მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ 26 აპრილს განაცხადა, რომ მოსკოვის მომხრე სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონში განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო თავდასხმა არის დაძაბულობის ესკალაციის მცდელობა. ამაში მან ბრალი დასდო „ომის მომხრე ფრთას“ დნესტრისპირეთის ხელმძღვანელობაში.
სანდუ მედიის წინაშე გამოვიდა მოლდოვის უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს სხდომის შემდეგ, რომელიც რეგიონში მზარდი დაძაბულობის ფონზე მოიწვია.
ბოლო ორი დღეა, დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ავრცელებს ცნობებს სხვადასხვა ობიექტზე "დაუდგენელი პირების" თავდასხმების და აფეთქებების შესახებ. დღეს, 26 აპრილს, დნესტრისპირეთის ე.წ. რესპუბლიკის მეთაურის, ვადიმ კრასნოსელსკის საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მან „უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა და მიღებულია გადაწყვეტილება ტერორისტული საფრთხის წითელი დონის გამოცხადების შესახებ“, რადგან დაფიქსირებულია „რესპუბლიკის სახელმწიფო დაწესებულებებსა და ინფრასტრუქტურაზე ტერორისტული შეტევის სამი ფაქტი“.
ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების თანახმად, „ტერორისტული შეტევები“ განხორციელდა ტირასპოლში, ადგილობრივი უშიშროების სამსახურის შენობაზე, სოფელ მაიაკის მახლობლად მდებარე რადიოცენტრსა და სოფელ პარკანის რაიონში მდებარე სამხედრო ნაწილზე. მსხვერპლის შესახებ არაფერს იუწყებიან.
დნესტრისპირეთის დე ფაქტო ხელისუფლების თანახმად, „ტერორისტული საფრთხის წითელი დონის გამოცხადება ითვალისწინებს დამატებითი ზომების მიღებას პიროვნების, საზოგადოების და სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. რა ზომებია ეს, მითითებული არ არის.
25 აპრილს, დნესტრისპირეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაზე თავდასხმის შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ, უკრაინის დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დაიწყეს მზადება რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ ორგანიზებული „აფეთქებებისთვის“, რათა გაამართლონ უკრაინის წინააღმდეგ ომი და სეპარატისტული რეგიონი საბრძოლო მოქმედებებში ჩაითრიონ.
22 აპრილს, რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილემ, გენერალმა რუსტამ მინეკაევმა განაცხადა, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მეორე ეტაპზე რუსეთის არმიამ სრული კონტროლი უნდა დაამყაროს დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, დონბასზე კონტროლი უზრუნველყოფს სახმელეთო დერეფანს ყირიმისკენ, ხოლო უკრაინის სამხრეთზე კონტროლი იქნება კიდევ ერთი გასასვლელი დნესტრისპირეთზე, სადაც "ასევე, შეინიშნება რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროება".
მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონი ადგილობრივმა სეპარატისტებმა "დამოუკიდებელ რესპუბლიკად" 1990 წელს გამოაცხადეს, რასაც მოჰყვა შეიარაღებული კონფლიქტი მოლდოვის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის. ამჟამად დნესტრისპირეთში იმყოფება 1400-მდე რუსი სამხედრო.