Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები დამკვიდრებული პოლიტიკური პოლარიზების ფონზე მიმდინარეობს - ეუთოს შუალედური ანგარიში


ელექტრონულად ხმის მიცემის პროცედურა - ფოტოილუსტრაცია
ელექტრონულად ხმის მიცემის პროცედურა - ფოტოილუსტრაცია

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შესაფასებლად, შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

დღეს, 11 ოქტომბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ არჩევნები დამკვიდრებული პოლიტიკური პოლარიზების, უწყვეტი პოლიტიკური დაძაბულობის, ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობისა და გაერთიანებისა და გამოხატვის უფლების დაცვასთან დაკავშირებით წარმოშობილი შფოთის ფონზე მიმდინარეობს.

ეუთო, ასევე აღნიშნავს, რომ კვლავაც შეუსრულებელია მათი ის რეკომენდაციები, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობას, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, საარჩევნო კამპანიის წარმართვასა და დაფინანსებას, საარჩევნო კამპანიის მედიასთან დაკავშირებული რეგულაციებისა და საარჩევნო დავების გადაწყვეტის ჩარჩოს გაძლიერებას შეეხება.

"ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან საუბრებში, პროცესში ჩართული ბევრი მხარე საარჩევნო ადმინისტრაციის ტექნიკური და ორგანიზაციული კომპეტენციების მიმართ ნდობის გამოხატავის მიუხედავად ზოგიერთი დაინტერესებული მხარე შეშფოთებას გამოთქვამდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამარტივების, ოპოზიციის მიერ არჩეული კომისიის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციის გაუქმებისა და კომისიის წევრების არჩევის ახალი მეთოდის შესახებ, რამაც შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობაზე", - წერია ანგარიშში.

ეუთოს შეფასებით, არჩეულ პოზიციებზე ქალთა წარმომადგენლობა კვლავაც დაბალია:

"მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებულია დებულებები, რომლებიც სახელმწიფოს ავალდებულებს გენდერული თანასწორობის უზუნველსაყოფად განსაკუთრებული ნაბიჯები გადადგას, 2024 წელს მიღებული ცვლილებებით გაუქმდა საარჩევნო სიებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტირება სხვა საკანონმდებლო ზომებთან ერთად, რომლებიც პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდისკენ იყო მიმართული. აღნიშნულ ცვლილებას, ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან საუბარში, პროცესში ჩართული რამდენიმე დაინტერესებული მხარე აკრიტიკებს ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობაზე მისი პოტენციური უარყოფითი ზეგავლენის გამო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის 11 ოქტომბრის მონაცემების თანახმად სულ 1 185 კანდიდატია. ქალებს 3 სიაში უჭირავთ წამყვანი ადგილები და კანდიდატთა საერთო რაოდენობის 29%-ს შეადგენენ".

დოკუმენტში წერია, რომ ამ ეტაპამდე დაკვირვების არეალში საარჩევნო კამპანიის გზავნილები მოექცა. ოდირის შეფასებით, გზავნილები "ძირითადად უკიდურესად პოლარიზებული რიტორიკით არის გაჯერებული".

"სახელისუფლებო პარტიამ არჩევნები წარმოადგინა, როგორც მშვიდობასა და ომს შორის გასაკეთებელი არჩევანი მაშინ, როცა ოპოზიციურ პარტიათა უმრავლესობა ამ არჩევნებს ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმს უწოდებს. ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან საუბარში პროცესში ჩართული ზოგიერთ დაინტერესებული მხარე შეშფოთებას გამოთქვამდა დაშინების ტაქტიკის გამო, რაც სავარაუდოდ მათი საარჩევნო კამპანიის ღონისძიებებისა და, ასევე, ამომრჩევლების წინააღმდეგ იყო მიმართული სახელისუფლებო პარტიის მხარდაჭერებისა და სახელმწიფო უწყებების მხრიდან".

ანგარიშის თანახმად, სიტყვიერი თავდასხმების ცალკეული შემთხვევები, წინასაარჩევნო კამპანიის მასალის განადგურებისა და ფიზიკური დაპირისპირებების ფაქტები როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური პარტიების ანგარიშებში აისახა.

ეუთოს შუალედური ანგარიშის გამოქვეყნებას გამოეხმაურა მმართველი პარტია, "ქართული ოცნება". ამ საკითხე ბრიფინგი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ გამართა და თქვა, რომ "მისასალმებელია" ეუთო-ოდირის შეფასება საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით.

"საზოგადოებაც ხედავს, რომ წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტოდ მშვიდ და თავისუფალ, ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს, თუ არსებითი დარღვევების გარეშე, კონკურენტულ გარემოში ხორციელდება. დარღვევებს კი მხოლოდ იზოლირებული ინციდენტის სახე აქვს.

ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო პროცესი თავისუფალია ძალადობის, მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენების და სხვა სისტემური ხასიათის მანიპულაციებისგან, უპირველესად ჩვენი ხელისუფლების მტკიცე ნების და ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების შედეგია".

ფორუმი

XS
SM
MD
LG