დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, გარეტ უორდმა განმარტა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის ისტორიაში ეს პირველად ხდება და გადაწყვეტილება დემოკრატიის უკუსვლითა და საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკით არის განპირობებული.
„დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს, ისევე როგორც სხვა დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა, დააზიანა საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმდინარე წელს გადადგმულმა ნაბიჯებმა“, - აცხადებს ელჩი უორდი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში და ამ ნაბიჯებიდან გამოყოფს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს [„აგენტების კანონი“], მმართველი გუნდის წევრების მხრიდან შეთქმულების თეორიების პროპაგანდას, დასავლელი პარტნიორების დადანაშაულებასა და [„ოცნების“ მიერ] ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაპირებას.
„დიდი ბრიტანეთი არ აპირებს საქართველოს მიტოვებას, მაგრამ ჩვენს თანამშრომლობას ურთიერთნდობის ხარისხზე დავაფუძნებთ“, - უთხრა გარეტ უორდმა რადიო თავისუფლებას 28 სექტემბერს.
დიდი ბრიტანეთის საელჩო თანამშრომლობის შეზღუდვასთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს არ აკეთებს, მათ შორის უორდროპის სტრატეგიული დიალოგისა თუ ცალკეული პროგრამების ფარგლებში საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების შესახებ.
- რას ნიშნავს დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება, განსაკუთრებით ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის?
უორდროპის სტრატეგიული დიალოგი
უორდროპის სტრატეგიული დიალოგი საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული ურთიერთობების მთავარი პლატფორმაა - „საერთო ინტერესთა ყველა სფეროში გაღრმავებული სტრატეგიული პოლიტიკური დიალოგისთვის“.
[ჯონ] ოლივერ უორდროპი ბრიტანელი დიპლომატი, მოგზაური და მთარგმნელი იყო. 1919-1921 წლებში, ის ასრულებდა გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენლის ფუნქციას სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში. ის საქართველოს მიმართ დიდი გულისხმიერებით გამოირჩეოდა და ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციას ეწეოდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ინგლისში დაბრუნებული უორდროპი ეხმარებოდა ქართულ ემიგრაციას და ქართული კომიტეტი დააარსა.
2014 წელს შექმნილი უორდროპის სახელობის ფორმატი, რომელსაც 2016 წლიდან უორდროპის სტრატეგიული დიალოგის სახელით მოიხსენიებენ, მოიცავს საშინაო და საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს, სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს, განათლებისა და კულტურის სფეროს, ხალხთა შორის კონტაქტებს. ორი ქვეყნის საერთო მიზნებს შორის არის ასევე დემოკრატიული განვითარება, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა.
სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ტექსტში, რომელიც საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის 2019 წელს გაფორმდა [ძალაში შევიდა 2020 წლის ბოლოს, ბრექსიტის შემდეგ], „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის მთავარ ფორუმად არის მოხსენიებული.
- ეს ფორუმი - „ზედამხედველობასა და მონიტორინგს გაუწევს“ [სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის] შეთანხმების „გამოყენებასა და შესრულებას“ და „პერიოდულად გადახედავს ამ შეთანხმების ფუნქციონირების საკითხს მისი მიზნებიდან გამომდინარე“.
- ეს ფორუმი „განიხილავს შეთანხმების ფარგლებში წარმოშობილ ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხს და საერთო ინტერესთა სფეროში შემავალ ნებისმიერ სხვა ორმხრივ თუ მრავალმხრივ საკითხს“.
- იმართება რეგულარულად - „ფორმატი, დონე და სიხშირე შეთანხმდება ორმხრივად“.
ბოლო, მერვე შეხვედრა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფორმატში 2023 წლის იანვარში გაიმართა.
უორდროპის სტრატეგიულ დიალოგში საქართველოს და დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებები მონაწილეობდნენ; სხვადასხვა დროს, საქართველოს მხრიდან დიალოგში ჩართული იყვნენ მინისტრები - გიორგი კვირიკაშვილი, დავით ზალკალიანი, ილია დარჩიაშვილი.
- 2018 წლის 8 ნოემბერს, „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მორიგ, მე-5 რაუნდზე თბილისში ჩამოვიდა გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი სერ ალან დუნკანი. მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
- 2018 წლის ნოემბრის რაუნდზე ასევე გაფორმდა მემორანდუმი საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკებს შორის.
- 2020 წლის 9 სექტემბერს, „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე-7 რაუნდის შემდეგ, ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში მინისტრმა - უენდი მორტონმა X-ზე დაწერა, რომ საქართველოსთვის გამოიყოფოდა 2 მილიონი გირვანქა სტერლინგი - რუსეთის აგრესიით განპირობებული კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულების მიზნებისთვის.
- მე-7 რაუნდზე ასევე ხელი მოაწერეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის 2020-2021 ფინანსური წლის გეგმას.
- „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მერვე, ბოლო, რაუნდის ფარგლებში, 2023 წლის 26 იანვარს, ლონდონში ჩავიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. ხელი მოაწერეს შეთანხმებას რეადმისიისა და საჰაერო მიმოსვლის შესახებ. ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა ასევე იმსჯელეს მზარდ თანამშრომლობაზე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმებოდა ბრიტანეთის განგრძობად მხარდაჭერას.
საქართველოსა და ბრიტანეთის თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები, რომლის შეჩერებაზეც ბრიტანეთის ელჩი ლაპარაკობს, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ასევე „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ნაწილია. კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა, რომელიც ელჩის განცხადებით ასევე შეჩერდება, ასევე თავდაცვის სამინისტროს ეხებოდა.
რეაქციები
დიდი ბრიტანეთის ბოლო გადაწყვეტილებას - „უორდროპის ფორმატის“ გაყინვის თაობაზე, არ გამოხმაურებია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყებამ არც რადიო თავისუფლების კითხვებს უპასუხა.
თავდაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ მოგვაწვდიან ოფიციალურ განცხადებას, თუკი მის გავრცელებას გადაწყვეტენ.
„ყველაფერი იქნება კარგად“, - მოკლედ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ „უორდროპის ფორმატის“ შეჩერებას ბრიტანეთის მხრიდან საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ზემოქმედების მცდელობა უწოდა.
„2024 წლის ივნისში უნდა გამართულიყო, მაგრამ ბრიტანეთში მიმდინარე არჩევნების გამო არ გაიმართა. რატომ გაახსენდა გადადებული შეხვედრა 26 ოქტომბრამდე ორი კვირით ადრე? არის თუ არა ეს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა? - ეს ქართველმა ხალხმა შეაფასოს… როდესაც ქართველ ხალხს ფაქტების დამახინჯებით აწვდი ინფორმაციას და ამ ყველაფერს არჩევნებამდე ორი კვირით ადრე აკეთებ, სხვა რა უნდა ვიფიქროთ, თუ არა უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში“, - უთხრა გორდულაძემ ჟურნალისტებს 15 ოქტომბერს.
„ამ პროცესების გაყინვა, მათ შორის - თავდაცვისა და უსაფრთხოების პროგრამების შეჩერება, რა თქმა უნდა, მძიმე დარტყმაა საქართველოს გაცხადებული ინტერესებისთვის, რაც ბიძინა ივანიშვილის ავტორიტარული მიდგომებით არის განპირობებული და ყველა ახლა ელოდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით ქართველი ხალხის ნების დაბრუნებას პოლიტიკაში. თავდაცვის სამინისტროს დუმილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ნებაზე დადის არა მხოლოდ საპარლამენტო გუნდი, არამედ კაბინეტის წევრები და მათი მოადგილეები“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თეონა აქუბარდიამ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.
„უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ერთ-ერთ შეხვედრას, 2016 წელს, თეონა აქუბარდიაც ესწრებოდა - იხსენებს, რომ იმ შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილებოდა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საკითხიც.
კიბერუსაფრთხოება და სასიცოცხლო საფრთხეები
2022 წლის ივნისში, მადრიდში, ნატოს სამიტის ფარგლებში - ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გამოაცხადა საქართველოს კიბერუსაფრთხოებისთვის დამატებით 5 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფის შესახებ. იქვე ითქვა ასევე, რომ დიდი ბრიტანეთი პირდაპირ იმუშავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან - კიბერთავდაცვისა და შესაძლებლობების განსავითარებლად.
ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ საქართველოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მოიგერიოს კიბერთავდასხმა რუსეთიდან, ხოლო პუტინს არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ საქართველოს სუვერენული ინსტიტუტები გამოიყენოს საკუთარი კიბერშესაძლებლობების გასაძლიერებლად. ბრიტანეთი კიბერუსაფრთხოების სფეროში მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსთან არ თანამშრომლობს. ჩამონათვალშია იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა მიმართულებები.
დიდი ბრიტანეთი და აშშ დაეხმარნენ საქართველოს 2019 წელს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს („გრუ“) მიერ საქართველოზე ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმის გამოძიებაში. თავდასხმის შედეგად 2019 წლის ოქტომბერში შეფერხდა საქართველოს მთავრობის, სასამართლოს და რამდენიმე ათასი კერძო ვებგვერდის მუშაობა, ასევე სატელევიზიო არხების მაუწყებლობა.
ექსპერტი უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, ანდრო გოცირიძე რადიო თავისუფლებას უყვება ბრიტანელების კოორდინაციით შემუშავებული საქართველოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ; დიდი ბრიტანეთი მონაწილეობდა ქართველი სპეციალისტების გადამზადებაში, კიბერშესაძლებლობების განვითარებასა და ცნობიერების ამაღლებაში. ეს ყველაფერი „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ნაწილია, რომელიც ახლა უკვე შეჩერებულია.
ანდრო გოცირიძე ამბობს, რომ საფრთხე ემუქრება ათეულობით წლების განმავლობაში ნაშენებ ნდობას და ურთიერთობებს, რის შედეგადაც საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოს გაუხსნეს გზა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისებით უზრუნველყოფისკენ და ეს სარგებელი „მხოლოდ მონეტარულ ეფექტზე არ დაიყვანება“.
„იმავე კიბერუსაფრთხოებაში - რაც არ უნდა ფული დავხარჯოთ კადრების მომზადებაში, თუ ამ კადრებს არ ექნებათ წვდომა დასავლურ კიბერუსაფრთხოების ცენტრებთან ან დასავლურ საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან, რომლებიც ხშირად დახურულია - მხოლოდ თანხა ვერ უშველის. თუ ეს მიმართულება ჩაიკეტა, მაშინ ელემენტარული იმ ტექნოლოგიების მომხმარებლებიც ვერ ვიქნებით, რომელიც შეიძლება ვიღაცამ გვაჩუქოს“, - გოცირიძის თქმით, საქართველოს ძალიან ცოტა კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი და ტექნიკოსი ჰყავს და ვინც ჰყავს, ყველას განათლება მიღებული აქვს ბრიტანულ, ამერიკულ ან ესტონურ ცენტრებში“.
ცალკე საკითხია ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა, რაც, ანდრო გოცირიძის თქმით, ასევე პარტნიორების მხრიდან ნდობას ეფუძნება და „თუ არ იქნება სტრატეგიული პარტნიორობის მაღალი ხარისხი, პარტნიორები ტექნოლოგიებს არ განდობენ - მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ხელში რომ არ აღმოჩნდეს“; ხოლო „კიბერუსაფრთხოება 80% ტექნოლოგიებია და ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელია კიბერთავდაცვა“.
„კიბერუსაფრთხოება დღეს არის ერთ-ერთი ძირითადი სეგმენტი სახელმწიფო და ეროვნული უსაფრთხოებისა. ზოგადად - ცხოვრების გაციფრულებასთან ერთად, სახელმწიფო სულ უფრო და უფრო მეტად არის დამოკიდებული კიბეროპერაციებზე“, - ამბობს ანდრო გოცირიძე და „სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ“ ამოცანად კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას მიიჩნევს:
„საბანკო სერვისი, ჰოსპიტალური სერვისი, ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ინდუსტრია, მასმედია და ასე შემდეგ - ყველა ამ დარგს დღევანდელ სამყაროში მართავს უკვე კომპიუტერული პროგრამები, სისტემები. მტერს აღარ სჭირდება რაკეტებით თავდასხმა ან ჯაშუშური საქმიანობა, როდესაც ვირუსის შეტანით შეუძლია მოშალოს მობილური კავშირგაბმულობა, მოშალოს ენერგეტიკის სექტორი თუ პურის ცხობის ლოგისტიკური ჯაჭვი. როდესაც ვამბობთ, რომ ქვეყნის კიბერუსაფრთხოება იქნება დარტყმის ქვეშ, ეს ნიშნავს, რომ თითოეული მოქალაქის პრობლემა იქნება, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მოშლის საფრთხის გამო. მისი მოშლა ქვეყნისთვის სასიცოცხლო საფრთხეებს იწვევს“.
2024 წლის 18 თებერვლით თარიღდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია - სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და დიდი ბრიტანეთის არმიის ერთობლივი კიბერსწავლება - Defence Cyber Marvel 2024-ის დასრულების შესახებ. სასწავლო პროგრამის სიმულაციური სცენარი იყო - კიბერშეტევები „კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და საინფორმაციო სისტემებზე“.
„სწავლება მიზნად ისახავს კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებასა და თავდაცვის სფეროში კიბერუსაფრთხოების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას, ასევე ნატოსა და ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადობას“, - წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურომ ამ სწავლებას, პერსონალის გადამზადების კუთხით, „კრიტიკულად მნიშვნელოვანი“ უწოდა.
გაგრძელებაზე ლაპარაკი ჯერჯერობით არ არის - ახალი პროგრამა შეჩერებულია.
ფორუმი