Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩაფურთხების შიშის სათავეებთან - წინააღმდეგობისა და შეურაცხყოფის შესახებ


პოლიციის კორდონი იცავს მოსამართლეების კორპორაციულ ვახშამს საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან, 12 იანვარი, 2025 წელი
პოლიციის კორდონი იცავს მოსამართლეების კორპორაციულ ვახშამს საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან, 12 იანვარი, 2025 წელი

„ჩაუფურთხე ქოცს“ - საკამათო მოწოდება-კამპანია ქართულ სოციალურ ქსელებში 12 იანვრიდან გაჩნდა, „ბაბილო მიუზიკ ჰოლში“ მოსამართლეების კორპორაციული ვახშმის შემდეგ. რესტორნის გარეთ, „კლანის ნადიმის“ საპროტესტო აქციაზე ითქვა, რომ მომსახურე პერსონალი კერძებში ჩაფურთხებას აპირებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მუქარის აღსრულება არავის დაუდასტურებია, საკვებში ჩაფურთხების იდეის გარშემო დავა და „ქართული ოცნების“ ლიდერებსა თუ მხარდამჭერების აღშფოთება, ერთი კვირაა, არ ცხრება.

13 იანვარს, სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ „საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგს უკან საქციელი ლიეტუვური სტილია და ყოველთვის, ყველაზე სამარცხვინო ქცევად ითვლებოდა“. ამასთან, მან „ყველაზე არაქართული“ უწოდა თბილისსა და რეგიონებში თვეზე მეტი ხნის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარე საპროტესტო აქციებს და დაამატა, რომ პროტესტი „ლიეტუვიდან გადმოღებული ამ სამარცხვინო ქცევის იმედადაა“.

შალვა პაპუაშვილის პოსტის შინაარსს „სამარცხვინო, თავის მომჭრელი და ლიეტუველი ხალხის შეურაცხმყოფელი“ უწოდა „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ პროექტების მენეჯერმა, გიორგი კანდელაკმა: „შალვა პაპუაშვილი თავს აიგივებს რუს ოკუპანტებთან, საბჭოთა ოკუპანტებთან“, რადგან საჭმელში ჩაფურთხება - „ლიეტუვასა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, ოკუპანტებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და დაუმორჩილებლობის ფორმას წარმოადგენდა“.

„და თუ ეშინიათ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს ამისი [საჭმელში ჩაფურთხების], ეშინოდეთ… მე არ ვიცი, ეს მართლა ხდება თუ არა, მაგრამ ეტყობა, მათ შიშის რაღაც საფუძველი აქვთ და ჰქონდეთ“, - უთხრა გიორგი კანდელაკმა რადიო თავისუფლებას.

პაპუაშვილის განცხადება 13 იანვარს გამოქვეყნდა, როცა ლიეტუვაში თავისუფლების დამცველთა დღეს აღნიშნავდნენ.

„ეს იგივეა, რომ 9 აპრილს ვინმეს რაღაც საშინელება გაეკეთებინა და მერე ეთქვა - ეს ქართული ტრადიციააო. ეს არის უღირსი არარაობის საქციელი, რადგან 1991 წლის 13 იანვარი საკვანძო თარიღია არა მხოლოდ ლიეტუვისთვის, არამედ, ზოგადად - საბჭოთა კავშირის რღვევის პროცესში, როცა საბჭოთა ჯარები, შეეცადნენ, შეიარაღებული გზით დაემხოთ ლიეტუვის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება - ვიტაუტას ლანდსბერგისის ლიდერობით. მაგრამ ეს არ გამოუვიდათ, რადგან ხალხი გამოვიდა და ფარად აღიმართა. უზარმაზარი სისხლი აქვს დაღვრილი ამ ქვეყანას და არასოდეს დაუჩოქეს რუსებს“, - ამბობს კანდელაკი და ამატებს, რომ გმირობა ლიეტუველებს 1991 წლის 13 იანვარსაც დიდ მსხვერპლად დაუჯდათ - „საბჭოთა ჯარებმა სისხლის კალო რომ დაატრიალეს, ვილნიუსში და გოგოები ტანკებით გაჭყლიტეს“.

14 იანვარს შალვა პაპუაშვილს ვიტაუტას ლანდსბერგისის შვილიშვილმა, ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა უპასუხა.

„მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ, რადგან ლიეტუველებს ასეთ რაღაცებში გამარჯვების ისტორია აქვთ“, - დაწერა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა პლატფორმა X-ზე. შეურაცხმყოფელ აქცენტებზე მას ყურადღება არ გაუმახვილებია, მით უფრო, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ლიეტუვის მთელ ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია ურთიერთობები დაეძაბა და საქმე უკვე სანქციებამდეც არის მისული.

წინააღმდეგობის ფარული ფორმა

„კერძში ჩაფურთხების“, იგივე „თეფშზე დაფურთხების“ - როგორც წინააღმდეგობის ფორმის შესახებ, კონკრეტული ფაქტები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა, ნახსენებია ოკუპაციის ისტორიის მკვლევართა ნაშრომებში. ეს პასიური ბრძოლის სიმბოლური აქტი, ლიეტუვის გარდა, აღმოსავლეთ ევროპის ლიტერატურისა და ფოლკლორის ნაშრომებშიც გვხვდება.

მთარგმნელი, სულხან მუხიგულაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ - ოკუპანტებისთვის, გერმანელი ოფიცრებისთვის, თეფშზე დაფურთხების პრაქტიკა ბოჰუმილ ჰრაბალსაც აქვს აღწერილი თავის რომანში „ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“, რომელიც ჩეხურიდან სწორედ სულხან მუხიგულაშვილმა თარგმნა.

დისიდენტური წარსულის მქონე კონსტიტუციონალისტი, ვახტანგ ძაბირაძე, რომელიც 80-იან წლებში საბჭოთა რეჟიმმა პერმის საპატიმრო ზონაში თითქმის ოთხი წლით გამოკეტა - კერძში ჩაფურთხების ფაქტების შესახებ ვერ იხსენებს, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ ასეთი ხერხიც არსებობდა, რადგან „ყოველთვის უკომპრომისო იყო ლიეტუველების ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ“. ვახტანგ ძაბირაძე იხსენებს ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგობის კიდევ ერთ პასიურ ფორმას, როდესაც ისინი რუსულ ენაზე დასმულ შეკითხვებს პრინციპულად არ პასუხობდნენ.

რაც შეეხება ლიეტუვასთან საქართველოს მეგობრობას, რომელიც ყოველთვის ძლიერი იყო, ვახტანგ ძაბირაძის თქმით - „ამას “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გადაუსვა ხაზი“.

„საქართველოს ხელისუფლებამ ვექტორი შეცვალა. მას აღარ აძლევს ხელს, რომ ისევ ევროკავშირზე და ნატოზე ვილაპარაკოთ და ამიტომ - მეგობრები გახდნენ მტრები… აბსოლუტური სისულელეა ეს [შალვა პაპუაშვილის] განცხადება - რა ზურგს უკან მოქმედებებია ლიეტუვის სტილი?!

დღეს ზურგს უკან და მალულად თვითონ “ქართული ოცნება” მოქმედებს. პოლიტიკურად ბრიყვს თუ სჯერა ახლა, რომ დღეს ჩვენ რაღაც ნეიტრალურს ვიცავთ“, - ეუბნება ვახტანგ ძაბირაძე რადიო თავისუფლებას.

ინტერნეტში, სხვადასხვა პლატფორმაზე თვალშისაცემია რუსეთის მოქალაქეების სიმრავლე, რომლებიც ერთმანეთს აფრთხილებენ - უცხოეთში ტურისტად ჩასვლის დროს ფრთხილად იყავით, შესაძლოა კერძში ჩაგიფურთხონო.

ჩაფურთხების შიში თუ რაღაც სხვა?

მიუხედავად იმისა, რომ რესტორანში მოსამართლეებისთვის კერძში ჩაფურთხების ფაქტი არავის უნახავს, საკვებში ჩაფურთხების მუქარებმა „ქართული ოცნების“, მისი მოკავშირეებისა და მხარდამჭერი მედიის განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია.

„სულში ჩაფურთხება“, „ჭაში ჩაფურთხება“, „მიაფურთხა“ [ვინმეს, რაიმეს იგნორირების მნიშვნელობით]“, „ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველო!“ - აკაკი წერეთლის "ვედრებიდან" [მოწოდება - "დაფურთხება" მათზე, ვინც "მტერს პირუტყვებრ ემორჩილება!"] - ამ დღეებში გაჩაღებულ დისკუსიებში არაერთი მაგალითი გაიხსენეს, ლიტერატურიდან თუ ხალხური ზეპირსიტყვიერებიდან.

ფსიქოლოგი მაია ცირამუა გვეუბნება, რომ „არქეტიპულად, სწორედ ზეპირსიტყვიერებიდან გამომდინარე, [ჩაფურთხება] მართლაც უკიდურესი შეურაცხყოფის აქტადაა მიჩნეული და ამიტომ ატყდა ეს ამბავი“, ზოგადად კი, ამ დღეებში გამოვლენილი ემოციები, გარკვეულწილად, „ფსევდომორალის ამბავია“.

თუმცა, კერძში ჩაფურთხებაზე ლაპარაკს ამაზრზენად მიიჩნევს ოპოზიციურად განწყობილთა ნაწილიც. მათ არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ, თუკი მიმტანს ან მზარეულს საპირისპირო პოლიტიკური მრწამსი ექნება, არავინაა დაზღვეული მსგავსი აქტის სამიზნე გახდეს. სხვები კი, კონტრარგუმენტად იხსენებენ ბოლო თვეების აქციების დროს დაკავებულთა მონათხრობს, რომ სასტიკი ცემის გარდა, ძალოვნები მათ პირშიც აფურთხებდნენ. „ბათუმელების“ დირექტორის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის პოლიციის უფროსმა მას სახეში შეაფურთხა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG