Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
იალტის კონფერენცია და სტალინი პუტინის რუსულ პროპაგანდაში

იალტის კონფერენცია და სტალინი პუტინის რუსულ პროპაგანდაში


(მარცხნიდან მარჯვნივ): უინსტონ ჩერჩილი, ფრანკლინ რუზველტი და იოსებ სტალინი ყირიმში იალტის კონფერენციის დროს, 1945 წლის 11 თებერვალი.
(მარცხნიდან მარჯვნივ): უინსტონ ჩერჩილი, ფრანკლინ რუზველტი და იოსებ სტალინი ყირიმში იალტის კონფერენციის დროს, 1945 წლის 11 თებერვალი.

საერთაშორისო წესრიგის ბიპოლარულ მოდელს, რომელიც არსებობდა 1946-1989 წლებში გავლენის ორი ცენტრით (ვაშინგტონი-მოსკოვი), ხშირად უწოდებენ „იალტის მშვიდობას“, რადგან, ისტორიკოსების შეფასებით, ეს იყო მართლაც ღირსსახსოვარი და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა.

80 წლის წინ, 1945 წლის 4-11 თებერვალს, საბჭოთა კავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები (იოსებ სტალინი, ფრანკლინ რუზველტი და უინსტონ ჩერჩილი) შეიკრიბნენ იალტაში, რათა განეხილათ მეორე მსოფლიო ომის დასრულება და ომისშემდგომი მსოფლიო წესრიგი. 80 წლის შემდეგ რუსული პროპაგანდა გაყალბებული ფაქტების მოშველიებით საუბრობს ერთგვარ ახალ „იალტის კონფერენციაზე“, რომელშიც მხოლოდ რუსეთმა და აშშ-მა უნდა მიიღონ მონაწილეობა და მათვე გადაწყვიტონ უკრაინისა და ევროპის ბედი.

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული სამი სახელმწიფოს - აშშ-ის, საბჭოთა კავშირისა და დიდი ბრიტანეთის მეთაურების „იალტის კონფერენცია“, რომლის 80 წლისთავი ისტორიკოსებმა წელს აღნიშნეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მრავალი წელია PR-ის საგანია რუსეთის ხელისუფლებისა და პროპაგანდისათვის, განსაკუთრებით ანექსირებულ ყირიმში, სადაც იმართება საზეიმო ღონისძიებები, ხოლო ნახევარკუნძულს უწოდებენ „გაეროსა და ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის დაბადების ადგილს“. ისტორიკოსების თქმით, 80 წლის წინ „სამეული" (სტალინი, ჩერჩილი, რუზველტი) დიდწილად მართლაც განიხილავდა მსოფლიოს მოწყობის საკითხებს, მაგრამ გადაწყვეტილებები მთლიანობაში მიიღებოდა თეირანის. პოტსდამისა და ვაშინგტონის მოლაპარაკებებისა და კონფერენციების სერიის ფარგლებში. თუმცა, ამის მიუხედავად, რუსი პოლიტიკოსები (მათ შორის, ვლადიმირ ჟირინოვსკი და სერგეი ლავროვი) პერიოდულად გამოდიოდნენ და კვლავაც გამოდიან გაეროს შტაბბინის ყირიმში გადმოტანის ინიციატივით.

რუსი ჩინოვნიკები ყირიმში მართლაც მართავენ ხოლმე დიდ, პომპეზურ კონფერენციებს, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლების პროექტის krym.Realii-ს თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, ადგილობრივი ადმინისტრაცია უუნარო და გულგრილი აღმოჩნდა ყოფით საკითხებში: 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციის მსვლელობისას გაირკვა, რომ ზურაბ წერეთლის მიერ შექმნილი „დიდი სამეულის“ ძეგლი მიტოვებული და მოუვლელია: ფიგურები გამოჭმულია ჟანგისგან, კვარცხლბეკი აჭრელებულია სამოყვარულო გრაფიტით, ძეგლის აღმნიშვნელი დაფა კი ჩამოგლეჯილია.

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული სახელმწიფოების მეთაურთა ძეგლი ლივადიის სასახლეში. ყირიმი, დიდი იალტა, 2020 წ.
მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული სახელმწიფოების მეთაურთა ძეგლი ლივადიის სასახლეში. ყირიმი, დიდი იალტა, 2020 წ.

იალტის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იანინა პავლენკომ პირობა დადო, რომ ყველაფერს გამოასწორებდა.

„იალტა 80“ - საგანგებოდ ამ მრგვალი თარიღისათვის რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) გაასაჯაროვა მთელი რიგი საიდუმლო დოკუმენტებისა, ხოლო პროპაგანდისტულმა მედიამ იალტის კონფერენციის წლისთავს მიუძღვნა არაერთი პანეგირიკი. იუბილეს ფარგლებში გაიმართა ახალი წიგნების პრეზენტაციები და კონფერენციები, მათ შორის უცხოელი სტუდენტებისთვის. სამეცნიერო კონფერენციას „იალტა 1945-2025: ბრძოლა ახალი მსოფლიო წესრიგისთვის და რუსული ინიციატივა 21-ე საუკუნეში“, უმასპინძლა ეგრეთ წოდებულმა ყირიმის ფედერალურმა უნივერსიტეტმა, რომელიც ანექსიამდე თავრიდის ეროვნული უნივერსიტეტის სახელით იყო ცნობილი.

იალტის კონფერენცია. ლივადია, 1945 წ. სურათზე: ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჩერჩილი, აშშ-ის პრეზიდენტი ფ.დ. რუზველტი და საბჭოთა კავშირის მარშალი სტალინი
იალტის კონფერენცია. ლივადია, 1945 წ. სურათზე: ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჩერჩილი, აშშ-ის პრეზიდენტი ფ.დ. რუზველტი და საბჭოთა კავშირის მარშალი სტალინი

საქმე იქამდე მივიდა, რომ ევროპარლამენტი იძულებული გახდა 2025 წლის 23 იანვარს მიეღო რეზოლუცია, რომლითაც დაგმო რუსეთის მცდელობები გააყალბოს ისტორია საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისა და უკრაინის წინააღმდეგ ომის გამართლების მიზნით. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დეზინფორმაცია რუსეთის სამხედრო აქტივობის ფუნდამენტური ნაწილია:

„ამ ჰიბრიდული ომის ფრონტის ხაზი გადის ჩვენს დემოკრატიებზე, უნივერსიტეტებზე, პარლამენტებზე, მედიასა და სხვა ინსტიტუტებზე. რუსული დეზინფორმაცია მიზნად ისახავს უნდობლობის შექმნასა და შიდა უთანხმოების გაღვივებას“.

ევროპარლამენტარებმა ასევე აღნიშნეს, რომ რუსული პროპაგანდა ცდილობს გადაწეროს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის სხვა ქვეყნების ისტორიაც. კერძოდ, რუსეთი უარყოფს 1940 წელს ბალტიის ქვეყნების ოკუპაციის ფაქტს და აცხადებს, რომ ისინი ნებაყოფლობით შეუერთდნენ სსრკ-ს. რაც შეეხება პოლონეთს, რუსეთი კვლავ უარყოფს საკუთარ პასუხისმგებლობას კატინის ხოცვა-ჟლეტაზე და ცდილობს პოლონეთზე თავდასხმა (1939 წ.) წარმოაჩინოს როგორც „განთავისუფლება“. ჩეხეთისა და სლოვაკეთის შემთხვევაში, მოსკოვი ავრცელებს ნარატივს, რომ 1968 წელს ჯარების შეყვანა, სავარაუდოდ, საბჭოთა არმიის საოკუპაციო ნაწილებში მყოფი უკრაინელების ქმედებით იყო გამოწვეული.

რაც შეეხება იალტის კონფერენციის ისტორიას, რუსი ოფიციალური პირები დაუსაბუთებლად ცდილობენ მის გათანამედროვებას და აწარმოებენ აგიტაცია-პროპაგანდას, რომ თითქოს რუსეთისა და შეერთებული შტატების დღეს მოქმედი პრეზიდენტების შეხვედრის მიზანია მსოფლიოს ახალი გადანაწილება. რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის პარლამენტის ხელმძღვანელი, ვლადიმირ კონსტანტინოვი, მაგალითად, ამტკიცებს, რომ იალტის კონფერენციის გადაწყვეტილებები „პირდაპირი მინიშნებაა ახალი თაობების პოლიტიკოსებისთვის - როგორ უნდა მოიქცნენ ამა თუ იმ შემთხვევაში, რაზე და ვისთან უნდა მოილაპარაკონ“.

ვლადიმირ კონსტანტინოვი, ანექსირებული ყირიმის რუსული პარლამენტის სპიკერი
ვლადიმირ კონსტანტინოვი, ანექსირებული ყირიმის რუსული პარლამენტის სპიკერი

სტალინი და სსრკ - იალტის კონფერენციის მთავარი ბენეფიციარები

რუსეთის პროპაგანდა იმიტომაც ებღაუჭება იალტის კონფერენციას, რომ ამ ღონისძიების შედეგად ყველა მეტად საბჭოთა კავშირმა (სინამდვილეში რუსეთმა) იხეირა. უკრაინის ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომლის, მეორე მსოფლიო ომის მკვლევრის ვლადიმირ ლიტვინის თქმით, სტალინს ძალიან სურდა სცოდნოდა, ომის შემდგომ სამყაროში რომელ ქვეყნებზე მისცემდნენ გავლენის გავრცელების საშუალებას მოკავშირეები. დე ფაქტო მისი ჯარები უკვე აკონტროლებდნენ აღმოსავლეთ ევროპის უმეტეს ნაწილს.

„ამ მომენტში სტალინის გეოპოლიტიკური მადა იმაზე დიდი იყო, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მას სურდა არა მხოლოდ ამ მადის დაკმაყოფილება, არამედ რუზველტისა და ჩერჩილის დე იურე თანხმობა, რომ მომავალი გენერალისიმუსის პრეტენზიები სრულიად ლეგიტიმური იყო. ამ დროს რუზველტი ძალიან დაკავებული იყო მსოფლიო მმართველობის ომისშემდგომი სისტემის ორგანიზებით. ის ზრუნავდა გაეროზე, თავის შვილობილზე. რუზველტს ძალიან სურდა, რომ სსრკ ომის შემდგომ სამყაროში აღარ ყოფილიყო მარგინალი ქვეყანა და მისი წევრობა გაეროში ყოფილიყო იმის გარანტია, რომ "ოთხი პოლიციელის" კონცეფცია ნამდვილად იმუშავებდა. რუზველტს ასევე სურდა დიდი სამეულის გაფართოება ჩინეთის მიწვევით, რათა მათ ერთად, უდიდესი შეიარაღებული ძალებით, შეენარჩუნებინათ მსოფლიო წესრიგი. მაგრამ სტალინი და ჩერჩილი არ იზიარებდნენ ამ ხედვას“, - ამბობს უკრაინელი ისტორიკოსი რადიო თავისუფლების უკრაინულ რედაქციასთან საუბარში.

ვლადიმირ ლიტვინი, უკრაინის ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი, მეორე მსოფლიო ომის მკვლევარი
ვლადიმირ ლიტვინი, უკრაინის ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი, მეორე მსოფლიო ომის მკვლევარი

აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტმა რუზველტმა იალტის კონფერენციაზე მიიღო სტალინის გარანტია, რომ გერმანიაზე გამარჯვების შემდეგ საბჭოთა ჯარები მიიღებენ მონაწილეობას იაპონიის წინააღმდეგ ომში, რაც, ვლადიმირ ლიტვინის თქმით, ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო:

„რუზველტს სჯეროდა, რომ თუ სტალინის გულს მოიგებდა, სტალინი მოგვიანებით მისი მადლიერი იქნებოდა, თუმცა, სტალინი იყო პრაგმატიკოსი, რომელიც აკეთებდა იმას, რაც მხოლოდ მისთვის იყო სასარგებლო. სტალინს უნდოდა, უკრაინისა და ბელარუსის გარდა, გაეროში შეეყვანა ლიეტუვა (როცა ყველა საკავშირო რესპუბლიკის გაეროს წევრობაზე უარი უთხრეს), მაგრამ მოკავშირეებმა ამაზე უარი უთხრეს, რადგან აღიარეს ბალტიის ქვეყნების დამოუკიდებლობა და დაგმეს სსრკ-ის მიერ ამ ქვეყნების ანექსია. თუმცა მთლიანობაში, იალტის კონფერენციის მთავარი ბენეფიციარი უდავოდ საბჭოთა კავშირი იყო. სტალინმა, გარდა იმისა, რომ არ დათმო ტერიტორიები, უზრუნველყო სსრკ-ს აქტიური გავლენა აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. ამიტომ დასავლურ ისტორიოგრაფიაში იალტის კონფერენციას ზოგჯერ "მეორე მიუნხენსაც" უწოდებენ“.

პუტინი როგორც ახალი სტალინი?

რუსული პროპაგანდა ისე წარმოაჩენს, თითქოს რუსეთმა უკვე მოიგო ომი უკრაინასთან და, როგორც გამარჯვებული, ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნაში მონაწილეობს. იგივე კონსტანტინოვი პარალელს ავლებს დღევანდელ უკრაინასა და 80 წლის წინანდელ პოლონეთს შორის. ამტკიცებს, რომ მაშინ მოსკოვმა შეინარჩუნა ყველა ბერკეტი ვარშავაში პროსაბჭოთა რეჟიმის დასამყარებლად. „პოლონეთის სახით ჩვენ მივიღეთ ერთგვარი ტროის ცხენი სოციალისტურ ბანაკში, ახლა კი ამ როლს უკრაინა ასრულებს“.

გამარჯვებულის პოზიციიდან საუბრისას რუსული პროპაგანდა ამტკიცებს, რომ „უკრაინის კრიზისში“ მთავარი დამარცხებული (გარდა თავად უკრაინისა) ევროპაა, ხოლო ის, თუ როგორი „რეჟიმი“ დამყარდება ომისშემდგომ უკრაინაში, ამერიკულ-რუსული მოლაპარაკებების საკითხია.

რუსეთის პროპაგანდას, მათ შორის, ანექსირებული ყირიმის რუსული პარლამენტის ხელმძღვანელს ვლადიმერ კონსტანტინოვს, არ მოსწონს დიდი ბრიტანეთი, რადგან ლონდონი კვლავ აქტიურ პროუკრაინულ პოლიტიკას ატარებს, ხოლო უინსტონ ჩერჩილი, 80 წლის წინანდელი ისტორიული მოვლენების ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი, „იალტის სამეულის“ ყველაზე იდუმალ წევრად მიაჩნია.

იოსებ სტალინი, ფრანკლინ რუზველტი და უინსტონ ჩერჩილი (მარცხნიდან მარჯვნივ) სადილის დროს იალტაში, ყირიმში, 1945 წლის 11 თებერვალი.
იოსებ სტალინი, ფრანკლინ რუზველტი და უინსტონ ჩერჩილი (მარცხნიდან მარჯვნივ) სადილის დროს იალტაში, ყირიმში, 1945 წლის 11 თებერვალი.

უკრაინელი ჟურნალისტის, კონსტანტინ პოდოლიაკის თქმით, კონსტანტინოვსა და რუსულ პროპაგანდას იალტის კონფერენციის ისტორიაში ისეთი „სიახლეები“ შეაქვთ, რომლებიც მანამდე უცნობი იყო როგორც მეცნიერებისთვის, ასევე პოლიტიკოსებისთვისაც.

„რუსი სპიკერი ირწმუნება, რომ იალტაში სავარაუდოდ მიდიოდა პოლიტიკური თამაში პირობითი სათაურით "მესამე ზედმეტია", რომ იალტის მთავარი გაკვეთილი ისაა, რომ პრინციპული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს უნდა ჩამოშორდნენ მოლაპარაკების უმნიშვნელო მონაწილეები. "დიდ სამეულში" ასეთი "ზედმეტი მესამე" იყო ბრიტანეთი, ხოლო მისი პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი ოსტატურად გაჰყავდათ სსრკ-ამერიკის კონტაქტებს მიღმა. რუსული პროპაგანდის მიერ შეთხზული ასეთი ფაბრიკაციები არანაირად არ არის გამყარებული ფაქტებით, ასეთი რამ არ იძებნება არც კონფერენციის მონაწილეთა მემუარებში და არც პოლკოვნიკ სარა ჩერჩილის, უინსტონ ჩერჩილის ქალიშვილისა და ადიუტანტის მოგონებებში. ჩერჩილი მონაწილეობდა ყველა შეხვედრაში, ის აქტიურად განიხილავდა და ხელს აწერდა ყველა დოკუმენტს“, - ამბობს კონსტანტინ პოდოლიაკი.

მეტიც, ყირიმში ჩასვლამდე ამერიკისა და ინგლისის დელეგაციებმა წინასწარი შეხვედრა გამართეს მალტაში და ყველაფერი შეათანხმეს ერთმანეთთან სტალინის მონაწილეობის გარეშე. რაც შეეხება საკუთრივ გეოგრაფიულ ადგილს - იალტას. როგორც ისტორიკოსები ამტკიცებენ, ჩერჩილი დიდხანს არ თანხმდებოდა კონფერენციის იალტაში გამართვას, მაგრამ დაჟინებული თხოვნის შემდეგ დაიყოლიეს, რის შემდეგაც მას, სავარაუდოდ, უთქვამს, არ მოვკვდებიო და, თან წაუღია საკმარისი რაოდენობით ვისკი და სამედიცინო საპონი. მოგვიანებით ჩერჩილმა ყირიმზე დაწერა კიდეც, იალტაზე უარეს ადგილს ვერ ვიპოვიდით მსოფლიოში, თუნდაც ათი წელი რომ გვეძებნაო. იალტის ნეგატიურ შეფასებაში კიდევ უფრო ზუსტი და ლაკონიური იყო ბრიტანეთის დელეგაციის წევრი, გენერალი ჰასტინგ ისმეი: „გასტრონომიული გაგებით სასიამოვნო, სამხედრო გაგებით უსარგებლო და პოლიტიკური გაგებით დამთრგუნველი“.

ვორონცოვის სასახლე, რომელშიც იალტის კონფერენციის მსვლელობისას დიდი ბრიტანეთის დელეგაცია ცხოვრობდა.
ვორონცოვის სასახლე, რომელშიც იალტის კონფერენციის მსვლელობისას დიდი ბრიტანეთის დელეგაცია ცხოვრობდა.

რუსული პროპაგანდა ჩერჩილს იმის გამოც ერჩის, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა იმთავითვე იცოდა, რომ საბჭოთა კავშირმა დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, როგორც ჰიტლერის მოკავშირემ და შეიჭრა პოლონეთში. და რომ არა ჰიტლერის თავდასხმა სსრკ-ზე, სტალინი შესაძლოა, გამარჯვებულთა ნაცვლად, ნიურნბერგის პროცესის მონაწილეთა შორის აღმოჩენილიყო. მეტიც, ჩერჩილმა ასევე იცოდა სტალინის რეპრესიების, საკონცენტრაციო ბანაკების არსებობის შესახებ და ესმოდა, რომ სსრკ-ში დიქტატორული რეჟიმი მოქმედებდა და, რომ ასეთი ქვეყანა კარგს არაფერს დამართებდა ევროპის ნახევარს, რომელიც სტალინის კონტროლის ქვეშ გადადიოდა. სავარაუდოდ, ჩერჩილი ასევე ხვდებოდა, რომ ერთ წელზე ნაკლებ დროში მოუწევდა ფულტონის სიტყვის წარმოთქმა დიქტატორული რეჟიმების წინააღმდეგ და, რომ იალტის შემდეგ მალე დაიწყებოდა ცივი ომი და დაეშვებოდა „რკინის ფარდა“, რომელიც გაყოფდა მსოფლიოს.

რუსული პროპაგანდის მიხედვით, „იალტის კონფერენციის“ შემდგომი მსოფლიო წესრიგის სიმტკიცე განისაზღვრა იმით, რომ ის ჩამოყალიბდა ორი ზესახელმწიფოს მიერ, ე.წ. ღარიბი ნათესავების თანაბარი პირობებით მონაწილეობის გარეშე. დიდი სახელმწიფოების კლუბის ხუთამდე გაფართოებას, პროპაგანდა უწოდებს „არქიტექტურულ ზედმეტობას ახალი გეოპოლიტიკური შენობის ფასადზე”.

რუსული პროპაგანდა დარწმუნებულია, რომ მსოფლიოს მომავლის შესახებ მოლაპარაკებები მხოლოდ აშშ-სა და რუსეთს შორის უნდა გაიმართოს:

„ამ მოლაპარაკებებში კვლავ არ გვჭირდება „ზედმეტი მესამეები“. აბსოლუტურად არ არის საჭირო მოლაპარაკების პროცესში ბრიტანელი პროვოკატორებისა და კონტინენტური ევროპის იმ წარმომადგენლების ჩართვა, რომლებმაც დაკარგეს პოლიტიკური სუბიექტურობა. რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა შეუმდგარ სახელმწიფოებზე“.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (მარცხენა) და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, 2017 წ. ივლისი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (მარცხენა) და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, 2017 წ. ივლისი

გამომდინარე იქიდან, რომ იალტის კონფერენციამ მიიღო დეკლარაცია განთავისუფლებული ევროპის შესახებ, რუსული პროპაგანდა ამტკიცებს, რომ კვლავ საჭიროა „ევროპის გათავისუფლება“, რითაც სავარაუდოდ იმაზე მიანიშნებენ, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინის საზღვრებთან და გააგრძელებს მრავალი სხვა ქვეყნის, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის გათავისუფლებას. ანექსირებული ყირიმის რუსული ადმინისტრაციის პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „მწიფდება დემონიზმით შეპყრობილი ევროპის წინააღმდეგ განმათავისუფლებელი ლაშქრობის აუცილებლობა“.

როგორც პოლიტიკის ექსპერტები შენიშნავენ, რუსეთი იმ ქვეყნების ხალხების „გათავისუფლებას“ აპირებს, რომლებსაც თავისუფლება და ადამიანის უფლებები თავიანთი საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტად აქვთ გამოცხადებული. თუმცა, რუსული პროპაგანდისათვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები სხვა არაფერია, თუ არა „ნაციზმი“:

„შეიძლება ითქვას, რომ ევროპა კეთილდღეობისგან გიჟდება, თუმცა ყველაფერი გაცილებით ღრმა და საშინელია. ფაქტობრივად, ჩვენ წინაშეა ადამიანის გადაკეთების ახალი ექსპერიმენტი, მსგავსი ნაცისტურისა, რომლის მიზანი ადამიანის სულიერი და ბიოლოგიური არსის შეცვლაა. ახლა ეს ყველაფერი ლიბერალური ლოზუნგებით კეთდება, თუმცა შეუძლებელია ამ ყველაფრის შენიღბვა“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG