ეს არის გეგმა, რომელსაც წლებია ამწიფებს პუტინის რუსეთი, სადაც მანამდე მიძინებული ტერმინი -„ნოვოროსია“ - 2014 წლიდან გამოაცოცხლეს. 2022 წელს კი, უკრაინაში შეჭრამდეც და ახლაც, ომის პროცესში, რუსეთში არ მალავენ მკაფიო გეგმას - უკრაინას ნოვოროსიის მიწები წაართვან.
2014 წლის 10 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მოსკოვის ერთ-ერთ ეკლესიაში შევიდა და „ნოვოროსიის დამცველებს“ სანთელი ტელეკამერების წინ დაუნთო. ეს ის დროა, როცა ახალი დადებული იყო მყიფე ზავი უკრაინასთან 5-თვიანი ომის შემდეგ. მაშინ ომს კრემლი ჯერ კიდევ ლუგანსკელი და დონეცკელი სეპარატისტების ხელით აწარმოებდა.
2014 წლის მაისში ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ.-მა რესპუბლიკებმა „ნოვოროსიის კონფედერაციული სახელმწიფო“ შექმნეს.
რუსეთის იმპერიალისტური წარსულიდან ტერმინ „ნოვოროსიის“ გაცოცხლებამ 2014 წელს სერიოზულად დააფიქრა ანალიტიკოსები, რომ უკრაინაში რუსეთის გეგმები მაშინდელი ომით არ ამოიწურებოდა.
გერმანიის გაზეთი „ველტი“ იმხანად წერდა, რომ რუსეთის გეგმა უკრაინასთან მიმართებით ნოვოროსიის აღორძინება იყო:
„ნოვოროსია, რომელიც მხოლოდ ლუგანსკისა და დონეცკისგან შედგება, სიცოცხლისუნარიანი ვერ იქნება. მან მეტი უნდა მოიცვას, უწინარესად კი დნეპროპეტროვსკი, უკრაინის სამრეწველო ცენტრი. ამიტომ კრემლი ახლა დროის მოგებას შეეცდება ახალი ფართომასშტაბიანი იერიშის მოსამზადებლად“.
მას შემდეგ 8 წელი გავიდა. 2022 წლის 24 თებერვალს, როცა რუსეთი ომის გამოუცხადებლად ღიად შეიჭრა უკრაინაში, ანალიტიკოსები ალაპარაკდნენ, რომ კრემლი სწორედ იმპერიული რუკით იხელმძღვანელებდა.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, 2013 წელს, რუსეთის პატრიარქმა, კირილმა შემოიარა ზუსტად იმ დიდი ქალაქების მართლმადიდებლური ტაძრები, რომლებიც იმპერიალისტური ნოვოროსიის გუბერნიის საზღვრებში იყო მოქცეული, რასაც უკრაინაში ერთგვარ სადაზვერვო ტურნედ მოიხსენიებენ.
უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, 21 თებერვალს, როცა ოკუპირებული დონეცკი და ლუგანსკი დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოაცხადა, პუტინმა გარკვევით თქვა, რომ უკრაინა (მისთვის) არის არა სახელმწიფო, არამედ ლენინის დახმარებით შექმნილი გაურკვეველი წარმონაქმნი.
რა გეგმით მოქმედებს ომში რუსეთი?
ამჟამად უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების რუკა კარგად ასახავს იმ ფაქტს, რომ რუსეთი ნოვოროსიის კვალს მიჰყვება და, მაგალითად, ხერსონის ოლქში უკვე დამოუკიდებლობის გამოცხადების რეფერენდუმისთვისაც ემზადება.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ - „РИА НОВОСТИ“-მ 23 აპრილს დაბეჭდა რუსეთის მოქალაქის, სამხედრო ჟურნალისტ პეტრ აკოპოვის სტატია სათაურით - „რუსეთი უკრაინაში ცვლის ტაქტიკას და არა სტრატეგიას“.
„არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი სტრატეგიული მიზნები უკრაინაში“, - წერს ავტორი და სტრატეგიულ მიზნებად „[უკრაინის] შეუმდგარი სახელმწიფოს“ „თანდათანობით დემონტაჟს“, „ეტაპობრივ გადაკეთებასა“ და „ნოვოროსიის რუსეთთან შეერთებას“ ასახელებს.
მის მიერ აღწერილი სცენარით:
- „სრულად დაქვემდებარებული“ ხერსონის შემდეგ, ზაპოროჟიისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების ბედი რუსეთის ხელში აღმოჩნდება - დონეცკისა და ლუგანსკის "სრულად გათავისუფლების" შემთხვევაში;
- "ცალკე ოპერაცია" სჭირდება ნიკოლაევის გავლით დასავლეთისკენ გასვლას - "დნესტრისპირეთისა და მოლდავეთის საზღვართან" და ოდესის ბლოკირებას;
- რადგან „სამხრეთი ნოვორისიის მხოლოდ ნაწილია“, ბრძოლა ხარკოვის ოლქისთვისაც გაგრძელდება; მაგრამ, "სამხრეთის გაკონტროლების შემდეგ", რუსეთს შესაძლოა აღარ მოუწიოს ზრუნვა ხარკოვის დაკავებასა და „მთელ ნოვოროსიაზე კონტროლის დამყარებაზე“, რადგან უკრაინა „ვეღარ იარსებებს როგორც თვითკმარი სახელმწიფო“;
- მაგრამ „თუკი არც ეს იქნება საკმარისი", ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის დაკარგვა "საბოლოოდ დაუსვამს წერტილს ყველაფერს“;
- მანამდე „რუსეთის არმია გაწყვეტს კავშირს უკრაინის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებს შორის, გაანადგურებს ხიდებსა და სარკინიგზო კვანძებს“.
აკოპოვს სჯერა, რომ ამ სცენარით, უკრაინის ხელისუფლების კაპიტულაცია გარდაუვალი იქნება, რადგან უკრაინელები გამარჯვების რწმენას დაკარგავენ.
„ჩვენ გვჭირდება არა დერეფანი ყირიმისკენ (და არა დნესტრისპირეთიც კი) - ჩვენ გვჭირდება რუსული სამყაროს ერთიანობა, ნოვოროსიასთან გაერთიანება, უკრაინის დაბრუნება თავის მალოროსიულ არსში და [მისი დაბრუნება] ისტორიულ გზასა და რუსეთთან კავშირთან“, - წერს ის.
უკრაინის ტერიტორიაზე ნოვოროსიის ახალი სახელმწიფოს შექმნაზე ლაპარაკობენ ყირიმშიც. რუსეთის მიერ ანექსირებული ნახევარკუნძულის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე, ვლადიმირ კონსტანტინოვი ამბობს, რომ ახალი სახელმწიფო „ყოფილი უკრაინის მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთს მოიცავს“.
იმპერია და მშვიდობა?
ნოვოროსიის იდეის გაცოცხლება ისტორიკოს დავით ჯიშკარიანისთვის უტყუარი დასტურია იმისა, რომ რუსეთის დღევანდელ პრეზიდენტს იმპერიის აღდგენა უნდა და ეს მიზანი სრულად შეუსაბამოა იმავე პრეზიდენტის განცხადებებთან, რომ „რუსეთი არავის ესხმის თავს“.
„ეს აბსოლუტური ნონსენსია. თავდასხმების გარეშე იმპერია არ იქმნება და არც რეპრესიებისა და საიმპერიო აპარატის გარეშე იქმნება... როცა ქვეყანა ისტორიულ წარსულზე იწყებს ლაპარაკს, ეს უკვე მანიპულაციაა, რადგან - ისტორიული წარსული არის მე-4 საუკუნეც, მე-18-ც და მე-11-ც... რუსეთი ამ შემთხვევაში ირჩევს ისტორიის იმ მონაკვეთს, როცა უკეთესად ჩანს ამ ტერიტორიებზე რუსეთის იმპერიის გავლენა“, - გვეუბნება დავით ჯიშკარიანი.
ისტორიკოსის განმარტებით, ცივილიზებულმა მსოფლიომ ტერიტორიების ისტორიული წარსულის მიხედვით დაბრუნების მიზანზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბოლოოდ თქვა უარი, მაგრამ ამას არ შეეგუა რუსეთი.
ერთია სურვილი და მეორეა რეალობა
ომის მეორე ფაზის დაწყებიდან ერთი კვირა გავიდა და ბრძოლის ველზე ამჟამად არსებული მდგომარეობა რუსეთის საზოგადოებას დღითი დღე უცრუებს „დიდი გამარჯვების“ იმედს. ომის დაწყებიდან 2 თვის შემდეგ, მათ ჯერ ვერც ალყაშემორტყმული და მრავალჯერ უმოწყალოდ დაბომბილი მარიუპოლის სრულად აღება მოხერხეს.
პუტინის ხელისუფლების მხარდამჭერი რუსი სამხედრო ექსპერტი, დიდი სამხედრო გამოცდილების მქონე მიხაილ ხოდარიონოკი უხსნის რუსეთის მოქალაქეებს, რომ - არც „თავის მოტყუება“ ღირს და არც „თავის დამშვიდება“ იმით, რომ უკრაინელები თავიანთი ქვეყნის „თითოეულ კვადრატულ მეტრს“ არ დაიცავენ და მით უფრო ახლა, როცა დასავლეთი კიევს უხვად აწვდის თანამედროვე შეიარაღებას და „თითოეული დღე სწორედ უკრაინელების სასარგებლოდ მუშაობს“.