Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი და ოთხი სტუდენტი დააკავეს


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ხუთი ადამიანი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.

შსს-ს თანახმად, 3 დეკემბერს ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შევიდა რექტორის სამუშაო ოთახთან ბანერის გაკვრის მიზნით, რის საშუალებაც მათ არ მისცა ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა თ.ც.-მ. ამის გამო უნივერსიტეტის დეკანმა მ.ჯ.-მ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ მ.ჯ. და მისი სტუდენტები მოგვიანებით თ.ც.-ს მეუღლეს - ი.დ.-ს და მის მეგობარს - ი.ნ. -ს უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ“.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებული დეკანია მამუკა ჯორბენაძე, რომელიც ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა. მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი დავით ჯაფარიძე ფიქრობს, რომ დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იცავდა და სტუდენტები აშველებდნენ. ადვოკატის თქმით, ჯერ არ იცნობს საქმის მასალებში არსებულ ვიდეოჩანაწერს.

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი თემურ კეჟერაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ გამოძიება მიმდინარეობს და უნივერსიტეტში ვიღაცები გამოჰკითხეს: „ზედმეტად არ მინდა რაიმე კომენტარის გაკეთება, რომ ბავშვებს (დაკავებულებს) არ ვავნო“, - თქვა მან.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, კონფლიქტი 3 დეკემბერს საპროტესტო ბანერების უნივერსიტეტის შენობაში გაკვრას მოჰყვა - უნივერსიტეტის ერთ-ერთი ასოცირებული პროფესორი ლექციების ჩაშლას ეწინააღმდეგებოდა, რა დროსაც მას დეკანი სიტყვიერად დაუპირისპირდა.

შელაპარაკების შემდეგ კი პროფესორი ქალის ქმარი და მისი მეგობარი უნივერსიტეტში მივიდნენ. როგორც რადიო თავისუფლებას წყარო ანონიმურობის პირობით უყვება, ისინი ბათუმის მერიის თანამშრომლები არიან. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მოხდა დაპირისპირება, რა დროსაც ორივე მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დეკანთან ერთად ჩხუბში ჩაერთნენ სტუდენტები. სათვალთვალო კამერებიდან ამოიღეს კონფლიქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რის საფუძველზეც მოხდა დაკავება, გვეუბნება წყარო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანისა და ოთხი სტუდენტის საქმე დღეს არ შესულა სასამართლოში და მასზე იგი, სავარაუდოდ, ხვალ, 10 დეკემბერს, იმსჯელებს.

თბილისში მიმდინარე პროდასავლური აქციების პარალელურად, აქციები ყოველდღიურად იმართება ბათუმშიც. აქციებში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილიცაა ჩართული.

აქციის მონაწილეები უერთდებიან ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნას. დემონსტრანტები მათ "პოლიტპატიმრებად" მოიხსენიებენ.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

ამ გადაწყვეტილებას თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG