აუდიოჩანაწერი “მაესტროსა” და “იმედის” ეთერით გადაიცა. “უცნობმა”, რომელმაც პირველმა მოასმენინა აუდიტორიას რედაქციაში მიყურადებული ჩანაწერი, ეს იმით ახსნა, რომ სურდა ემხილებინა, როგორი არაეთიკური ხალხი მუშაობს კრიტიკულ მედიაში. ჩანაწერის გავრცელებით გამჟღავნდა წყაროც, რომელიც სამ ნაციონალურ მაუწყებელს სუს-ის მიერ ფარულად ჩაწერილ დოკუმენტებს აძლევდა.
რას ვიგებთ მიყურადებული ჩანაწერიდან?
“ამდენი ხნის განმავლობაში როგორ მუშაობენ ეს ტელევიზიები, ამის ჩვენება მინდა”, - ასე წარადგინა გიორგი გაჩეჩილაძემ აუდიოჩანაწერი „მაესტროს“ ეთერში გაშვების წინ. მან თქვა, რომ ეს ჩანაწერი მას ერთ-ერთი ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიის თანამშრომელმა 13 ივლისის დილას გადასცა, ტელეკომპანია „მაესტროს“ შესასვლელთან. „მთავარის“ ჟურნალისტები ამბობენ, რომ ჩანაწერში ასახულ საუბარს მათ გარდა არავინ ესწრებოდა და გამორიცხულია, მათგან ვინმეს ეს ჩანაწერი გაეკეთებინა და გაევრცელებინა.
2-წუთიან საუბარში ისმის 4 ადამიანის ხმა, ოთხივე "მთავარი არხის" გადაცემა "პოსტ ფაქტუმის" თანამშრომლები არიან. ირკვევა, რომ იგეგმება გადაცემა იმაზე, თუ როგორ ათავისუფლებდა „ქართული ოცნება“ მსჯავრდებულებს წინასაარჩევნოდ, არჩევნებში მათი და მათი ახლობლების ხმების სანაცვლოდ. ჩანაწერში გადაცემის წამყვანი, გიორგი გაბუნია, პროდუსერი, ეკა სარია და ჟურნალისტები, გიორგი გვიშიანი და ლაშა კვესელაძე საუბრობენ დოკუმენტებზე, რომელიც გაბუნიას სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა მისცა. ჩანაწერიდან ირკვევა ისიც, რომ სოსო გოგაშვილი არა მხოლოდ გაბუნიას წყაროა, არამედ ჩანაწერებს აძლევს "ფორმულაში" გიორგი თარგამაძეს, "ტვ პირველში" კი - ნოდარ მელაძეს.
“მიუხედავად იმისა, რომ ვუშვებდი, რომ შეიძლება გვისმენდნენ, მაინც ძალიან გავბრაზდი, რომ ამის უფლებას აძლევენ თავს. შემოიჭრნენ ჩვენს საკუთარ სივრცეში... ისეთი სუფთაა ხმაა აღებული, ხვდები, რომ მაღალი ხარისხის მოსასმენი აპარატი აქვთ დამონტაჟებული”, - ამბობს ეკა სარია, საუბრის ერთ-ერთი მონაწილე და ტელეკომპანია "მთავარის" პროდიუსერი. ის თვლის, რომ ამ ჩანაწერის გამჟღავნებას ორი მიზეზი ჰქონდა: მთავარი, მათი წყაროს გამჟღავნება და კოლეგების წაკიდება. ჩანაწერში, რომელიც სავარაუდოდ საუბრის ფრაგმენტული ვერსიაა, გიორგი გაბუნია ნოდარ მელაძეზე ხუმრობს.
“ამასობაში ხელში შემოადნათ ის მითი, რომ ჩვენ ყველაფერს ვიგონებთ. აღმოჩნდა, რომ რეალურად მართლა გვყავს საკმაოდ ინფორმირებული და სანდო წყაროები, რომლებსაც გამოაქვთ ეს მასალები. ჩვენ წყარომ მოგვცა ინფორმაცია და სიები ადამიანების, რომლებიც იყვნენ დაკავებულები. მათ ახლობლებს არჩევნების წინ ხელისუფლება სთავაზობდა ხმების მოგროვების და დახმარების სანაცვლოდ შეუმსუბუქდებოდათ სასჯელი. ამაზე ვმსჯელობდით იმ ჩანაწერში, რომ აი, გვაქვს ეს მონაცემები და როგორ გადავამოწმოთ. ჟურნალისტი გიორგი გვიშიანი წავიდა რამდენიმე რეგიონში, შეხვდა ამ ადამიანებს, დაადასტურა ეს ინფორმაცია და სკანდალი სად არის?” - კითხულობს ეკა.
მისი აზრით, საუბარი სავარაუდოდ 2021 წლის 3 ან 4 ნოემბერსაა ჩაწერილი, ოთხშაბათ დღეს; თავად სიუჟეტი ეთერში 2021 წლის 7 ნოემბერს გავიდა. ეკა იხსენებს, რომ ეს საუბარი თათბირის შემდეგ გაიმართა და, მისი ვარაუდით, რაც ჩანაწერში ხმების ჟღერადობას ემყარება, მოსასმენი მოწყობილობა მის და გიორგი გაბუნიას მაგიდებს შორის უნდა ყოფილიყო.
ედუარდ მარიკაშვილს, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ხელმძღვანელს, ჟურნალისტების ლაპარაკის შინაარსი ნაკლებად აინტერესებს. მისი აზრით, აქ მთავარი ისაა, რომ გაჩნდა ხელშესახები ფაქტი, რომელიც წარმოდგენას ქმნის, რამდენად ღრმად არის შეჭრილი სახელმწიფო კრიტიკული მედიის თვალთვალში.
“საინტერესოა ის, რომ ეს არ არის სატელეფონო მიყურადება, ეს არის სავარაუდოდ ტელევიზიაში დამონტაჟებული აპარატურით მოსმენა, რაც სახელმწიფოს მხრიდან ისეთ თავნებობაზე მიუთითებს, როცა აღარ ერიდება ხელისუფლება სხვის საკუთრებაში შეჭრას. აქამდე გავრცელებული ჩანაწერებიდან არ ჩანდა ასე დადასტურებულად, რომ ტელევიზიების სტუდიებში ხორციელდება მოსმენა”, - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი. მისმა ორგანიზაციამ სტრასბურგის სასამართლოში გააგზავნა 5 ადამიანის სარჩელი უკანონო მიყურადებაზე. სარჩელი 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელებულ ჩანაწერებს შეეხება. თუკი ამ ჩანაწერების ავთენტიკურობა დადასტურდება, დადასტურდება ისიც, რომ სახელმწიფო უსმენს სასულიერო პირებს, დიპლომატებს, აქტივისტებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და სწავლობს მათ არასატელეფონო კომუნიკაციებსაც. სტრასბურგში სარჩელის გაგზავნიდან მეორე დღეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს ერთ-ერთ მოსარჩელეს, აქტივისტ ნოდარ რუხაძეს.
“ასეთი შემთხვევა, როდესაც სამუშაო ადგილის მიყურადება ხდება ისე, რომ რთული იყო დაგვედგინა, ეს მიყურადება ტექნიკური საშუალებით მოხდა თუ ადამიანის გამოყენებით, იყო [ჟურნალისტ] თამთა დოლენჯაშვილის შემთხვევაში, რომლის სახელითაც საჩივარი უკვე გაგზავნილია სტრასბურგის სასამართლოში”, - ჰყვება ნათია კაპანაძე, ორგანიზაცია მედიაომბუდსმენის ხელმძღვანელი და აზუსტებს, რომ თამთა დოლენჯაშვილს უსმენდნენ ავტომობილში მაშინ, როცა ის კოლეგებთან ერთად გადაღებაზე მიდიოდა. ნათიამ გასული ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე 11 ჟურნალისტის სარჩელი მოამზადა როგორც ადგილობრივი, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის. ამ სარჩელებს შორის არის რადიო თავისუფლების გამომძიებელი ჟურნალისტის, გიორგი მგელაძის სარჩელიც.
“როცა სარედაქციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა იყო დაფიქსირებული, ასეთი შემთხვევა, მე აქამდე არ შემხვედრია და შეიძლება ეს იყოს განსხვავებული მიდგომის და მეთოდის ჩვენებაც, რომ ისმინება არა მხოლოდ ორი ადამიანის კომუნიკაცია, კონტროლდება სარედაქციო გადაწყვეტილებების მიღების პროცესიც”, - ამბობს ნათია.
„მთავარი არხის“ თანამშრომლები, ვინც მანამდე „რუსთავში 2“-ში მუშაობდნენ, იხსენებენ შემთხვევას, როცა ტელევიზიის დირექტორის, ნიკა გვარამიას კაბინეტში სათვალთვალო ვიდეოკამერები აღმოაჩინეს. 2014 წლის მაისში ტელევიზიამ პროკურატურას მიმართა შეესწავლა გვარამიას და მისი მოადგილის, ნინო შუბლაძის სამუშაო ოთახში გადაღებული კადრების წარმომავლობა. ამ შემთხვევიდან მალევე, ნინო შუბლაძემ „რუსთავი 2“ საკუთარი ინიციატივით დატოვა, პროკურატურამ კი თქვა, რომ სათვალთვალო კამერები ამ ოთახებში ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დროს დაამონტაჟეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა.
ექნება თუ არა გავრცელებულ ჩანაწერს მსუსხავი ეფექტი მედიის თავისუფლებაზე
“ტიპები იცი, რას იძახიან? - გვისმენენო… კი არ გისმენენ, თქვენივე ტელეფონით არის ეს გამოტანილი და რა მნიშვნელობა აქვს, თქვენი მუშაობის სტილი ხო ეს არის”, - თქვა გია გაჩეჩილაძემ „იმედის“ ეთერში. ამ მხილებით მინდა დავასრულო ის „სიტუაცია, რაც ოპოზიციურ მედიაშია“, დაამატა მან და გაიხსენა მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სიტყვები. გადაცემაში სტუმრობისას კობახიძე „უცნობს” დაჰპირდა, რომ ჟურნალისტების მხრიდან ცილისწამებებს „კანონმდებლობის ჩარჩოებში მოაქცევდა”. ცილისწამების დასჯის შესახებ კანონპროექტი ჯერ არ არსებობს, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები პერიოდულად საუბრობენ ხოლმე ასეთი „გადაცდომების” დასჯის აუცილებლობაზე.
2021 წლის მარტში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა კახა კახიშვილმა თქვა, რომ მნიშვნელოვანია კანონი განსაზღვრავდეს, ვინ არის ჟურნალისტი. უფრო ადრე, 2019 წელს პრეზიდენტი ამბობდა, რომ „სიძულვილის ენის ნიაღვრის” შეჩერება მხოლოდ კანონს შეეძლო, რადგან „მედიასივრცე მოცულია დამახინჯებული და ყალბი ცნობებით”.
„ჟურნალისტებს აქვთ უფლება, ფარული მიყურადებით ან თვალთვალით მოპოვებული ინფორმაცია გამოაქვეყნონ…უბრალოდ, ამ ჩანაწერს უნდა ჰქონდეს ისეთი მაღალი ღირებულება და დიდი მნიშვნელობა საზოგადოებისთვის, რომ გადაფაროს კერძო პირებს შორის კომუნიკაციის დაცვის ინტერესი. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ამ საუბრის შინაარსი არ არის საზოგადოებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი, საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს შიდა საუბრები და ჟურნალისტებს შორის აზრების გაცვლა-გამოცვლა, არანაირ საზოგადოებრივ სიკეთეს ეს არ ემსახურება”, - გვეუბნება ედუარდ მარიკაშვილი.
ყოველ ჯერზე, როცა ქვეყნდება ფარული ჩანაწერები ჟურნალისტების მონაწილეობით, დღის წესრიგში დგება დაცული აპლიკაციებით სარგებლობა თუ პირისპირ შეხვედრების დაცვის აუცილებლობა, თუმცა, ნათია კაპანაძე იხსენებს, რომ 2021 წელს გამჟღავნებულმა ფაილებმა აჩვენა ისიც, რომ არ არსებობს კომუნიკაციის ფორმა, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებდეს.
„კრებსების შინაარსმა აჩვენა, რომ მაგალითად გატეხილი იყო ვოთსაფი, სადაც ჟურნალსიტებს მეტი დაცულობის პრინციპით ჰქონდათ მთელი სამსახურებრივი კომუნიკაცია. ასევე ვხვდებით, რომ პირადი კომუნიკაციაც არ არის დაცული და ეს აჩვენა ნატა ფერაძის და თამუნა ჩიხლაძის შემთხვევამ”, - ამბობს ნათია კაპანაძე. საუბარი, რომელსაც ის იხსენებს და რომელიც 2021 წლის სექტემბერში გაჟონილ ფაილებში მოხვდა, აქტივისტ ნატა ფერაძის სახლის ეზოში გაიმართა და მის ავთენტიკურობას ადასტურებს საუბრის ორივე მონაწილე. თამარ ჩიხლაძეს დაზარალებულის სტატუსი პროკურატურამ დღეს, 14 ივლისს მიანიჭა, ნატა ფერაძეს - გასულ კვირას.
„მე არ ვცხოვრობ ისეთი ცხოვრებით, რომ რაიმე ინფორმაციის გასაჯაროების მეშინოდეს. არაფერ საიდუმლოს არ ვგეგმავ, რაზეც ვფიქრობ, ვმუშაობ ან ვმსჯელობ, მერე ხვდება ეთერში და ეს არის საჯარო. ამას ვეუბნებით მაყურებელს. არაფერი არ მაქვს დასამალი არც პირად ცხოვრებაში, არც პროფესიულ საქმიანობაში, რისიც შეიძლება მეშინოდეს. პირველი ქვა იმან მესროლოს, ვისაც არ უხუმრია, არ უჭორავია, უხერხული ფრაზა ან ცუდი სიტყვა არ უთქვამს”, - ასე პასუხობს ეკა სარია კითხვას, იქნება თუ არა ამ ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ იგი უფრო ფრთხილი კოლეგებთან საუბარში.
ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი საუბრების არსებობა ფრთხილს ხდის წყაროებსა და რესპონდენტებს, რომლებიც კონფიდენციალობის დაცვით უმხელენ ჟურნალისტებს მნიშვნელოვან ინფორმაციას. განსაკუთრებით რეგიონებში.
საქართველოს კანონმდებლობით, ჟურნალისტს აქვს უფლება, დაიცვას წყაროს ანონიმურობა და არ გასცეს მისი ვინაობა დაკითხვისასაც კი. ტოტალური მოსმენები კანონში ამ ჩანაწერს აზრს უკარგავს.
რას ნიშნავს, როცა ქვეყანაში ჟურნალისტებს უსმენენ
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი დაპირება ხელისუფლებაში მოსვლამდე ფარული მოსმენისა და თვალთვალის მანკიერ პრაქტიკაზე უარის თქმა იყო. მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს თითქმის ყოველ წელს ვრცელდება სხვადასხვა ტიპის ფარული, უკანონო, მიყურადებული ჩანაწერები. მათ შორის იყო საკუთარი გუნდის წევრების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.
დაახლოებით იმ დროს, როცა “უცნობი” საზოგადოებას ფარულ ჩანაწერს ასმენინებდა, ბრიუსელში ევროპარლამენტარები საქართველოს შესახებ კრიტიკულ ანგარიშს განიხილავდნენ და ამ განხილვისას კიდევ ერთხელ ითქვა, რომ საქართველოში მედია თავდასხმის ობიექტია და “ერთი ოლიგარქი კვლავაც ახორციელებს მზარდ ზეგავლენას პოლიტიკურ ლანდშაფტზე”.
ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციაში კი, რომელიც წინ უსწრებდა გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად სწორედ მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაში მოიხსენიეს. 9 ივლისს ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებ დებატებზე ღიად და მკაფიოდ ითქვა, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება გამოწვევის წინაშე დგას, ჟურნალისტებს ხელისუფლება დევნის და აშინებს.
„პოლიტიკურ ჩარევას არაფერი ესაქმება მედიაში“, - თქვა ამ დებატებზე ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა.
“საქართველოს მედიაში მძიმე ვითარებაა. ჟურნალისტებზე უპრეცედენტო რაოდენობის თავდასხმები ხორციელდება. სახეზეა ჟურნალისტების დაშინების, მათ მიმართ მუქარის და დევნის შემთხვევები, მედიის თანამშრომელთა და მფლობელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბევრი საქმეა აღძრული. მეტიც, ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ მთავრობა და სხვა პოლიტიკოსები უერთდებიან მედიაში კუდიანებზე ნადირობას, ნაცვლად იმისა, რომ დაიცვან დემოკრატიისა და საზოგადოების საყრდენი”, - ეს ჩეხი ევროპარლამენტარის, მარკეტა გრეგოროვას სიტყვის ფრაგმენტია ამავე დებატებიდან.
თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს შექმნა ერთ-ერთია იმ 12 მოთხოვნას შორის, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს წამოუყენა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ევროინტეგრაციისთვის საჭიროა "სამართალწარმოება მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ პასუხობდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს" და ხელისუფლება ეფექტიანად და დროულად იძიებდეს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეებს. აქვეა კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელიც ფარული ჩანაწერების წარმოების და გავრცელების მანკიერ პრაქტიკასთან არის დაკავშირებული. ევროკომისია საქართველოსგან ასევე ითხოვს სპეციალური საგამოძიებო და პირადი მონაცემების დაცვის სამსახურების გაძლიერებას და მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას.
ნათია კაპანაძე ამბობს, რომ ამ დრომდე გავრცელებული ჩანაწერები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ხელისუფლება არა მხოლოდ მისთვის მიუღებელი მედიის თანამშრომელს, არამედ ყველა ჟურნალისტს უსმენს, ამიტომ მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ იცოდეს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ საკუთარი უფლებების დასაცავად და არც სამართლებრივი დავისგან შეიკავებენ თავს, იმის მიუხედავად, როგორ რეაგირებს საგამოძიებო სტრუქტურები და სასამართლო მათ სარჩელებზე. ამ მიზანს ემსახურება სტრასბურგში გაგზავნილი სარჩელებიც და პროკურატურის მიმართვებიც, სახელმწიფომ დაზარალებულად ცნოს ისინი, ვისაც უკანონოდ უსმენს.