Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიკსის სამიტი ყაზანში - რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესი თავყრილობა


ბრიკსის სამიტს 2024 წელს ყაზანი მასპინძლობს
ბრიკსის სამიტს 2024 წელს ყაზანი მასპინძლობს

იმ დროს, როცა კიდევ უფრო მეტ ქვეყანას სურს გახდეს საერთაშორისო გაერთიანების - ბრიკსის (BRICS) წევრი, ჩინეთის სახელმწიფოს მეთაური, სი ძინპინი აპირებს, ორგანიზაციის სამიტი გამოიყენოს ალტერნატიული მსოფლიო წესრიგის წარმოსადგენად.

მასპინძელი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კი მსოფლიოს უჩვენებს, რომ დიპლომატიურად იზოლირებული არ არის.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში, ბრიკსის სამიტის მონაწილეებს, 16 სახელმწიფოს მეთაურებს მასპინძლობს, მას სურს დასავლეთს დაანახვოს, რომ მოსკოვი მსოფლიო არენაზე იზოლირებული არ არის.

22 ოქტომბერს ყაზანის რატუშაში საზეიმო ვახშმით გახსნილი შეხვედრა, რომელიც 24 ოქტომბრამდე იმუშავებს, პუტინს შესაძლებლობას აძლევს, გაერთიანების წევრები მსოფლიო პოლიტიკასა და მსოფლიო ვაჭრობაში დასავლეთის საპირწონედ წარადგინოს. პუტინი გულისხმობს გაერთიანების გაფართოებულ ვერსიას, რომელსაც ხანდახან ბრიკს- პლუსსაც უწოდებენ.

ბრიკსის სამიტის გამართვის ადგილი.
ბრიკსის სამიტის გამართვის ადგილი.

მასში დღევანდელ წევრებთან, ბრაზილიას, ინდოეთს, რუსეთს, სამხრეთ აფრიკასა და ჩინეთთან ერთად, იგულისხმება ის სახელმწიფოები, რომლებსაც განაცხადი აქვთ გაკეთებული.

როგორც 21 ოქტომბერს განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა, სამიტზე ჩასვლას გეგმავდა 36 სახელმწიფოს დელეგაცია, მათგან 22-ის -სახელმწიფო მეთაური. მნიშვნელოვანი სტუმარია ყაზანში გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში.

სხვათა შორის, ბრიკსის სამიტზე არიან უკვე ირანის, თურქეთის, ეგვიპტის ლიდერები, ასევე პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი. ყაზანში ჩასვლა ვერ მოახერხა ბრაზილიის პრეზიდენტმა ლულა და სილვამ, რომელმაც ტრავმა მიიღო და ექიმებმა აუკრძალეს თვითმფრინავით მგზავრობა.

პუტინთან შეხვედრაზე უარი თქვა ასევე სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა, რომელიც სწორედ სამიტის დროს თავის ქვეყანაში შეხვდება პოლონელ სტუმარს, პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყაზანში, ბრიკსის სამიტზე.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყაზანში, ბრიკსის სამიტზე.

ბრიკსი, რომლის სახელწოდება წევრი ქვეყნების (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთი აფრიკა) შემოკლებული ვერსიაა, შეიქმნა როგორც ეკონომიკური კავშირი, თუმცა მასზე დღეს უკვე ლაპარაკობენ როგორც „გეოპოლიტიკურ ბლოკზე”.

ამ დროს ორგანიზაცია ბევრი მხრივ არაოფიციალურია. მას არ აქვს წესდება, საერთო ბიუჯეტი, სამდივნო ან სხვა მსგავსი სტრუქტურა. გარდა პირველი ოთხეულისა (ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ეთიოპია), ბრიკსში გაერთიანებას ესწრაფვიან ბელარუსი, აზერბაიჯანი და მალაიზია, და, არაოფიციალური მონაცემებით, თურქეთი, რომლებსაც განაცხადი აქვთ შეტანილი.

ადრევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიკსის სამიტზე სომხეთის დელეგაციაც აპირებდა ჩასვლას პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით.

„ბრიკსის ფილტვები კვლავ ივსება ჟანგბადით, ნაწილობრივ იმიტომაც, რომ წესრიგი, რომელსაც დასავლეთი და მისი ორგანიზაციები მართავენ, არეულობას განიცდის“, - უხსნის რადიო თავისუფლებას კარლოს სოლარი, ლონდონის ანალიტიკური ცენტრის - გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, რომელიც ფიქრობს, რომ „უფრო ფართო იდეა ისაა, რომ სამყარო იცვლება, და ის, თუ რა მოელის საერთაშორისო საბანკო, საფინანსო და სამართლებრივ სისტემას, შეიძლება იმან განსაზღვროს, რომელი რეგიონები იქნება მნიშვნელოვანი მომავალ ათწლეულებში“.

ყაზანის სამიტის დროს გაიმართება არაერთი ორმხრივი მოლაპარაკება, რომლებზეც განიხილავენ, სხვათა შორის, უკრაინაში ომის თემას. ბრიკსის წევრების უმრავლესობა ამ ომის საკითხში ნეიტრალურია და არ შეუერთდნენ რუსეთისთვის უკრაინაზე თავდასხმის გამო დაწესებულ სანქციებს.

პუტინი უკვე შეხვდა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, ხოლო სამიტის ბოლო დღეს მოელიან გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიუ გუტერეშთან პუტინის მოლაპარაკებას. სულ, რუსეთის პრეზიდენტი, ყაზანში, ამ დღეებში, სულ მცირე, 14 ორმხრივი შეხვედრის გამართვას აპირებს.

რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული რედაქციის კომენტარში, რომელიც ეხება ბრიკსის სამიტს ყაზანში, წაიკითხავთ, რომ პუტინის გარდა, სამიტს და ბრიკსის საქმიანობას მთლიანობაში, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთის მმართველი, სი ძინპინი. ის ცდილობს ორგანიზაციის განვითარებას „პეკინის უფრო ფართო სტრატეგიის ჩარჩოებში და თავს წარმოადგენს როგორც ეგრეთ წოდებული გლობალური სამხრეთის - განვითარებადი ქვეყნების მეთაურად“.

პუტინი, თავის მხრივ, ორგანიზაციას წარადგენს როგორც „გლობალური დასავლეთის ალტერნატივას“.

ჩინეთის სახელმწიფოს ხელმძღვანელი, სი ძინპინი ყაზანში ჩასვლისას, 22 ოქტომბერი, 2024 წელი.
ჩინეთის სახელმწიფოს ხელმძღვანელი, სი ძინპინი ყაზანში ჩასვლისას, 22 ოქტომბერი, 2024 წელი.

„პუტინმა [პირდაპირ] თქვა, რომ ბრიკსი გლობალური სამხრეთის სახელით გამოდის. ამ არგუმენტს მოიყვანს ჩინეთიც, - ამბობს სტიუარტ პატრიკი, საერთაშორისო მშვიდობის კვლევითი - კარნეგის ფონდის მკვლევარი და განმარტავს, რომ ჩინეთი, ასევე რუსეთი იმედოვნებს, რომ ბრიკს-პლუსი გადაიქცევა საშუალებად, რომელიც გამოწვევა შეიძლება გახდეს საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელშიც დომინირებს დასავლეთი, კერძოდ - აშშ“.

რა არის ბრისკი და რატომაა ის მნიშვნელოვანი?

ორგანიზაცია, სახელწოდებით ბრიკი, 2006 წელს დააფუძნეს ბრაზილიამ, რუსეთმა, ინდოეთმა და ჩინეთმა. მათ 2010 წელს დაემატა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და გაჩნდა ბრიკსი.

ჯგუფი შეიქმნა მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი განვითარებადი ქვეყნების გაერთიანების მიზნით, რათა ჩრდილოეთ ამერიკის და ევროპის უფრო მდიდარი ქვეყნების ალტერნატივა გაჩენილიყო. მისი წევრები თვლიან, რომ დასავლეთის ქვეყნები დომინირებენ მსოფლიოს უმთავრეს საფინანსო ორგანიზაციებში და საჭიროა მათი საპირწონე, რომელიც განვითარებადი ეკონომიკების ხმას გაიგონებდა.

2014 წელს ბრიკსმა ინფრასტრუქტურების განვითარებისთვის კრედიტების გასაცემად შექმნა განვითარების ახალი ბანკი.

წელს იანვარში ორგანიზაციაში მიწვევა მიიღეს ეგვიპტემ, ეთიოპიამ, ირანმა და საუდის არაბეთმა. საუდის არაბეთმა მალევე უარი თქვა მასში წევრობაზე.

მიწვევა მიიღო არგენტინამაც, რომლის პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ თანამდებობაზე მოსვლისთანავე, 2023 წლის დეკემბერში უარი თქვა ბრიკსის წევრობაზე.

ამის მიუხედავად, ბრიკსის გაფართოებული ჯგუფის წევრების მოსახლეობა მთლიანად 3,5 მილიარდს აღწევს, ხოლო ამ ქვეყნების ეკონომიკების მოცულობა 28,5 ტრილიონ დოლარს უდრის.

როგორც სოლარი ამბობს, ბრიკსის წევრობის მიმართ ინტერესი იზრდება, რადგან განვითარებადი ქვეყნები მას მომავალ წლებში გეოპოლიტიკური წონასწორობისთვის საჭირო იარაღად მიიჩნევენ.

სოლარი აგვიხსნის, რომ „ბრიკსში ბევრი ქვეყანაა გლობალური ამბიციებით: როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი და ბრაზილია. სხვა სახელმწიფოების შემთხვევაში საქმე ეხება განსხვავებულ ვარიანტებს და იმის სურვილის არქონას, რომ საკუთარი კვერცხი ჩადონ საერთო კალათში“.

ჯგუფის მთავარი თემა ფინანსური კოორდინაციაა. მისი მეთაურები ესწრაფვიან, რომ მსოფლიო ვაჭრობაში შეიკვეცოს ამერიკული დოლარის დომინირება, ხოლო ბრაზილია და რუსეთი ბრიკსის საერთო ვალუტის შემოღების წინადადებითაც კი გამოდიან.

ბრეკსის წევრებს ასევე სურთ ბლოკს შიგნით ვაჭრობის გაფართოება, ერთმანეთის ბანკების უფრო მჭიდრო კოორდინაცია და საგადასახადო და საბაჟო პროცედურების ჰარმონიზაცია.

რის მიღწევა სურს სამიტს?

სამიტი მიზნად ისახავს იმის დემონსტრირებას, რომ რუსეთი არ იმყოფება სრულ დიპლომატიურ იზოლაციაში.

„პუტინისთვის სამიტი არსებითად სიმბოლურია - ის ესწრაფვის აჩვენოს მსოფლიოს, რომ მიუხედავად დასავლეთის მცდელობისა, მოახდინოს რუსეთის იზოლაცია უკრაინაში მისი შეჭრის შემდეგ, მოსკოვს ჯერ კიდევ ბევრი მეგობარი ჰყავს მსოფლიოში“, - თქვა პატრიკმა.

მოსალოდნელია, რომ ყაზანში პუტინი გააგრძელებს მოლაპარაკებებს საერთაშორისო გადახდების ალტერნატიული პლატფორმის შესაქმნელად, რომელიც დაცული იქნება დასავლეთის სანქციებისგან.

რუსეთი, მსოფლიოში ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორი, სავარაუდოდ, შესთავაზებს BRICS-ის მონაწილეებს მარცვლეულის ბირჟის შექმნას, როგორც ალტერნატივას დასავლური ბაზრისთვის, რომელიც განსაზღვრავს მსოფლიო ფასებს სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე.

იქნება თუ არა ეს ზომები წარმატებული, გამოჩნდება. მოსკოვს მოუწევს ჯგუფში თავისებური კომპრომისიც, რადგან ზოგიერთი ახალი წევრი შეიძლება არ იზიარებდეს კრემლის აშკარა ამბიციებს დასავლეთის გამოწვევის შესახებ.

„BRICS-ის წევრებს შეიძლება აერთიანებთ რწმენა, რომ საერთაშორისო წესრიგის და მსოფლიო ეკონომიკის მმართველი სტრუქტურები უსამართლოდაა გადახრილი დასავლეთისკენ, - ამბობს პატრიკი, - მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს განსხვავებები ისეთ ქვეყნებს შორის, როგორიცაა ირანი, ჩინეთი და ინდოეთი, რომლებსაც სურთ გამოიწვიონ დღევანდელი დასავლური მსოფლიო წესრიგი და, მათ შორის, რომლებიც ორგანიზაციის გამოყენებას აპირებენ ამ წესრიგის რეფორმირების საშუალებად“.

პატრიკის აზრით, „ბრიკსი გამოწვევაა წესრიგისთვის, რომელშიც დომინირებს დასავლეთი, მაგრამ ამ ეტაპზე ის მნიშვნელოვანი უფრო სიმბოლურადაა, ვიდრე გეოპოლიტიკურად“.

ყაზანის ქუჩებში სამიტის დღეებში.
ყაზანის ქუჩებში სამიტის დღეებში.

ასევე სიმბოლური, მაგრამ რეალურია ყაზანის ხელისუფლების გადაწყვეტილება, სამიტისას ქალაქში გააუქმოს სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა, მოსწავლეებს გამოუცხადეს არდადეგები, სტუდენტებს ონლაინლექციები ექნებათ ეს სამი დღე.

და სანამ სამიტის სტუმრები არ დაემშვიდობებიან თათრეთის დედაქალაქს, სასტუმროებსა და სავაჭრო ცენტრებში აკრძალეს ალკოჰოლის გაყიდვა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG