რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაახლოების პერსპექტივა მხოლოდ ევროპული ქვეყნების მთავრობებს არ ატკივებს თავს. რუსეთის მიმართ აშშ-ის ათწლეულების განმავლობაში ნასაზრდოები საგარეო პოლიტიკის უეცარ შემობრუნებას უსიამოვნოდ აღიქვამენ ჩინეთშიც.
„ჩინელები ამის რისკს ხედავდნენ მას შემდეგ, რაც შტატებში ტრამპი აირჩიეს და იგი მიანიშნებდა, რომ უკრაინაში ომის სწრაფად დასრულება სურდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დენის უაილდერი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუში უმცროსის მთავარი მრჩეველი ჩინეთის საკითხებში.
„მიუხედავად იმისა, რომ სრული დაახლოება შეიძლება არ იგეგმებოდეს, პეკინში შიშობენ, რომ თუ ტრამპი რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებს გააუქმებს, მაშინ მოსკოვის დამოკიდებულება ჩინეთზე შემცირდება“. - ამბობს იგი.
„უკუ-ნიქსონი“?
ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი არის მზარდი სტრატეგიული პარტნიორობა პუტინთან, რაც კიდევ უფრო მჭიდრო გახდა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
კერძოდ, პეკინი აძლიერებს რუსეთის ეკონომიკას ვაჭრობის გააქტიურებით, მათ შორის, ენერგეტიკის სფეროში შესყიდვებით; ასევე, აძლიერებს რუსეთის საომარ შესაძლებლობებს საკვანძო საქონლის მიწოდებით, - ვინაიდან სი ძინპინისა და ვლადიმირ პუტინის სურვილები - დასავლეთის დასუსტება და შეერთებული შტატების პირველობის დამხობა - ემთხვევა.
პეკინის შიში, რომ ეს კავშირი გუშინდელ დღედ დარჩება, გამოწვეულია აშშ-რუსეთის ახალი ტიპის ურთიერთობის ჩამოყალიბების პერსპექტივით, რაც წარმოშვა უკრაინის ომის შესახებ მოსკოვი-ვაშინგტონის მოლაპარაკებებმა, - რომლის პირველი რაუნდიც ამ კვირაში საუდის არაბეთში გაიმართა.
ბუშის ყოფილი მრჩეველი დენის უაილდერი ამბობს, რომ ტრამპის არჩევის შემდეგ მას საუბრები ჰქონდა „ჩინეთის ძალიან მაღალი რანგის პირებთან“, რომლებიც შეშფოთებას გამოხატავდნენ აშშ-რუსეთის ურთიერთობების შესაძლო გადატვირთვის შესახებ.
მისი თქმით, საუბრებში ხსენებულმა მაღალჩინოსნებმა გამოიყენეს ფრაზა „მხოლოდ ტრამპი თუ წავა მოსკოვში“, - რაც არის ალუზია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის 1972 წლის პეკინში ვიზიტზე.
ნიქსონი, რომელსაც ანტიკომუნისტი „ქორის“ რეპუტაცია ჰქონდა, 1972 წელს პეკინში გაემგზავრა და კომუნისტ დიქტატორ მაო ძედუნს შეხვდა.
მანამდე, 1971 წელს, ნიქსონის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჰენრი კისინჯერი, საიდუმლო ვიზიტით ეწვია ჩინეთს, რის შემდეგაც იმავე წელს გაეროში ჩან კაიშის „ჩინეთის რესპუბლიკა“ - ანუ ტაივანი - ჩაანაცვლა „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ“.
ნიქსონის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიზანი, სხვა საკითხებთან ერთად, იყო უკვე გაცხოველებული ცივი ომის პერიოდში ჩინეთისა და საბჭოთა კავშირის მზარდი დაპირისპირების ვაშინგტონის ინტერესებისათვის გამოყენება [ამ დროს სსრკ-ჩინეთს სასაზღვრო კონფლიქტი ჰქონდათ - საზღვარზე უკვე მილიონი ჯარისკაცი იყო მობილიზებული]. 1972 წელსვე გაიმართა ნიქსონი-ბრეჟნევის სამიტი მოსკოვში.
პეკინსა და მოსკოვს შორის ხინჯის შესაძლო გაჩენის შესაძლებლობას უწოდებენ „უკუ-ნიქსონს“, - რაც გულისხმობს აშშ-ის რუსეთთან დათბობას გლობალურ არენაზე ჩინეთთან აშშ-ის ბალანსის აღსადგენად.
„როგორც თავის დროზე ნიქსონი ჩინეთის პოლიტიკას, პეკინში ტრამპს აღიქვამენ მოთამაშედ, რომელსაც აქვს უნიკალური უნარი, წავიდეს რუსეთის მიმართ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ბუნების წინააღმდეგ და მოსკოვშიც კი გაემგზავროს“, - ამბობს უაილდერი და დასძენს:
„ეს, მართალია, არ ნიშნავს, რომ ჩინელები ფიქრობენ, რომ რუსები მათთან ურთიერთობებს გაწყვეტენ, თუმცა ძლიერი მოკავშირეობა შესაძლოა გაუფერულდეს“.
21 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ არ გამორიცხა უახლოეს მომავალში ტრამპისა და პუტინის შეხვედრა და განაცხადა, რომ ეს შეხვედრა „მეტწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად შევძლებთ პროგრესის მიღწევას უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე“.
ვაშინგტონის სტრატეგია
ჯერ კიდევ გასარკვევია, თუ რას გამოიღებს ტრამპის ადმინისტრაციის გადადგმული ნაბიჯები, - ან, საერთოდ, როგორი იქნება უკრაინაზე საბოლოო შეთანხმება, - მაგრამ ექსპერტებისთვის ცხადია, რომ აქამდე არსებული პოლიტიკა იცვლება.
„როგორც ჩანს, ჩვენ ვხედავთ არა უბრალოდ გადატვირთვას, არამედ აშშ-რუსეთის ურთიერთობების სრულ შემოტრიალებას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლუსიან კიმმა, კვლევითი ცენტრის, „კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის“ (ICG) უფროსმა ანალიტიკოსმა უკრაინის საკითხებში.
„ამ თვალსაზრისით, ომი უკრაინაში [ვაშინგტონისთვის] არის არა ტვირთი, გააგრძელოს რუსეთის აგრესიისათვის წინააღმდეგობის გაწევა, არამედ შესაძლებლობა, საგზაო რუკა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მჭიდრო თანამშრომლობისათვის“, - ამბობს ის.
პეკინისთვის ამ სცენარს უამრავი შემაშფოთებელი ჰიპოთეზა მოაქვს, მათ შორის სცენარი, რომ ვაშინგტონმა გააძლიეროს სამხედრო მობილიზება წყნარ ოკეანეში და ტაივანთან დაკავშირებით რაიმე ტიპის კრიზისის შემთხვევაში ჩინეთი გეოპოლიტიკურად მოწყვლადი აღმოჩნდეს.
„ვფიქრობ, ჩინეთს ურჩევნია, მეზობლად ჰყავდეს სუსტი რუსეთი. უკრაინის ომის გაგრძელება პეკინის ინტერესშიც შეიძლება იყოს, რადგან ეს კონფლიქტი აშორებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონიდან აშშ-ის ფოკუსს“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების სამსახურების სამეფო ინსტიტუტის (RUSI-ს) ანალიტიკოსი, სარი არჰო ჰავრენი.
ტრამპის ადმინისტრაცია ნათლად აცხადებს, რომ ჩინეთთან გრძელვადიანი მეტოქეობის მართვა შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანი უნდა იყოს და შესაძლოა, აზიაში პეკინზე ზეწოლის გაზრდის მიზნით, პრიორიტეტად აღარ ჰქონდეს ისეთი რეგიონები, როგორიცაა ევროპა და ახლო აღმოსავლეთი.
ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ბოლო კომენტარებში მიანიშნეს, რომ სწორედ ჩინეთ-რუსეთის პარტნიორობის დარღვევა შეიძლება იყოს მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზების მოტივაციის ნაწილი.
ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მომავალი „გეოპოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის“ შესაძლებლობა მთავარ საკითხებს შორის განიხილეს.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე, კით კელოგმა, ტრამპის საგანგებო წარმომადგენელმა უკრაინისა და რუსეთის საკითხებში, განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მიზნად ისახავს, „აიძულოს“ პუტინს ისეთი ქმედებები, რაც მისთვის არაკომფორტულია, მათ შორის, მოსკოვის კავშირების გარღვევა ჩინეთთან, ირანსა და ჩრდილოეთ კორეასთან.
2025 წლის 14 თებერვალს ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა უკრაინის საკითხზე შეთანხმების შემდეგ რუსეთთან ურთიერთობები გადატვირთოს და დაასრულოს რუსეთის იზოლაცია და მისი მზარდი დამოკიდებულება ჩინეთზე:
„პუტინის ინტერესებში არ არის, უმცროსი ძმა იყოს ჩინეთთან კოალიციაში“, - თქვა მან.
ამ ორი ქვეყნის პარტნიორობის შემცირების მცდელობა ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირების პერსპექტივაში უკვე კარგა ხანია შეიმჩნევა.
რობერტ ო’ბრაიენმა, რომელიც 2019 წლიდან 2021 წლამდე, ტრამპის პირველი ვადის პირობებში, მისი მრჩეველი იყო ეროვნული უშიშროების საკითხებში, 2024 წელს ინტერვიუში თქვა, რომ თეთრი სახლი მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს განიხილავდა სტრატეგიას, რომლის თანახმადაც უკრაინაში ომის საკითხის მოგვარება იქნებოდა პირველი, სასიცოცხლო ნაბიჯი ამ პროცესის დასაწყებად.
„სანამ უკრაინის სიტუაციას არ მოვაგვარებთ, ჩვენ არ გვექნება შანსი, რომ რუსეთს გადავწვდეთ“, - განუცხადა მან Wire China-ს ივნისში.
შეუძლია კი ეს ტრამპს?
არჰო ჰავრენი ამბობს, რომ შეერთებული შტატების მიერ პეკინსა და მოსკოვს შორის განხეთქილების „ინჟინერიის ალბათობა“ მცირეა - განსაკუთრებით მაშინ, როცა ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტად და გადაწყვეტილების მიმღებ პირად რჩება და ახლო ურთიერთობების აქვს დამყარებული სი ძინპინთან.
მაგრამ ორ ძალას შორის ახალმა ბზარებმაც კი შეიძლება შეასუსტოს მოსკოვის სიახლოვე პეკინთან და შეიძლება ჰქონდეს შემაკავებელი ეფექტი ჩინეთზე, - განსაკუთრებით მაშინ, თუკი ეს უკანასკნელი გადაწყვეტს სამხედრო ძალის გამოყენებას ტაივანის მიმართ, - რისი შესაძლებლობაც, როგორც ამერიკელი გადაწყვეტილების მიმღები პირები ამბობენ, მზარდია.
„მაშინაც კი, თუ მათი კავშირები ძლიერი იქნება, ისტორიულად მათ შორის არის უნდობლობა, რომელიც არ გაქრება“, - ამბობს არჰო ჰავრენი.
მეორე მხრივ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დიპლომატიური ნაბიჯები თავბრუდამხვევი ტემპით ვითარდება მაშინ, როცა მისი ინაუგურაციიდან მხოლოდ ერთი თვეა გასული და შესაძლოა, მეტი განვითარება პოვოს.
სტივ ცანგი, ლონდონის აღმოსავლეთისა და აფრიკული კვლევების (SOAS) უნივერსიტეტში ჩინეთის ინსტიტუტის დირექტორი, ამბობს, რომ ვაშინგტონის ნაბიჯები რუსეთთან კავშირების აღსადგენად სულაც არ არის ცუდი ამბავი პეკინისათვის.
სი ძინპინს არ სურს, რომ პუტინი ომში დამარცხდეს და ამიტომ ტრამპის მხრიდან ისეთი მშვიდობის მიღწევა, რომელიც ძირითადად რუსეთის პირობებს აკმაყოფილებს, მისთვის დადებითი შედეგია, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას. „ვინ იცის, ვინ იქნება აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი და შესაძლოა, პოსტის შემდეგ აშშ-ის პოზიციის ცვლილება კვლავ ვიხილოთ“.
თავსატეხის კიდევ ერთი რთული ნაწილი ისაა, რომ დონალდ ტრამპმა 19 თებერვალს თქვა, ველი, სი ძინპინი როდის ეწვევა ვაშინგტონს და მზად ვარ ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმების მისაღწევადო, - რაც, მისი ხედვით, უნდა იყოს პეკინთან უფრო ფართო შეთანხმების ნაწილი.
„ყველაფერი ძალიან სწრაფად ვითარდება“, - ამბობს არჰო ჰავრენი. „ჩინეთი არ არის კმაყოფილი იმით, რასაც ახლა ხედავს, მაგრამ შეიძლება ეს ყველაფერი შეიცვალოს“.
„თუ უკრაინას რუსეთი დაამარცხებს, ეს, რა თქმა უნდა, ჩინეთს უბიძგებს, რომ იგივე გააკეთოს [ტაივანში]“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ 2025 წლის იანვარში.
„ტაივანმა - ძალიან ჭკვიანურად, - ჩვენი ბიზნესი წაიღო. ჩვენ ისინი უნდა შეგვეჩერებინა“, - თქვა ტრამპმა.
ფორუმი