Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაცემი ბიჭი, რომელიც 35 საათი ითხოვდა სამედიცინო დახმარებას, სასამართლოდან კლინიკაში გადაიყვანეს - "უფლებები საქართველო"


საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ. 6 დეკემბერი, 2024 წელი
საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ. 6 დეკემბერი, 2024 წელი

არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველოს" ინფორმაციით, 20 წლის ნაცემი ბიჭის სასამართლოდან კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო მას შემდეგ, რაც დაკავებული დიღმის იზოლატორში 35 საათის განმავლობაში ითხოვდა სამედიცინო დახმარებას.

საქმე ეხება 4 დეკემბერს, გამთენიისას, დაკავებულ და ნაცემ ბიჭს.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ დაჟინებით ითხოვდნენ მის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას, ბოლოს კი იგი სასამართლოს შენობიდან გადაიყვანა სასწრაფო დახმარების მანქანამ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოში.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი სასამართლო პროცესი 12 დეკემბრამდე გადაიდო.

"უფლებები საქართველოს" ცნობითვე, პროცესის მიმდინარეობისას ახალგაზრდის ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად, თავდაპირველად მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა სხდომა არ გადადო.

"მოსამართლემ გამოაცხადა შესვენება, ხოლო „უფლებები საქართველოს” ადვოკატს გარკვეული დროის გასვლის შემდეგ უთხრა, რომ სასწრაფო დახმარება უკვე გამოძახებული იყო. თუმცა, 112-ის ოპერატორთან დარეკვისას ადვოკატმა დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში სასწრაფო დახმარება არ იყო გამოძახებული. ადვოკატს თავად მოუწია სასწრაფო დახმარების გამოძახება.

მიუხედავად ადვოკატის მიერ დაკავებულის მდგომარეობის აღწერისა, სასწრაფო დახმარება თავდაპირველად კვადროციკლით გამოცხადდა, შეაფასა ახალგაზრდის მდგომარეობა და განაცხადა, რომ კლინიკაში იყო გადასაყვანი. ასევე, შესთავაზა ადვოკატსა და ოჯახს, დაკავებული კლინიკაში თვითდინებით მიეყვანათ. ამგვარ შემთხვევაში, ყველა სამედიცინო შემოწმებისა და შემდგომი მკურნალობის ხარჯი ახალგაზრდას დაეკისრებოდა (მსგავსი რამდენიმე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა). მხოლოდ ადვოკატის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ გამოცხადდა ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ნაცემი ახალგაზრდა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა", - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„უფლებები საქართველო“ აღნიშნავს, რომ ბიჭს ჰქონდა ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ტკივილები მთელ სხეულში და უჭირდა გადაადგილება, თუმცა იზოლატორმა უარი განაცხადა კლინიკაში მის გადაყვანაზე:

"დროებითი იზოლატორის ექიმების მიერ გამოჩენილი გულგრილი დამოკიდებულებისა და კლინიკაში გადაყვანაზე უარის თქმის შემდეგ, „უფლებები საქართველოს“ მოთხოვნით, 20 წლის ახალგაზრდასთან იმყოფებოდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი. ორივე უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნაცემი ახალგაზრდის სამედიცინო კლინიკაში გადაყვანა დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმის კომპეტენციას განეკუთვნება".

ორგანიზაციის ინფორმაციით, 20 წლის ბიჭი 4 დეკემბერს, გამთენიისას, მეტროსადგურ "ტექნიკური უნივერსიტეტის" მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

ბიჭის მონათხრობზე დაყრდნობით, "უფლებები საქართველო" მისი დაკავების ეპიზოდს ასე აღწერს:

"იმყოფებოდა მარტო და ელოდებოდა მეგობარს. ჰყვება, რომ იქვე მდგარი პიკაპის ავტომანქანაში მყოფმა ნიღბიანმა პირებმა დაუწყეს გინება და მუქარა. სცადა ტერიტორიის დატოვება, თუმცა, ნიღბიანები გაქცეულ ბიჭს დაედევნნენ ავტომობილით - ლამის დააჯახეს, გადმოცვივდნენ მანქანიდან და დაიჭირეს.

„მაგინებდნენ, ცოცხალს არ დაგტოვებო. ერთმანეთს ეუბნებოდნენ მოკალით და სადმე გადააგდეთ, ვინ გაიგებსო. მირტყამდნენ და იცინოდნენ“, - უთხრა ადვოკატს დაკავებულმა. დასისხლიანებულს სუნთქვა უჭირდა და ხელს აფარებდნენ პირზე - გამეტებით ურტყამდნენ თავში, სახეში და წიხლებს მთელ სხეულზე, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით და მოკვლით.

ცემით და გინებით მიიყვანეს ბუკიას ბაღთან, საიდანაც სამმა პოლიციელმა გადაიყვანა ჯერ სამმართველოში და შემდეგ - დიღმის იზოლატორში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები

რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:

„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი

ფორუმი

XS
SM
MD
LG