საბოტაჟის პრევენცია თუ „ქართული ოცნების“ შესაძლო რისკების დაზღვევა - რატომ ჩათვალა სუს-მა საჭიროდ ამაზე წინსწრებით ლაპარაკი?
ოპოზიციაში ამბობენ, რომ სუს-ი, - რომელსაც მმართველი პარტია არა სახელმწიფო, არამედ პარტიული ინტერესებისთვის იყენებს, - ამ განცხადებით ცდილობს, დააზღვიოს რისკები, რაც მმართველი გუნდის წევრების მაკომპრომეტირებელი ჩანაწერების შესაძლო გავრცელებას შეიძლება თან ახლდეს.
ეს მორიგი შემთხვევაა, როდესაც სუს-ი წინასაარჩევნოდ „დესტაბილიზაციის საფრთხეზე“ საუბრობს.
სუსი: ელოდეთ ყალბ ჩანაწერებს
სუსმა 16 ოქტომბერს განაცხადა, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში იგეგმება დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიოჩანაწერების გავრცელება.
უწყების მტკიცებით, ეს მასალები დამონტაჟებული და გაყალბებულია „ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით“.
„ყალბ ჩანაწერებში“, სუსის ცნობით, გამოყენებული იქნება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეოგამოსახულება.
„შუღლის ჩამოგდება“
სუსი აცხადებს, რომ „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელებას რამდენიმე მიზანი აქვს:
- „ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა“;
- „ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება“;
- „ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება“.
უწყების თანახმად, „ფალსიფიკაციის შედეგად მიღებული საინფორმაციო მასალის გამავრცელებლები, მათ მიერ შექმნილ ყალბ ჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ინფორმაციას“.
სუსი დღემდე უარყოფს, რომ 2021 წელს გაჟონილი ათასობით ფაილი, რაც მოქალაქეთა - მათ შორის, სასულიერო პირების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების - საუბრების შინაარსს აღბეჭდავდა, ავთენტიკურია, - მიუხედავად იმისა, რომ არაერთმა ფიგურანტმა ინფორმაციის ნამდვილობა დაადასტურა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ამ „მასალების“ გამავრცელებლები ვარაუდობენ, რომ:
- „აღნიშნული ქმედებით მოახდენენ ერთის მხრივ უწყების დისკრედიტაციას;
- მეორე მხრივ, დისონანსის შეტანას სახელისუფლებო შტოებს შორის“.
სუსი ამ „სცენარს“ უწოდებს „პროვოკაციას“ და მიიჩნევს, რომ მისი მთავარი მიზანია „საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნა და აგორება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენა, რაც საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს 2014, 2015, 2018, 2019 და 2023 წლებში გამოძიებები აქვს დაწყებული „სახელმწიფო გადატრიალების“, „რევოლუციური სცენარისა“ და „მაიდნის სცენარის“ შესახებ. გამოძიებები არ დასრულებულა დამნაშავეთა დაკავებით და სასამართლო პროცესით. 2023 წელს „შემოდგომის შეთქმულების“ ორგანიზატორებს შორის სუსმა უკრაინელი მაღალჩინოსნები და უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები დაასახელა, რომლებმაც ეს ბრალდებები უარყვეს.
„ოპოზიციის უცხოელი მფარველები“
სუსმა 16 ოქტომბრის განცხადების აუცილებლობა ახსნა „სახელმწიფო უსაფრთხოების და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებით“.
უწყება ამბობს, რომ ამ ცნობას ავრცელებს „მიღებული ინფორმაციით“, - ისე, რომ, - როგორც წესი, - არ ასახელებს მიღებული ინფორმაციის წყაროს ან ინფორმაციის მიღების ხერხს.
სუსის თანახმადვე, „ყალბი“ ჩანაწერების გამოქვეყნების გეგმა აქვთ „პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებულ ჯგუფებს“, - სხვა დეტალები „ორგანიზატორზე“ უწყებას არ გაუვრცელებია.
მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ლაპარაკია „პოლიტიკურ ძალებზე, რომლებსაც ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთე არ უნდათ“.
იქვე თქვა, რომ საქმე ეხება „როგორც ქვეყნის გარედან მოქმედ ძალებს, ასევე ქვეყნის შიგნით მოქმედ ძალებს“, და დააზუსტა, რომ „იგულისხმება რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველები“.
საქართველოს მთავრობა რამდენიმე თვეა საუბრობს „გლობალური ომის პარტიაზე“, რომელიც, - ამ შეთქმულების თეორიის თანახმად, - აკონტროლებს აშშ-ისა და ევროკავშირის სტრუქტურებს და მისი გავლენის აგენტები არიან ქართული არასამთავრობოები, მედია, ოპოზიცია და პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
ორი შემთხვევა
სუსის განცხადებიდან ორიოდე საათში, იუტუბარხზე - Cyber Kmara, გამოქვეყნდა, არხის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკატერინე ხვედელიძის სატელეფონო საუბარი.
ეს ის არხია, რომელმაც 2023 წლის 1 თებერვალს გაავრცელა ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის საუბარი, სადაც ისინი საქართველოს რუსეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხებს განიხილავენ. აბაშიძემ ამ ჩანაწერის ავთენტიკურობა დაადასტურა და იკითხა: „სასკანდალო რა არის?“
ახალი ჩანაწერის თანახმად, ხვედელიძე რუსული კომპანიის, „ფსიხოდემიის“ წარმომადგენელთან, ვინმე ილიასთან, „ქოუჩინგის“ კურსის დეტალებს არკვევს.
სუსის განცხადების წინა საღამოს, 15 ოქტომბერს, გამოცემა „ბათუმელებმა“ დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ოფისიდან მიაწოდეს დოკუმენტები, რაც აჩვენებს, რომ პარტია წინასაარჩევნოდ დეტალურად ამუშავებს ათიათასობით ადამიანის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პირად მონაცემებს.
„ბათუმელების“ ცნობით, პარტიაში ამუშავებენ მოქალაქეების შესახებ შემდეგ ინფორმაციას:
- „ხართ თუ არა დასაქმებული; სტუდენტი; სოციალურად დაუცველი; პენსიონერი; დევნილი
- გისარგებლიათ თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და ამ დრომდე ზუსტად რამდენი ლარის მომსახურებით
- რა ტიპის და რაოდენობის დახმარება, შემწეობა თუ კომპენსაცია მიგიღიათ სახელმწიფოსგან
- რომელი სუბსიდირების პროგრამით დაგიმუშავებიათ მიწა
- რამდენია თქვენი სარეიტინგო ქულა
- რა ტიპის ორგანიზაციას წარმოადგენს თქვენი დამსაქმებელი
- ოდესმე მოხვედრილხართ თუ არა საპატიმრო დაწესებულებაში
- ყოფილხართ თუ არა პრობაციონერი; ნასამართლევი; ძებნაში მყოფი
- გაქვთ თუ არა ნარკომანიასთან დაკავშირებული პრობლემა“.
თუმცა არც „ბათუმელების“ ცნობა და არც Cyber Kmara-ს ჩანაწერი არ შეიცავს იმ მახასიათებლებს, რაც დააკმაყოფილებდა სუსის „ანონსს“ „დამუშავებულ ჩანაწერებზე“, მათ შორის არცერთი შეიძლება იქნეს გამოყენებული სუსის ჩამოთვლილი „მიზნებისთვის“, მათ შორის ხელისუფლების შტოებს შორის, ეკლესიასა და დასავლეთთან შუღლის ჩამოსაგდებად.
„მორიგი პროპაგანდისტული ტელევიზია“
პოლიტიკოსებისათვის სუსის ეს განცხადება არგუმენტია, რომ უწყება „ქართული ოცნების“ ინტერესებისთვის მუშაობს.
„ეს უწყება ივანიშვილის მორიგ პროპაგანდისტულ ტელევიზიად იქცა, „იმედთან“ და „პოსტივისთან“ ერთად, რომელიც, სამწუხაროდ, არჩევნებამდე დარჩენილი 10 დღის განმავლობაში სერიებად შემოგვთავაზებს სანახაობას“, - ამბობს ნათია მეზვრიშვილი, გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“, ერთ-ერთი ლიდერი.
„ალბათ, ჰგონიათ, სუსის სახელით რომ გაავრცელებენ დეზინფორმაციას, ხალხს შეეშინდება. ხალხმა შიში დიდი ხანია გადალახა, რაც მათი გარდაუვალი მარცხის საწინდარია 26 ოქტომბერს“, - ამბობს მეზვრიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „სუსი ამ ქვეყანაში 26 ოქტომბრის შემდეგ გაუქმდება“:
„იარსებებს მხოლოდ კონტრდაზვერვა, დაზვერვის სამსახური, ანტიტერორისტული სამსახური. სუსი არის KGB-ს გადმონაშთი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გარშემო ახლა ფოტოებს გვიღებენ… ის აღარ იარსებებს [ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში]“, - უთხრა მან ჟურნალისტებს.
AI-ის გამოყენება საარჩევნოდ
2024 წლის არჩევნების წინა პერიოდში სადამკვირვებლო ორგანიზაციები მიუთითებენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე პოლიტიკური მიზნებისათვის. თუმცა ყველა შემთხვევაში წყარო არა ოპოზიცია, არამედ ოპოზიციასთან დაპირისპირებული აქტორები არიან.
სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 15 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს:
„ანტიოპოზიციურ არხებზე გავრცელებული კონტენტის შექმნაში ხელოვნური ინტელექტიც იყო გამოყენებული. კერძოდ, გავრცელდა პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას, მადისკრედიტირებელი ვიდეო, რომელშიც მისი იმიტირებული ხმა ხელოვნური ინტელექტით იყო გენერირებული და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ვიდეოში თავად გახარია საუბრობდა. ანალოგიური ტიპის ვიდეო გავრცელდა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, წინააღმდეგაც“.
30 სექტემბერს ტელეკომპანია „პოსტივის“ - „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ტელეკომპანიის - ფეისბუკგვერდმა გამოაქვეყნა 80-წამიანი ვიდეორგოლი: „ხაზარაძის სომხური შალახო“. ვიდეოში მამუკა ხაზარაძის ხმასთან მიმსგავსებული ხმა მღერის გასულ წელს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქართულ სიმღერას, „სომხურ შალახოს“, შეცვლილი ტექსტით, რომელიც „ძლიერი საქართველოს“ წევრების დისკრედიტაციას ახდენს.
სუსი: არ არის ავთენტიკური
სამი წლით ადრე, 2021 წლის სექტემბერში, მედიასაშუალებებს ელექტრონულ ფოსტაზე ამ დრომდე დაუდგენელმა წყარომ დაუგზავნა ვებგვერდის მისამართი, სადაც ატვირთული იყო ათიათასობით ტექსტური ფაილი.
ამ ფაილებში, დიდი ალბათობით, სასულიერო პირების, ჟურნალისტების, პარლამენტის წევრებისა და რიგითი მოქალაქეების საუბრებია აღბეჭდილი. „კრებსები“ - ასე უწოდებდა მედიის ნაწილი გაჟონილ ფაილებს.
მათი ავთენტიკურობა ჟურნალისტების და საჯარო პირების ნაწილმა დაადასტურა.
პროკურატურამ 2022 წელს ათობით ჟურნალისტს, მათ შორის რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი - მიზეზი სხვადასხვა დროს, სავარაუდოდ, სუსიდან გამოჟონილ ფაილებში მათი კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერებია, რომლებიც უკანონო მოსმენისა და მიყურადების შედეგად არის მოპოვებული და რომელთა ავთენტიკურობასაც ყველა ეს ჟურნალისტი ადასტურებს.
მოსმენების საქმეზე სარჩელები საქართველოდან გაგზავნილია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც.
სუსის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა მოგვიანებით განაცხადა, რომ უწყება აწარმოებს ფარულ მიყურადებას, მაგრამ, „რა თქმა უნდა, კანონიერ საფუძველზე“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ფაილების შინაარსის ავთენტიკურობა არ დაუდასტურებია.
ფორუმი