კიევის ცენტრში დაიწყეს დემონტაჟი ხალხთა მეგობრობის თაღის ქვეშ მდებარე მონუმენტისა, რომელიც უკრაინელი და რუსი ხალხების მეგობრობას განასახიერებს. დემონტაჟის შესახებ განკარგულება ქალაქის ხელმძღვანელობამ გასცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე.
სოციალურ ქსელებში გაჩნდა ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც ასახავს ორი მუშის ბრინჯაოს ქანდაკებას. მონუმენტი 1981 წელს დაიდგა.
ხალხთა მეგობრობის თაღი კიევის 1500 წლისთავისა და სსრკ-ს შექმნის 60 წლისთავის სადღესასწაულოდ აღიმართა 1981 წლის ნოემბერში. თაღის ქვეშ განთავსებულია ორი სკულპტურული კომპოზიცია, რომლებიც განასახიერებს „უკრაინის რუსეთთან ხელახლა შეერთებას“: ორი მუშის ფიგურა - უკრაინელისა და რუსის (სწორედ ამ ქანდაკების დემონტაჟი მიმდინარეობს), ასევე მრავალფიგურიანი ჯგუფი, რომელიც პერეიასლავის 1654 წლის რადისადმია მიძღვნილი. როგორც კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, ამ მონუმენტს მოგვიანებით აიღებენ. თავად თაღი დარჩება, მაგრამ ის უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებად განათდება და ალბათ სახელს შეიცვლის.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რამდენიმე ქალაქში მოხსნეს რუსი მოღვაწეებისადმი, კერძოდ ალექსანდრ პუშკინისადმი მიძღვნილი ძეგლები. მიმდინარეობს დისკუსია ქუჩებისა და სხვა ობიექტების სახელების გადარქმევაზე. კიევის საბჭოში კერძოდ შეიტანეს პროექტი გადაწყვეტილებისა, სახელები შეეცვალოს რამდენიმე ქუჩას და მოიხსნას, მაგალითად, გენერალ ნიკოლაი ვატუტინის, მწერალ მიხაილ ბულგაკოვის და სხვათა ძეგლები.