Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სქემები, სიები, ცხრილები - ვის სჭირდება ამომრჩევლის პირადი მონაცემები


არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო ადმინისტრაცია ირწმუნებიან, რომ ხმის მიცემის პროცესში შეუძლებელი იქნება იმის დადგენა - თუ ვის მისცა ხმა ამა თუ იმ ამომრჩეველმა.
არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო ადმინისტრაცია ირწმუნებიან, რომ ხმის მიცემის პროცესში შეუძლებელი იქნება იმის დადგენა - თუ ვის მისცა ხმა ამა თუ იმ ამომრჩეველმა.

სხვადასხვა წყაროდან გახშირდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია, სახელმწიფო უწყებების გამოყენებით, და არა მხოლოდ, ამომრჩევლების პირად მონაცემებს აგროვებს. მედია ჰყვება ისეთი სქემების შესახებ, როგორსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ამჟამად პატიმარი სოსო გოგაშვილი აღწერდა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება კანონდარღვევას უარყოფს და დეზინფორმაციასა და „მასირებულ საინფორმაციო შტურმზე“ ლაპარაკობს. საჯაროდ განხილულ შემთხვევებს შესაბამისი უწყებები არ იძიებენ.

როგორც არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო ადმინისტრაცია ირწმუნებიან, არჩევნებზე ხმის მიცემის დროს შეუძლებელია იმის დადგენა - თუ ვის დაუჭირა მხარი ამა თუ იმ ამომრჩეველმა.

  • როგორ და რაში შეიძლება გამოადგეს მმართველ პარტიას საქართველოს მოქალაქეების პირადობის მოწმობები და პერსონალური ინფორმაცია?

ჩამორთმევა, შეგროვება

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ თამარ კორძაიას ინფორმაციით, წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში - პირადობის მოწმობები ჩამოართვეს 22 ხანდაზმულსა და 9 თანამშრომელს - „ქართული ოცნების“ ოფისში „გადასაგზავნად“.

„მიზანია, რომ ეს ადამიანები არ მივიდნენ არჩევნებზე და არ მისცენ ხმა. როცა ცნობილია, რომ ადამიანი ოპოზიციურად არის განწყობილი, ურჩევნიათ, საერთოდ არ მივიდეს არჩევნებზე… ეს ხალხი ხმამაღლა ვერ ლაპარაკობს - შეშინებულია. 5 დღის წინ მოგვაწოდეს ჩვენ ეს ინფორმაცია. ბევრი ვიფიქრეთ, მაგრამ ჯობია ითქვას ხმამაღლა, რომ - ამ ხალხს ეს პირადობის მოწმობები დაუბრუნონ“, - ეუბნება თამარ კორძაია რადიო თავისუფლებას და აღნიშნავს, რომ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს გადასცეს.

მანამდე, 17 ოქტომბერს, საგანგებო ბრიფინგზე, თამარ კორძაიამ საჯაროდ მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და ამ ამბის გამოძიება მოითხოვა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში რადიო თავისუფლებას [17 ოქტომბერს] უპასუხეს, რომ - არც ამ და არც რომელიმე სხვა ამბავთან დაკავშირებით, სადაც საუბარი იყო პერსონალური მონაცემების შესაძლო უკანონო გამოყენებაზე საარჩევნო მიზნებით - მოკვლევა არ არის დაწყებული. ოფიციალური განცხადებით ჩვენი უწყებისთვის არავის მიუმართავსო, - გვითხრეს.

16 ოქტომბერს, მსგავსი ინფორმაცია ზუგდიდიდან გაავრცელა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ანა წითლიძემ. ის ლაპარაკობს ე.წ. ძალოვნების შტაბზე და ასახელებს, მათ შორის - მაღალჩინოსანი სამართალდამცველების გვარებს, რომლებიც - „ასრულებენ უკანონო დავალებას“ სენაკსა და ზუგდიდში და „პირადობის მოწმობებს ართმევენ ადამიანებს, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილი, რადგან არ მივიდნენ არჩევნებზე და ხმა არ მისცენ ოპოზიციას“.

17 ოქტომბერს, „მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა ვიდეომასალა, რომელშიც მეეზოვეები ჰყვებიან, რომ რუსთავის დასუფთავების სამსახურის ადმინისტრაციამ პირადობის მოწმობები მოსთხოვათ. ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს, რომ დოკუმენტი ერთი კვირის წინ გამოართვეს.

მანამდე, 14 ოქტომბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ სკოლის მოსწავლეებს მშობლების პირად მონაცემებს სთხოვენ.

„სკოლებში ასეთ მონაცემებს რომ სთხოვენ ბავშვებს, ეს პირადი მონაცემების დარღვევაა! არ უნდა გასცეს ბავშვმა მშობლების პირადი ნომერი! საინტერესოა ამ სკოლების იდენტიფიკაცია!“ - თავისი სიტყვების დასტურად პრეზიდენტმა გამოაქვეყნა ანკეტის ნიმუშიც, რომელშიც ითხოვენ არა მხოლოდ ბავშვის, არამედ ორივე მშობლის დაბადების თარიღებისა და პირადი ნომრების მითითებას.

პრეზიდენტს სწრაფად უპასუხა განათლების სამინისტრომ, სიცრუეში დაადანაშაულა და უარყო მშობლების პერსონალური მონაცემების „კონკრეტული მიზნებისთვის“ შეგროვება. თუმცა თავად სალომე ზურაბიშვილი განცხადებაში მონაცემების შეგროვების სავარაუდო მიზანზე არ მიუთითებს.

სამინისტროს განმარტებით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულია არა მხოლოდ მოსწავლის პირადი ინფორმაცია, არამედ ასევე - მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების შესახებ ინფორმაციაც და, რომ პერსონალური მონაცემების შეგროვება, შენახვა და დამუშავება კანონის შესაბამისად ხდება.

განათლების სამინისტროს პოზიცია პრემიერ-მინისტრმაც დაიცვა. ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის გამოქვეყნებული ანკეტა სტანდარტულია და „ივსება ნებისმიერ ქვეყანაში, ასეთი ფორმით, სკოლის მოსწავლეების მიერ“.

„წარმოდგენა რომ არ გაქვს არც პერსონალურ მონაცემებზე და არც იმაზე, თუ როგორ უნდა შეივსოს მოსწავლის ანკეტა, ეს სერიოზული პრობლემაა, თუმცა კომპეტენცია ამ ხალხს არ მოეთხოვება“, - უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

სიების შედგენა, დოსიე

„ქართული ოცნება“ თავის პარტიულ ოფისებში „წინასაარჩევნოდ დეტალურად ამუშავებს ათობით ათასი ადამიანის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პირად მონაცემებს“, - დაწერა 15 ოქტომბერს „ბათუმელებმა“, „ინფორმირებული პირის“ მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მმართველ პარტიას მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უწყებები, მათ შორის - იუსტიციის, ჯანდაცვის, განათლების, შინაგან საქმეთა სამინისტროები აწვდიან.

სტატიაში აღწერილი სქემის თანახმად, პერსონალური მონაცემების დამუშავების შედეგად დგინდება ამა თუ იმ პირის მიერ განვლილი გზა და საჭიროებები, მაგალითად: არის თუ არა ის დასაქმებული, არის თუ არა შემწეობის, სუბსიდიის ან რაიმე სახის კომპენსაციის ბენეფიციარი, ყოფილა თუ არა ოდესმე პატიმარი ან პრობაციონერი, არის თუ არა ნარკოტიკების მომხმარებელი. „ბათუმელები“ წერს, რომ „ქართულ ოცნებას“ დათვლილი აქვს სხვადასხვა კატეგორიაში გაერთიანებული ადამიანების რიცხვი და დაკონკრეტებული აქვს მათ შორის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები.

„ბათუმელების“ თანახმად, ცხრილებშია „გავლენის მქონე პირის“ სვეტიც და ერთ ამომრჩეველზე, რიგ შემთხვევებში, რამდენიმე გავლენის მქონე პირია მიწერილი, რომლებსაც, როგორც ჩანს, არამომხრე ან გადაუწყვეტელ ამომრჩევლებთან მუშაობა ევალებათ. ასეთ პირებად განიხილებიან - როგორც ადამიანები, ასევე სახელმწიფო უწყებები, კომპანიები, აგიტატორები.

12 ოქტომბერს, მსგავსი შინაარსის ჟურნალისტური გამოძიება „TV პირველის“ გადაცემა „მელაძის შაბათში“ გავიდა. სიუჟეტის თანახმად, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულებს მასობრივად სთხოვენ საკუთარი და ოჯახის წევრების პირადი მონაცემების გამხელას და შემდეგ ეს ინფორმაცია „ქართულ ოცნებას“ ეგზავნება.

სიაში, რომელიც ჟურნალისტს ჩაუვარდა ხელში - შეტანილია შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, გარდაბნის მერიის, ნავთობისა და გაზის კორპორაციის, საჰაერო ნავიგაციის თუ აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების პერსონალური მონაცემები - პირადი ნომრები, მისამართები და ტელეფონის ნომრები.

ტელეჟურნალისტი ვარაუდობს, რომ სიების შედგენის მიზანი ამომრჩეველთა ხმების „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ „მობილიზება“ და საჯარო მოხელეების მხრიდან ოჯახის წევრებზე ზემოქმედებაა.

„იკვეთება პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და გამოყენების, ამომრჩევლის ნებაზე იძულებითი ზეგავლენის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების, მაშასადამე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 1644, 332-ე და 333-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნები.

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია არის გამოძიების დაწყების საფუძველი, თუმცა ამ დრომდე პასუხისმგებელი საგამოძიებო უწყებები არ აკეთებენ არავითარ განმარტებას... რეაგირების შესახებ“, - აღნიშნავს არასამთავრობო სექტორის სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“, 7-14 ოქტომბრის [ყოველკვირეულ] შეფასებაში.

დამკვირვებელთა კოალიციამ პროკურატურასაც მიმართა, მაგრამ პასუხი არ მიუღია.

რადიო თავისუფლების შეკითხვისთვის გენერალურ პროკურატურაში ამ დრომდე არ უპასუხიათ.

18 ოქტომბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ომბუდსმენი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს - დაიწყონ გამოძიება „საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციების შესაბამისად, შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების საფუძველზე“; ხოლო ცხელ ხაზზე [1481] დარეკვისკენ მოუწოდებს დაზარალებულ მოქალაქეებს, „რომელსაც ასეთი ფორმით ჩამოართვეს საქართველოს პირადობის მოწმობა“.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ „არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა, მათ შორის მოტყუებით, ძალადობით თუ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს“.

პერსონალური მონაცემების შეგროვებასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას საარჩევნო „გარემოს მუქ ფერებში დახატვის“ მცდელობას უწოდებს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი თვლის, რომ ოპოზიციამ წამოიწყო ორკესტრირებული შტურმი, პრეზიდენტის ჩართულობით, რადგან მათ არ აკმაყოფილებთ ეუთო/ოდირის [OSCE/ODHIR] რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიში - სადაც მშვიდ წინასაარჩევნო გარემოზეა ლაპარაკი.

„ჩვენ ვნახეთ, როგორც კი ეს ანგარიში გამოვიდა და გარკვეული იმედგაცრუება იყო ოპოზიციისთვის, რომელიც არეულობისთვის ემზადება სინამდვილეში, მეორე დღიდანვე დაიწყო მასირებული საინფორმაციო შტურმი, იმისთვის, რომ შექმნან საინფორმაციო ხმაური იმ აღქმებისთვის, რომელიც უნდათ, რომ ჩამოუყალიბონ საერთაშორისო დამკვირვებლებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის 11 ოქტომბერს გამოქვეყნებული შუალედური ანგარიში 11 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.

ტექსტში აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო კამპანია „ამ დრომდე საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს“, თუმცა იქვე ლაპარაკია პოლიტიკურ პოლარიზებაზე, უწყვეტ პოლიტიკურ დაძაბულობაზე, ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობასა და გაერთიანებისა და გამოხატვის უფლების დაცვასთან დაკავშირებულ შფოთზე.

ასევე აღნიშნულია, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს „სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერთა და სახელმწიფო უწყებების მიერ მართული დაშინების ტაქტიკის გამო“. ირკვევა, რომ საერთაშორისო მისიის წარმომადგენლებს მათ მიაწოდეს ინფორმაცია „სახელისუფლებო პარტიაზე სოციალური შემოწირულებების გამო დამოკიდებული პირების მიმართ განხორციელებული ზეწოლის სავარაუდო ფაქტებზე“ - ახალციხეში, ქობულეთში, სენაკში, თბილისში, ზესტაფონსა და ზუგდიდში.

მსგავსი სქემები სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის მასალებში

ბოლო პერიოდში მედიაში გახმაურებული საარჩევნო სქემები ძალიან ჰგავს მექანიზმს, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ამჟამად პატიმარმა სოსო გოგაშვილმა გამოამზეურა.

მასალები გოგაშვილმა, ორი წლის წინ, არასამთავრობო ორგანიზაციებს - „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ [TI] და „სამართლიან არჩევნებს“ [ISFED] გადასცა. ამ ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ კი შესაბამისი კვლევა 2022 წლის ივლისში გამოაქვეყნა.

არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევაში ლაპარაკია ამომრჩეველთა ხმების მობილიზების სავარაუდო მასშტაბურ სქემაზე, რომლითაც მაღალი ალბათობით დასტურდება სახელმწიფო უწყებების (მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების) საარჩევნო/პარტიული მიზნებით გამოყენება“.

დასახელებულია ორი ძირითადი მიზანი:

  • „უწყებების მეშვეობით სავარაუდოდ გროვდებოდა პერსონალური ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეების შესახებ, სავარაუდოდ, მომავალში მათზე ზეწოლის მიზნით“.
  • „არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მეშვეობით ხდებოდა მოქალაქეების წინასწარ მოთხოვნილი შეღავათებით და სხვა ტიპის სარგებლით უზრუნველყოფა“.

ამ სქემის თანახმად, სახელისუფლებო პარტია, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების სერვისების გამოყენებით, კონკრეტულ ადამიანებს სავარაუდოდ სთავაზობდა:

  • პირობითი მსჯავრის გაუქმებას,
  • პენიტენციური დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას,
  • შეჩერებული/ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენას,
  • მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდების შემსუბუქებას (გადაკვალიფიცირებას),
  • სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებას,
  • წვევამდელთა სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების გადავადებას.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა გოგაშვილის ინფორმაცია საჯარო წყაროებით გადაამოწმეს. პრობაციის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით, საგრძნობლად იყო გაზრდილი იმათი რაოდენობა, ვისაც პირობითი მსჯავრი გაუუქმეს ან მართვის მოწმობები აღუდგინეს [ეს შეეხება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდს - განსაკუთრებით მეორე ტურის წინ და შემდეგ].

ISFED-ის წარმომადგენელი, ლევან ნატროშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მასალები მაშინ პროკურატურაში გადააგზავნეს, მაგრამ დღემდე რეაგირება არ ყოფილა.

„ასეთი ინფორმაციის მოპოვება და მოგროვება, ცალსახად, კანონის დარღვევაა, როცა მმართველი პარტია სახელმწიფო უწყებების საშუალებით იღებს ინფორმაციას, მაგალითად - კონკრეტული პირების საგადასახადო დავალიანებაზე, სოციალურ მდგომარეობაზე, კრიმინალურ წარსულზე - ვის აქვს სისუსტეები - ვის რა სჭირდება, რომ შემდეგ პოტენციურ მხარდამჭერებს მიაწოდონ გარკვეული სარგებელი, ხოლო ოპოზიციის მხარდამჭერები შეავიწროონ ან გადაიბირონ“, - ნატროშვილის თქმით, ასეთი სქემებით შესაძლებელია ზემოქმედება ამომრჩევლის ნებაზე, რადგან ადამიანი ხდება უფრო ფრთხილი ხმის მიცემისას - როცა იცის, რომ მისი პერსონალური ინფორმაცია ისეთი ვიღაცის ხელშია, ვისაც მისი ბედის გადაწყვეტა შეუძლია.

ამ ყველაფრის მიუხედავად, როგორც არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო ადმინისტრაცია ირწმუნებიან, ხმის მიცემის პროცესში შეუძლებელი იქნება იმის დადგენა - თუ ვის მისცა ხმა ამა თუ იმ ამომრჩეველმა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG