Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

​„ამ კაცმა ახალი ვერაფერი შემოგვთავაზა“ - კობახიძე გამოეხმაურა გოგაშვილის მასალებზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ გამოკვლევას


„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

პატიმრობაში მყოფი სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის მასალებზე დაყრდნობით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული გამოკვლევა შეაფასა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

„ზუსტად იგივე მასალები „ნაცმოძრაობის“ კუთვნილმა მედიამ დადო თუ არ ვცდები, ორი წლის წინ, ან შარშან ან შარშანწინ. ანუ ამ კაცმა [სოსო გოგაშვილმა] ახალი ვერაფერი შემოგვთავაზა. იგივე რაღაც გაუგებარი დოკუმენტებია, რომლებიც არის წარმოდგენილი მისი მხრიდან, რაც იყო წარმოდგენილი შარშან თუ შარშანწინ, იგივე „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიების მხრიდან. ვერაფერ სიახლეს ვერ გვთავაზობენ. ამას აქვს ერთადერთი ახსნა, რომ ჩვენ არაფერს ვაფუჭებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

სოსო გოგაშვილმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს, არჩევნებზე ამომრჩეველთა შესაძლო მობილიზების სქემაზე დოკუმენტები არასამთავრობო ორგანიზაციებს გადასცა. გამოკვლევა, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნების“ სახელით დღეს, 21 ივლისს გასაჯაროვდა, გოგაშვილის მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაციის, საჯარო წყაროებით გადამოწმებას ეყრდნობა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს, საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

დაკავებიდან რამდენიმე საათში გოგაშვილის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ თქვა, რომ დოკუმენტები, რომელიც არჩევნების გაყალბებაზე უნდა გაესაჯაროებინა, "სანდო ხელში" იყო.

XS
SM
MD
LG