Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შემიყვანეს ექიმის ოთახში, სადაც კამერები არ არის. მითხრეს გაიხადეო. გავიხადე. ტრუსიკი ჩაიწიეო. ჩავიწიე. მერე ჩაიკუზეო. ჩავიკუზე“.


ავთანდილ ტიტვინიძეს დაკავებისას დაუმსხვრიეს სახის ძვლები, ცემისას ღრმა ჭრილობა მიაყენეს თვალთან და როდესაც ჰოსპიტალში მოხვდა აღმოჩნდა რომ ტვინის შერყევაც ჰქონდა. დაკავებიდან ორი კვირის შემდეგ ისევ უჭირს სუნთქვა და ჯერაც ელოდება ჭრილობის შეხორცებას, რომელზეც 7 ნაკერი ადევს.
ავთანდილ ტიტვინიძეს დაკავებისას დაუმსხვრიეს სახის ძვლები, ცემისას ღრმა ჭრილობა მიაყენეს თვალთან და როდესაც ჰოსპიტალში მოხვდა აღმოჩნდა რომ ტვინის შერყევაც ჰქონდა. დაკავებიდან ორი კვირის შემდეგ ისევ უჭირს სუნთქვა და ჯერაც ელოდება ჭრილობის შეხორცებას, რომელზეც 7 ნაკერი ადევს.

ადამიანის უფლებების დამცველები აღარ ერიდებიან სიტყვა "წამებას" საქართველოში დემონსტრანტებზე პოლიციის ძალადობაზე საუბრისას. მეტიც, საია თვლის, რომ 28 ნოემბრის შემდეგ ჩადენილი სისტემური დანაშაულები და რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად უნდა შეფასდეს.

28 ნოემბრის შემდეგ პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა 64% არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს, 44%-ს ხილული დაზიანებები აქვს - ეს ომბუდსმენის დათვლილი სტატისტიკაა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით კი, პროევროპულ აქციებზე დაკავებული 400-მდე ადამიანიდან 100-ზე მეტს დასჭირდა ექიმების დახმარება.

რადიო თავისუფლება აქციაზე დაკავებული და ნაცემი ადამიანების ისტორიებს აგროვებს.

ავთანდილ ტიტვინიძე 30 ნოემბრის დილით, დაახლოებით 7 საათზე დააკავეს სასტუმრო „მარიოტის“ წინ, რუსთაველის გამზირზე

მცირე მეწარმე გორიდან 29 ნოემბრის საღამოს პირველად იდგა თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე. რუსთაველზე ავთო საღამოს მივიდა და დილამდე დარჩა.

"უცბად დაიწყო ჩოჩქოლი, პოლიცია მოდის უკანა მხრიდანო, მანამდე არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა, პირდაპირ დაიწყეს დაშლა. ზემოდან ძალიან დიდი რაოდენობით პოლიცია ჩამოვიდა, მინდოდა მარიოტისკენ გავსულიყავი, მანქანა მანდ მყავდა დატოვებული. ამ სასტუმროსთან, თიბისი ბანკის ფილიალი როა, ცოტა შეღრმავებულში შენობის, მანდ მიგვაჭყლიტეს დაახლოებით 40-50 კაცი. ხან ვის წაათრევდნენ, ხან ვის, ერთი გოგო გაითიშა, ხალხი ყვიროდა, სასწრაფო გამოიძახეთო, არავის არ აინტერესებდა.

უცბად ორმა სპეცრაზმელმა გახსნა კორდონი და გვითხრა, დაიშალეთ, წადით სახლშიო - მეც დავუჯერე, გამოვედი და გადავკვეთე გზა. ამ დროს ვიღაცამ დამაგდო ძირს - ფოტოებიც არის, ჯერ მეგობრებთან ერთად ვარ და ჩანს, როგორ გვაგლიჯავენ ერთმანეთს და მაგდებენ ძირს.

არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია, მაგის კადრებიც არის, როგორ მივყვები, ნაცემი კი ვარ, მაგრამ სახეზე ჯერ არაფერი დაზიანება არ მაქვს. პარლამენტის შენობას რომ გამაცილეს, ვიღაც გადმოხტა იქიდან და ცხვირში შემომცხო ხელკეტი. მანამდე გზაშიც მცემდნენ, ვისაც მოუნდებოდა, ყველა გირტყამდა. ყველა ნიღბიანი იყო, აბსოლუტურად ყველა", - ჰყვება ავთო. მისი დაკავების კადრები ბევრ ოპერატორს აქვს გადაღებული, მათ შორის რადიო თავისუფლების. ჩვენს კადრებში ჩანს, რომ ახალგაზრდა კაცი ბესიკის ქუჩის კუთხიდან რუსთაველის გამზირზე მოჰყავს ორ ნიღბიანს, რომლებსაც თავზე კეპი ახურავთ და ქურთუკებზე "პოლიცია" აწერიათ.

სხვა კადრებში, სადაც ის დაკავების მომენტშია გადაღებული, ჩანს ქუჩაში დაგდებული ზურგჩანთიანი კაცი, რომელსაც პოლიციის გარდა სპეცრაზმელებიც ახვევიან გარს.

ავთო ბესიკის ქუჩის კუთხიდან პარლამენტის შენობამდე ფეხით გაატარეს - პარლამენტის ქვემოთ ის სხვა დაკავებულებთან ერთად მიკროავტობუსში შეაგდეს, სადაც მისი დაკავების მომენტში უკვე 5 ადამიანი იყო.

იმ დროს, როცა ამ მანქანიდან კრიმინალურ პოლიციას გადასცეს დემონსტრანტები, სამარშრუტო ტაქსიში უკვე 19 დაკავებული იყო.

მინივენში ყოფნისას ავთოს წაართვეს ტელეფონი, iPhone 14 pro max; ის ყვება, რომ ის, ვინც წართმეული ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო, ერთადერთი უნიღბო სპეცრაზმელი იყო, რომელიც იმ მანქანისკენ მიმავალ გზაზე და სამარშრუტო ტაქსიში შეხვდა და მის ამოცნობას, დიდი ალბათობით, შეძლებს კიდეც.

მანქანა, რომელშიც ის პირველად გამოკეტეს, იყო უკვე არაერთი ნაცემი დემონსტრანტის მიერ აღწერილი "საწამებელი მარშუტკა", სადაც დაკავებულებს ნიღბიანები დაუნდობლად სცემდნენ.

ავთო ამ ადგილს სხვებზე ნაკლები დაზიანებებით გადარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ უკანა სკამზე მოხვდა, თუმცა მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც მან აქ გაატარა, უწყვეტად სდიოდა სისხლი ცხვირიდან და ტანჯავდა ძლიერი ტკივილი.

"მინივენში პირველი ვინც იჯდა, ყველაზე მეტად იმას არ გაუმართლა, სახე გაუერთიანეს, რასაც ქვია. ყველა მაგას ურტყამდა, ძალიან ბევრი მოხვდა - მერე ამ ბიჭს წამიერად შევხვდი სასამართლოს სარდაფში, მაგრამ გვარი და სახელი არ ვიცი;

საერთოდ დავაკვირდი და ამ აქციაზე დაკავებულების სურათებს რომ ვუყურებ, ძალიან ბევრ იმ ადამიანს ვერ ვხედავ ამ ფოტოებზე, ვინც მე პირადად ვნახე და ვინც სასტიკად იყო ნაცემი.

მე მყავს ადამიანები ნანახი, ვისაც თვალები ქონდათ გაშავებული, გუგაც კი შავი ჰქონდათ - მგონია, რომ ამ ხალხს იბირებენ, რომ არ გამოჩნდნენ, არ ისაუბრონ ხმამაღლა. ყველას დაშინებას და გაჩუმებას ცდილობენ სხვადასხვანაირად - ზოგს "ქართული და ჯიგრული პონტით" იბირებენ, რომ "ისინი არიან ცუდები და ჩვენ დაგვიჯერო სჯობს", ზოგს აშინებენ.

გეუბნებიან, "რად გინდა ეს ევროკავშირი, ქართველები ვართ, ძმები ვართ და ერთმანეთს უნდა გავუგოთო" - ცუდი და კარგი პოლიციელების თამაში მიდის სულ", - გვიყვება ავთო. მან დაკავების შემდეგ გრძელი გზა გაიარა ჯერ წინასწარი დაკავების იზოლატორამდე, მერე კლინიკამდე - მიუხედავად იმისა, რომ ექიმს იმ მომენტიდან ითხოვდა, როცა ნიღბიანებმა კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟს გადააბარეს, საბოლოოდ სამედიცინო დახმარება მხოლოდ სახის დაზიანებიდან ორი დღის შემდეგ მიიღო.

კლინიკაში ის სასამართლო დარბაზიდან წაიყვანეს, სადაც სხდომის დაწყებისას ცუდად გახდა - მანამდე იყო დიღმის სამმართველოში დაკავების გაფორმების გრძელი პროცესი, ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში გატარებული 26 და სასამართლოს სარდაფში ყოფნის 7 საათი.

"სამმართველოში ხელი არ მოვაწერე არაფერზე, იმიტომ, რომ არც ადვოკატი მომიყვანეს, არც ექიმი, არც დარეკვის უფლება არ მომცეს - იდგა 6 პოლიციელი და მეჩალიჩებოდა, რომ ხელი მომეწერა. მერე ჩამომიყვანეს ეზოში, ჩამსვეს მანქანაში და მაყურყუტეს დაახლოებით 4 საათი მაინც.

რომ არ მოყავდათ ექიმი, თავი გადმოვყავი მანქანიდან და დავიწყე ყვირილი, პირველი არხის გადამღები ჯგუფი იყო იქ და ეს ჩემი ყვირილი რომ არ გადაეღოთ, მერე მანქანა სადღაც უკან გადააყენეს. იქ აღმოჩნდა, რომ მანქანის შუშა გაუფუჭდათ, ზემოთ ვერ წევდნენ, ამ ქვემოთ ჩამოწეული შუშით არ უნდოდათ წავეყვანე, თავი რომ არ გადამეყო და კიდევ არ მეყვირა და სანამ ეს ფანჯარა არ გააკეთეს, მანამდე ვიყავი იქ.

ხელსახოცი მქონდა ისეთი სისხლიანი, სისხლით სისხლს ვიწმენდდი, სულ წითელი იყო - არც გამაყუჩებელს გაძლევენ, არც წყალს, არაფერს", - ასე იხსენებს ის იმ დროს, რაც სამმართველოდან იზოლატორში გადაყვანამდე გაატარა. იმის გამო, რომ უარი თქვა დაკავების ოქმის ხელმოწერაზე, პოლიციელების ზეწოლის ობიექტი გახდა იზოლატორში გადაყვანის შემდეგაც.

"მემუქრებოდნენ, რომ ხელებს დამიბამდნენ, დამაგდებდნენ და ეგრე ვიქნებოდი ისე, რო მოსაფსმელადაც არ გამიშვებდნენ, მერე კარები დამიკეტეს და ძალით გადაგაღებინებთ ფოტოებს და მოგაწერინებთ ხელსო, მესამე იყო, თუ ხელს არ აწერთ, ჩვენ ვიცით რასაც გავაკეთებთო, შემიყვანეს ექიმის ოთახში, სადაც კამერები არ არის, ჯერ დამიდგნენ და მიყურებდნენ, მერე მითხრეს გაიხადეო, გავიხადე, ტრუსიკი ჩაიწიეო, ჩავიწიე, მერე ჩაიკუზეო, ჩავიკუზე - რომ მიხვდნენ, რომ არ შემეშინდა, ახლა ჩაიცვიო და დამაბრუნეს უკან", - ჰყვება ის.

ვეკითხებით თვლის თუ არა თავს წამების მსხვერპლად? არაო - გვპასუხობს.

"ჩემი თავის მე თვითონ მიკვირდა. ვხვდებოდი, რომ ქვეყანას ჭირდებოდა და მორჩა. რაც უფრო მეტად დაიღლებოდნენ, მეტ სისულელეს გააკეთებდნენ და იდგებოდნენ თუნდაც რიგში… არ ველაპარაკებოდი, რაც არ უნდა ეთქვათ, ყველაფერზე ვეუბნებოდი, რომ ექიმი მჭირდებოდა. ხან გული ამიფრიალდა, ხან ჰაერი არ მყოფნიდა, მაგრამ მსხვერპლად არ ვგრძნობდი ჩემ თავს", - ამბობს ის.

ავთო ერთადერთი არ არის იმ დემონსტრანტებს შორის, რომლებიც სასამართლო დარბაზში იმდენად სასტიკად ნაცემები ისე მიიყვანეს, რომ სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს - 6 დეკემბერს გადაიყვანეს სასამართლოდან კლინიკაში პროევროპულ აქციებზე დაკავებისას ნაცემი 20 წლის ახალგაზრდა, რომელიც მანამდე დიღმის იზოლატორში 35 საათის განმავლობაში ითხოვდა ექიმს.

სასამართლოდან კლინიკაში გადაყვანის მომენტში ავთო პოლიციამ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა - მერე გაირკვა, რომ ასე აიცილა სახელმწიფომ დაკავებულის სამედიცინო სერვისისთვის საჭირო ხარჯები. ქირურგიული ჩარევების შემდეგ მან ღუდუშაურის კლინიკაში ორი დღე გაატარა.

13 დეკემბერს სასამართლომ ის კანონის დამრღვევად მიიჩნია და 2000 ლარით დააჯარიმა.

"ერთი საათის მერე გადააბარეს ჩემი თავი ამ პოლიციელებს", - თქვა მან მის პროცესზე მოწმეებად გამოცხადებულ პოლიციელებზე, ანტონ ძიძიკაშვილსა და ვახტანგ ქვლივიძეზე. მათგან პირველი სასამართლოს უმტკიცებდა, რომ სწორედ მან დააკავა ახალგაზრდა კაცი აქციის მსვლელობისას რუსთაველზე.

ავთოს საქმეზე მოწმედ გამოცხადებული პოლიციელები, უფროსი დეტექტივი ანტონ ძიძიკაშვილი და დეტექტივი ვახტანგ ქვლივიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში
ავთოს საქმეზე მოწმედ გამოცხადებული პოლიციელები, უფროსი დეტექტივი ანტონ ძიძიკაშვილი და დეტექტივი ვახტანგ ქვლივიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში

"თურმე სპეცრაზმის წევრებს ჩემზე მიუთითეს, რომ ეს პიროვნება უნდა დაეკავებინათ. არც ის ახსოვდათ, რა მეცვა, არც ის, რა ფერის ზურგჩანთა მეკეთა - ყველა კადრში ჩანს, რომ მწვანე ზურგჩანთა მეკეთა, [სასამართლო] სხდომაზე ერთმა თქვა, რო ეს ჩანთა წითელი იყო, მეორემ - მწვანე.

ამდენი ხანია მათ აქვთ ეს ჩანთა, ისიც ვერ ნახეს, რა უნდა ეთქვათ. როგორ მიუთითეს ჩემზე, ეგეც ვერ ახსნეს, მაგრამ იქ უკვე მომზადებული მივედი, ვიცოდი, რო თამაში იქნებოდა - მოსამართლე [მოწმე პოლიციელებს] დედასავით უსწორებდა, რამეს რო ვერ ამბობდნენ. “ასე იყო, ხო?”, “ასე კი არა, ასე თქვა” - ეგრე ეხმარებოდა", - იხსენებს ავთო პოლიციელების მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებების დროს დარჩენილ შთაბეჭდილებას.

ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები

რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:

გაუპატიურების მუქარა აქციაზე ყოფნის გამო - 26 წლის ქალი საკუთარ გამოცდილებას ჰყვება
„შემიყვანეს ექიმის ოთახში, სადაც კამერები არ არის. მითხრეს გაიხადეო. გავიხადე. ტრუსიკი ჩაიწიეო. ჩავიწიე. მერე ჩაიკუზეო. ჩავიკუზე“.
19 წლის ნიკას დაკავების ორი ვერსია - რა ქნეს რუსთაველზე და რა თქვეს სასამართლოზე პოლიციელებმა
"ძალადობა" მათთან ერთად, ვისაც არასდროს შეხვედრიხარ - მძიმე ბრალდებები და არაადამიანური მოპყრობა რევაზ კიკნაძის საქმეში
"ნახევარი თმა დამცვივდა პოლიციელის მაგიდაზე " - თორნიკე ჭელიძე დაკავების და 7-დღიანი პატიმრობის ამბავს იხსენებს
„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი

ფორუმი

XS
SM
MD
LG