ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკურმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმაც პუტინთან შესაძლო შეთანხმებაზე გააკეთა განცხადება. სხვადასხვა დროს მოლაპარაკებების აუცილებლობაზე ილაპარაკეს ჩინეთის, თურქეთისა და უნგრეთის ლიდერებმაც... თუმცა, როგორც საერთაშორისო პოლიტიკის უკრაინელი მიმომხილველები შენიშნავენ, არაფერი თქმულა იმაზე, თუ რა შეიძლება შესთავაზონ მოლაპარაკების მაგიდასთან მიწვეულ პუტინს, რომლისთვისაც ცეცხლის შეწყვეტა სულაც არ არის მისი საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანი.
ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიისათვის (BBC) მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 19 ივლისს გამოქვეყნდა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერით, უკრაინას შეუძლია „სცადოს ომის ცხელი ეტაპის დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე“.
„ვფიქრობ, თუ ჩვენ ვიმოქმედებთ შეთანხმებულად და მივყვებით სამშვიდობო სამიტის ფორმატს, მაშინ ჩვენ შევძლებთ დავასრულოთ ომის ცხელი ეტაპი. ჩვენ შეგვიძლია ვცადოთ ამის გაკეთება წლის ბოლომდე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომლის თქმითაც, სამშვიდობო გეგმა სრულად უნდა იყოს შეთანხმებული უკრაინის მოკავშირეებთან, რათა ომის დასრულების შემდეგ არავინ სცადოს პირობების ხელახლა გადათამაშება:
„ომი შეიძლება დასრულდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან დიპლომატიური მოგვარებით, თუ დასავლეთის ქვეყნები მოსკოვზე ზეწოლას განახორციელებენ. ეს არ ნიშნავს, რომ საჭიროა ყველა ტერიტორიის ბრძოლებით დაბრუნება. მჯერა, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია დიპლომატიური გზით. რუსეთის დასუსტება ბრძოლის ველზე გააძლიერებს უკრაინის პოზიციას მოლაპარაკებების მაგიდასთან“.
უკრაინის პრეზიდენტმა BBC-ის მიცემულ ინტერვიუში ასევე თქვა, რომ მზად არის ითანამშრომლოს აშშ-ის ნებისმიერ პრეზიდენტთან, მიუხედავად იმისა, თუ ვის აირჩევენ ამერიკის მოქალაქეები ამ პოსტზე. ზელენსკის თქმით, უკრაინა ითანამშრომლებს დონალდ ტრამპთანაც, თუ მას ხელახლა აირჩევენ პრეზიდენტად,
„რთული სამუშაო იქნება, მაგრამ ჩვენ შრომისმოყვარეები ვართ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც კომენტარი გააკეთა 39 წლის სენატორ ჯეი დი ვანსზეც, რომელიც ტრამპმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატად დაასახელა და, ვინც წლების განმავლობაში თანმიმდევრულად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევას.
„შესაძლოა, მას ნამდვილად არ ესმის, რა ხდება უკრაინაში, ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ შეერთებულ შტატებთან“, - თქვა ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე კომენტარი გააკეთა დონალდ ტრამპის ადრინდელ განცხადებაზე, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში, უკრაინაში მიმდინარე ომს 24 საათში შეაჩერებდა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი ძალიან ბედნიერი იქნებოდა, თუ ომი ასე სწრაფად დასრულდებოდა.
„მაგრამ საკითხავია, რა ფასი ექნება ამას და ვინ გადაიხდის მას. ეს ნიშნავს უბრალოდ ბრძოლის შეწყვეტას, [ტერიტორიების] დათმობას და მათ დავიწყებას“, - ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი ასეთ რამეს არასოდეს გააკეთებს.
უკრაინაში მიმდინარე ომის სწრაფად დასრულებაზე ილაპარაკა საქართველოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმაც 17 ივლისს პარტიის ახალი ოფისის გახსნის დროს წარმოთქმულ სიტყვაში: „უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე გვიან ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს“.
ორბანი და სხვა შუამავლები
18 ივლისს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გამოაქვეყნა ევროპის საბჭოსთვის გაგზავნილი ანგარიში მისი კიევში, მოსკოვში, პეკინსა და ვაშინგტონში ვიზიტების შესახებ. ორბანის თქმით, უკრაინა და რუსეთი არ ცდილობენ ცეცხლის შეწყვეტის (მოლაპარაკებების ინიციატივით გამოსვლას), შესაბამისად, მისი თქმით, კონფლიქტის მოგვარება მოითხოვს გარედან ჩარევას.
ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს აქვს საფუძვლიანი გეგმები რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო კონფლიქტის მოსაგვარებლად, მაგრამ არჩევნებამდე მისგან სამშვიდობო ინიციატივებს არ უნდა ველოდოთ. „სამხედრო კონფლიქტის ინტენსივობა რადიკალურად გაიზრდება უახლოეს მომავალში“, წერს ვიქტორ ორბანი, რომლის თქმითაც, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვერ ახერხებს ვაშინგტონის ამჟამინდელი „ომის პოლიტიკის“ შეცვლას.
ვიქტორ ორბანი ასევე მიიჩნევს, რომ თურქეთი შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი შუამავალი დაპირისპირებულ მხარეებს შორის. მისი თქმით, ევროკავშირს, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე:
„უკრაინის მორიგი სამშვიდობო სამიტისათვის აუცილებელია პეკინის ჩართვა და რუსეთთან მისი პირდაპირი დიპლომატიური კონტაქტების აღდგენა, კიევთან მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტების შენარჩუნების პარალელურად“.
რა შეიძლება შესთავაზონ რუსეთს?
უკრაინელი პოლიტოლოგის, რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ანალიტიკოსის, ვიტალი პორტნიკოვის თქმით, პოლიტიკოსებს, რომლებიც ომის სწრაფად დასრულების შესახებ საუბრობენ, წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ პუტინის მიზნებსა და სურვილებზე. რა უნდა პუტინს - „საკრალური“ ყირიმი? უკრაინის ოკუპირებული რეგიონები? უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი და არ დაემუქროს რუსეთს? უკრაინის დემილიტარიზაცია დენაციფიკაციით? საერთაშორისო სანქციების მოხსნა?
„ძალიან ცოტა ხომ არ არის? ღირდა კი ამისთვის ამხელა ომის არა მხოლოდ დაწყება, არამედ გაგრძელება თითქოსდა საღი აზრის წინააღმდეგ უკვე მესამე წლის განმავლობაში? ვითომ სევასტოპოლის და მელიტოპოლის გულისთვის? ლუგანსკის და ბერდიანსკის გულისთვის? - კითხულობს უკრაინელი ანალიტიკოსი თავის ანალიტიკურ წერილში და იქვე უპასუხებს:
„პუტინს ნადავლის დათრევა კი არა, ამერიკის და ჩინეთის ლიდერების პარტნიორობა და მათი კონკურენტობა სურს. და, როგორც ჩანს, დარწმუნებულია, რომ მას შეუძლია მიაღწიოს ამას ერთი გზით - იმპერიით, საბჭოთა კავშირის აღდგენით თუ არა, "საბჭოთა სივრცის" - უჟგოროდიდან აშხაბადამდე - ხელახალი შექმნით. უკრაინაზე გამარჯვება მოახდენს არა მხოლოდ სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, არამედ მათი მეზობელი ქვეყნების პარალიზებასაც, აიძულებს მათ ეძიონ რუსულ რეჟიმთან თანაარსებობის უსაფრთხო მოდელი - ამგვარად აღორძინდება საბჭოთა გავლენის სფერო ევროპასა და აზიაში. ომში დამარცხება კი პუტინს აქცევს ხელმოცარულად, ხოლო მის ქვეყანას - გეოპოლიტიკურ გაუგებრობად. ჩვენ უკვე ვხედავთ, როგორ იფანტებიან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები უსაფრთხოების ახალი გარანტიების მოსაძებნად ყველა მიმართულებით, ხოლო ცენტრალური ევროპის ქვეყნები როგორ უშვებენ შლაგბაუმებს რუსული და ბელარუსული ავტომობილების წინაშე“.
ვიტალი პორტნიკოვის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია. ზელენსკი ვერ შესთავაზებს პუტინს საკუთარ ქვეყანას. საკითხავია, რა შეიძლება შესთავაზონ პუტინს მსოფლიოს სხვა ლიდერებმა: კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე? სანქციების მოხსნა? ფულის სანაცვლოდ მთავარ იდეაზე - იმპერიაზე ოცნების უარყოფა? მაგრამ ასეთი შეთავაზებები კრემლმა მხოლოდ დახვეწილ დაცინვად შეიძლება მიიღოს. პორტნიკოვის თქმით, კრემლისთვის ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებს აზრი არ ექნება იმ მომენტამდე, ვიდრე ამ მოლაპარაკებების შედეგი არ იქნება უკრაინისა და დასავლეთის თანხმობა რუსეთის იმპერიულ მომავალთან დაკავშირებით:
„სწორედ ეს გვესმის დმიტრი მედვედევისგან, რომელიც ხან იმას ამბობს, რომ უკრაინის პარლამენტი უნდა შეიკრიბოს კიევში, რათა მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინის ლიკვიდაციისა და რუსეთის მიერ მისი ანექსიის შესახებ, ხან კი რუს "პატრიოტებს" ეუბნება, რომ დროებითი მშვიდობის შემთხვევაშიც კი, რუსეთი აუცილებლად განაახლებს ომს უკრაინის ბოლომდე ჩასაკლავად. მედვედევი აბსოლუტურად მართალია, როცა აცხადებს, რომ ნებისმიერი უკრაინა იქნება "ნაციონალისტური", რადგან მისი და პუტინის თვალსაზრისით, სუვერენული უკრაინის სახელმწიფოს არსებობა თავისთავად უკვე ნაციონალიზმია“.
უკრაინელი ანალიტიკოსის თქმით, პუტინის მიზნების გააზრების შემთხვევაში, მარტივია სწორი დასკვნის გაკეთება: უკრაინისა და მისი მოკავშირეების მთავარი მიზანი უნდა იყოს არა პუტინთან შეთანხმების მიღწევა, არამედ მისი იძულება, გააცნობიეროს, რომ ვერ მიაღწევს დასახულ მიზანს, რომ ის ვერც უკრაინის შთანთქმას შეძლებს და ვერც იმპერიის აღორძინებას, რომ ამ ბოროტი პოლიტიკური ბებრუხანის მთავარი ამოცანაა - არ აღმოჩნდეს გატეხილ ვარცლთან.
„სწორედ ამ მარტივი ჭეშმარიტების გაცნობიერების მომენტიდან გაჩნდება ნამდვილი მოლაპარაკებების დაწყების შანსი. მანამდე, სამწუხაროდ, მოგვიწევს ბრძოლა“, - ამბობს ვიტალი პორტნიკოვი, პოლიტიკის ანალიტიკოსი.
ფორუმი