რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ქვეყნის ექსპრეზიდენტი და ექსპრემიერი დმიტრი მედვედევი გამოეხმაურა ევროსაბჭოს მიერ რუსეთისთვის წარმომადგენლობითი უფლებების შეჩერებას და თქვა, რომ ეს კარგი შესაძლებლობაა „აღდგეს მთელი რიგი მნიშვნელოვანი ინსტიტუტებისა ქვეყანაში მძიმე დანაშაულების აღსაკვეთად. ვთქვათ, სიკვდილით დასჯა ყველაზე საშიში დამნაშავეებისათვის“.
თავად ევროპის საბჭო მედვედევმა „ღარიბთა უაზრო თავშესაფრად“ მოიხსენია და თქვა, რომ რუსეთისთვის უფლებამოსილების შეჩერება „საშინელი უსამართლობაა“, მაგრამ კარგი მიზეზია, რომ ქვეყანამ „კარი გაიჯახუნოს“. „თავის დროზეც სულელურად შევედით. ახალგაზრდულად მოგვივიდა“, - თქვა დმიტრი მედვედევმა.
რუსული მედიის ცნობით, რუსეთში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა და მისი გადაწყვეტილების შეცვლა ხელისუფლების არც ერთ ორგანოს არ შეუძლია.
მედვედევის თქმით, რუსეთის მიმართ შემოღებული ზომები არაფერს შეცვლის, მათ შორის არც სამხედრო ოპერაციას უკრაინის ტერიტორიაზე. „ყველა ჭკვიანი ადამიანისთვის ცხადია: სანქციები არის მითი, ფიქცია, რიტორიკული ფიგურა,“ დაწერა მედვედევმა ფეისბუკში. მან ასევე აღნიშნა, რომ არც თვითონ მას, არც მისი ოჯახის წევრებს არ ჰქონიათ და არა აქვთ ანგარიშები და ქონება უცხოეთში.
რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის ფულის უცხოეთში დაყადაღების შესახებ საუბრისას მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსეთი აუცილებლად გასცემს სიმეტრიულ პასუხს იმათ, ვისაც „არამეგობრულ იურისდიქციებში“ აქვს რეგისტრაცია. მისი თქმით, მათ შორის არიან აშშ, ევროკავშირის წევრები და „ანგლოსაქსური სამყაროს რიგი ქვეყნები“, რომლებიც მათ უწყობენ ხმას.
26 თებერვალს ევროკავშირმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მიმართ სანქციები შემოიღო. ამის მიზეზია რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში.