
„ქართული ოცნების“ ვეტოსთან დაკავშირებულ გეგმებს გზა უკვე გადაუკეტეს როგორც პოლიტიკურმა ოპოზიციამ, ასევე არასამთავრობო სექტორმა და თავად პრეზიდენტმაც.
„ხელისუფლებამ თავისი მხრიდან აჩვენა დაბნეულობა. აჩვენა, რომ არ აქვს ამ რაოდენობის ხალხის წინაშე არანაირი სტრატეგია“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 12 მაისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე და განმარტა, რომ ის არ აპირებს თამაშების დაწყებასა და მანიპულაციებში შესვლას, რადგან „ოცნების“ განცხადებები ემსახურება ერთადერთ მიზანს - „ხალხში დაბნეულობა და გაუგებრობა შემოიტანოს“.
პრეზიდენტმა ვეტოს დადების შემდეგ, პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები უნდა წარუდგინოს, მაგრამ, როგორც ექსპერტები განმარტავენ, არ არის აუცილებელი, რომ შენიშვნები მაინცდამაინც ვეტოდადებული კანონპროექტის კონკრეტულ მუხლებს შეეხებოდეს.
და რა გამოსავალი რჩება „ოცნებას“?
პრეზიდენტმა თავისი გამოსვლის დროს რამდენიმე გამოსავალზე მიუთითა:
- „ან გაიწვიეთ ეს კანონი;
- ან დააბრუნეთ მეორე მოსმენით და მოუსმინეთ ოპოზიციას;
- ან კიდევ უფრო მარტივი - ამ კანონის ამოქმედება გადაიტანეთ 1 ნოემბრის შემდეგ, ვინც მოვა ხელისუფლებაში, მან გადაწყვიტოს“.
„ეს კანონი არის რუსული, დარჩება რუსულად და, სამწუხაროდ, თქვენც ამ კანონთან ერთად“, - მიმართა „ოცნების“ ხელისუფლებას სალომე ზურაბიშვილმა. მან თქვა ასევე, რომ დღეს უკვე ქართული საზოგადოების პრობლემა არის არა „რუსული კანონი“, არამედ რუსული მთავრობის მსგავსად მოქმედი მთავრობა.
კანონის ამოქმედების თარიღთან დაკავშირებულ გამოსავალს არ იზიარებენ არასამთავრობო სექტორში, რომელიც „აგენტების კანონის“ პირდაპირი სამიზნეა.
მესამე სექტორის მტკიცე პოზიციაა - კანონპროექტის გაწვევა, რაც ასევე ჩაგდებას ნიშნავს.
„ჩვენ ვუყურებთ ისე, რომ ეს კანონი არ უნდა იქცეს შენახულ ნაღმად. ეს კანონი არ უნდა ამოქმედდეს. ის უნდა დაიბლოკოს უპირობოდ, რომ არასოდეს გაუჩნდეს ეს ამბიცია სხვა ხელისუფლებას. ამ კანონს ძალიან დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს [ამოქმედების თარიღად 1 ნოემბრის ჩაწერა] არ არის კარგი გამოსავალი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი, ლიკა საჯაია.
მისი განმარტებით, კანონპროექტი ასევე „ნაღმად“ დარჩება იმ შემთხვევაში, თუკი - მის განხილვას „ოცნება“ შეაჩერებს, „დააპაუზებს“ და მომავლისთვის გადადებს.
„ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შეძლებენ, რომ კვლავ მიუბრუნდნენ კანონპროექტს“, - გვეუბნება ლიკა საჯაია.
მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და ახალგაზრდების მასობრივი გაფიცვის ფონზე, როცა „ოცნებას“, ბევრის აზრით, კომპრომისზე წასვლა მოუწევს. მესამე სექტორში მმართველი გუნდის უკან დახევის ორ გზას ხედავენ:
- კანონი ჩააგდონ მესამე მოსმენის კენჭისყრაზე [მსგავსად იმისა, რაც მოხდა 2023 წელს, როცა „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენის ეტაპზე იძულებით ჩააგდეს];
- არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო და კანონპროექტი ამ გზით ჩააგდონ.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება 12 მაისს გამოაქვეყნეს. „ვერანაირი შესწორება ვერ შეცვლის იმ დამანგრეველ შედეგებს, რასაც ამ კანონის ამოქმედება ჩვენს საზოგადოებას მოუტანს“, - ვკითხულობთ ტექსტში, რომელსაც ასზე მეტი ორგანიზაცია აწერს ხელს. მათ შორის არის - „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტიც“ (DRI). ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ ხიდაშელი გვეუბნება, რომ - პოზიცია მტკიცე და უცვლელია, რადგან ხელისუფლების მიმართ ნდობა არ არსებობს.
„აქ მთავარი ის არის - რომელი ხელისუფლება გვთავაზობს ან შემოგვთავაზებს კანონპროექტის გაუმჯობესებას. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც აპრილში დააანონსა ამ კანონპროექტის შემოტრიალება ისე, რომ არ გაუვლია კონსულტაციები არავისთან და ვხედავთ, როგორი ძალადობით, სპეცრაზმისა და პოლიციის მობილიზაციის ფონზე მიმდინარეობს განხილვები. არ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია - ამ ხელისუფლების პირობებში მაგიდასთან დაჯდომა და კანონპროექტის გალამაზებაზე საუბარი“, - თამარ ხიდაშელი ქვეყნისთვის სასიკეთო ერთადერთ გამოსავლად თვლის, რომ ხელისუფლებამ შეწყვიტოს ძალადობა საკუთარ ხალხზე და შეელიოს „აგენტების კანონს“.
ხმაურიან კანონპროექტში ცვლილებების შეტანის წინააღმდეგია ოპოზიციაც.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების საჯარო განცხადებები რუსულ კანონში კოსმეტიკური ცვლილებებისა და ამ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური, ანტიევროპული ინიციატივის შელამაზების შესახებ, წარმოადგენს ერთიანი და მტკიცე ქართული საზოგადოებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანის მცდელობას“, - წერია შვიდი ოპოზიციური პარტიის მიერ 11 მაისს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.
„იმის მოლოდინი, რომ ახლა სალომე ზურაბიშვილი ან სამოქალაქო საზოგადოება, ან ოპოზიციური პარტიები, ან ქართული საზოგადოება დაჯდება და მუხლობრივად რაღაც კონკრეტულ დეტალებში შევა, ამის მოლოდინი არის აბსურდული, მართლაც ილუზორული. ერთადერთი რაც შეიძლება მოხდეს - ეს არის ამ კანონპროექტის უპირობო გაწვევა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი გიორგი მელაშვილი, რომლის სტუდენტებიც, „თავისუფალი უნივერსიტეტიდან“ სტუდენტების გაფიცვის აქციას შეუერთდნენ.
„როგორც თავად ამბობენ, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს საკმაოდ მაღალი IQ-ს მქონე კონსტიტუციონალისტები და, შესაბამისად, თავადაც შეუძლიათ მოიფიქრონ - როგორ გამოძვრნენ სიტუაციიდან, რომელიც თავად შექმნეს“, - გიორგი მელაშვილი ამბობს ასევე, რომ „ზოგი ჭირი მარგებელია“ და „სწორედ „აგენტების კანონმა“ დაანახა ხალხს - თუ როგორ იმართებოდა ქვეყანა მთელი ამ დროის განმავლობაში“ და კანონი რომც ბოლომდე გაიტანონ - „ხალხი გამოღვიძებულია და ეს პროცესი დასრულდება საქართველოში რუსული ტიპის მმართველობის აღმოფხვრით“.
ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ [ჩაგდებისკენ] მოუწოდებს თბილისში ჩამოსული ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი. ის თბილისს ევროპული დელეგაციის ფარგლებში ეწვია.
„საქართველოს ნათელი მომავლის ვერანაირ შესაძლებლობას ვერ ვხედავ, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს... ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას, გაიხსნას მოლაპარაკებები ამ კანონის პირობებში. ევროკავშირის გზავნილი ძალიან ნათელია“, - აცხადებს გერმანელი კანონმდებელი.
სანქციები?
„აგენტების კანონის“ სამომავლო ბედთან დაკავშირებით ყველა ელოდება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის - ჯიმ ო'ბრაიენის თბილისში ჩამოსვლასა და შეხვედრებს, მათ შორის - ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
13 მაისს, ირაკლი კობახიძის პრესკონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე, ტელეკომპანიებმა - „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს; ბიძინა ივანიშვილს შეხვდება და სანქციების პაკეტსაც წარუდგენსო.
ტელეკომპანიების მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია მხოლოდ ახალი ამბების ჩანაწერში დარჩა, ცალკე აღარ იძებნება. შეკითხვა ო'ბრაიენთან შეხვედრასა და სანქციებზე კვლავ „იმედის“ ჟურნალისტმა დასვა.
„რაც შეეხება სანქციების თემას, ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ დღესაც მოქმედებს დე ფაქტო სანქციები“, - უპასუხა კობახიძემ და თქვა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ივანიშვილთან შეხვედრა მოითხოვა და უარი მიიღო.
საქართველოში მიმდინარე პროტესტისა და დემონსტრანტებზე ძალადობის ფონზე, პოლიტიკოსები ევროკავშირის ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოს აფრთხილებენ, რომ „აგენტების კანონის“ მიღების შემთხვევაში - საქართველოს პრობლემები შეექმნება. ლაპარაკია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის, ევროკავშირში უვიზოდ მგზავრობის უფლების შეზღუდვასა და შესაძლო სანქციების დაწესებაზე იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც ხელს უშლიან ქვეყანას დასავლეთისკენ სვლაში.
რა საფეხურები დარჩა "აგენტების კანონს"?
13 მაისს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონი“ ისე დაამტკიცეს, რომ ოპოზიციამ დარბაზში შესვლა ვერ მოასწრო. კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პროცედურა 67 წამში დაასრულა.
საკომიტეტო მოსმენა აუცილებელი პროცედურაა კანონპროექტის პარლამენტის სხდომაზე გატანის წინ. როგორც კომიტეტში, ასევე - პლენარულ სხდომაზე, 3-3 მოსმენა ტარდება.
ამ დროისთვის, კომიტეტის დონეზე, სამივე მოსმენის პროცედურები უკვე დასრულებულია. რჩება კანონპროექტის მესამე მოსმენით დამტკიცება - პარლამენტის სხდომაზე.
„ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ მესამე მოსმენით კანონს 14 მაისს დაამტკიცებენ.
სამი მოსმენით დამტკიცების შემდეგ, პრეზიდენტს შეუძლია, რომ ვეტოს მექანიზმი აამუშაოს.
პრეზიდენტს შეუძლია ვეტო დაადოს ნებისმიერ კანონს, რომელსაც ქვეყნისთვის საზიანოდ თვლის. სალომე ზურაბიშვილმა დიდი ხანია განაცხადა, რომ „აგენტების კანონსაც“ დაადებს ვეტოს.
„ქართულ ოცნებას“ აქვს შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს. ამ პროცედურას 76 დეპუტატის ხმა ესაჭიროება. ასეთ შემთხვევაში კანონს ხელს მოაწერს არა პრეზიდენტი, არამედ - პარლამენტის თავმჯდომარე.
არაერთმა არასამთავრობო თუ მედიაორგანიზაციამ განაცხადა, რომ არ აპირებენ „უცხო ძალის ინტერესების მატარებლის“ შეურაცხმყოფელი სტატუსით დარეგისტრირებას. ეს კი ავტომატურად მათი მუშაობის შეჩერებას და ხალხისთვის სერვისების შეთავაზების შეწყვეტას გამოიწვევს.
თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციები გრძელდება. დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციებზე ათობით ათას ადამიანს ითვლიან.
ფორუმი