Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში უნივერსიტეტის დეკანსა და ოთხ სტუდენტს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა


 დეკანისა და ოთხი სტუდენტის სასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში
დეკანისა და ოთხი სტუდენტის სასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანსა და ოთხ სტუდენტს.

პროკურატურა დაკავებულებს უნივერსიტეტის შენობაში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ძალადობას ედავება. დანაშაული, მისი დამტკიცების შემთხვევაში, ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები პროფესორის და ოთხი სტუდენტის პატიმრობაში დატოვებას აპროტესტებდნენ.

დაკავებულის ადვოკატი მიიჩნევს, რომ საქმე პოლიტიკურ ანგარიშსწორების ხასიათს ატარებს, რადგან ხუთივე დაკავებული პროდასავლური საპროტესტო აქციების მონაწილეა, კონფლიქტი კი პროფესორს და სტუდენტებს ორ საჯარო მოხელესთან, პოლიტიკური მოტივით მოუვიდათ.

რას ამბობს გამოძიება?

გამოძიების ვერსიით, 3 დეკემბერს, ბათუმში, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს. პროკურატურამ გაავრცელა 27- წამიანი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც უნივერსიტეტის სათვალთვალო კამერებიდანაა ამოღებული.

ჩანაწერში ჩანს, ორი ადამიანი - ბათუმის მერიაში დასაქმებული საჯარო მოხელეები, ისინი შედიან შენობაში რის შემდეგად იწყება კონფლიქტი.

„დაზარალებული ყოველგვარი ძალადობის გარეშე მიდიან სასწავლებელში სადაც ბრალდებულები გადადიან თავდასხმაზე, კადრებში ნათლად ჩანს წუთებისა და წამების მიხედვით, რომელი ბრალდებული რა ქმედებას ახორციელებს. დაცვის მხარის განცხადების შესახებ, რომ თითქოს მუქარა იყო განხორციელებული დაზარალებულების მხრიდან ბრალდებულების მიმართ, მინდა ვთქვა რომ ხუთივე გამოკითხულიდან არცერთი არ უთითებს რომ რაიმე სახის შიში განიცადეს“ - ამბობს პროკურორი პაატა ცეცხლაძე.

მისი განმარტებით ორივე დაზარალებულმა "განიცადა ფიზიკური ტკივილი", რასაც ჩვენებაშიც ადასტურებენ, რაც შეეხება სამედიცინო დასკვნას, ორივე დაზარალებულს ჩაუტარდება სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც დროს მოითხოვს. პასუხები ჯერ გამოძიებას არ აქვს.

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა პატიმრობა მოითხოვა, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხის არგუმენტით.

ბრალდებულების ადვოკატების პოზიცია

ადვოკატები სასამართლო სხდომაზე აცხადებდნენ, რომ კონფლიქტი მხოლოდ 27 წამს გაგრძელდა, დაზარალებულებს კი სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ, მეტიც, დაზარალებულები არ ედავებიან არც დაკავებულ პროფესორს და არც ოთხ სტუდენტს. გარდა ამისა, ჩხუბი 3 დეკემბერს მოხდა, გამოძიება კი 3 დღის შემდეგ დაიწყო, ხუთივე ადამიანი კი კონფლიქტიდან მეშვიდე დღეს დააკავეს. ამ დროის განმავლობაში, ადვოკატის ინფორმაციით, კონფლიქტის მხარეებმა შერიგება შეძლეს. დაკავებამდე ბრალდებულები პოლიციაშიც გამოცხადდნენ და ჩვენება მისცეს. ამ დღეების განმავლობაში კი არ ყოფილა ან მიმალვის, ან მტკიცებულების განადგურების, არც მოწმეებზე ზეწოლის ფაქტები. ამიტომ პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობს.

ადვოკატმა შოთა ხორავამ თქვა, რომ ბათუმის საქალაქოს სასამართლოს პრაქტიკაში არ ახსენდება მსგავსი სასჯელისთვის პატიმრობის შეფარდების პრეცედენტი, იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულებს არ აღენიშნებათ დაზიანებები, ამიტომ წინასწარი პატიმრობის საფუძველიც არ არსებობს.

„კონფლიქტი 3 დეკემბერს მოხდა, დაკავება კი 9 დეკემბერს. თუ ასეთი საშიში პიროვნებაა, რომ წინასწარ პატიმრობაში უნდა დატოვოთ, რატომ არ დააკავეს იმავე დღეს? მოპოვებული მტკიცებულებების განადგურების საშიშროება არ არსებობს, რადგან საქმეში ვიდეომტკიცებულება უკვე დევს“- თქვა სასამართლოს დარბაზში ადვოკატმა შოთა ხორავამ.

დაკავებული ოთხი სტუდენტი და ერთი პროფესორი

სტუდენტებს სასამართლო სხდომაზე სიტყვის უფლებით არ უსარგებლიათ. არც ერთი მათგანი წარსულში ნასამართლევი არაა. რაც შეეხება ხელოვნების უნივერსიტეტის დაკავებული დეკანს, პროფესორ მამუკა ჯორბენაძეს, პროკურატურის განცხადებით, დაკავებისას მას დანა ამოუღეს. ჯორბენაძემ სასამართლოზე თქვა, რომ ცხოვრებაში დანა ჯიბით ან ტანსაცმლით არ უტარებია".

სასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში
სასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში

"ეს არის ჩემი სამუშაო ჩანთა. უნივერსიტეტში სამი პროგრამის ხელმძღვანელი ვარ, მათ შორის ჟურნალისტიკის და კინორეჟისურის. ამ ჩანთით დავდივარ საველე გადაღებებზე. ეს კი პატარა ჯაყვაა, რასაც ვიყენებ, მავთულის გასათლელად და ეს არის ინსტრუმენტი საველე გადაღებების დროს. მე 12 წელია დეკანი ვარ. ორჯერ ვიყავი არჩეული. მე რომ კონფლიქტური ადამიანი ვიყო, განა ვინმე ამირჩევდა? მე ვარ პროფესორი, ვკითხულობ ლექციებს. ახლა, მაგალითად, უნივერსიტეტი ავტორიზაციის უმნიშვნელოვანეს პროცესს გადის, რაშიც ჩართული ვარ. მოსამზადებელი მაქვს ანგარიშები. სასწავლო პროცესი საფინალო ეტაპზეა. ეს ყველაფერი ჩემი მოვალეობაა. არ ვარ ისეთი ადამიანი ვიღაცას ვეჩხუბო და ვეკამათო. ჩემი სტუდენტები კი ძალიან კარგები და წარმატებულები არიან“ - თქვა დაკავებულმა პროფესორმა მამუკა ჯორბენაძემ.

დღევანდელ სხდომაზე, სადაც ბრალდებულების მიმართ აღკვეთის საკითხი განიხილებოდა, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ იკითხა რამდენადაა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე? და თავადვე განმარტა, რომ სასამართლო ხელმძღვანელობს ბრალდებულების პიროვნული მახასიათებლებით. ერთ- ერთი ბრალდებული სტუდენტის მიმართ კი ორი თვის წინ ანალოგიური ქმედების ჩადენისათვის უკვე გამოყენებულია გირაო. ამიტომ, მოსამართლემ მიიჩნია, რომ მან შესაძლოა კვლავ ჩაიდინოს "იმავე კატეგორიის ძალადობრივი ქმედება".

მოსამართლის პოზიცია

მოსამართლემ დაზარალებულებზე ზემოქმედების საფრთხეზე საუბრისას განმარტა, რომ ადვოკატების, განცხადების მიუხედავად, რომ მხარეები შერიგდნენ, დოკუმენტური მასალით ეს წარდგენილი არ ყოფილა. სასამართლო კი საქმეში არსებული მტკიცებულებებით ხელმძღვანელობს.

„უშუალოდ სასწავლებლის ფოიეში სადაც მუდმივი გადაღებაა იქ დანაშაულის ჩადენა რამდენიმე პირის მიმართ ჯგუფურად, მიუთითებს მაღალი ხარისხით დანაშაულის განმეორებით ჩადენის საფრთხეზე“ - თქვა მოსამართლემ და ხუთივე ბრალდებულს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

რას ამბობენ პროტესტში მონაწილე სტუდენტები?

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი ჰყვება, რომ კონფლიქტამდე რამდენიმე დღით ადრე, უნივერსიტეტის შენობაში სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ლექტორ თეა ცაგურიასთან, რომელიც სტუდენტებს უნივერსიტეტის შენობაში საპროტესტო პლაკატების გაკვრას უშლიდა. რასაც, მოჰყვა დაპირისპირება დეკანს მამუკა ჯორბენაძესა და თეა ცაგურიას შორის.

რამდენიმე დღეში საქმეში ჩაერთნენ თეა ცაგურიას ქმარი, ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ირაკლი დევაძე თავის მეგობართან ერთად. სწორედ ამ მიზნით მივიდნენ ისინი ბათუმის უნივერსიტეტის შენობაში. ამ ვერსიას ადასტურებს დაკავებული პროფესორის მამუკა ჯორბენაძის ადვოკატი დავით ჯაფარიძე. მისივე თქმით, ფიზიკური დაპირისპირებამდე დევაძე მუქარის შემცველ პირად შეტყობინებას სწერდა პროფესორ ჯორბენაძეს:

„პროკურორი ვალდებული იყო დაეწყო გამოძიება ამ მუქარებზეც, რასაც კონფლიქტამდე წერდნენ პროფესორს და იქ აშკარაა მუქარის შემცველი შინაარსი“ - ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე.

ბათუმში სტუდენტებმა მოსამართლის გადაწყვეტილება გააპროტესტეს
please wait

No media source currently available

0:00 0:02:45 0:00

დღეს 11 დეკემბერს, სასამართლოს სხდომია პარალელურად ადგილზე იმყოფებოდნენ სტუდენტები, ისინი პროტესტით შეხვდნენ დეკანისა და ოთხი სტუდენტისთვის პატიმრობის შეფარდებას.

„ჩვენ გვაინტერესებს, თავისი შვილის ტოლი, უდანაშაულო გენიოსი ბავშვები ციხეში რომ ჩასვა პასუხები გვაინტერესებს. ისიც ვიცით, რომ არ გაგვცემენ პასუხს. მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრი დეტალი ვიცით. მათ რომ დანაშაული ჩაედინათ, ჩვენ ახლა აქ არ ვიქნებოდით“ ,- თქვა საბა ოკუჯავამ ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტმა.

სასამართლოსთან შეკრებილი სტუდენტები გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ
სასამართლოსთან შეკრებილი სტუდენტები გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ

ადვოკატები აპირებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ. პროფესორისა და ოთხი სტუდენტის საქმეზე შემდეგი სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში კი 28 იანვარს დაინიშნა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG