რადიო თავისუფლება აქციაზე დაკავებული და ნაცემი ადამიანების ისტორიებს აგროვებს.
პოეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თორნიკე ჭელიძე სპეცრაზმის წევრებმა პროევროპული აქციების მეორე ღამეს, 30 ნოემბერს, გამთენიისას დააკავეს
თორნიკე თბილისის ერთ-ერთ კერძო სკოლაში ასწავლის ქართულს - მოსწავლეებს ის წინა კვირაში არ უნახავთ, 30 ნოემბრიდან 7 დეკემბრის დღეები მან ჯერ მცხეთის, შემდეგ კი სამტრედიის წინასწარი დაკავების იზოლატორებში გაატარა.
შუაში იყო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლის სარდაფშიც აქციებზე დაკავებული სხვა 30-მდე ადამიანი გაიცნო. ამ სარდაფში იცდიან იზოლატორებიდან და პენიტენციური დაწესებულებიდან სასამართლოში მიყვანილი დაკავებულები ბადრაგსა და პოლიციელებთან ერთად და სხდომის შემდეგ კვლავ საპატიმროში ბრუნდებიან.
სწორედ იმ დღეს, როცა აქციაზე წასული მასწავლებელი დააპატიმრეს, სკოლამ, სადაც თორნიკე ასწავლის, ფეისბუკის გვერდზე დაწერა:
„ახლა ყველაფრის ხმამაღლა თქმის დროა!
დარწმუნებულები ვართ, რომ დღევანდელი პოლიტიკური მოვლენებით, ევროპაში ინტეგრაციაზე არას თქმით, არას ვეუბნებით მოსწავლეებს, ჰქონდეთ თავისუფალი მომავალი, სადაც შეძლებენ საკუთარი ინდივიდუალიზმის, მისწრაფების გამოხატვას და არას ვეუბნებით მათ მომავალს.
და თუ მოსწავლეების მომავალი ეჭვქვეშ დგება, მაშინ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობაც აზრს კარგავს!“
პროევროპულ აქციაზე მისული თორნიკე თავიდან ჭიჭინაძის ქუჩის ბოლოში იდგა, სადაც სპეცრაზმის წევრები ჩამწკრივდნენ - ის იხსენებს, რომ ნიღბიანები რუპორით აგინებდნენ დემონსტრანტებს.
როდესაც მისი მეგობრების ნაწილმა სახლში წასვლა გადაწყვიტა, ერთ ადგილზე დგომით გაყინულმა თორნიკემ ისინი მეტეხის ხიდამდე ფეხით ჩააცილა. უკან ამობრუნებული დაახლოებით ღამის 2 საათისთვის რუსთაველს ქვემოთა მხრიდან მიადგა, საჯარო ბიბლიოთეკასთან ახლოს მას უკვე სპეცრაზმის სხვა ჯგუფი დახვდა, რომელიც პარლამენტთან ასასვლელებს აკონტროლებდა.
„ვკითხე, რუსთაველზე რო გავიდე, თუ შეიძლება-თქო და მითხრა, სად უნდა გადახვიდე, გაა*ვი აქედანო.
ქვემოთ ჩავდიოდი ტაქსის გამოსაძახებლად, სახლში რომ წავსულიყავი და ამ დროს დაიძახა ვიღაცამ - გაიქეცით, მოგვდევენო.
უცბად უცნობი გამვლელის მანქანაში ჩავხტი, იქნებ გადავრჩე ცემას-თქო, მაგრამ დამინახეს და გადმომათრიეს იქიდან.
გადმოთრევისასაც მირტყეს ხელები და ფეხები და მერეც, სანამ პატრულის მანქანასთან მიმიყვანეს, რომელიც ალბათ დაახლოებით 15 მეტრში იდგა. იქამდე სულ ცემა-ცემით მატარეს.
პოლიციის მანქანაში რომ ჩამსვეს, გამიკეთეს ხელბორკილები და მერე უკვე წამიყვანეს მთავარ სამმართველოში. იქ აღარავის ვუცემივარ. იმდენად ტყუილად დამაკავეს, რომ იმ პოლიციელს, ვინც ჩემს დამკავებლად გაფორმდა, სინდისი ეყო და თქვა, მონას არ გვეძახდაო. ყურადღებიანი ტიპი იყო, რომ ნახა, რომ ნახევარი თმა დამცვივდა მაგის მაგიდაზე, თავზე ხელი რომ მოვიკიდე, მერე ნორმალურად მექცეოდა, სიგარეტის კოლოფი მაჩუქა მთლიანად.
პოლიცია და ბადრაგი არ არის ისეთი გაბოროტებული, როგორც სპეცრაზმი - ზოგს ისიც ეტყობოდა, რომ სულ არ მოსწონს ეს ძალადობა“, - ჰყვება თორნიკე.
სპეცრაზმის წევრებთან რამდენიმეწუთიანი ურთიერთობის შემდეგ მას ერთ მხარე დაჟეჟილი აქვს, მეორე მხარეს ნეკნი აქვს გაბზარული. სახეზე ცემის კვალი უკვე აღარ ეტყობა, თუმცა პოლიციაში მიყვანისას თვალის უპეები ჩალურჯებული ჰქონდა. თავში რტყმის და გრძელი თმის ქაჩვის გამო თმა ბღუჯა-ბღუჯა ცვივა.
„პოლიცია დამამცირებელი ტონით არა, უფრო ინფორმაციის შეგროვების მიზნით მეკითხებოდა, რა გინდოდა აქციაზე, კიდევ გახვალ თუ არაო“, - იხსენებს ის თბილისის სამმართველოში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან საუბარს, - აქედან თორნიკე მალევე გადაიყვანეს მცხეთაში, რადგან მასობრივი გამოსვლების მეორე დღეს თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორები უკვე ხალხს ვეღარ იტევდა.
მცხეთაში დღე-ნახევარი იყო, შემდეგ სასამართლო დაინიშნა, სადაც სასამართლომ დაადგინა რომ პოლიციას არ დაემორჩილა და 7-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
თორნიკესთან ერთად 2 დეკემბერს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა აქციაზე დაკავებული კიდევ ორი ადამიანის საქმე განიხილა - მიუხედავად იმისა, რომ სამივე ჰყვებოდა როგორ იძალადეს მათზე პოლიციელებმა, სასამართლო ამით არ დაინტერესებულა, რადგან მოსამართლის განმარტებით სხვა საქმის განსახილველად იყვნენ შეკრებილები.
ამავე სხდომაზე მოწმის სტატუსით სასამართლოში მისული პოლიციელები აცხადებდნენ, რომ მათ პირადად არ გაუფრთხილებიათ ბრალდებულები, არ მოუთხოვიათ, სახლში წასულიყვნენ, მაგრამ წყლის ჭავლის მანქანის ამუშავებამდე აქციის მონაწილეებს დაშლისაკენ მოუწოდებენ (სპეცრაზმის მანქანიდან ისმოდა ქალის ჩაწერილი ხმა: „მოქალაქეებო, გთხოვთ დაიშალოთ…“), ეს უკვე გაფრთხილებად ითვლება და თუკი ხალხი ისევ ქუჩაში დარჩა, კანონს არღვევენ.
შეკრების თავისუფლების ეს დაბალი სტანდარტი ქართულმა სასამართლომ ნორმალურად 2023 წლის მარტის აქციებზე დაკავებულების საქმეების განხილვისას აქცია.
სასამართლოდან თორნიკე 15-მდე პატიმრობამისჯილთან და 40-მდე პოლიციელთან ერთად ავტობუსით წაიყვანეს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით - ამჯერად ის სამტრედიის წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდა, თბილისის იზოლატორები კვლავ ვერ იტევდა აქციებზე დაკავებულებს. ავტობუსში მყოფებიდან ნაწილი ქუთაისშივე დატოვეს, ნაწილი უფრო შორს - ფოთში, ზუგდიდსა და ბათუმში.
„ფსიქოლოგიურად რთულად არ მიმიღია ეს გამოცდილება [იზოლატორში ყოფნა], მაგრამ მარტივიც არ არის, შუქი არ ქრება, რაღაც წესებს ემორჩილები, სახლში ვერ რეკავ - მკვლელი და დამნაშავე რომ ხარ, გასაგებია, იქ რატომ ხარ და რომ იდექი და ყვიროდი “ევროპულ საქართველოს გაუმარჯოსო” და მაგაზე გაკავებენ, ადვილიც არ არის“, - გვეუბნება თორნიკე.
სამტრედიის იზოლატორში, სადაც სულ სამი საკანია, მისი მიყვანიდან მეორე დღეს კიდევ ერთი პოეტი, ასევე აქციებზე დაკავებული და თორნიკეზე უფრო სასტიკად ნაცემი ზვიად რატიანი მიიყვანეს. მათ ერთ შენობაში ყოფნისას გამოლაპარაკება ვერ მოახერხეს, სხვადასხვა საკანში აღმოჩნდნენ.
„ვკითხულობდი, თანამესაკნეს ველაპარაკებოდი - მარტო უფრო რთული გამოცდილებაა, მარტოს ფიქრები წაგიღებს, ათასი უსიამოვნო რამე გაგახსენდება და ორი რომ ხართ, უფრო მარტივია, მაგრამ არის ისეთი მომენტებიც, გგონია ნახევარი დღე გავიდა, დახედავ საათს და 40 წუთია გასული.
ყველაზე რთული იყო ინფორმაციის ნაკლებობა და ის, რომ სხვები შენზე ნერვიულობენ. სასტვენების ხმა რომ მოგვესმებოდა ბადრაგის ტელეფონის "სქროლვისას" დერეფნიდან, ეგ ისე გვახარებდა, ვფიქრობდი, კიდე ერთი კვირაც დამიმატონ თუ უნდათ, პროტესტი თუ არ შეწყვეტილა-თქო.
ამ საკნებში არც ტელევიზიაა, არც რადიო, პრესაც არ აღწევს - მე წიგნები ვითხოვე. წესების მიხედვით, ახალი ამბების გაზეთი შეიძლება, არ შეიძლება პორნოგრაფიული გამოცემები - რას იშოვიდნენ არ ვიცოდი და არც მომითხოვია, "ასავალ-დასავალი" რომ შემოეტანათ, გული გამისკდებოდა“, - ამბობს თორნიკე, რომელმაც ერთკვირიანი პატიმრობისას წაიკითხა თემურ ბაბლუანის რომანი „მზე, მთვარე და პურის ყანა“ და რამდენიმე საბჭოთა გამოცემა, რომლებსაც ფურცლები აკლდათ;
„სახლში რომ დავბრუნდი გამთენიისას, დიდხანს ვიბანდი, მერე ცოტა ხანს ვილაპარაკე, ერთი აივანზე მოვწიე და დასაძინებლად დავწექი, მაგრამ ვერ დავიძინე, მეგონა, რომ დედაჩემის ნაცვლად ისევ კობა ბადრაგი დადიოდა“, - ასე ამთავრებს თორნიკე ერთკვირიან თავგადასავალს, რომელიც მშვიდობიან დემონსტრაციაზე გასვლით დაიწყო 29 დეკემბერს. ჩივილს არ აპირებს, რადგან აზრს ვერ ხედავს.
„უტოპია იქნება, ვისთან უნდა ვიჩივლო, სხვა ქუჩაზე დაკავებულს სხვა ქუჩა მიწერია ოქმში, რომელიც ისეთმა კაცმა შეავსო, ვისაც არ დავუკავებივარ“, - ამბობს ის.
ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები
რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:
„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი
ასევე ნახეთ:
ფორუმი