Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სამიტზე იმსჯელებენ იმიგრაციაზე, შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოსთან დაკავშირებით


რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

ევროკავშირის ლიდერები 17-18 ოქტომბერს ბრიუსელში შეიკრიბებიან რეგულარულ საშემოდგომო სამიტზე. ეს ერთგვარი გენერალური რეპეტიციაა დეკემბრის სამიტისა, რომელიც, როგორც წესი, გაცილებით უფრო დრამატულად წარიმართება ხოლმე.

სწორედ ამ წინასაშობაო შეხვედრაზე იღებენ ხოლმე რეალურ გადაწყვეტილებებს გაფართოების, დაფინანსების ან სანქციების შესახებ.

ეს სამიტი ბოლო შეხვედრაა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც ნოემბერში ჩატარდება. 20 ოქტომბერს მოლდოვაც ჩაატარებს საპრეზიდენტო არჩევნებს და რეფერენდუმს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, ექვსი დღის შემდეგ კი საქართველო პარლამენტს აირჩევს.

ბრიუსელში დისკუსიების მთავარი თემა უკრაინა იქნება, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ამჯერად არ ველით. მოსალოდნელია, რომ მწვავე დებატები ჩატარდება მიგრაციის შესახებ - ამან კი შეიძლება გავლენა მოახდინოს რამდენიმე ქვეყანაზე, რომლებსაც მომავალში ევროკავშირის წევრობა სურთ.

სამიტის დასკვნების მონახაზში, რომელსაც რადიო თავისუფლება გაეცნო, ბევრი სიახლე არ წერია უკრაინასთან დაკავშირებით. ბუნდოვნადაა ნახსენები „მშვიდობის სამიტი“, რომელიც წელს უნდა ჩატარდეს და სადაც რაღაც დონეზე რუსეთიც შეიძლება ჩაერთოს. დასკვნების ტექსტში უბრალოდ ნათქვამია, რომ "ევროპის საბჭო ასევე ხაზს უსვამს, რომ უკრაინის შესახებ არანაირი ინიციატივა არ შეიძლება იყოს მიღებული უკრაინის ჩართულობის გარეშე“.

ამ დოკუმენტის პროექტი მიანიშნებს, რომ რუსეთთან დაკავშირებით ახალი სანქციების მიღება მოსალოდნელი არ არის. სანაცვლოდ, ლიდერები სამიტის ბოლოს ხაზს გაუსვამენ, რომ საჭიროა „სანქციების სრული და ეფექტიანი აღსრულება და შემდგომი ზომების მიღება მათი გვერდის ავლის აღსაკვეთად, მათ შორის მესამე ქვეყნების მეშვეობით".

მოლდოვის მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით სამიტის დასკვნების მონახაზში ხაზგასმულია პროცესზე კრემლის მიერ გავლენის მოხდენის მცდელობები და აღნიშნულია, „უცხოეთიდან მომავალი ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის მუდმივი მცდელობები, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიულ არჩევნებს და მოლდოველი ხალხის არჩევანს აყვავებული, სტაბილური და მშვიდობიანი ევროპული მომავლისა“.

ევროკავშირი ღიად არცერთ მხარეს არ იჭერს, თუმცა ცხადია ბრიუსელის იმედიც, რომ მოლდოველები ევროკავშირს მისცემენ ხმას როგორც რეფერენდუმში, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებში. გასულ კვირას ევროკავშირმა აქტივები გაუყინა და ვიზის მიღება აუკრძალა ხუთ პირს, მათ შორის ევგენია გუტულს, მოლდოვის ავტონომიური გაგაუზიის რეგიონის გუბერნატორს, რომელსაც ზურგს მოსკოვი უმაგრებს. მან ასევე სანქციები დაუწესა რუსეთში დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიას“, რომელიც დაარსდა მოლდოვაში რუსული ინტერესების ხელშესაწყობად.

გარდა ამისა, ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ჩავიდა და 1,8 მილიარდი ევროს ღირებულების ფინანსური პაკეტი წარადგინა, რომელიც ქვეყანას მომდევნო სამი წლის განმავლობაში გადაეცემა.

საქართველოსთან დაკავშირებით განწყობა გაცილებით პირქუშია. ტექსტში აღნიშნულია „სერიოზული შეშფოთება საქართველოს ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს“. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და „დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს".

ბოლო დროს ე. წ. უცხოური აგენტების და "ანტილგბტ" კანონების მიღების შემდეგ ევროკავშირმა გააუქმა მაღალი დონის პოლიტიკური ვიზიტები თბილისში და შეაჩერა ქვეყნისთვის გამოყოფილი ფინანსური მხარდაჭერა, ბრიუსელში არ გამორიცხავენ, რომ მომავალში შესაძლოა უფრო მკაცრი ზომები მიიღონ, თუკი საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა გაგრძელდება.

სავარაუდოა, რომ ყველაზე დაძაბული დებატები ორდღიან სამიტზე მიგრაციას შეეხება. დასკვნების პროექტის ყველაზე კონტროვერსიული ფრაზა კი შეეხება „არალეგალური მიგრაციის პრევენციისა და წინააღმდეგობის ახალ გზებს... საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“. ეს ერთგვარი გაგრძელებაა ევროკავშირის 15 წევრი ქვეყნის მიერ ევროკომისიისადმი ივნისში მიწერილი წერილისა, სადაც ლაპარაკი იყო მიგრაციასთან დაკავშირებული პარტნიორობის აუცილებლობაზე ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან. ეს შეიძლება ნიშნავდეს ტუნისისა და თურქეთის მსგავსი ქვეყნებისთვის ფულის გადახდას, რათა მათი მეშვეობით თავიდან აიცილონ მიგრანტების შესვლა ბლოკში. ან, შესაძლოა განიხილებოდეს ისეთი სქემები, როგორიც ამჟამად მოქმედებს იტალიასა და ალბანეთს შორის - შეთანხმების მიხედვით, რომი ალბანეთში 40,000-მდე მიგრანტისთვის ააშენებს ბანაკს.

ამგვარი გარიგებების იდეა სულ უფრო პოპულარული ხდება ევროკავშირში - რომ ევროკავშირის ფარგლებს გარეთ შეიქმნას ერთგვარი „ცხელი წერტილები“, სადაც შეამოწმებენ ევროკავშირში თავშესაფრის მიღების მსურველებს. სამიტზე ასევე განიხილავენ უფრო ფართო საკითხს, თუ როგორ დააბრუნონ თავიანთ ქვეყნებში ის ხალხი, ვისაც ბლოკში დარჩენის კანონიერი უფლება არ გააჩნიათ.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG