Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ომი და აფხაზეთში შექმნილი საფრთხეები


ავტორი: იზიდა ჭანია

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.

აფხაზეთის ხელისუფლება სიმშვიდის კუნძულად რჩება. ქვეყნის მეთაურისა და მთავარსარდლის საიტის შემხედველი იფიქრებ, რომ ასლან ბჟანიას საახალწლო განწყობა ჯერ არ განელებია. მას თითქოს დაავიწყდა, რომ ნეიტრალური შვეიცარიის კი არა, არცთუ სახარბიელო პირობებში მყოფი აფხაზეთის პრეზიდენტია, აფხაზეთის, რომელსაც ომის გარეშეც არ ულხინდა. შესაძლოა ბჟანია ადგილობრივ ახალ ამბებს ენდობა, რომელიც მასავით რეალობას არის მოწყვეტილი: ჭადრაკის ტურნირები, სპორტული და კულტურული მიღწევები... ან საკუთარ საიტს, სადაც მხოლოდ მილოცვებია და არაფერი მიანიშნებს იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ქვეყანა აღმოჩნდება: გაძვირებული საქონელი და მომსახურება, ვალუტის კურსის ცვლილება, სანქციები, რომელიც ევროპამ და აშშ-მ რუსეთს დაუწესა.

არავისთვის საიდუმლო არაა, რომ აფხაზეთის ეკონომიკა რუბლის სივრცეშია: ბიუჯეტი, პენსიები, ხელფასები... რუსეთის ეკონომიკამ უკვე ბევრი დაკარგა. დიდი მიხვედრა არ უნდა, რომ აფხაზეთში იმავე პრობლემებს კვადრატში ან კუბში აყვანილს მივიღებთ. ეს მოსახლეობის დიდი ნაწილის გაღატაკებასა და ცხოვრების ხარისხის გაუარესებას გამოიწვევს.

მაგრამ ქვეყნის ხელმძღვანელობა არც კი აპირებს ხალხს მიმართოს, რამე გააკეთოს. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს უამრავი თანაშემწე და მრჩეველი ჰყავს, მოსახლეობას ჯერ არანაირი რეკომენდაცია არ მოუსმენია, დასამშვიდებლადაც კი არავის არაფერი უთქვამს.

გაზაფხულია კარზე, სულ მცირე, ის მაინც შეეძლოთ ხალხისთვის ეთქვათ, ნაკვეთები დაამუშავეთ, სიმინდი, ბოსტნეული მოიყვანეთ, საქონელი მოაშენეთო. მსგავსი არაფერი, ახლა მთავრობას მხოლოდ რუსეთსა და აფხაზეთს შორის „კანონმდებლობის ჰარმონიზება“ ადარდებს და კიდევ ნაპოლეონის დონის გეგმები: აეროპორტის აღდგენა და ქვეყნის გაზიფიცირება.

ახლა უსაფრთხოება: პირველი საკითხი საქართველოსთან საზღვრის დაცვაა. ყველასთვის გასაგებია, რომ ქართული საზოგადოების რეაქცია რუსეთის ინტერვენციაზე, რუსეთის სიძულვილით არის გამოწვეული და არა იმით, რომ ჩვენს აგრესიულ მეზობლებს პაციფისტური გრძნობები შემოაწვა. შეგახსენებთ, რომ როდესაც საქართველო სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეიჭრა, თბილისში საპროტესტო აქცია არავის გაუმართავს, სულ პირიქით. ასე იყო 1991 წელს, 1992 წელს და მერეც.

მაგრამ, როგორც ჩანს, ამაზე მხოლოდ ხალხი დარდობს. ომის პირველი დღიდან აფხაზი ბლოგერები ითხოვენ: სამხედრო ძალების საომარ მზადყოფნაში მოყვანას, საქართველოსთან საზღვრის დაკეტვას და რუსეთთან მოლაპარაკებას, რომელსაც შეუძლია (თეორიულად) თავისი მესაზღვრეები აფხაზეთ-საქართველოს საზღვრიდან უკრაინაში გადაისროლოს.

ამის გამო ვეტერანების ორგანიზაციამ „არუაამ“ პრეზიდენტს ოფიციალურად მოუწოდა, ანაბიოზის მდგომარეობიდან გამოვიდეს და უსაფრთხოების ზომები მიიღოს - მონიშნოს თავშესაფრები, გამოაცხადოს რეზერვისტების მობილიზება, ყაზარმულ მდგომარეობაზე გადაიყვანოს შეიარაღებული ძალები და რეზერვის ნაწილი.

თავდაცვის სამინისტრომ შეგვატყობინა, რომ გეგმური წვრთნების გამო ჯერ კიდევ 21 თებერვლიდან შეიარაღებული ძალების სპეციალური ქვედანაყოფები საგანგებო რეჟიმზეა გადაყვანილი. იმედი გვაქვს, რომ მთავრობა ომის ვეტერანების სხვა მოთხოვნებსაც შეასრულებს. რამდენადაც ვიცი, მათ არც დაუცადეს მეთაურების ბრძანებებს, თავად იშოვეს იარაღი და მობილიზაციისთვის მოემზადნენ. როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყანაში ხალხმა არ დაკარგა უნარი, გადაწყვეტილებები ზემოდან ბრძანების გარეშე მიიღონ.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG