თავად ზვიადისთვის სიმბოლურია, რომ ბიძამისი, 2000-იანი წლების ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი, გია მაისაშვილი 2009 წელს მძიმედ დაშავდა, მაშინ, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებდა.
„აქციაზე არასდროს ვყოფილვართ და შენი კადრების გამო გავედითო“, - 23 წლის ახალგაზრდა ამ შინაარსის შეტყობინებებს სოციალურ ქსელში დღემდე იღებს. კლინიკაში ყოფნისას მასთან სხვა დაზარალებულები მივიდნენ და იგივე გაუმეორეს. პოლიციელების მიერ ნაცემი ზვიად მაისაშვილი ტვინის შერყევით და გატეხილი ცხვირით ახლა სახლშია - რეაბილიტაციის კურსს გადის. პოლიცია მას ფიზიკურად 30 ნოემბერს, გამთენიისას რუსთაველის გამზირზე გაუსწორდა.
იმ დღეს აქციაზე ღამის 11 საათისთვის ძმასთან ერთად მივიდა - ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმი დემონსტრანტებს წყლის ჭავლით უკვე შლიდა. ამ დროს დაიძრა თავისუფლების მოედნიდან პოლიციელების კორდონიც.
„ეს კორდონი ხალხს მოგვაწვა, უკან დავიხიეთ. უცებ ჩიტაძის მხრიდან, რუსთაველის გამზირის ტროტუარზე პოლიციელები გამოვარდნენ, მაგ დროს მოვყევი ადგილზე, საიდანაც ერთი კაცი გაიტაცეს, ერთს ურტყეს, წინ ჟურნალისტი ეგდო მკვდარივით, ბეწვზე გადავრჩი, რომ არ დამიჭირეს, წიწაკის სპრეის ასხამდნენ ყველგან, ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა, წინ ვერ მიდიხარ, სუნთქვა გიჭირს“, - იხსენებს ზვიად მაისაშვილი.
უკონტროლო ვითარების გამო რუსთაველის მეტროსკენ გაიქცა. არ ჰქონდა ეკიპირება, აქციაზე მხოლოდ პირბადით იყო მისული. დემონსტრანტებს უკვე აგებული ჰქონდათ ბარიკადები. სპეცრაზმმა პარლამენტის წინა ტერიტორია მალევე დაიკავა.
„იმ ადგილას, სადაც მე ვიყავი, აქციის ეპიცენტრი არ იყო, ხალხი უკვე სახლში მიდიოდა. გავიგეთ, რომ ზედა ქუჩებიდან პოლიცია აპირებდა ჩამოსვლას და დემონსტრანტების ალყაში მოქცევას. ჩვენ ცოტა წინ მივდიოდით, ჩემი ძმა ჩამომრჩა და მის მოსაძებნად დავბრუნდი. ავიხედეთ ზევით და დავინახეთ, პოლიცია მოდიოდა ზემოდან. წამებში მოხდა ყველაფერი, გავიქეცით.
რამდენიმე წამში სხვა პოლიციელებიც ჩემს გარშემო იდგნენ და ფეხებს მირტყამდნენ, ვყვიროდი „არ დამარტყათ“...ზვიად მაისაშვილი
რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი თუ არა, წინ პოლიციელი შემხვდა, რომელმაც დამარტყა და დამაგდო, რამდენიმე წამში სხვა პოლიციელებიც ჩემს გარშემო იდგნენ და ფეხებს მირტყამდნენ, ვყვიროდი „არ დამარტყათ“, მაინც მირტყამდნენ და გავითიშე, მეტი არაფერი მახსოვს“.
ზვიად მაისაშვილს ათამდე შავებში ჩაცმული პოლიციელი ფიზიკურად რუსთაველის თეატრის მიმდებარედ, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისის წინ ტროტუარზე გაუსწორდა, მომხდარს პირდაპირ ეთერში იღებდა ამ პარტიის წევრი, თეონა ჭალიძე.
„მე რომ ძლივს ვდგები და ერთი ქუსლს მირტყამს და მეორე წიხლს, მაგ მომენტში არაფერი მახსოვს, გათიშული ვიყავი და მეხსიერებაც გათიშული მქონდა. მერე ხალხი მოვიდა და გადამარჩინა. ნანკა კალატოზიშვილი და გიორგი ბახუტაშვილი დამეხმარნენ, წამიყვანეს და მანქანაში ჩამსვეს, მიმიყვანეს კლინიკაში და როცა გამომეღვიძა, უკვე სამედიცინო დაწესებულებაში ვიყავი“, - უყვება რადიო თავისუფლებას დაშავებული.
რამდენიმე მეტრში სცემეს და დააკავეს მისი ძმა, 24 წლის გიორგი მაისაშვილი. მას სასამართლომ 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა და ქუთაისში გადაიყვანა: „აქ ადგილები არაა. თვალი აქვს ჩალურჯებული, როგორც ჩანს, სწორედ თვალში დაარტყეს“.
ზვიად მაისაშვილის თქმით, მას პოლიციასთან კომუნიკაცია არ ჰქონია. განურჩევლად ყველას სცემდნენ, მოგვიანებით სხვებმა უთხრეს, პოლიციელები გვეკითხებოდნენ „ჩვენზე მეტად გიყვართ სამშობლოო?“
„მიუხედავად იმისა, რომ კადრები საშინელი და დრამატულია, გადარჩენილი ვარ, რომ სერიოზული არაფერი მჭირს. ეს კი იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც მიპოვა, წამომიყვანა და მათ ჩემი დაჭერის საშუალება არ მისცა“.
მისი აზრით, პოლიცია ძალადობით დემონსტრანტების დაშინებას ცდილობს: „ჩემზე ამას არ უმოქმედია, შემართებით ვარ, კიდევ გამოვჯანმრთელდები და გამოვალ აქციაზე, ამაში ისიც მეხმარება, რომ ხალხი მწერს და მეუბნება, რომ ჩემ გამო გავიდა უფრო მეტი ადამიანი აქციაზე, უფრო მეტი მოტივაცია მომცა ამ ამბავმა“.
ზვიად მაისაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოში პროევროპული კურსის რუსეთისკენ შებრუნება არავის გაუვა, რადგან „ხალხს არ უნდა ეს“. ის სტუდენტია, აგრარულ უნივერსიტეტში კვების ტექნოლოგიაზე სწავლობს, თუმცა სამსახურის გამო სასწავლო პროცესის დასრულება ვერ შეძლო.
გვთხოვს, სტატიაში ვახსენოთ, რომ პოლიტიკოს გია მაისაშვილის ძმისშვილია, რადგან ბიძისა და საკუთარ ბრძოლას შორის ახლა პარალელის გავლება შეუძლია.
პროფესიით ეკონომისტი გია მაისაშვილი გასული საუკუნის 90-იან წლებში აშშ-ში საქმიანობდა, საქართველოში 2003 წელს დაბრუნდა და გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის კონსულტანტი ეკონომიკის საკითხებში. 2007 წელს გია მაისაშვილმა ჩამოაყალიბა პოლიტიკური ორგანიზაცია, „მომავლის პარტია“. 2008 წელს კანდიდატად მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში. მონაწილეობას იღებდა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ დემონსტრაციებში, 2009 წლის 6 მაისს თბილისის პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი დაპირისპირებისას მაისაშვილი დაშავდა. მაშინვე ვერ გაირკვა, თუ რამ გამოიწვია ეს დაზიანებები. ზოგიერთი ინფორმაციით, სპეცრაზმი რეზინის და პლასტიკურ ტყვიებს ისროდა. შსს-მ რეზინის ტყვიების გამოყენება უარყო. 2018 წლის ნოემბერში, 55 წლის ასაკში, ის მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
„ბიძაჩემი იყო გია მაისაშვილი, რომელიც ასევე იბრძოდა ამ ქვეყნის ნათელი მომავლისთვის. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ისიც გახდა სისტემის მსხვერპლი, როცა [რეზინის] ტყვია გაარტყეს შუბლში. იმის შემდეგ დიდად სისტემა არ შეცვლილა, ისევ ძალადობრივი სისტემის ხელში ვართ, ვიღაცები იძახიან - ოღონდ ნაცები არ დაბრუნდნენ, მაგრამ სისტემა არის ფაქტობრივად უცვლელი, ეს რეჟიმი იმკვიდრებს თავს და უფრო ძალადობრივი ხდება, ბრძოლა გრძელდება ამ რეჟიმის წინააღმდეგ, იგივე ბრძოლა, რაც იყო დიდი ხნის წინ“, - ამბობს ზვიად მაისაშვილი.
ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები
რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:
„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი
თბილისსა და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.
ფორუმი