28 ნოემბრის შემდეგ პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა 64% არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს, 44%-ს ხილული დაზიანებები აქვს - ეს ომბუდსმენის დათვლილი სტატისტიკაა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით კი, პროევროპულ აქციებზე დაკავებული 400-მდე ადამიანიდან 100-ზე მეტს დასჭირდა ექიმების დახმარება.
რადიო თავისუფლება აქციაზე დაკავებული და ნაცემი ადამიანების ისტორიებს კვლავ აგროვებს.
19 წლის ნიკა ბერიძე 7 დეკემბრის ღამეს რუსთაველის გამზირზე დააკავეს - ის ამ დროს ალყაში იყო მოქცეული
"მე გადავრჩი ძალიან ცემას, ხილული დაზიანებები არ მაქვს, თუმცა დაკავებისას მეც მირტყამდნენ. პოლიციის მიკროავტობუსში, სადაც დაკავების შემდეგ შემაგდეს, წინ საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი იჯდა და ამის გამო იქ აღარ ვუცემივართ. ძირითადად გვაგინებდნენ და გვეკითხებოდნენ, აქციაზე რა გვინდოდა", - გვეუბნება ნიკა, როცა თავისი ამბის მოყოლას იწყებს და ცდილობს დეტალურად აღიდგინოს 7 დეკემბრის ღამე.
ამ დროს რუსთაველზე ათასობით ადამიანია შეკრებილი, პოლიცია ქუჩის გათავისუფლებას ცდილობს. პარლამენტიდან ოპერის მიმართულებით მიწევენ წყლის ჭავლის მანქანა და "რობოკოპები", ღამის 12 საათისთვის სპეცრაზმი და სპეცტექნიკა ჩნდება რესპუბლიკის მოედანთანაც.
დემონსტრანტების ნაწილი, რომლებსაც აქვთ შეგრძნება, რომ ალყაში არიან მოქცეულები, ცდილობენ ფრთხილად დატოვონ რუსთაველის გამზირი, თუმცა უფრთხიან პატარა ქუჩებს, სადაც შეიძლება ნიღბიანებს გადაეყარონ.
"დაახლოებით ღამის 2 საათი იყო, "მერანი" როა სავაჭრო ცენტრი, იქ ვიდექი ტროტუარზე და ვფიქრობდი, ჯერ არ დაიწყებენ დარბევას, ბევრი ხალხი იყო.
უცბად არსაიდან გამოიქცა დაახლოებით 10 სპეცრაზმელი, ნიღბიანი, არაფერი არ ხდებოდა, მშვიდობა იყო და ჩვენც გავიქეცით რუსთაველის მეტროს მიმართულებით. ვინც შეხვდათ, ყველა დაიჭირეს. სასამართლოზეც ვთქვი, პირდაპირი სამართალდამრღვევი ობიექტი მათ არ დაუჭერიათ, ვინც ხელში მოხვდათ, იმათ იჭერდნენ. არც ვიგინებოდი, არც სხვისი გინება გამიგია - მე ნივთების სროლაც დამაბრალეს, არა მხოლოდ გინება. ეგეთი არაფერი არ ყოფილა, არც მაგ დღეს და არც წინა დღეებში არაფერი დამიშავებია.
რომ დამაკავეს, ჩვეულებრივად ხელები ავწიე და წავყევი", - ასე იხსენებს ნიკა დაკავების მომენტს.
"დემოკრატიის კვლევის ცენტრი" აქციის ალყაში მოქცევას და მოქალაქეებისთვის უსაფრთხო დერეფნის ჩაკეტვას, რომლითაც მათ მშვიდად შეუძლიათ პროტესტის ადგილის დატოვება, მიუღებლად მიიჩნევს და 7 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში წერს: "მშვიდობიანი დემონსტრანტები, ფაქტობრივად, ალყაში მოაქციეს, რა დროსაც საერთაშორისო სტანდარტებისა და შსს-ს სამოქმედო ინსტრუქციით დადგენილი წესების უხეში დარღვევით იყენებდნენ დიდი რაოდენობის უცნობი ქიმიური ნივთიერების გაზის კაფსულებს. ერთადერთი თავისუფალი ტერიტორია, საიდანაც აქციის მონაწილეებს გასვლა შეეძლოთ, რუსთაველის გამზირის გაგრძელება იყო. სპეციალური დანიშნულების რაზმის ნაწილი, სპეციალურ ტექნიკასთან ერთად (მათ შორის, წყლის ჭავლის მანქანა) განლაგებული იყო რესპუბლიკის მოედანზეც, სადაც, პერიოდულად სახლისკენ მიმავალ მშვიდობიან დემონსტრანტებს ძალის გამოყენებით აკავებდნენ. დემონსტრანტთა ინფორმაციით, საპოლიციო ძალები განლაგებულები იყვნენ მიწისქვეშა გასასვლელებშიც, რის გამოც, უსაფრთხოდ ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა, უკიდურესად შეზღუდული იყო".
"სანამ მიკროავტობუსთან მიმიყვანეს, გზაში მამაჩემი მირეკავდა, ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა დაინახა, გამომართვა [ტელეფონი] და ჩაიდო ჯიბეში. მერე ყურსასმენიც წამართვეს", - ჰყვება ნიკა და იხსენებს, რომ დაკარგული ნივთების შესახებ უკვე წინასწარი დაკავების იზოლატორში შესახლებულმა, ჯერ სახალხო დამცველის რწმუნებულს, შემდეგ კი თავად სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს უთხრა.
"ძალიან ცუდად დამრჩა მისი ნათქვამი, ტელეფონის და ყურსასმენის წართმევაზე ვუყვებოდი და "დაივიწყეო"; მანამდე რწმუნებულმაც მითხრა, "დაგაყაჩაღეს, ფაქტობრივად, ვეღარ დაიბრუნებ მაგ ნივთებს, ათი დღეა ბოტასებს და ქურთუკებს ვეძებთო". ტრეკინგით ვცადე იქიდან გამოსვლის მერე ჩემი ტელეფონის მოძებნა, თბილისთან ახლოს არის, სადღაც ლილოს იქით, მარტყოფისკენ", - ამბობს ნიკა, რომელსაც iphone-ის ერთ-ერთი ბოლო მოდელი და საკმაოდ ძვირფასი ყურსასმენები ჰქონდა.
ადგილი, სადაც ის აღწერს, შესაძლოა იყოს ვაზიანის სამხედრო ბაზა - რამდენიმე სხვა დაკავებულის მონათხრობის მიხედვით, მათი დაკარგული ნივთების ამჟამინდელ ადგილსამყოფლად გეოლოკაცია ამ ადგილს აჩვენებდა, ზოგიერთი კი მიუთითებდა, რომ წართმეულ ნივთებს შსს-ს მთავარ შენობაში, ორთაჭალაში, გულუას ქუჩაზე ხედავდა.
წინასწარი დაკავების იზოლატორში ნიკამ 35 საათი გაატარა - ზაჰესის იზოლატორიდან ის თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. აქ მან კიდევ ერთხელ ნახა ის ორი ახალგაზრდა პოლიციელი, ვინც პოლიციის სამმართველოში გაიცნო და რომელთაგან ერთი ამტკიცებდა, რომ მისი დამკავებელი იყო.
"ჩემი კურსელის ახლობელი აღმოჩნდა ის, ვინც ჩემს დამკავებელ პოლიციელად გაფორმდა, ნიკოლოზ მერმანიშვილი - აშკარად ახალი იყო და მგონი ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვისაც ბორკილები დაადო. არ იცოდა, როგორ რა უნდა ექნა, ვიღაც უკარნახებდა ოქმი როგორ შეევსო, რა გაეკეთებინა - 19-20 წლის ბიჭები ბლომად იყვნენ საპატრულო პოლიციაში;
სასამართლოზე ჩვენ ვთქვით, მეც და ადვოკატმაც, რომ ამ ადამიანებს არ დავუკავებივართ, მეორე მოწმედ გურამ მჭედლიშვილი იყო, ეგეც ახალგაზრდა - იქ ახსნეს, რომ ეს ასეთი პროცედურაა, სპეცრაზმელი გაკავებს და მერე გადაგცემს საპატრულო პოლიციას.
ძალიან საინტერესოდ დაიწყო ეგ პროცესი. ჩემი დამკავებელი პოლიციელი რომ მოვიდა, ისიც კი არ იცოდა, რომ სასამართლო პროცესზე ბორკილები არ უნდა მკეთებოდა.
ამბის მოყოლა დაიწყო იმით, რომ 29 ნოემბერს დავაკავეთო - მე და ჩემმა ადვოკატმა გადავხედეთ ერთმანეთს, მოსამართლემაც უთხრა, 48 საათია მაქსიმუმი დაკავების სასამართლოში მოყვანამდეო და მერე ვუთხარი, ალბათ 7 დეკემბერს გულისხმობთ-თქო და მერე გადაასწორა.
მერე თქვა, რომ უშვერი სიტყვებით ვილანძღებოდი. როცა ვკითხეთ, რა უშვერ სიტყვებს გულისხმობდა, თქვა - იძახდა “მთავრობა გადადგესო”. შეიძლება ეს უშვერი სიტყვაა და გავითვალისწინებ, მაგრამ ასევე ძალიან სასაცილო იყო, როცა ჰყვებოდა, რომ თვითონ იდგა რესპუბლიკის მოედანზე, რობოკოპების უკან და მხედავდა, მე, რომელიც ოპერასთან ვიდექი, ბოთლებს ვისროდი და ვილანძღებოდი.
მეორე პოლიციელმა თქვა, ხესთან დავაკავეთო - რამდენიმე წუთი მაგას ვარკვევდით, რა ხესთან დამაკავეს. მერე შეცვალა, გვერდით მედგაო. ეს ახალი აბსურდი იყო - გვერდზე თუ ვიდექი, რაღად უნდოდათ ნიღბიანების დახმარება ჩემს დაკავებაში. მე მგონი, რაღაც ტექსტებს აზეპირებდნენ და მერე ერევათ ეს ტექსტები", - ჰყვება ნიკა და სასამართლო პროცესს "ცირკს" ადარებს. ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ შესაძლებელი იყო უდანაშაულო ადამიანის დაჭერა და გასამართლება.
სასამართლო პროცესს ის ჯარიმისა და პატიმრობის გარეშე გადაურჩა, თუმცა მოსამართლე ლელა ცაგერიშვილმა დამნაშავედ მაინც ცნო - პოლიციელს არ დაემორჩილეო.
"[მოწმე პოლიციელები] ამბობდნენ, რომ ხმამაღლა მოსაუბრე ტექნიკას არ დავემორჩილე - მე სადაც ვიყავი, იქ არანაირი ხმოვანი გაფრთხილება არ ყოფილა, მხოლოდ რუსთაველზე იყო ეს გაფრთხილება, პარლამენტთან. და მეორეც, ცოტა აკაკიშანიძეობა კი გამომდის, მაგრამ რასაც ის ქალი ამბობს, სამართლებრივად არ არის ისეთი წინადადება, რასაც მოქალაქე უნდა დაემორჩილოს. ის არ ამბობს მოვითხოვო, ამბობს გთხოვთო და თხოვნა შეიძლება გაითვალისწინო, შეიძლება არა", - ამბობს ნიკა და იხსენებს, როგორ გააფრთხილეს ის სასამართლო დარბაზში, რომ მოსამართლე, რომელიც მის საქმეს განიხილავდა, მუშაობდა პრინციპით: "პოლიციელი ყოველთვის მართალია".
ნიკას საქმის მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობა მოსამართლის თანაშემწის პოზიციაზე 2015 წელს დაიწყო, ლელა ცაგარეიშვილი მოსამართლედ 2020 წელს გაამწესეს, უვადოდ - 2023 წლიდან. ცაგარეიშვილმა განიხილა მარტის აქციებზე დაკავებულების საქმეებიც, მათ შორის დააჯარიმა გუკა რჩეულიშვილი და ბუკა პეტრიაშვილი.
ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები
რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:
19 წლის ნიკას დაკავების ორი ვერსია - რა ქნეს რუსთაველზე და რა თქვეს სასამართლოზე პოლიციელებმა
"ძალადობა" მათთან ერთად, ვისაც არასდროს შეხვედრიხარ - მძიმე ბრალდებები და არაადამიანური მოპყრობა რევაზ კიკნაძის საქმეში
"ნახევარი თმა დამცვივდა პოლიციელის მაგიდაზე " - თორნიკე ჭელიძე დაკავების და 7-დღიანი პატიმრობის ამბავს იხსენებს
„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი
ფორუმი