Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა უკრაინაზე წუხანდელი თავდასხმისას 30-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა


უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ მოგერიებული რუსული რაკეტის ნამსხვრევებით დაზიანებული სახლი ოდესაში. 2023 წლის 19 ივლისი
უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ მოგერიებული რუსული რაკეტის ნამსხვრევებით დაზიანებული სახლი ოდესაში. 2023 წლის 19 ივლისი

რუსეთმა უკრაინაზე წუხანდელი თავდასხმისას გამოიყენა საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო რაკეტები და ირანული წარმოების დამრტყმელი დრონები. უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, შავი ზღვიდან დარტყმის ძირითადი მიმართულება იყო ოდესის ოლქი, ხოლო სამიზნეები - კრიტიკული ინფრასტრუქტურის და სამხედრო ობიექტები.

უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, რამდენიმე ტალღად განხორციელებული შეტევისას რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს:

  • საზღვაო ბაზირების 16 ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“(შავი ზღვიდან);
  • 8 საავიაციო ფრთოსანი რაკეტა Х-22(შავი ზღვიდან);
  • 1 მართვადი საავიაციო რაკეტა Х-59(შავი ზღვიდან);
  • 6 სახმელეთო ფრთოსანი რაკეტა „ონიქსი“(ყირიმიდან).

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობითვე, მოწინააღმდეგემ ყირიმში მდებარე პოლიგონიდან და რუსეთის კრასნოდარის რეგიონიდან გამოიყენა ირანული წარმოების 32 დამრტყმელი დრონი(Shahed-136/131).

უკრაინელი სამხედროების თანახმად, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 13 რაკეტა „კალიბრი“, 1 რაკეტა Х-59 და 23 დრონი.

უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა რაკეტებით „ონიქსი“ და Х-22 იერიში მიიტანეს ოდესის საპორტო და კრიტიკული დანიშნულების ინფრასტრუქტურაზე. რაკეტები მოხვდა ხორბლის და ზეთის ტერმინალებს. დაზიანებულია რეზერვუარები და ტვირთის გადასატანი დანადგარები. წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა.

სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ცნობითვე, უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ მოგერიებული რუსული რაკეტის, Х-59-ის ნაწილები ჩამოცვივდა ოდესის ერთ-ერთ საცხოვრებელ რაიონში და დააზიანა რამდენიმე შენობა. დაშავდა 3 ადამიანი. გარდა ამისა, ოდესის რაიონში რუსული რაკეტები მოხვდა სამრეწველო ობიექტს, რომლის 1 თანამშრომელი დაშავდა და თამბაქოს და პიროტექნიკის საწყობებს. ხანძარმა 3000 მ² ფართობი მოიცვა.

სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, ოდესის, ნიკოლაევის და ხერსონის ოლქებზე შეტევა იყო უპილოტო საფრენი აპარატებითაც. თავდაცვის ძალებმა ოდესაში 8 და ნიკოლაევში 2 დრონი გაანადგურეს. დაზიანებულია მრავალბინიანი სახლები, კულტურის სახლი და საერთო საცხოვრებელი. დაშავდა 10-მდე ადამიანი.

XS
SM
MD
LG