ორბანთან შეხვედრის შემდეგ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, რომ რუსეთსა და უკრაინას „დაეხმარონ“ პირდაპირი დიალოგის გაგრძელებაში.
კიევის პოზიცია კი ურყევია:
- მშვიდობა მხოლოდ მაშინ დამყარდება, როდესაც რუსეთი დათანხმდება უკრაინის დეოკუპაციას.
- „უკრაინაზე შეთანხმება არ უნდა შედგეს უკრაინის გარეშე“.
ორბანი ჩინეთში
ვიქტორ ორბანი, რომელიც ბრიუსელმა კრიტიკის ქარცეცხლში მოაქცია ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ორშაბათს, 8 ივლისს მოულოდნელად ეწვია ჩინეთის დედაქალაქს.
უნგრეთის პრემიერმა ფეისბუკზე დაწერა, რომ რუსეთისა და უკრაინის გარდა, ომის დასრულება „დამოკიდებულია მსოფლიოს სამი ძალის - შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ჩინეთის - გადაწყვეტილებაზე“.
პრემიერ-მინისტრმა ორბანმა შეაქო ჩინეთის „კონსტრუქციული და მნიშვნელოვანი ინიციატივები“ მშვიდობის მისაღწევად და პეკინს უწოდა „გლობალური ტურბულენტობის მასტაბილურებელი ძალა“.
სი ძინპინმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ „საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შექმნას პირობები და მხარი დაუჭიროს ორ მხარეს შორის პირდაპირი დიალოგისა და მოლაპარაკებების გაგრძელებას“.
ჩინეთმა წელს მეორე ინიციატივა წარადგინა ომის დასრულების მიზნით.
- პირველი გეგმა 2023 წლის თებერვალში წარადგინა „უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის“ შესახებ. ეს იყო მეტწილად სიმბოლური გეგმა, რომელიც მოიცავდა 12 პუნქტს, მათ შორის - „უარის თქმას საბრძოლო ბლოკების გაძლიერებასა და გაფართოებაზე“.
- მეორე, 6-პუნქტიანი გეგმა ჩინეთმა ბრაზილიასთან ერთად წარადგინა 2024 წლის მაისში. დოკუმენტი, რომელსაც ბრაზილიის პრეზიდენტის სპეციალური მრჩევლისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმოწერა აქვს, ითვალისწინებს სამშვიდობო სამიტის მოწვევას „შესაფერის დროს“ და კონფლიქტის მხარეების „თანაბარ მონაწილეობას“.
ჩინეთმა გააკრიტიკა უკრაინის სამშვიდობო სამიტი, რომელიც 15-16 ივნისს ჩატარდა შვეიცარიაში. სამიტის მიზანი იყო საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება, რათა რუსეთი აიძულონ, დაეთანხმოს უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას გაეროს ქარტიაზე დაყრდნობით.
სამიტზე რუსეთი მიწვეული არ ყოფილა, რის გამოც არ მივიდა არც ჩინეთი.
ჩინეთი, გარდა დაუსწრებლობისა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამიტის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა.
ჩინეთი ხაზს უსვამს მოსკოვის დასწრების აუცილებლობას ასეთ სამიტებზე და სწორედ ამას ითვალისწინებს ბრაზილიასთან ერთად წამოყენებული ინიციატივაც.
ჩინეთის პრეზიდენტმა პეკინში ორბანის მიღების შემდეგ განაცხადა, რომ „ამ [რუსეთ-უკრაინის] კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის გარიჟრაჟი რაც შეიძლება მალე მხოლოდ მაშინ შეიძლება გამოჩნდეს, როდესაც ყველა დიდი ძალა პოზიტიურ ენერგიას გამოავლენს და არა უარყოფითს“.
ვიზიტი „ავტორიზაციის“ გარეშე
ორბანმა „სამშვიდობო ტურნე“ მას შემდეგ დაიწყო, რაც უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს მორიგე პრეზიდენტი გახდა (პრეზიდენტი ქვეყანა ყოველ ნახევარ წელიწადში იცვლება).
თუმცა ევროკავშირის ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ ვიზიტები ექსკლუზიურად უნგრეთსა და შესაბამის ქვეყნებს შორის მიმდინარეობს და არა ევროკავშირის ეგიდით.
აღსანიშნავია ისიც, რომ უნგრეთმა გააუქმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც 8 ივლისს იყო დაგეგმილი ბუდაპეშტში.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებით „გაოგნებულია“. მანამდე, 5 ივლისს, ამავე უწყებამ განაცხადა, რომ ორბანის პუტინთან შეხვედრის შემდეგ ბრიუსელსა და ბუდაპეშტს „სერიოზული და გულწრფელი“ საუბარი სჭირდებათ.
შარლ მიშელმა 5 ივლისს, მოსკოვში ორბანის ვიზიტის შემდეგ, განაცხადა, რომ მორიგე პრეზიდენტს არ გააჩნია მანდატი, რომ მოლაპარაკებები ევროკავშირის ეგიდით აწარმოოს.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ „რუსეთი აგრესორია, უკრაინა მსხვერპლია. უკრაინის შესახებ არანაირი დისკუსია უკრაინის გარეშე არ უნდა მიმდინარეობდეს“.
ორბანი ერთადერთი ევროპელი ლიდერია, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოსკოვში ჩავიდა და მოლაპარაკებები გამართა ვლადიმირ პუტინთან. მოსკოვში ჩასვლის შემდეგ მან განაცხადა:
„ვიგრძენი, რომ [კიევის და მოსკოვის] პოზიციები ძალიან დაშორებულია ერთმანეთისგან, რომ მშვიდობის დასამყარებლად ბევრი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, მაგრამ დიალოგისკენ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა“.
მის ვიზიტს, ევროკავშირის გარდა, მწვავე კრიტიკა მოჰყვა უკრაინაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრმა განაცხადა, რომ ორბანის მოსკოვში ვიზიტი, - იმის მიუხედავად, რომ უკრაინაში მოლაპარაკებების შემდეგ გაიმართა, - კიევთან შეთანხმებული ან კოორდინირებული არ ყოფილა.
„შეგახსენებთ, რომ ჩვენი პრინციპი, - "უკრაინაზე შეთანხმება არ უნდა შედგეს უკრაინის გარეშე", - ურყევია და მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, მტკიცედ დაიცვან იგი“.
ორბანი პეკინში ჩავიდა 8 ივლისს, - ერთი დღით ადრე ნატოს ვაშინგტონის სამიტამდე, რომელსაც, ალიანსის მოკავშირეებთან ერთად, ვიქტორ ორბანიც დაესწრება.
9-დან 11 ივლისამდე ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია 75-ე წლისთავს იზეიმებს. ვაშინგტონის სამიტზე ერთ-ერთი წამყვანი საკითხი სწორედ უკრაინის ომი იქნება.
უნგრეთი და ჩინეთი
უნგრეთი ჩინეთის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია.
განსხვავებით სხვა ევროპული ქვეყნებისაგან, ნაკლებად ჩანს ორიენტირებული, რომ თავი დააღწიოს ჩინეთზე, - სიდიდით მსოფლიოს მეორე ეკონომიკაზე, - დამოკიდებულებას.
გასულ კვირას ევროკომისიამ განაცხადა, რომ ჩინეთში დამზადებულ ელექტროავტომობილებს ევროკავშირში იმპორტისას 37.6%-მდე ტარიფები დაუწესდება.
პეკინი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ საპასუხო „ანტიდემპინგურ“ კანონმდებლობას შემოიღებს ევროპიდან ღორის ხორცის იმპორტზე.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ კი განაცხადა, რომ პეკინი და ბუდაპეშტი შეთანხმდნენ უნგრეთიდან ჩინეთში ღორის ხორცის ექსპორტის პირობებზე.
იმის მიუხედავად, რომ ორბანი ევროკავშირს არ წარმოადგენს, პრეზიდენტმა სი ძინპინმა მას უთხრა, რომ იმედოვნებს, უნგრეთი „შეასრულებს აქტიურ როლს ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ჯანსაღი და სტაბილური ურთიერთობების წახალისებაში“.
სი ძინპინი სულ ორიოდე თვის წინ, მაისის დასაწყისში იმყოფებოდა ბუდაპეშტში.
ორბანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ყოველმხრივი პარტნიორობა“ ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ ერაში გადაიყვანს ორ ქვეყანას.
პიტერ სიიარტომ ლიდერების შეხვედრის შემდეგ ასევე განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება ბუდაპეშტის ცენტრიდან დედაქალაქის აეროპორტამდე მაღალი სიჩქარის სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე, ასევე, ბუდაპეშტის შემოვლით რკინიგზაზე.
ვიქტორ ორბანის განცხადებით, ჩინეთი უნგრეთს დაეხმარება უნგრეთისა და სერბეთის დამაკავშირებელი ნავთობსადენის მშენებლობაში.
პარალელურად, ევროპული სახელმწიფოების ნაწილი ფიქრობს ჩინეთთან „რისკებისგან გათავისუფლების“ („განრისკვის“ - De-risking) პოლიტიკაზე.
„რისკებისგან გათავისუფლება“ არის ევროკავშირის რიგი ქვეყნების, მათ შორის გერმანიის, მიზანმიმართული პოლიტიკა.
უნგრეთის პოზიციით, ეს პოლიტიკა ევროპის მხრიდან „სასტიკი თვითმკვლელობის“ ტოლფასია.
ფორუმი