Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების სამინისტრომ პრეზიდენტს უპასუხა, რომ პერსონალურ მონაცემებს კანონის დაცვით აგროვებენ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფეისბუკის პოსტის საპასუხოდ, განათლების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და სახელმწიფოს მეთაური სიცრუეში დაადანაშაულა.

ზურაბიშვილი წერს, რომ საჯარო სკოლებში მოსწავლეებს მშობლების პირად მონაცემებს სთხოვენ.

„სკოლებში ასეთ მონაცემებს რომ სთხოვენ ბავშვებს ეს პირადი მონაცემების დარღვევაა! არ უნდა გასცეს ბავშვმა მშობლების პირადი ნომერი! საინტერესოა ამ სკოლების იდენტიფიკაცია!“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამ საკითხს 14 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის, „ჩემი ხმა ევროკავშირს“ სპიკერი ლონდა თოლორაია. „უნდა გააკეთოს განმარტება განათლების სამინისტრომ, რაში დასჭირდა მოსწავლეებისგან ამ ინფორმაციის შეგროვება, ვინაიდან განათლების სამინისტროს ისედაც აქვს ბავშვების კანონიერი წარმომადგენლების შესახებ პერსონალური მონაცემები, რაც საჭიროა ბავშვების სასწავლო პროცესის მართვისთვის“, - თქვა მან.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უარყოფს, რომ მოსწავლეთა მშობლების პერსონალურ მონაცემებს „კონკრეტული მიზნებისთვის“ აგროვებენ.

„სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვება, სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავსი სახის დეზინფორმაციის გავრცელება არის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ განათლების სისტემის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“, - აღნიშნავს სამინისტრო.

განცხადების თანახმად, „მოსწავლეთა მონაცემები - პირადი ინფორმაცია, მის მიერ კლასების დაძლევა, მიმდინარე ნიშნები - ასახულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. გარდა ამისა, სისტემაში ასახულია ინფორმაცია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების შესახებ. პერიოდულად სკოლების მიერ ხდება სისტემაში არსებული მონაცემების, კერძოდ მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, საკონტაქტო ტელეფონის, ელ.ფოსტისა და საცხოვრებელი მისამართის, განახლება. აღნიშნული ემსახურება მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან, საჭიროების შემთხვევაში, სწრაფი და მარტივი კომუნიკაციის უზრუნველყოფას“.

სამინისტრო აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები კანონის დაცვის გროვდება.

„მონაცემების ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეგროვებას, შენახვას, დამუშავებას, ანალიზსა და ადმინისტრირებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, დადგენილი წესით უზრუნველყოფს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უფლებამოსილია, მიიღოს და გამოიყენოს სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში არსებული პერსონალური მონაცემები“, - წერია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

ამ საკითხზე ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც მცხეთაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე იმყოფებოდა. „სალომე ზურაბიშვილმა რაც გამოაქვეყნა, ეს არის სტანდარტული ანკეტა, რომელიც ივსება ნებისმიერ ქვეყანაში, ასეთი ფორმით სკოლის მოსწავლეების მიერ. წარმოდგენა რომ არ გაქვს არც პერსონალურ მონაცემებზე და არც იმაზე, თუ როგორ უნდა შეივსოს მოსწავლის ანკეტა, ეს სერიოზული პრობლემაა, თუმცა კომპეტენცია ამ ხალხს არ მოეთხოვება“, - თქვა პრემიერმა პრეზიდენტის პასუხად.

ფორუმი

XS
SM
MD
LG