შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა ფონ დერ ლაიენი, რომელმაც დაწერა, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები "გადამწყვეტი გამოცდა" იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის.
"ძვირფასო პრეზიდენტო, მე დიდ პატივს ვცემ საქართველოს ევროპული გზისადმი თქვენს ერთგულებას.
ჩვენ მნიშვნელოვან მომენტში ვხვდებით - მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის და გადამწყვეტი მომენტი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის", - წერს ის.
ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ წერს სალომე ზურაბიშვილიც და ამბობს, რომ ურზულა ფონ დერ ლაიენთან საუბრისას ევროპული მორალური მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
"პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი ევროპული გზის დაჩქარებისათვის ქართველი ხალხის ერთგულება. ხაზგასმით აღვნიშნე ევროპული მორალური მხარდაჭერის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რათა ქართველმა ხალხმა თავი იზოლირებულად არ იგრძნოს მაშინ, როცა 26 ოქტომბერს ისინი საკუთარ ევროპულ არჩევანს გააკეთებენ", - წერს ზურაბიშვილი.
ბრიუსელში იგი ასევე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. ზურაბიშვილთან საუბრის შემდეგ მან დაწერა, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ საქართველოში, ქართველმა ხალხმა შეიძლება გადაწყვიტოს.
"პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში შევხვდი. როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, საქართველომ უნდა გააღრმაოს რეფორმები ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად. რეფორმები, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პრინციპები ევროკავშირის გზის საფუძველია. საქართველოს მომავალი მხოლოდ საქართველოში, ქართველმა ხალხმა შეიძლება გადაწყვიტოს", - წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელ X-ში.
არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთს, გერმანიასა და პოლონეთს ესტუმრა. 30 სექტემბერს ის შეხვდა გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, ხოლო 1 ოქტომბერს - პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი ვარშავაში უსაფრთხოების ფორუმზე იყო მიწვეული. მან გამართა ორმხრივი შეხვედრები ევროპისა თუ აშშ-ის ხელისუფლებათა წარმომადგენლებთან. საერთაშორისო პარტნიორებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს წუხილი ევროინტეგრაციის გზაზე უკუსვლის და საქართველოში რუსული ზეგავლენების დამკვიდრების გამო.
ფორუმი