Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარკო რუბიო: ომის დასრულებისთვის უკრაინასაც და რუსეთსაც მოუწევთ დათმობა


სენატორი მარკო რუბიო აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენაზე. ვაშინგტონი, 15 იანვარი, 2025.
სენატორი მარკო რუბიო აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენაზე. ვაშინგტონი, 15 იანვარი, 2025.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი კანდიდატის, სენატორ მარკო რუბიოს აზრით, „არარეალისტურია“ იმის იმედი ვიქონიოთ, რომ უკრაინა მთლიანად დაიბრუნებს ყველა იმ ტერიტორიას, რაც რუსეთმა დაიკავა თითქმის სამწლიანი ომის განმავლბაში.

მისი თქმით, კიევს დათმობები მოუწევს ბრძოლის დასასრულებლად.

„შეუძლებელია, რომ უკრაინამ ამ ხალხს [რუსეთის ჯარებს] უკან დაახევინოს იმ დონემდე, სადაც ისინი იმყოფებოდნენ შეჭრის წინა დღეს,“ განაცხადა რუბიომ 15 იანვარს სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, სადაც განიხილებოდა მისი კანდიდატურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობის დასაკავებლად.

ტრამპმა პირობა დადო, რომ სწრაფად დაასრულებს უკრაინის ომს, რითაც წარმოშვა შიშები, რომ ის კიევს ტერიტორიების დათმობას აიძულებს - ყოველ შემთხვევაში დროებით მაინც. ამჟამად რუსეთი უკრაინის ტერიტორიის ერთ მეხუთედს აკონტროლებს.

რუბიომ თავი შეიკავა იმაზე მსჯელობისგან, რა სახის დათმობებზე შეიძლება წავიდეს უკრაინა, მაგრამ კანონმდებლებს უთხრა, რომ მოლაპარაკებების ნაწილი იქნება ნატოს წევრობა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მის ქვეყანას დასავლეთისგან ესაჭიროება უსაფრთხოების გარანტიები, ისეთი, როგორიცაა ნატოს წევრობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთის ხელახალი აგრესია.

რუსეთი და უკრაინა ცდილობენ, ერთმანეთის რაც შეიძლება მეტი მიწები ჩაიგდონ ხელში მანამდე, სანამ ტრამპი პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს, რათა შესაძლო მოლაპარაკებების წინ პოზიციები გაიუმჯობესონ. ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

მას შემდეგ, რაც 2023 წელს უკრაინის ჯარების კონტრიერიში წარუმატებელი აღმოჩნდა, ინიციატივა რუსეთმა ჩაიგდო ხელში. ის აღმოსავლეთ უკრაინაში ტერიტორიებს იკავებს ყველაზე სწრაფი ტემპებით მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში დაიწყო უკრაინაში ფართო მასშტაბის შეჭრა. რუსეთს ცოტა უკლია დონეცკის ოლქის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური კვანძის, პოკროვსკის აღებამდე.

ამასობაში უკრაინამ აგვისტოში განხორციელებული წარმატებული მოულოდნელი ოპერაციის წყალობით რუსეთის ტერიტორიის ნაწილი ჩაიგდო ხელში კურსკის ოლქში. მას შემდეგ უკრაინამ ამ ტერიტორიების თითქმის ნახევარი ისევ დაკარგა, მაგრამ ახლახან მან რეგიონში ფართო მასშტაბის იერიში წამოიწყო.

უკანასკნელ ხანებში ბრძოლის ველზე უკრაინელების პრობლემები განპირობებულია მისი უუნარობით, სათანადოდ შეავსოს ჯარები ცოცხალი ძალით. რუსეთმა უზარმაზარი ზარალი განიცადა - აშშ-ის დაზვერვის ცნობებით, მწყობრიდან გამოვიდა 700 ათასი ადამიანი. მაგრამ მოსკოვმა შეძლო ბრძოლაში უფრო და უფრო მეტი ცოცხალი ძალის ჩართვა, რამაც მას საგრძნობი უპირატესობა მიანიჭა.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია არაერთხელ აცხადებდა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას დაეხმარება იმდენ ხანს, „რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, და თითქმის 66 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება აღმოუჩინა კიევს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული.

მარკო რუბიომ სენატის მოსმენაზე თქვა, რომ ეს პოზიცია არ არის „რეალისტური ან გონივრული“ და ხაზი გაუსვა უკრაინის პრობლემებს ცოცხალი ძალის სფეროში.

„უკრაინას ფული კი არ უთავდება, მას ადამიანები უთავდება,“ თქვა რუბიომ. „გულწრფელად თუ გვინდა ვილაპარაკოთ [ომის] დასრულებაზე, ჭეშმარიტ დიპლომატიას დათმობები დასჭირდება მოლაპარაკებებში მონაწილე ყოველი მხარისგან.“

ექსპერტების თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ არის დაინტერესებული ომის ახლა შეწყვეტით, ვინაიდან მიაჩნია, რომ იმარჯვებს.

14 იანვარს რუსეთმა კვლავ მიიტანა დრონებითა და რაკეტებით იერიში უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. როგორც შარშან თქვა ზელენსკიმ, რუსეთმა უკრაინის ელექტროენერგიის წარმოების ნახევარი გაანადგურა.

მართალია ტრამპი საარჩევნო კამპანიის პერიოდში აცხადებდა, რომ უკრაინის ომს სწრაფად დაასრულებდა, მაგრამ ბოლო ხანებში უფრო ფრთხილი პოზიცია უჭირავს ამ საკითხში.

რუბიომ აღიარა, რომ მეომარ მხარეებს შორის რთული იქნება შეთანხმების მიღწევა.

„ეს არ იქნება იოლი საქმე... ამას გაბედული დიპლომატია დასჭირდება“, თქვა მან.

ჯერჯერობით არ არის ნათელი, გააგრძელებს თუ არა ტრამპი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას. არჩეულმა პრეზიდენტმა არაერთხელ გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების მოცულობა.

ბაიდენის ადმინისტრაციამ სექტემბრის შემდეგ გაზარდა დახმარება, რათა კიევს საკმარისი რაოდენობის შეიარაღების სისტემები და საბრძოლო მასალა ჰქონდეს 2025 წლის პირველი თვეების გადასატანად, თუკი ტრამპი შეწყვეტს ან შეამცირებს დახმარებას.

ტრამპის თქმით, უკრაინის დახმარება ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა გადაინაწილონ.

მაშინ, როცა აშშ-ის ლიდერები ათწლეულების განმავლობაში მოუწოდებდნენ ევროპელებს, რომ თავდაცვის ხარჯებში საკუთარი წილი ეტვირთათ, ტრამპი ყველაზე აქტიური იყო ამ საკითხში. როგორც იტყობინებიან, ნატოდან შეერთებული შტატების გასვლის საკითხიც დააყენა.

ამ მუქარების ფონზე რუბიო გახდა თანაავტორი კანონპროექტისა, რომელიც ნებისმიერ პრეზიდენტს დართავს ნებას, სენატის თანხმობის ან კონგრესის აქტის გარეშე გაიყვანოს აშშ ნატოს შემადგენლობიდან. კანონპროექტი 2023 წლის დეკემბერში მიიღეს.

ოთხშაბათს გამართულ მოსმენაზე რუბიომ დაადასტურა აშშ-ის ალიანსების, მათ შორის ნატოს მიმართ მხარდაჭერა, მაგრამ თქვა, რომ ნატოს ევროპელმა წევრებმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდონ. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ნატოს მხოლოდ რამდენიმე წევრი აღწევდა ხარჯების სამიზნე დონეს.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ალიანსები, მაგრამ ალიანსები უნდა გვქონდეს ძლიერ და უნარიან პარტნიორებთან და არა ისეთებთან, რომლებიც აშშ-სა და ნატოს თავდაცვით ხელშეკრულებას ერთგვარად იმისთვის იყენებდნენ, რომ ნაკლები დაეხარჯათ თავდაცვაზე და მეტი - ზოგ სხვა შიდა საჭიროებებზე“, უთხრა რუბიომ კანონმდებლებს.

რუბიოს გამოსვლაში ცენტრალური ადგილი ეკავა ჩინეთს. მან ამერიკასა და ჩინეთს შორის „გაუწონასწორებელი ურთიერთობების“ მუქი სურათი დახატა და, ფაქტობრივად, გაიმეორა დონალდ ტრამპის ანტიგლობალისტური რიტორიკა.

საერთაშორისო პოლიტიკაზე საუბრისას უკრაინის გარდა ის შეეხო ახლო აღმოსავლეთს, ლათინურ ამერიკას და სხვა რეგიონებს, მაგრამ ხუთსაათიანი მოსმენის უდიდესი ნაწილი დაუთმო იმის მტკიცებას, რომ პოლიტიკაში სწრაფი და არსებითი ცვლილებების გარეშე ჩინეთი ამერიკის აყვავებისთვის 21-ე საუკუნის „უდიდესი საფრთხე“ დარჩება.

„თუკი არ შევცვლით კურსს, ვიცხოვრებთ მსოფლიოში, სადაც ბევრი რამე, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში - უსაფრთხოებიდან ჯანმრთელობამდე - დამოკიდებული იქნება იმაზე, დაგვრთავენ თუ არა ჩინელები ნებას, გვქონდეს ეს თუ არა,“ თქვა 53 წლის რუბიომ, რომელიც 14 წლის განმავლობაში არის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი.

ტრამპის კაბინეტის ბევრი კანდიდატისგან განსხვავებით, რუბიოს, როგორც მოსალოდნელია, იოლად დაამტკიცებენ. მას მხარს უჭერენ როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი კანონმდებლები. მიიჩნევა, რომ კაბინეტის კანდიდატთაგან ის ერთ-ერთი პირველი იქნება, ვისაც თანამდებობაზე დაამტკიცებენ.

დამტკიცების შემთხვევაში რუბიო აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ლიდერი გახდება. თუმცა მისი როლი უთუოდ მეორეხარისხოვანი იქნება ტრამპთან შედარებით, რომელსაც უყვარს მსოფლიო არენაზე თავის გამოჩენა და ხშირად საკმაოდ ტლანქ ზეწოლას ახორციელებს ხოლმე ამერიკის მოკავშირეებზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG