Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაფი და სახიფათო - დრონებით ომი


რუსული უპილოტო საფრენი აპარატის - "ლანცეტის" ნაწილი. ჩამოგდებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ, ზაპოროჟიეს ოლქში, 2022 წლის ივლისში.
რუსული უპილოტო საფრენი აპარატის - "ლანცეტის" ნაწილი. ჩამოგდებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ, ზაპოროჟიეს ოლქში, 2022 წლის ივლისში.

მაისიდან რუსეთი უკრაინასთან ომში სულ უფრო ხშირად იყენებს დრონებს, რომელთა ნაწილსაც, სხვადასხვა წყაროს ცნობით, ახლა არა მხოლოდ ირანისგან იღებს, არამედ თავად აწარმოებს.

აშშ-ის მოქალაქე, პოლიტოლოგი და ჟურნალისტი, КГБ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, იური შვეცი ლაპარაკობს იაფფასიან დრონებზე, რომლებსაც რუსეთი იყენებს პრინციპით - „რაოდენობა ქმნის ხარისხს“; ხოლო უკრაინა, მისი შეფასებით, რუსეთს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

საპირისპიროს ამბობს უკრაინა: რუსეთი დრონების წარმოებაში მას ვერ ეწევა.

ბევრს და სწრაფად?

„რუსეთმა უკვე შეძლო დრონების მასობრივი გამოშვება... როგორც ისინი ამბობენ - ერთ უკრაინულ ტანკზე უკვე აქვთ 2-3 დრონი“, - უკრაინის მკაფიო მხარდამჭერი, იური შვეცი თავის იუტუბგადაცემაში ამბობს, რომ რუსეთი დრონებს განსაკუთრებული სისწრაფით აწყობს - „არა ათასობით, არამედ ათეულობით ათასზე“ და ისინი უკრაინის არმიას, როგორც წესი, გუნდურად ესხმიან თავს - „გაფრინდება ერთი დრონი, დააფიქსირებს [უკრაინელების] ჯავშანტექნიკას, აძლევს სხვებს სიგნალს და მერე [დრონების] მთელი გუნდი მიფრინდება“.

იური შვეცის შეფასებები დიდწილად უკრაინის აეროდაზვერვის მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელის, ომის ვეტერან - მარია ბერლინსკაიას კრიტიკულ კომენტარებს ეყრდნობა, თუმცა რუსულ წყაროებზეც მიუთითებს.

ის ამბობს, რომ უკრაინა, რუსეთთან შედარებით, დრონების მნიშვნელოვან ნაკლებობას განიცდის, ძირითადად იმპორტის იმედად რჩება და, რომ შესაძლოა, ეს თავდაცვის სამინისტროში არსებულ კორუფციას უკავშირდებოდეს.

შვეცი არ აკონკრეტებს, თუ რა ტიპის დრონებს აწარმოებს რუსეთი, ათობით ათას ეგზემპლარად და ასეთი სწრაფი ტემპით. თუმცა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხებზე ხშირად ლაპარაკობენ - სავარაუდოდ, კვადროკოპტერის ტიპის პატარა დრონებზე, რომლებზეც საბრძოლო მასალებს ამაგრებენ.

„დრონი-ყუმბარმტყორცნის“ სახელით ცნობილი უპილოტო საფრენი აპარატები საერთაშორისო ექსპერტების მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის ყველაზე „იაფ და სახიფათო“ გამოგონებად ითვლება. ამ ტიპის დრონებს უკრაინული მხარეც ხშირად იყენებს.
ხშირად ეს ჩინური წარმოების სამოქალაქო დანიშნულების დრონებია [მაგალითად, 3 000-დოლარიანი - Mavic-3], რომლებსაც მხოლოდ ერთი ყუმბარის ზიდვა შეუძლიათ. თუმცა არსებობს უფრო მძლავრი დრონებიც, რომლებსაც ერთდროულად რამდენიმე ყუმბარა გადააქვთ.
ამ იარაღით შესაძლებელია როგორც ჯარისკაცების, ასევე მძიმე ტექნიკის განადგურება.

გახშირებული თავდასხმები

საერთაშორისო წყაროების თანახმად, რასაც მედიასთან დონბასში მებრძოლი უკრაინელი ჯარისკაცებიც ადასტურებენ, რუსეთმა ზაფხულში გაახშირა საკუთარი წარმოების „კამიკაძე-დრონის“ – „ლანცეტის“ (Lancet) გამოყენება.

35-ათასდოლარიანი უპილოტო საფრენი აპარატის წარმოების „მასობრივ გაფართოებას“ ექსპერტები რუსული მოიერიშე ვერტმფრენების „მნიშვნელოვანი დანაკარგით“ ხსნიან.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა, იური საკმა ივლისში „როიტერსს“ უთხრა, რომ უპილოტო საფრენმა აპარატებმა პრობლემები შეუქმნა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. „ყოველდღე ჩვენ ერთ ან ორ „ლანცეტს“ ვანადგურებთ... მაგრამ ჩამოგდების მაჩვენებელი 100%-იანი არ არის“, - თქვა მან. „ლანცეტის“ მოქმედების რადიუსი 40 კილომეტრზე მეტია.

რუსეთი უკრაინაში ასევე იყენებს უპილოტო საფრენ აპარატ „ორლან -10“-ს, რომელშიც, „ლანცეტის“ მსგავსად, ბოლო დროს დასავლური კომპანიების მიერ წარმოებული ნაწილები აღმოაჩინეს; რაც იმაზე მიანიშნებს - რომ, სანქციების მიუხედავად, რუსეთი ნაწილებს მაინც შოულობს.

ყოველ ჯერზე, როდესაც რუსეთი უკრაინაში, რაკეტებთან ერთად, უკრაინას დრონებითაც უტევს, ვრცელდება ცნობები ასევე ირანული „შაჰიდების“ (ხშირად - რამდენიმე ათეულის ერთდროულად) გამოყენების შესახებ.

ბოლოს რუსეთის არმია Shahed-136-ებით დაესხა თავს ოდესის ოლქს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა, 18 ივლისს, ტვიტერზე გამოაქვეყნა ფოტოები იმის დასტურად, რომ რუსეთის მიერ მიკოლაევზე ღამის თავდასხმის დროს ჩამოგდებულ ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებში (Shahed) ირლანდიური წარმოების ძრავის დეტალია გამოყენებული.

„ასობით სხვა დეტალი, დასავლეთისა და აზიის ქვეყნებშია წარმოებული. რუსეთი ხშირად შლის სერიულ ნომრებს უცხოეთში წარმოებულ დეტალებზე“, - წერს ერმაკი.

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა 2023 წლის თებერვლიდან განსაკუთრებით გაამკაცრეს ზომები - დასავლური ელექტროსაქონლის რუსეთისთვის, მესამე ქვეყნების გავლით, არალეგალურად მიწოდების წინააღმდეგ - სწორედ იმის გამო, რომ ბოლო დროს რუსეთმა სხვადასხვა სახის შეიარაღების წარმოება გააფართოვა, რასაც ის სანქციების გამო ვერ უნდა ახერხებდეს.

სანქციების აღსრულების საერთაშორისო კოორდინატორები ახლახან საქართველოსაც სტუმრობდნენ.

უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთს ძირითადად კვლავ ირანი ამარაგებს.

თეთრმა სახლმა ივნისის დასაწყისში განაცხადა, რომ რუსეთი აპირებს უპილოტო საფრენი აპარატების გამოშვებას ისევ ირანის დახმარებით, რომელმაც მას მანამდე ასობით დრონი გამოუგზავნა.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი ირანისგან იღებს მასალებს უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ქარხნის ასაშენებლად რუსეთის ტერიტორიაზე“, - წერია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციის კოორდინატორის, ჯონ კირბის ივნისის განცხადებაში.

თეთრი სახლი ვარაუდობს, რომ რუსეთში დრონების ქარხანა „მომავალი წლის დასაწყისისთვის“ ამუშავდება.

კირბიმ განაცხადა, რომ ირანში წარმოებული დრონები - კასპიის ზღვის გავლით ხვდება რუსეთში, კერძოდ - მახაჩყალაში და შემდეგ ფრონტზე.

„ირანული დრონების აღმოჩენა რთულია... ისინი ძალიან დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ, იყენებენ მდინარის დელტას, ტყეს და ქრებიან რადარებიდან“, - უთხრა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა, პოლკოვნიკმა, იური იგნატმა „ამერიკის ხმას“ და განმარტა, რომ „უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რესურსები შეზღუდულია“.

უპილოტო საფრენი აპარატების რუსი კონსტრუქტორი, ვინმე სერგეი, ერთ-ერთ რუსულ იუტუბარხზე ჰყვება, რომ რუსეთში დრონების წარმოების მიმართ სათანადო ინტერესი არასდროს არსებობდა. როცა კონსტრუქტორები ჩინოვნიკებს დრონების წარმოების საჭიროებაზე ელაპარაკებოდნენ, ისინი პასუხობდნენ, „ბიჭებო, როგორც ჩანს, ძალიან ბევრი ამერიკული ფილმისთვის გიყურებიათო“.

სერგეი ამბობს, რომ რუსეთში ვერც საქართველოსთან ომში მიღებული გამოცდილება გაითვალისწინეს - „სადაც უპილოტო საფრენმა აპარატებმა თავი გამოიჩინეს“ და რუსებს „კარგად დააყარეს უპილოტო საფრენი აპარატების წყალობით“.

დაუზუსტებელი ცნობებით, უკრაინასთან ფართომასშტაბიანი ომის დაწყების წინ რუსეთს მხოლოდ 2000 უპილოტო საფრენი აპარატი ჰქონდა.

უკრაინის "საბრძოლო ჩიტები"

პარალელურად, რუსეთი მუდმივად ავრცელებს ცნობებს უკრაინული დრონებით თავდასხმების შესახებ რუსეთსა თუ უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

საერთაშორისო ორგანიზაციებმა, 2023 წელს, 100-ზე მეტი ასეთი ცნობა დაითვალეს.

რუსეთი უკრაინას აბრალებს მოსკოვსა თუ მის გარეუბნებში მომხდარ აფეთქებებსაც. იყო შეტევა კრემლის გუმბათზეც. კიევი ასეთ ფაქტებში უკრაინის მონაწილეობას ძირითადად არ ადასტურებს.

უკრაინული მედია ხშირად ავრცელებს ინფორმაციას დრონების წარმოების შესახებ უკრაინის სხვადასხვა რეგიონში.

„საბრძოლო ჩიტები“ - ასე ეძახიან უკრაინაში მებრძოლები დრონებს და მათ შორის - თვითნაკეთსაც.

„უნიანი“ იტყობინება, რომ სამხედროები უკრაინული წარმოების დრონებსაც ხშირად იყენებენ.

უკრაინელი სამხედროები ინტერვიუში აღნიშნავენ, რომ დრონების მხრივ რუსეთზე გაცილებით უკეთეს შესაძლებლობებს ფლობენ.

„დრონების არმიის“ პროექტის ფარგლებში მაისში გავრცელდა ინფორმაცია დრონებისთვის 10 ათასი პილოტის მომზადების შესახებ.

საერთაშორისო მედია ხშირად იხსენებს უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის, მიხაილ ფეოდოროვის სიტყვებს, რომ უკრაინული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატს R18-ს შეუძლია „კიევიდან მოსკოვში ჩაფრენა და უკან დაბრუნება".

„დრონების არმიისთვის“ ფინანსების მობილიზება საერთაშორისო მასშტაბის დონაციით ხდება. უკრაინის ხელისუფლებამ გარკვეული ტიპის გადასახადები გააუქმა მათთვის, ვინც უკრაინის დრონებით უზრუნველყოფის პროცესშია ჩართული.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG