Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე


ფოტოილუსტრაცია: ნოდარ აროშინაძე: „კარი დახურეთ და ისე ცემეთ, გარედან ჩანსო. დახურეს და გააგრძელეს ცემა.მერე ისევ გაიღო კარი, ვინც მცემდა, იმათ უთხრეს, ახლა ჩამოდით, ჩვენი ჯერიაო. ჩავიდნენ ეს ნიღბიანები, ამოვიდნენ ახლები და ახლა იმათ დამიწყეს ცემა."
ფოტოილუსტრაცია: ნოდარ აროშინაძე: „კარი დახურეთ და ისე ცემეთ, გარედან ჩანსო. დახურეს და გააგრძელეს ცემა.მერე ისევ გაიღო კარი, ვინც მცემდა, იმათ უთხრეს, ახლა ჩამოდით, ჩვენი ჯერიაო. ჩავიდნენ ეს ნიღბიანები, ამოვიდნენ ახლები და ახლა იმათ დამიწყეს ცემა."

თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციების პარალელურად უფლებადამცველი ორგანიზაციები კვლავ შეშფოთებით წერენ რეპრესიული მანქანის სისასტიკეზე. საია თვლის, რომ სისტემური დანაშაულები და რეპრესიები დემონსტრანტების წინააღმდეგ, ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს.

რადიო თავისუფლება აქციაზე დაკავებული და ნაცემი ადამიანების ისტორიებს აგროვებს.

ნოდარ აროშინაძე 2 დეკემბრის ღამეს დაახლოებით ღამის 11 საათისთვის დააკავეს რუსთაველზე, სასტუმრო „მარიოტის“ წინ

არქიტექტურის ისტორიკოსი ნოდარ აროშინაძე 2 დეკემბრის ღამით რუსთაველის გამზირზე უკმაყოფილო მოქალაქეებთან ერთად სპეცრაზმის პირისპირ იდგა. სამართალდამცავები ნელ-ნელა წინ მიიწევდნენ, დემონსტრანტები რესპუბლიკის მოედნისკენ იხევდნენ. იმ დღეს აქციის დაშლა პოლიციამ შედარებით ადრე დაიწყო.

ნოდარს დაკავების ზუსტი დრო არ ახსოვს, მაგრამ ვარაუდობს რომ დაახლოებით ღამის 11-ის ნახევარი იქნებოდა, როცა სასტუმრო „მარიოტსა“ და ეროვნულ გალერეას შორის მდებარე ჭანტურიას ქუჩის ამოსასვლელთან მდგარი სპეცრაზმის წინ ნიღბიანი ადამიანები ჩადგნენ, სავარაუდოდ, განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტიდან.

„ეს ის დღე იყო, როცა უამრავი ადამიანი იყო რუსთაველზე. ნიღბიანებმა ნელი სვლით დაიწყეს ჩვენსკენ მოძრაობა - ეს არ იყო დევნა, რის გამოც შეიძლება ინსტინქტურად გაქცეულიყავი თავის გადასარჩენად. წინა ხაზზე რომ ვიდექი, ცხადია, არსებობდა შანსი, რომ დაგვაკავებდნენ და ზუსტად მაგაზე ვფიქრობდი, რა შეიძლება გააკეთო ამ ძალის წინააღმდეგ, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი.

მდუმარედ ვიდექი, არაფერს არ ვაკეთებდი, როცა მოვიდნენ და დაგვაყარეს. დაკავებისას ცემის მერე წაგვიყვანეს რობოკოპებისკენ, ფარები გაიხსნა და მათი გავლით წაგვიყვანეს პირველი სკოლის წინ დამდგარი ფურგონივით სამარშუტო ტაქსისკენ. წინა დღეებისგან განსხვავებით შეცვლილი სტრატეგია ქონდათ, ქუჩაში ამ დღეს არ ვუცემივართ, გზაშიც გვეუბნებოდნენ "მშვიდად, მშვიდად, მოიცადე, ყველაფერს მივხედავთ".

სანამ ამ სამარშუტო ტაქსიში შემაგდებდნენ, გამჩხრიკეს. ყველაფერი წამართვეს - საბუთები, სიგარეტი, სანთებელა, ტელეფონი, პირადი ნივთები, გულზე ხის ჯვარი მეკეთა, ისიც ჩამომგლიჯეს, რაც მქონდა, აბსოლუტურად ყველაფერი წამართვეს და შემაგდეს მარშუტკაში", - იხსენებს ნოდარი. მანქანაში, რომელშიც ის პირველად აღმოჩნდა, მისი მიყვანის დროს მხოლოდ ერთი დაკავებული იყო, შეშინებული ახალგაზრდა კაცი ბორკილებით, რომელიც ნაცემს არ ჰგავდა.

"მე ამომყვა რამდენიმე ადამიანი და ეგრევე დაიწყეს ცემა, ჯერ მუშტებით, მერე ფეხებით, წიხლებით, ძირს დამაგდეს, უმოწყალოდ მირტყამდნენ. როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ფურგონის გვერდითა კარიდან ჩანდა ჩემი ცემა, ვიღაცამ შემოიხედა და უთხრა მათ, ვინც მირტყამდა, კარი დახურეთ და ისე ცემეთ, გარედან ჩანსო. დახურეს ეს კარი და გააგრძელეს ცემა.

მერე ისევ გაიღო კარი, ვინც მცემდა, იმათ უთხრეს, ახლა ჩამოდით, ჩვენი ჯერიაო. ჩავიდნენ ეს ნიღბიანები, ამოვიდნენ ახლები და ახლა იმათ დამიწყეს ცემა. ხელებით ვცდილობდი სახის დაფარვას, მაგრამ ამაზე კიდევ უფრო მცემდნენ და თან მეუბნებოდნენ, ჩამოწიე ხელი, თორე უფრო გცემთო.

რაღაც მომენტში გავითიშე, სახეში მომხვდა მთელი ძალით წიხლი და დამიბნელდა თვალებში. გონს მოვედი იმით, რომ ფეხზე მექაჩებოდა ერთი ნიღბიანი და მეუბნებოდა - გადადი უკან, ნუ სიმულიანტობ! "გადადი უკან" ჩემთვის იყო ხსნა, ვიფიქრე, რომ დამთავრდა, ავბობღდი და დავჯექი უკან. ალბათ დაახლოებით 2-3 წუთი ვიყავი ასე, მერე ისევ გაიღო კარი და ახალი ხალხი შემოიყვანეს, ათამდე კაცი მოგროვდა ამ მანქანაში, იმათაც ცემდნენ, მაგრამ ვინაიდან უკვე ბევრი ვიყავით, ეგრე სასტიკად აღარავინ უცემიათ", - გვიყვება ნოდარი. ეს ერთადერთი მანქანა არ ყოფილა, სადაც ის იმ ღამეს აღმოჩნდა. ამის შემდეგ იყო კიდევ ერთი ფურგონი, საპატრულო პოლიციის მანქანა, რომელმაც პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანა და სასწრაფო დახმარების რეანიმობილი, რომელმაც ინგოროყვას კლინიკაში შეიყვანა მძიმე დაზიანებებით.

"პირველი მანქანა რომ გაივსო ხალხით, უცბად გაიღო უკანა კარი და გვითხრეს, რომ უნდა გადავსულიყავით - ვინაიდან მე უკან ვიჯექი, ისევ პირველს მომიწია იქიდან გამოსვლა. ახალ ფურგონში ხელახლა გავიარე ცემის და შეურაცხყოფის გზა. თავიდან ერთი კაცი ამოვიდა, რომელიც მელაპარაკებოდა ისეთი ცხოველური ჟინით, მქონდა შთაბეჭდილება, რომ ფსიქიკაშერყეულ ადამიანს ველაპარაკებოდი, რომელიც ამ ლაპარაკის დროს თითქოს ცდილობდა ეპოვა მიზეზი, რატომ უნდა ვეცემე სასტიკად.

რაღაცეებს მეკითხებოდა, ოღონდ ამ კითხვებზე ყველა პასუხი არასწორი იყო. მაგალითად, გეკითხება, რატომ ხარ აქციაზე, რომ თქვა სამშობლოსთვის ვდგავარ, გცემენ, რომ უთხრა - აქციაზე არ ვიყავი, მაინც გცემენ, არაფერს არ უპასუხებ, კიდევ უფრო გცემენ. მცემდა და მეუბნებოდა "50 ლარს იღებ", "ლოთი ხარ", "ვიღაცეების დავალებით დგახარ აქ, ჩვენ ვართ მოღალატეები და შენ გიყვარს შენი ქვეყანა?"

მანქანაში ვიღაცა ერთი რომ იწყებს ცემას, ცხოველს რომ უჩნდება ინსტინქტი და სისხლზე იგეშება, ეგრე ამოდიოდნენ სხვა სპეცრაზმელებიც და ისინიც ეხმარებოდნენ", - ასე იხსენებს ნოდარი მეორე ფურგონში გატარებულ დროს. ორივე ეს მანქანა, მისი აღწერით, რუსთაველზე, სპეცდანიშნულების რაზმის ცოცხალი კედლის უკან, პირველი სკოლის წინ ავტობუსის გაჩერების სიახლოვეს იყო გაჩერებული. ეს ტერიტორია პოლიციას აქციის მონაწილეებისგან უკვე გათავისუფლებული ჰქონდა, შესაბამისად, აქ ვერც მოქალაქეები და ვერც მედია ვერ ხედავდა, რა ხდებოდა. ე.წ. დაკავების მანქანების შემდეგ ნოდარი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს გადასცეს სპეცრაზმელებმა - ის იხსენებს, რომ ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა არც ამ მანქანაში შეწყვეტილა დაკავებულების მიმართ.

"გვირტყამდნენ თავში, მანქანა არ დაგვისვაროთო და უსასტიკეს სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით, ოჯახის დაწიოკებით. მაშხალები ხომ არ წვავს, განყოფილებაში გადაგიყვანთ და მერე ნახეთ როგორ არ წვავს, დუბინკებით ხომ იცით, რასაც გიზამთ, საბუთების შევსებისას თქვენ მისამართებს გავიგებთ და ოჯახებში მივალთო... ცხვრიდან, პირიდან, თავიდან, ყველაფრიდან სისხლი მდიოდა და მეჩხუბებოდნენ მანქანა არ დასვარო, თავი ჩახარეო, თავს რომ ვხრიდი, მძღოლის უკან სკამის საზურგეზე მედებოდა ეს სისხლიანი თავი - რაღაც დროს ხელსახოცი მომაწოდეს, მოიწმინდე ეგ სისხლი, ხომ ხედავ, ყველაფერს სვრიო", - ნოდარის მონათხრობით, ამ მანქანის მძღოლი მათ ისეთი სიჩქარით მიაქანებდა პოლიციის სამმართველოსკენ, რომ გზად არაერთი საავარიო ვითარებაც შექმნა და როცა ავლაბარში ორი მანქანა ერთმანეთს დაეჯახა, მანქანიდან გადმოუსვლელად ეჩხუბა მათ მძღოლებს. სამმართველოში დაკავების ოქმის შესადგენად და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადასაყვანად მოსამზადებლად მიიყვანეს, ნოდარი ცუდად გახდა და პოლიცია იძულებული შეიქნა, მისთვის სასწრაფო გამოეძახებინათ.

"ცუდად რომ გავხდი, ერთ-ერთი პოლიციელი მოვიდა და მითხრა, თუ ახლა იმის გეშინია, რომ კიდევ გცემთ, ნუ გეშინია, აქ აღარ გცემთ, არ ინერვიულოო, არ არის საჭირო სიმულაციაო. სუნთქვის უკმარისობა მქონდა, ვხროტინებდი, პირიდან და ცხვირიდან სისხლი მდიოდა. ამ დროს ჯერ კიდევ ხელბორკილები მეკეთა, მომხსნეს და გამოიძახეს სასწრაფო, რომელიც დაახლოებით 15 წუთში მოვიდა და მკაცრად მოითხოვეს კლინიკაში ჩემი გადაყვანა. პოლიციელებს დიდად არ უნდოდათ ჩემი კლინიკაში გადაყვანა, მაგრამ ექიმმა უთხრა, სრულიად ჩალეწილია, რას ქვია კლინიკაში გადაყვანა არ ჭირდებაო და ეგრე აღმოვჩნდი საავადმყოფოში", - ჰყვება ნოდარი და ამატებს, რომ ამ დღემდე არასოდეს წარმოედგინა, თუ რამდენიმე საათში შეიძლება ერთმანეთის მიყოლებით აღმოჩენილიყო ჯერ ჯოჯოხეთსა და მერე სამოთხეში.

სამოთხე მისთვის კლინიკა აღმოჩნდა, სადაც იგრძნო, რომ საფრთხე აღარ ემუქრებოდა და სადაც მალევე მიხვდა, რომ სხვებთან შედარებით შეიძლება გადარჩენილადაც კი ჩაეთვალა თავი. იმის მიუხედავად, რომ ჰქონდა შეგრძნება, თითქოს სახეზეც და სხეულზეც ყველა ძვალი ჩამტვრეული ჰქონდა, მის დიაგნოზში მხოლოდ ტვინის შერყევა წერია - და თუმცა ამ დრომდე აუტანელ ტკივილებთან უწევს გამკლავება, ხანგრძლივად ფეხზე დგომა და ლაპარაკი უჭირს და სრულფასოვან ცხოვრებასთან დაბრუნებას ჯერაც ვერ ახერხებს, მაინც ახარებს ის, რომ ნეკნების, მალებისა და სახის ძვლების დაზიანებას გადაურჩა. მასთან ერთად კლინიკაში მყოფი აქციის მონაწილეების ნაწილი სწორედ ამ დაზიანებებით მიიყვანეს პოლიციის სამმართველოებიდან.

"წამების ასეთი მეთოდები შუა საუკუნეების ამბებიდან ვიცით - ამათ ხელწერად დარჩება ეს საწამებელი ფურგონები. ზოგადად ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და არ ველოდი, რომ ასე მშვიდად შევძლებდი ამის გადატანას.

მეც და სხვა ნაცემებმაც ვიცით, რისთვის მოხდა ჩვენი წამება, რისთვის ვიდექით იქ - არსებობს რაღაც მიზანი, რომლისთვისაც ამ გზის გავლა მოხდა, გამარჯვების გზაზე ამ ყველაფერს შედეგი უნდა ჰქონდეს. იქ რომ ვიყავით, მხოლოდ იმაზე ვდარდობდით, ბრძოლა ხომ გაგრძელდებოდა. ერთადერთი სურვილი მაქვს, როგორღაც ეს ბოროტება დამარცხდეს და დამთავრდეს ეს ყველაფერი", - ამბობს ნოდარი საუბრის ბოლოს. თავისი ამბის მოყოლა რადიო თავისუფლებისთვის მან მხოლოდ დაკავებიდან მეოთხე დღეს შეძლო, მას შემდეგ, რაც კლინიკიდან სახლში დაბრუნდა.

ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები

რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:

„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი

ნოდარ აროშინაძე არქიტექტურის ისტორის რანგში ჩვენთან ერთად იყო ხადას ხეობაში, მეათე საუკუნის დანგრეული კოშკის გადაღებისას 2023 წელს - კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მისი ინტერესების ერთ-ერთი მთავარი თემაა.

6 დეკემბრის მონაცემებით, პროევროპულ აქციებზე, რვა დღის განმავლობაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულია 338 პირი, სისხლის სამართლის ბრალდებით 26.

ფორუმი

XS
SM
MD
LG