თურქეთის ოპოზიციურმა „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა სტამბოლის არჩეული მერი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ექრემ იმამოღლუ.
23 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პრაიმერიზი, რომელშიც პარტიის ინფორმაციით, მონაწილეობა მიიღო 15 000 000-მა მოქალაქემ (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის დაახლოებით მეოთხედი) და მათგან 13,2 მილიონმა ექრემ იმამოღლუს მხარდაჭერა გამოუცხადა.
„რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ თავმჯდომარემ, ოზგურ ოზელმა, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს მიმართა, ვადამდელი არჩევნები დანიშნოს და ექრემ იმამოღლუს არჩევნებში შეებრძოლოს.
სტამბოლის მერი, თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი, 54 წლის ექრემ იმამოღლუ 19 მარტს დააკავეს კორუფციის ბრალდებით. მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზეც. 23 მარტს სასამართლომ იმამოღლუს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის ჩამოაშორეს სტამბოლის მერის თანამდებობასაც.
იმამოღლუ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. ექსპერტთა შეფასებით, პრეზიდენტი ერდოანი მომდევნო, 2028 წლის არჩევნებისთვის რეალური კონკურენტის ჩამოშორებას ცდილობს.
ექრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ, 19 მარტიდან მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ბოლო დღეებში თურქეთის ხელისუფლებამ ასეულობით დემონსტრანტი დააკავა.
ექრემ იმამოღლუს დაკავებამდე ცნობილი იყო, რომ თურქეთის ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტია” უახლოეს ხანში აპირებდა პრეზიდენტობის კანდიდატად მის დასახელებას.
დაკავებამდე ორი დღით ადრე, 17 მარტს, სტამბოლის უნივერსიტეტმა ექრემ იმამოღლუს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი გააუქმა თურქეთის გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, რომელმაც დიპლომის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა.
თურქეთის კანონმდებლობით, პრეზიდენტად კენჭისყრა მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირს შეუძლია.
ფორუმი