„ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ ეს რუსეთია აგრესორი, და ჩვენ კი, დანარჩენი ევროპა, ერთად ვდგავართ მათი აგრესიის წინააღმდეგ“, - ეუბნება ბრიტანეთის ახალი ელჩი გარეთ უორდი რადიო თავისუფლებას კითხვაზე, რას ფიქრობს ის „ქართული ოცნების“ ლიდერთა განცხადებებზე, რომ 2008 წლის ომი საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთის წაქეზებით დაიწყო და რუსეთმა პასუხი გასცა. ვაჟა თავბერიძემ ინტერვიუს დროს აღმოაჩინა, რომ გარეთ უორდს ქართული ენის შესწავლაში რადიო თავისუფლებაც დაეხმარა.
რადიო თავისუფლება: ვიცი, რომ ქართულად საუბრობთ, თან კარგად. როდის ან როგორ მოახერხეთ?
გარეთ უორდი: ქართული ბოლო წლის განმავლობაში ვისწავლე და მინდა მადლობა გადავუხადო რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს, იმიტომ რომ როდესაც ვსწავლობდი, ყოველდღიურად ვუსმენდი „მოლაპარაკე ტექსტებს“, „დილის საუბრებს“ და ა.შ. ეს იყო ერთ-ერთი კარგი შესაძლებლობა სწავლისას, მაგრამ ძირითადად ლონდონში ორი მშვენიერი მასწავლებელი მყავდა, და კიდევ საბურთალოზე, საქართველოს უნივერსიტეტშიც მასწავლიდნენ.
არასამთავრობოები და მედია ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია, მთავრობას კი ყველგან აკრიტიკებენ, მათ შორის ჩვენთანაც, ბრიტანეთში.
რადიო თავისუფლება: ახალი ელჩი ხართ - საინტერესო იქნება თქვენი შთაბეჭდილებების მოსმენა საქართველოზე. ასევე - ბრიტანულ-ქართული ურთიერთობების ზოგადი მონახაზიც.
გარეთ უორდი: პირველად საქართველოს 25 წლის წინ ვესტუმრე, ასე რომ, მაქვს პერსპექტივა, როგორ ვითარდებოდა საქართველო. ამ კვირას გვქონდა ძალიან კარგი განცხადება, რომ განახლდება პირდაპირი ფრენები ლონდონიდან თბილისში და პირიქით, რაც მიმოსვლას გაუადვილებს ტურისტებს, ბიზნესმენებს... რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, პირველ რიგში ალბათ უნდა ვახსენოთ ეკონომიკური ურთიერთობები. აქ დიდ როლს თამაშობს ლონდონის საფონდო ბირჟა, სადაც წარმოდგენილნი არიან საქართველოს ყველაზე დიდი ბანკებიც. ამიტომაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლონდონი და დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის ინვესტიციების ერთ-ერთი საკვანძო წყაროა. რაც შეეხება უსაფრთხოების სფეროს - რომელიც ასევე უმნიშვნელოვანესი სექტორია. უკვე წლებია, დიდი ბრიტანეთი განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ საქმითაც - ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს სამხედრო ძალებთან, ვეხმარებით საქართველოს კიბერუსაფრთხოების სფეროში და ა.შ. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რამდენად რთულია ცხოვრება რუსეთთან ახლოს. ხაზი უნდა გავუსვათ საგანმანათლებლო საქმიანობასაც - ქართველი სტუდენტები განათლებას იღებენ ბრიტანულ უნივერსიტეტებში, საქართველოში კი ბრიტანული საბჭო ათასობით ქართველს ასწავლის ინგლისურ ენას, მათ შორის პედაგოგებსაც, რათა ინგლისური ენა ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს ყველა სკოლაში. ბოლოს მინდა ხაზი გავუსვა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობასაც - ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს დემოკრატიულ ქვეყანაში - დიდი ბრიტანეთი იქნება ეს თუ საქართველო.
რადიო თავისუფლება: თქვენი პასუხის ბოლო ნაწილი - სადაც ამბობთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავროები დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია - ვფიქრობ, თამამად შეიძლება თქმა, რომ „ქართული ოცნება“ ამ აზრს არ იზიარებს. ამიტომ მინდა გკითხოთ, რას ფიქრობთ საქართველოში ბოლოხანს განვითარებულ მოვლენებზე, ე.წ. უცხოელი აგენტების კანონებზე და სხვა კანონებზე, რომლებიც ამ კანონს მოჰყვა...
გარეთ უორდი: დიახ, გვაფიქრებს ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური პროცესები საქართველოში. თქვენ მიერ ნახსენებ უცხო გავლენის კანონთან დაკავშირებით ჩვენ ვთქვით, რომ ეს კანონი სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას აზიანებს, და შეუთავსებელია ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან. კიდევ ერთი კანონი, რომელიც ახლახან მესამე მოსმენით მიიღეს - ოჯახური ღირებულებების შესახებ - ამაზეც საჯაროდ გამოვთქვით შეშფოთება, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს კანონი მიმართულია უმცირესობების წინააღმდეგ და ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. კანონებს მიღმა, შეშფოთებას იწვევს ასევე [მთავრობის] ზოგადი ნარატივი დემოკრატიის შესახებ, დასავლეთის კრიტიკა, ევროპის უსაფრთხოებაში დასავლეთის როლის დაკნინება... და ალბათ, ყველაზე შემაშფოთებელი - ის, რომ ოპოზიციურ პარტიებს საქმიანობა უნდა აეკრძალოს. მე მიმუშავია ჩინეთში, ვიეტნამში, ვიცი, რა არის და როგორ გამოიყურება ერთპარტიული მმართველობა და ჩემთვის ცხადია, რომ საქართველო - დემოკრატიული, პლურალისტური პოლიტიკური კულტურის მქონე ქვეყანაა და არა ერთპარტიული. საქართველოს ასეთი კარგი რეპუტაცია დასავლეთში განპირობებულია რეფორმებით, იმით, რომ 20 წელიწადია დემოკრატიას აშენებთ და უჭერთ მხარს და არ გვინდა, ამ გზაზე უკუსვლა ვიხილოთ.
რადიო თავისუფლება: რა არის დარჩენილი ამ რეპუტაციიდან, როგორ ფიქრობთ?
გარეთ უორდი: წელს იყო დაბრკოლებები ამ მხრივ, ეს ფაქტია. მეორე მხრივ, მალე არჩევნები გექნებათ, ეს კი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, შესაძლებლობა დასავლეთისთვის საკუთარი დემოკრატიული მახასიათებლების ხელახალი დემონსტრირებისა. ეს წელი გლობალურად არჩევნების წელია, მსოფლიოს ქვეყნების ნახევარზე მეტს აქვს არჩევნები, ჩვენც გვქონდა, ბრიტანეთში მთავრობა შეიცვალა. დემოკრატიის დინებაზე მიშვება არ გამოდის, დემოკრატია ძალისხმევას მოითხოვს. და ვიმედოვნებთ, რომ სწორედ ამას ვიხილავთ საქართველოშიც უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში.
რადიო თავისუფლება: ვიცი, რომ აქ სულ ექვსი კვირაა, რაც ხართ, მაგრამ პოლიტიკაში 6 კვირა დიდი დროა - დარწმუნებული ვარ, გექნებოდათ შეხვედრები მთავრობის წარმომადგენლებთან. იმასაც ვივარაუდებ, რომ ალბათ ცდილობდნენ თქვენს დარწმუნებას, რომ რასაც აკეთებენ, ქვეყნის სასიკეთოდ აკეთებენ. როგორია მათი არგუმენტები და რამდენად დამაჯერებელი გეჩვენათ ისინი?
რადიო თავისუფლება: პირადი საუბრების დეტალებს არ ჩავუღრმავდები, მაგრამ, რა თქმა უნდა, [მათი] არგუმენტები მოვისმინე. მაგალითად, მტკიცება, რომ სამოქალაქო საზოგადოება საშიშია და შესაძლოა, მთავრობის დამხობას გეგმავდნენ. კიდევ ის, რომ გარე გავლენა საზოგადოებაში არასამთავრობოებიდან ვრცელდება - უნდა ვთქვა, რომ ამის ვერანაირ მტკიცებულებას ვერ ვხედავ. როგორც უკვე ვთქვი, არასამთავრობოები და მედია ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია, მთავრობას კი ყველგან აკრიტიკებენ, მათ შორის ჩვენთანაც, ბრიტანეთში. ეს დემოკრატიული პროცესის სავსებით ნორმალური თანმდევია. მესმის ასევე მტკიცებები, რომ დასავლური კულტურა საფრთხეს უქმნის ქართულ ტრადიციულ ღირებულებებს. მე ვერც ამის მტკიცებულებას ვხედავ სადმე - ისევე როგორც ბრიტანეთში, საქართველოშიც ვგრძნობ, რომ საზოგადოება დაფუძნებულია ტოლერანტობასა და ადამიანის უფლებებზე, რომ ესაა გარემო, სადაც სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს, სხვადასხვა რელიგიას, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს თანაცხოვრება შეუძლიათ. ასე რომ, არა, არ მჯერა, რომ ტრადიციულ ღირებულებებს რაიმე ეგზისტენციალური საფრთხე ემუქრება [საქართველოში].
დიდი ბრიტანეთი არ აპირებს საქართველოს მიტოვებას, მაგრამ ჩვენს თანამშრომლობას ურთიერთნდობის ხარისხზე დავაფუძნებთ. თუ ნაკლები ნდობა გვექნება, მაშინ ურთიერთობაც ცოტა უფრო სხვანაირი იქნება.
რადიო თავისუფლება: რადგან თქვენ თვითონვე ახსენეთ მმართველი პარტიის ნარატივები, ჩაგეძიებით და ერთ-ერთ ყველაზე საკამათო ნარატივზე გკითხავთ - ე.წ. გლობალური ომის პარტიაზე. რომელსაც ამ ბოლო დროს დაემატა მოძმე ნარატივი, რომლის მიხედვითაც, 2008 წელს დასავლეთმა საქართველო წააქეზა და რუსეთთან ომი დააწყებინა. რას ფიქრობთ ამაზე?
გარეთ უორდი: ვიტყვი იმას, რომ 10 წლის განმავლობაში, როდესაც რუსეთში ვმუშაობდი, კარგად შევისწავლე რუსეთის ქცევა, ხასიათი, უკეთ გავიაზრე რუსეთის მიდგომები. და ვფიქრობ, ნარატივებს კი არა, ფაქტებს უნდა შევხედოთ - ფაქტები კი მეტყველებენ იმაზე, რომ ეს რუსეთია აგრესორი, და ჩვენ კი, დანარჩენი ევროპა, ერთად ვდგავართ მათი აგრესიის წინააღმდეგ. ბრიტანეთის გადმოსახედიდან მნიშვნელოვანია ის, რომ ევროპელ და ნატოს მოკავშირეებთან ერთად ვიდგეთ საერთაშორისო სამართლის სადარაჯოზე, ეს კი დღეს უკრაინის გვერდში დგომას ნიშნავს. ჩვენ ხაზგასმით ვამბობთ: საზღვრებს პატივი უნდა ვცეთ, უკრაინის საზღვარი იქნება ეს თუ საქართველოსი.
რადიო თავისუფლება: თავად რუსეთში საქებარ სიტყვებს არ იშურებენ მმართველი პარტიისა და მის მიერ გადადგმული ნაბიჯებისადმი. რა დასკვნების გაკეთება შეიძლება აქედან?
გარეთ უორდი: მე ვცდილობ, მარია ზახაროვას და სხვა დეზინფორმატორების ნათქვამიდან არ ვაკეთო დასკვნები. ჩემი აზრით, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსეთი ცდილობს ევროპის ქვეყნებზე ზეწოლას თავისი ნარატივებით, რუსული ნარატივების ასალაგმად კი სწორედ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და ძლიერი მთავრობაა საჭირო.
რადიო თავისუფლება: ბოლოს დასავლეთზეც გკითხავთ - უფრო სწორად, დასავლეთის რეაქციაზე საქართველოს მთავრობის ანტიდასავლურ ნარატივებსა და ნაბიჯებზე. რამდენად ეფექტურია დასავლეთის პასუხი?
გარეთ უორდი: ბრიტანეთი ევროკავშირში არაა, ამიტომ ევროკავშირის მიდგომებზე ჩემი მხრიდან საუბარი უადგილო იქნებოდა, ამერიკასაც თავისი მიდგომა აქვს, მე კი შემიძლია ვისაუბრო როგორი იქნება ჩვენი, ბრიტანეთის მიდგომა. Ჩვენს შეშფოთებას არსებული ტენდენციის გამო კარგა ხანია ვუზიარებთ ქართველ პოლიტიკოსებსა და ლიდერებს. ჩვენ გვსურს შევინარჩუნოთ მჭიდრო პარტნიორული კავშირები საქართველოსთან, ურთიერთობები, რომლებიც დაფუძნებული იქნება როგორც საერთო ინტერესებზე, ასევე საერთო ღირებულებებზე. ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, შევძლებთ კონსტრუქციული პარტნიორობის ფარგლებში დარჩენას.
რადიო თავისუფლება: ვფიქრობ, დამეთანხმებით, რომ ეს ოპტიმისტური სცენარია, იმის ფონზე, რაც ხდება. განვიხილოთ პესიმისტური სცენარიც: სადაც სიტუაცია უარესობისკენ იცვლება, განსაკუთრებით კი ღირებულებების ხარჯზე. მაშინ რა მოხდება? რა მიდგომა ექნება ბრიტანეთს?
გარეთ უორდი: წინასწარ დეტალურად ვერ გაგიწერთ, როგორ მოვიქცევით იმ შემთხვევაში, თუ ეს სცენარი რეალობად იქცევა, იმიტომ რომ ბევრი და კომპლექსური სცენარები არსებობს, რომელთა მიხედვითაც შესაძლოა წარიმართოს პროცესები. მაგრამ ჩვენ გვჭირდება საერთო ღირებულებების ქონა, ერთმანეთის ნდობა, რათა ამჟამინდელი ღრმა და ფართო ურთიერთკავშირები შევინარჩუნოთ. თუ ნაკლები ნდობა გვექნება, მაშინ ურთიერთობაც ცოტა უფრო სხვანაირი იქნება. დიდი ბრიტანეთი არ აპირებს საქართველოს მიტოვებას, მაგრამ ჩვენს თანამშრომლობას ურთიერთნდობის ხარისხზე დავაფუძნებთ.
ფორუმი