Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სამშვიდობო ტურნეს“ შემდეგ ორბანი ევროკავშირს რუსეთთან პირდაპირი კომუნიკაციის აღდგენას ურჩევს


ვიქტორ ორბანი უკრაინაში, რუსეთში, პეკინსა და აშშ-ში მოლაპარაკებებს აჯამებს. ბრიუსელი მას კვლავ შეახსენებს, რომ ევროკავშირის სახელით საუბრის მანდატი არ აქვს.
ვიქტორ ორბანი უკრაინაში, რუსეთში, პეკინსა და აშშ-ში მოლაპარაკებებს აჯამებს. ბრიუსელი მას კვლავ შეახსენებს, რომ ევროკავშირის სახელით საუბრის მანდატი არ აქვს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი „სამშვიდობო ტურნეს“ დასრულების შემდეგ ევროკავშირს ურჩევს, „აშშ-ის ომის პოლიტიკის „კოპირებაზე“ უარი თქვას“ და რუსეთთან პოლიტიკური კომუნიკაციის პირდაპირი ხაზი აღადგინოს. პასუხად ევროკავშირის ლიდერები ორბანს ახსენებენ, რომ ომში აგრესორი რუსეთის ფედერაციაა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ორბანს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ იგი არ არის უფლებამოსილი, ევროკავშირის სახელით ისაუბროს უკრაინის შესახებ და, რაც მთავარია, „უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები უკრაინის გარეშე ვერ გაიმართება“.

„სამშვიდობო ტურნე“

12 ივლისს გაგზავნილი წერილით, რომლის ერთადერთი ადრესატი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელია, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აჯამებს ბოლოდროინდელ შეხვედრებს:

  • უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან კიევში,
  • რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოსკოვში,
  • ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან პეკინში,
  • თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოანთან ვაშინგტონში,
  • აშშ-ის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპთან - რომელიც ამჟამად კვლავ პრეზიდენტობის კანდიდატია.

ვიქტორ ორბანმა „სამშვიდობო ტურნე“ ორ ივლისს დაიწყო, - მეორე დღეს მას შემდეგ, რაც უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს მორიგე პრეზიდენტი გახდა (პრეზიდენტი ქვეყანა ყოველ ნახევარ წელიწადში იცვლება).

რადიო თავისუფლება წინა კვირას გიამბობდათ, რას სწერდა ორბანი უკრაინის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებთან შეხვედრების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებს.

ამჯერად რადიო თავისუფლების ცენტრალურმა სამსახურმა მოიპოვა ვიქტორ ორბანის ბოლო, შემაჯამებელი წერილი და ამ წერილზე შარლ მიშელის მკაცრი პასუხი, რომელიც ორბანმა 16 ივლისს მიიღო.

10-პუნქტიანი წერილით ორბანი, ერთი მხრივ, აჯამებს გამართულ მოლაპარაკებებს და, მეორე მხრივ, ევროკავშირს სთავაზობს სამპუნქტიან გეგმას, თუ როგორ გააგრძელოს პოზიციონირება უკრაინის კონფლიქტზე.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. 2023 წლის 23 მარტი, ბრიუსელი.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. 2023 წლის 23 მარტი, ბრიუსელი.

ორბანის დაკვირვებები

„ზოგადი დაკვირვებაა, რომ სამხედრო კონფლიქტის ინტენსივობა რადიკალურად გაიზრდება უახლოეს მომავალში“, - მიიჩნევს ორბანი და ამის დასტურად კონფლიქტის მხარეებთან პირადი საუბარიც მოჰყავს:

„მე პირადად ვარ მოწმე იმისა, რომ ომის მხარეებს გადაწყვეტილი აქვთ, კიდევ უფრო ღრმად ჩაერთონ კონფლიქტში და არცერთ მათგანს არ სურს ინიციატივების წამოყენება ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ“, - სწერს იგი მიშელს.

და რახან თავად მხარეები უკან არ იხევენ, არსებობს სამი გლობალური მოთამაშე, ვისაც მათზე გავლენა შეუძლიაო, ამბობს ორბანი და ასეთ ძალებად ევროკავშირს, აშშ-სა და ჩინეთს ასახელებს. იქვე გამოყოფს „მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშის, თურქეთის როლს, რომელიც ამ დრომდე ერთადერთი წარმატებული მედიატორი აღმოჩნდა“.

რეჯეფ თაიფ ერდოანი და ვიქტორ ორბანი. 2023 წლის 18 დეკემბერი
რეჯეფ თაიფ ერდოანი და ვიქტორ ორბანი. 2023 წლის 18 დეკემბერი

მიანიშნებს, რომ ჩინეთს სურს, უფრო აქტიური როლი ითამაშოს მშვიდობის დასამყარებლად, - თუმცა ასევე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ჩინეთი ვერ ხედავს, რომ მისი ჩართულობა წარმატებას მოიტანს.

შეერთებულ შტატებზე ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებითაა „ზედმეტად დაკავებული“. შემდეგ ასეთ რამეს სწერს შარლ მიშელს: „ცხადია, რომ მოქმედი პრეზიდენტი [ჯო ბაიდენი] ვერ ახერხებს აშშ-ის ამჟამინდელი, ომის მომხრე პოლიტიკის შეცვლას და, შესაბამისად, არ შეიძლება ველოდოთ, რომ ახალი პოლიტიკა დაიწყება“.

ტრამპის „დეტალიზებული გეგმა“

ტრამპთან შეხვედრის შეჯამებისას ამბობს, რომ მის კამპანიაში საგარეო პოლიტიკა მხოლოდ მცირე როლს შეასრულებს და მისგან სამშვიდობო ინიციატივა არჩევნების დასრულებამდე არ არის მოსალოდნელი.

„თუმცა დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ არჩევნებში მისი გამარჯვებიდან მალევე, იგი არ დაელოდება ინაუგურაციას და უკვე მზად იქნება, რომ დაუყოვნებლივ იმოქმედოს, როგორც შუამავალმა სამშვიდობო მოლაპარაკებებში“ და „მას საამისოდ დეტალიზებული გეგმა აქვს“.

ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც კვლავ პრეზიდენტობისთვის იბრძვის, 11 ივლისს შეხვდა ვიქტორ ორბანს
ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც კვლავ პრეზიდენტობისთვის იბრძვის, 11 ივლისს შეხვდა ვიქტორ ორბანს

ორბანის მორიგი დაკვირვება, რაც ტრამპის შესაძლო ხელახლა გაპრეზიდენტებას ეხება, ევროპისათვის არცთუ სასიამოვნოა:

„დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპის გამარჯვების მოსალოდნელ სცენარში, როდესაც საქმე უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას ეხება, აშშ-ისა და ევროკავშირის ფინანსური ტვირთები მნიშვნელოვნად შეიცვლება, - ევროკავშირისთვის უარყოფითად“.

„ომის პოლიტიკა“ და ორბანის გამოსავალი

რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ შეერთებული შტატების პოლიტიკას ორბანი ორჯერ უწოდებს „ომის მომხრე პოლიტიკას“.

ამბობს, რომ „ტრანსატლანტიკური ერთობის სახელით, ჩვენი, ევროპული სტრატეგია „აკოპირებს“ შეერთებული შტატების ომის მომხრე პოლიტიკას“.

იგი კიდევ უფრო შორს მიდის და ამტკიცებს, რომ „ჩვენ ამ დრომდე არ გვქონია სუვერენული, დამოუკიდებელი ევროპული სტრატეგია ან სამოქმედო გეგმა“.

და ევროკავშირის სწორედ ასეთი „სუვერენული“ პოლიტიკის შემუშავების ინიციატივით გამოდის ვიქტორ ორბანი. განსახილველად შემოაქვს სამი ინიციატივა:

  1. „ჩინეთთან მაღალი დონის პოლიტიკური მოლაპარაკებების გამართვა მომავალი სამშვიდობო კონფერენციის მახასიათებლების შესახებ“;
  2. „უკრაინასთან არსებული მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტების შენარჩუნების პარალელურად, რუსეთთან დიპლომატიური კომუნიკაციის პირდაპირი ხაზების ხელახლა გახსნა და პირდაპირი კონტაქტების გაცოცხლება“;
  3. „კოორდინირებული დიპლომატიური შეტევის დაწყება გლობალური სამხრეთის მიმართ, რომლის პატივისცემაც დავკარგეთ უკრაინის ომზე ჩვენი პოზიციის გამო, რამაც ტრანსატლანტიკური საზოგადოების გლობალური იზოლაცია გამოიწვია“.
სი ძინპინმა ვიქტორ ორბანი 8 ივლისს მიიღო პეკინში
სი ძინპინმა ვიქტორ ორბანი 8 ივლისს მიიღო პეკინში

შარლ მიშელის „ხუთი შენიშვნა“

16 ივლისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საპასუხო წერილით ვიქტორ ორბანს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მას არ აქვს ევროკავშირის სახელით მოლაპარაკებების გამართვის მანდატი.

„ეს ცხადად განგიმარტეთ მოსკოვში თქვენს გამგზავრებამდე და უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმაც გაიმეორა 5 ივლისს“, - სწერს მიშელი ორბანს.

ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის პოზიცია უკრაინაზე შეთანხმებულია და ეფუძნება ევროპული საბჭოს კონსენსუსს, - რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა 2024 წლის ივნისში.

„ჩვენ, ევროკავშირმა, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ურყევი ვალდებულება, მხარი დავუჭიროთ უკრაინას და უკრანელ ხალხს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, და იმდენად ინტენსიურად, რამდენადაც საჭირო იქნება“, - წერს შარლ მიშელი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აკრიტიკებს ორბანის ბრალდებას „ომის მხარდამჭერი პოლიტიკის“ გატარებაზე და მიმართავს:

„[რეალობა] სრულიად საპირისპიროა. აგრესორი არის რუსეთი და უკრაინა - მსხვერპლი, რომელიც თავდაცვის ლეგიტიმურ უფლებას იყენებს. რუსეთი აწარმოებს აგრესიულ ომს საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აშკარა დარღვევით“.

„უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები უკრაინის გარეშე ვერ გაიმართება“, - იმეორებს შარლ მიშელი კიევის პოზიციას:

„ევროკავშირი მუდმივად ცდილობს, მოიპოვოს ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის, რომელიც ეფუძნება გაეროს წესდებას და საერთაშორისო სამართალს, უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ ძირითადი პრინციპებისა და მიზნების შესაბამისად“.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ათპუნქტიანი „მშვიდობის ფორმულა“, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს რუსეთის ძალების სრულად გაყვანას უკრაინიდან და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

შარლ მიშელი ორბანს შეახსენებს იმასაც, რომ „ევროკავშირი არ იშურებს ძალისხმევას ამ კუთხით ყველა პარტნიორთან, მათ შორის ჩინეთთან მოსალაპარაკებლად“.

„დაბოლოს, მშვიდობისკენ მიმავალი ყველაზე პირდაპირი გზა არის რუსეთის მიერ უკრაინიდან ყველა ძალის გაყვანა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და გაეროს ქარტიის პატივისცემა“, - ამბობს შარლ მიშელი.

ევროკომისიის ბოიკოტი

ვიქტორ ორბანის მოსკოვსა და პეკინში მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკომისიამ ბოიკოტი გამოუცხადა უნგრეთის 6-თვიან თავმჯდომარეობას.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა გააუქმა უნგრეთში ევროკომისრების ვიზიტი. ისინი მონაწილეობას არც ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ სხდომებში მიიღებენ.

ფონ დერ ლაიენის გადაწყვეტილება 15 ივლისს, ღამით გამოაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა ერიკ მამერმა.

მისი ინფორმაციით, უნგრეთის თავმჯდომარეობის დაწყებასთან დაკავშირებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ევროკომისია წარმოდგენილი იქნება მაღალჩინოსანი სახელმწიფო მოხელეებით მხოლოდ საბჭოს არაოფიციალურ სხდომებზე.

ვიქტორ ორბანი ერთადერთი ლიდერია ევროკავშირის ქვეყნებს შორის, რომელსაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგაც აქვს მოსკოვთან პოლიტიკური კომუნიკაციის პირდაპირი ხაზი შენარჩუნებული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG