Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევზე დრონებით იერიში განხორციელდა


ე.წ. კამიკაძე დრონი. საილუსტრაციო ფოტო
ე.წ. კამიკაძე დრონი. საილუსტრაციო ფოტო

კიევი 12 დღის განმავლობაში პირველად გახდა დრონებით თავდასხმის სამიზნე, ყველა დრონის ჩამოგდება მოხერხდა საჰაერო თავდაცვის ძალებით, - იუწყება კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია და დასძენს, რომ, პირველადი ცნობებით, საქმე ეხება "შაჰედის" ტიპის, ე.წ. კამიკაძე-დრონებს.

კიევის თანახმად, რომელიმე ობიექტზე დრონის შეჯახება არ აღრიცხულა, თუმცა დრონების ნამტვრევების ჩამოცვენის შედეგად ორ რაიონში დაზიანდა სამი კერძო სახლი. იუწყებიან ერთ დაშავებულზეც, რომელიც ფეხში დაიჭრა.

უკრაინის მედიის ცნობით, რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა განახორციელა ირანული წარმოების, "შაჰედის" ტიპის დრონებით და "კალიბრის" ტიპის ფრთიანი რაკეტებით. იუწყებიან, რომ ყველა მათგანის ჩამოყრა მოხერხდა.

თეირანი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთისთვის დრონების მიწოდებას უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატების მცირე პარტია გაუგზავნა, ოღონდ მოსკოვის უკრაინაში შეჭრამდე.

მაისის შუა რიცხვებში აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციის კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ, ვაშინგტონის მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოდან ირანმა რუსეთს 400-მდე დრონი მიაწოდა. ივნისში კირბი ამბობდა, რომ, აშშ-ის ინფორმაციის თანახმად, ირანი აპირებს რუსეთში ააშენოს დრონების მწარმოებელი ქარხანა.

დრონების მიწოდებას რუსეთის ხელისუფლებაც უარყოფს.

XS
SM
MD
LG