იმ ვერსიების მიხედვით, რომლებშიც რუსეთი ვერ იმარჯვებს, დამარცხების შემდეგ მის ტერიტორიებს გამარჯვებულები ინაწილებენ, ან რეჟიმის დასუსტების, ან იძულებით შეცვლის შემდეგ, რუსეთში იწყება ძალაუფლებისთვის ბრძოლა და ეს ქაოსი რუსეთის რეგიონებში სისხლით ჩახშობილ დამოუკიდებლობის იდეას აცოცხლებს.
ბოლომდე წასვლა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 3 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე, საერთაშორისო მედიასაშუალებების წარმომადგენლებს უთხრა, რომ, უკრაინასთან მოლაპარაკებების პარალელურად, აუცილებლად გაგრძელდება 24 თებერვალს დაწყებული „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ და რუსეთი მივა ბოლომდე - „ვიდრე არ გაანადგურებს რუსეთისთვის საფრთხის შემცველ სამხედრო ინფრასტრუქტურას“.
კონკრეტულად რა ობიექტებს ეძებს უკრაინაში რუსეთი - ეს ამ დრომდე ვერავინ გაიგო და არც თავად მოსკოვი აკონკრეტებს. სოციალურ ქსელებში ხუმრობენ, რომ კრემლი უკრაინაში „თვითონ ნატოს ეძებს“.
კრემლისტური მედიისთვის ომს სამხედრო ოპერაცია ჰქვია. „როსია 1“-ზე თუ „როსია 24“-ზე, უკრაინული და საერთაშორისო მედიისგან განსხვავებით, არც მშვიდობიანი უკრაინელების მასობრივი დაბომბვის დანაშაულები ჩანს და არც მრავალი დაღუპული და უპატრონოდ მიტოვებული რუსი ჯარისკაცი. რუსული მედია, უფრო სწორად ის, რაც მისგან დარჩა, იმეორებს პუტინის მტკიცებას, რომ სამხედრო ოპერაცია უკრაინაში ნაცისტების და მილიტარისტების გასანეიტრალებლად, შესაბამისად - ზელენსკის რეჟიმის შესაცვლელად დაიწყო.
კრემლისტური მედიების მოლაპარაკე თავები რუსეთის ძლევამოსილებაში არიან დარწმუნებული და ამბობენ, რომ რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებული მძიმე სანქციები არა რუსეთს, არამედ - თვითონ დასავლეთს დააზარალებს.
იშვიათად, რუსეთის ხელისუფლება გაღიზიანებას ვერ მალავს და დამოუკიდებელი ექსპერტებისთვის, ამაზე მეტყველებს რუსეთის ყოფილი პრემიერის, დმიტრი მედვედევის ტვიტიც.
„რომელიღაც ფრანგმა მინისტრმა დღეს თქვა, რომ მათ ჩვენ ეკონომიკური ომი გამოგვიცხადეს. გააკონტროლეთ თქვენი ნათქვამი, ბატონებო! და არ დაგავიწყდეთ, რომ ეკონომიკური ომები კაცობრიობის ისტორიაში ხშირად გადადიოდა ნამდვილში“, - დაწერა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა 2 მარტს. დასავლეთმა სანქციები უშიშროების საბჭოს წევრების უმრავლესობას დაუწესა.
ვლადიმირ პუტინის დაწყებულ ომს რუსეთში ხალხის მასობრივი პროტესტი არ უპირისპირდება და ეს არავის უკვირს გაძლიერებული კონტროლის, თავისუფალი მედიასაშუალებების დახურვისა და ათასობით ადამიანის საპატიმროებში გამომწყვდევის ფონზე. ვინც ქუჩაში გამოდის, იჭერენ, ხოლო, ახალი საკანონდებლო ცვლილებით, 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება ყველას, ვინც გაბედავს და, მაგალითად, უკრაინის ქალაქების დაბომბვას უწოდებს ომს და არა „სპეციალურ ოპერაციას“.
პოლიტოლოგი აბას გალიამოვი, აწ უკვე რუსეთში დახურული ტელეკომპანია „დოჟდის“ ეთერში ამბობს, რომ ყოველი სისხლისმღვრელი დღე პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მოქმედებს და, ადრე თუ გვიან - ამ რეჟიმის მარცხი გარდაუვალია.
„ვხედავთ, რომ უკვე ბზარები გაჩნდა პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას შორის... ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ მას [პუტინის რეჟიმს] ხვალ ჩამოაგდებენ. პოლიტიკური ელიტები ჯერჯერობით დემორალიზებული არიან და ამ ეტაპზე არაფერი შეუძლიათ... რეჟიმის შეცვლის საფუძველი, პირველ რიგში, საზოგადოებრივი პროტესტი იქნება. ეს არ იქნება წმინდა "ნარინჯისფერი რევოლუცია"... ეს იქნება საზოგადოების პროტესტისა და ელიტების ქმედების ერთგვარი კომბინაცია - "პუტჩის" მსგავსი... მაგრამ დაიწყება ხალხის პროტესტით“, - ამბობს პოლიტოლოგი. ის ხედავს, რომ „პროცესი დაიწყო“, მაგრამ სწრაფ შედეგს არ მოელის.
პარალელურად, ომის მოწინააღმდეგეები რუსეთში დარწმუნებული არიან, რომ პუტინსა და მის გარემოცვას ჰააგის ტრიბუნალი არ ასცდებათ. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში პროცესი 40-მდე ქვეყნის მოთხოვნით დაიწყო და მათ შორის არის საქართველოც.
პოლიტიკოსი, ყოფილი დეპუტატი დმიტრი გუდკოვი "Настоящее Время"-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ „ფაშისტმა პუტინმა“ რუსეთი მთელ მსოფლიოს შეაძულა და იზოლაციაშიც მოაქცია. გუდკოვის პროგნოზით, უკრაინა არ დამარცხდება, მას მთელი მსოფლიო საერთო ძალებით ააშენებს; ხოლო რუსეთში თანდათან შეუქცევადი პროცესები დაიწყება და სანქციები ეკონომიკას 3-5 წელიწადში მთლიანად ჩამოაქცევს.
საბოლოოდ, ექსპერტები ორ გამოსავალს ხედავენ: რუსეთი ან პუტინის რეჟიმის გარეშე რჩება და ვითარდება; ანდა სუსტდება და ვეღარ განაგრძობს დღევანდელ საზღვრებში არსებობას.
2000 პრობლემა და დაშლის პერსპექტივა
ჯერ კიდევ ომამდე, დეკემბრის დასაწყისში, რუსეთის პრეზიდენტი აშკარად განარისხა მისივე აქტიური მომხრის, ერთ-ერთი საპრეზიდენტო საბჭოს წევრის, რეჟისორ ალექსანდრ საკუროვის სიტყვებმა, რომ - საჭიროა რუსეთის ფედერაცია კავკასიის რესპუბლიკებს შეელიოს.
„ფედერაციაში სულ უფრო მეტად სძულდებათ რუსები და ჩვენთან განშორება უნდათ. ბევრმა კავკასიელმა ახალგაზრდამ მითხრა - თქვენ, რუსები არ იმსახურებთ პატივისცემასო... მოდით, გავუშვათ ყველა, ვისაც არ უნდა ჩვენთან ერთად ცხოვრება ამ სახელმწიფოში და ვუსურვოთ მათ წარმატებები“, - თქვა საკუროვმა პრეზიდენტთან დისტანციური საუბრის დროს.
რას ამბობო?! დავშალოთ ჩვენი სახელმწიფო?! მაგალითად, დაღესტანიც ნაწილ-ნაწილ ხომ არ დავშალოთ?! - გაბრაზდა პუტინი და დააყოლა, რომ თავისი „შიშებით სავსე“ მანიფესტით საკუროვი ნატოს სურვილებს იმეორებდა.
„ძალიან კარგად ვიცი... ქვეყნის მასშტაბით 2000 ტერიტორიული პრობლემა გვაქვს... იუგოსლავიის განმეორება გინდათ ჩვენს ტერიტორიაზე?!“ - ესეც პუტინის სიტყვებია, იმავე შეხვედრიდან.
ექსპერტები რუსეთის თავისუფალ მედიაში (რაც დღემდე არსებობდა) თუ ბლოგერები ამბობდნენ, რომ რეჟისორი პუტინს მტკივნეულ ჭრილობაზე შეეხო, რადგან ეს ყველაფერი მართალია; ხოლო რეჟისორმა პუტინს გადასცა საზოგადოების იმ ნაწილის აზრიც, რომელსაც არ უნდა, რომ რუსეთმა თავისი ხარჯით არჩინოს ფედერაციის სუბიექტები თუ სხვა ქვეყნებში ოკუპირებული ტერიტორიები. მათ შორის ასახელებდნენ - აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს, ყირიმსა თუ დონბასელი სეპარატისტების„რესპუბლიკებს“.
ექსპერტებმა მაშინ ილაპარაკეს იმის შესახებაც, რომ პუტინს კადიროვის ჩეჩნეთის შემთხვევაშიც კი, „ლოიალურობის ყიდვა უწევს“.
და რა მოხდება მაშინ, თუკი უკრაინასთან ომის გამო დაკისრებული მძიმე სანქციების წნეხით დასუსტებული რუსეთი ვეღარ მოახერხებს ამ დრომდე ძალით შენარჩუნებული ტერიტორიების „მუდმივად მზარდი მადის“ დაკმაყოფილებას?
ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთი დაიშლება. ყველას ახსოვს ისიც, რომ დამოუკიდებლობის სულისკვეთების ჩასახშობად და მერკანტილური კადიროვის მოსაყვანად პუტინს ჩეჩნეთში ორი სასტიკი ომი დასჭირდა.
სხვადასხვა დროს განხილული ერთ-ერთი „დაშლის თეორიით“, რუსეთის გარკვეულმა ნაწილებმა შესაძლოა უკრაინასთანაც კი მოინდომონ ძალების გაერთიანება, თავიანთი თვითმყოფადობის შენარჩუნების პირობით. სახელდება, მაგალითად, ყუბანი და ვორონეჟი. ეს ტერიტორიები მოიცავს კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეების ნაწილსაც.
„[უკრაინასთან ომის შემთხვევაში] რუსეთი შეწყვეტს თავის არსებობას“, - ეს მოსაზრება თებერვალში, ომის დაწყებამდე არაერთხელ გაიმეორა გადამდგარმა რუსმა გენერალ-პოლკოვნიკმა, „რუსეთის ოფიცერთა კრების“ ხელმძღვანელმა, ლეონიდ ივაშოვმა.
ექსპერტი ამბობს, რომ „რუსეთი პერიფერიაა დასავლეთსა და ჩინეთს შორის“, ის, უკრაინასთან ომში დამარცხებული, უბრალოდ დანაწევრდება.
„გამარჯვებულები დასხდებიან იმაზე შესათანხმებლად, თუ როგორ გაინაწილონ რუსეთის მიწები. ზოგს შეხვდება ტერიტორიები ურალამდე, ხოლო სხვებს - ურალის შემდეგ“, - ამბობს ივაშოვი „ბიზნეს ონლაინთან“ ინტერვიუში.