ოპოზიციური პარტიები ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს, რომლებიც ეხებოდა ე.წ. აგენტების კანონის საკითხზე პრეზიდენტის ვეტოს ფარგლებში მოსალოდნელ შენიშვნებს.
პარტიები აღნიშნავენ, რომ მმართველი პარტია ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების საჯარო განცხადებები რუსულ კანონში კოსმეტიკური ცვლილებებისა და ამ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური, ანტიევროპული ინიციატივის შელამაზების შესახებ, წარმოადგენს ერთიანი და მტკიცე ქართული საზოგადოებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანის მცდელობას“, - წერია განცხადებაში.
ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ „აგენტების კანონი“ შელამაზებას არ ექვემდებარება და „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიწვიოს.
„ივანიშვილის ამ რუსული ინიციატივის გამო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტერორის მსხვერპლი გახდა ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, კანონის მოწინააღმდეგეთა წინააღმდეგ ტერორში ჩართულია არა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფები, არამედ შსს-ს საპოლიციო დანაყოფები. პოლიტიკური რეპრესიები ივანიშვილმა ჩვენი ხალხის ყოველდღიურობად აქცია, საქართველოს საერთაშორისო იმიჯს უკვე მიადგა უმძიმესი ზიანი, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი დარტყმის ქვეშ დგას, ამიტომ, ჩვენ, დემოკრატიული ოპოზიცია, რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ეს კანონი გაუმჯობესებას არ ექვემდებარება და უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული“, - აცხადებენ პოლიტიკური პარტიები.
განცხადებას ხელს აწერენ:
- „ახალი“
- „სტრატეგია აღმაშენებელი“
- „დროა“
- „გირჩი - მეტი თავისუფლება“
- „რესპუბლიკური პარტია“
- „ლელო საქართველოსთვის“
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
10 მაისს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პარტნიორებს შეუძლიათ „აგენტების კანონთან“ დაკავშირებული შენიშვნები პრეზიდენტის ვეტოში ასახონ.
11 მაისს ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია დიალოგის გაგრძელება და გაუგებრობის განმუხტვის მომხრეა. „დაველოდოთ, მეგობრებო, ვეტოს დაძლევამდე დროა“, - თქვა ღარიბაშვილმა.
3 აპრილს, „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალ ინიციირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, მიუხედავად ხალხმრავალი აქციებისა, პირველ მაისს მეორე მოსმენით მიიღო კანონი.
კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. გასულ წელს ინიციირებული კანონპროექტით, მათი აგენტებად რეგისტრაცია იყო გათვალისწინებული. ერთი წლის შემდეგ ხელახლა წარდგენილ კანონპროექტში საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ორგანიზაციების სარეგისტრაციო სიის სახელდება შეცვალა.
კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში, თუკი მას პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის, პარლამენტმა რამდენ ხანში უნდა განიხილოს პრეზიდენტის მიერ დაბრუნებული მოტივირებული შენიშვნები. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას პარლამენტში ზუსტად იმდენი ხმა სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას.
ფორუმი