Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიძულვილი, ზიზღი, დაძაბულობა, ცვლილებები, დაპირებები - პოლიტიკური ველი მეორე ტურის წინ


2021 წლის 2 ოქტომბერი, თბილისი. "ქართული ოცნება" გამარჯვების აღსანიშნავად ემზადება
2021 წლის 2 ოქტომბერი, თბილისი. "ქართული ოცნება" გამარჯვების აღსანიშნავად ემზადება

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან წასვლის 9 წლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ მთავარ ამოცანად ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ „დასრულება“ რჩება.

აღმასრულებელ ხელისუფლებას, საპარლამენტო უმრავლესობას, სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფსა და ტელეკომპანია „იმედს“ ამჟამად ერთი, დეკლარირებული ამოცანა აერთიანებთ - ხალხს „მკვლელი“ ოპონენტების „სისხლიანი ბოროტება“ შეახსენონ და არ დაუშვან, რომ არჩევნების მეორე ტურში მათ თუნდაც ერთი მუნიციპალიტეტის მერის პოსტი მოიგონ.

ამ შეხსენების ნაწილი იყო „ოცნების“ მიერ 18 ოქტომბერს გამოქვეყნებული კლიპი და ასევე ის ე.წ. სისხლიანი ბანერები, რომლებიც არჩევნების პირველი ტურის წინ გამოჩნდა. „ოცნება“ ამბობს, რომ „ნაციონალები“ რევანშისთვის ემზადებიან.

თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ხელისუფლების მწვავე კრიტიკის ფონზე, არჩევნების მეორე ტურებში გარდაუვალ გამარჯვებაზე ლაპარაკობენ, რასაც, მათი თქმით, დაპატიმრებული ექსპრეზიდენტის გათავისუფლება უნდა მოჰყვეს.

  • ბრძოლის რა მეთოდებით უპირისპირდებიან ერთმანეთს პოლიტიკური მეტოქეები 30 ოქტომბრამდე?
  • რა ადგილს იკავებს საარჩევნო კამპანიაში სიძულვილი და ზიზღი?
  • რა იწვევს პოლიტიკური ტემპერატურის ზრდას არჩევნების მეორე ტურის წინ?

"ოცნების" მობილიზაცია

„ნაცობა სირცხვილია! დავამთავროთ ნაცები!“ - ამ სლოგანით ახალი ვიდეოკლიპი „ქართული ოცნების“ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე 18 ოქტომბერს გამოქვეყნდა. მასში დომინირებს ერთგვარ უხერხულ სიტუაციებში გადაღებული, ამჟამად დაპატიმრებული ექსპრეზიდენტი, რომელიც ხან „ჰალსტუხს ღეჭავს", ხან კი, მაგალითად, არასწორად იწერს პირჯვარს.

„ქართული ოცნების“ პოსტი ამ დრომდე 1500-მდე ადამიანმა გააზიარა.

  • თუ კომენტარების მიხედვით ვიმსჯელებთ, მმართველი პარტიის მხარდამჭერები კლიპის შინაარსს დაეთანხმნენ. „თუ არ დაასრულებს ოცნება ნაცებს საქართველოში სიმშვიდე არ იქნება“, - წერდნენ ისინი.
  • ოპოზიციის მხარდამჭერებს არ გაჰკვირვებიათ. მათთვის კლიპის შინაარსი და მიზანი ქუჩებში პირველ ტურამდე გამოფენილი „სისხლიანი ბანერებისა“ და „ოცნების“ მიერ „სიძულვილისა და ზიზღის კამპანიის“ ლოგიკური გაგრძელებაა.

კლიპი გამოქვეყნდა იმ დღეს, როდესაც პარლამენტის ბიურომ მხარი დაუჭირა „ოცნების“ დეპუტატების კანონპროექტის განხილვის დაწყებას.

ამ კანონპროექტის შესახებ ცნობილია, რომ ის ცდილობს აკრძალოს იმგვარი სააგიტაციო მასალის საჯარო სივრცეში გავრცელება, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის/კანდიდატის მიმართ „უარყოფითი განწყობის შესაქმნელად“.

„ნაცობა სირცხვილია!“, „ნაცობა ბოროტებაა!“ - ისმოდა 19 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის სხდომაზეც. „ოცნების“ უმრავლესობის თითქმის ყველა წარმომადგენელმა, რომელმაც განცხადებებისთვის განკუთვნილი დროით ისარგებლა, ეს დრო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის გახსენებას დაუთმო.

„დღეს ვხედავთ მათი გათეთრებისა და „გაპრავების“ მცდელობას... და დაკომპლექსებას, რომ - „ნაცებზე“ არ ვილაპარაკოთ, ტყუილად ნუ შეეცდება ნურავინ... საფრთხეზე ამ ქვეყნის, რეალურად საბოტაჟზე არ ვილაპარაკოთ?! სიმართლეზე გავამარჯვებინოთ ტყუილს და ბოროტებას?!“ - განაცხადა პარლამენტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

სანამ არჩევნების მეორე ტური არ ჩატარდება, „ქართული ოცნება“ რიტორიკის შეცვლას არ აპირებს და ამავე მესიჯებით მართავს გასვლით შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით. კამპანიაში ჩართულები არიან როგორც პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ასევე პრემიერ-მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი.

19 ოქტომბერს, ვიდრე ოზურგეთში ჩავიდოდნენ, შეხვედრები გაიმართა ბათუმში. ხელისუფლება არ მალავს, რომ „სრული მობილიზაცია“ აქვს გამოცხადებული და რეგიონებში თანაგუნდელებს მომავალი ფართომასშტაბიანი აქციის სავარაუდო გეგმებზეც ელაპარაკება. წინასწარ გავრცელებული, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ასეთ აქციას მმართველი პარტია 28 ოქტომბრისთვის გეგმავს.

19 ოქტომბერს, ბათუმში, პრემიერმა ღარიბაშვილმა ოპონენტები „მკვლელებად“ და „აფერისტებად“ მოიხსენია და მედიის წარმომადგენლებსაც ურჩია:

„სააკაშვილს უნდა ელაპარაკოთ მის მიერ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებზე - ტერიტორიების დაკარგვაზე, ადამიანების გაუპატიურებაზე, წამებაზე, ბიზნესების წართმევაზე - ეს უნდა იყოს თქვენი მთავარი საქმე და მთავარი საკითხები“.

მმართველი გუნდის მსგავსად, „საგანგებო რეჟიმზე“ გადასვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, 18 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედმაც“ განაცხადა, ისევე, როგორც მან ეს ერთხელ უკვე გააკეთა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ.

ტაქტიკა შეიცვალა კახა კალაძემაც.

თუკი „ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერობის კანდიდატი პირველი ტურის წინ „ევროპული სტილის, მომავალზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანიითა“ და „ოპონენტების მანკიერების“ წარმოჩენის ნაცვლად, ქალაქის განვითარების სამომავლო გეგმების წარმოჩენით ურთიერთობდა ამომრჩეველთან, ახლა ისიც „სისხლიან 9 წელზე“ ლაპარაკობს.

კალაძეც იმეორებს, რომ ხალხს კიდევ ერთხელ, ერთიანად და აქტიურად უნდა შეახსენონ ის, რაზეც „ოცნებას“ ლაპარაკი ბოლო 9 წლის განმავლობაში პრაქტიკულად არცკი შეუწყვეტია.

„სამწუხაროდ, დღეს კიდევ ერთხელ გვიწევს შევახსენოთ ყველას - როგორ ხდებოდა მოქალაქეების ღირსების შელახვა, ძალადობა, ტერორი, საკუთრების ხელყოფა, უდანაშაულო ახალგაზრდების მკვლელობა, სიტყვის თავისუფლების ფეხქვეშ გათელვა, მედიის დარბევა, ცინიზმი, ტყუილი, რეკეტი - ეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქალაქის ის ბნელი წარსულია, რომელსაც არასდროს, არასდროს დავუბრუნდებით. თუმცა არც უნდა დავივიწყოთ, რომ ვიცოდეთ - რა გზა გამოვიარეთ და რა შეცდომები დავუშვით“, - ამბობს კალაძე 18 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

რა შეიცვალა წინა წლებთან შედარებით?

როცა ერთმანეთს 2018 და 2021 წლების არჩევნების მეორე ტურების წინ არსებულ დაძაბულობას ადარებს, ექსპერტების ერთი ნაწილი, წელს აშკარად ხედავს „უფრო მაღალ ტემპერატურასა“ და „მეტ დაძაბულობას“.

ისინი ფიქრობენ, რომ მმართველი პარტიის ასეთი „საყოველთაო მობილიზაცია“, გარკვეულწილად, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლით, მისი დაკავებით და ასევე 14 ოქტომბერს ქუჩაში გამოსული ხალხის სიმრავლით არის განპირობებული.

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორისთვის, ზვიად აბაშიძისთვის ცხადია, რომ „ოცნებისთვის“ მტკივნეული იქნება მერის პოსტის დაკარგვა 20-დან თუნდაც ერთ მუნიციპალიტეტში, რადგან ოპოზიცია, მისი თქმით, ამ არჩევნებს კვლავაც უნარჩუნებს ე.წ. რეფერენდუმის ელფერს და რიგგარეშე არჩევნების ერთგვარ წინაპირობად განიხილავს.

ამასთან, აბაშიძე ხელისუფლების მხრიდან სისუსტის გამოვლენაზე ლაპარაკობს.

„ხელისუფლება მეორე ტურის წინ დაიძაბა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ისე მიჰყავს კამპანია, რომ გამარჯვება გარანტირებული აქვს... საზოგადოებას მიეწოდება მესიჯი, რომ - აი, ამ გამარჯვებაში თუ ვინმემ მას ხელი შეუშალა, მერე ვნახოთ რა მოხდებაო...

არ ვემხრობი შავი პიარის ხერხებს... ჩემი აზრით, ხელისუფლების მხრიდან ეს უფრო სისუსტის გამოვლინებაა, ვიდრე სიძლიერის... ვითარების დაძაბვაზე პასუხისმგებლობისგან არცერთი მხარე არ არის თავისუფალი, მაგრამ ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება“, - გვეუბნება ზვიად აბაშიძე.

თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობისთვის ბრძოლაში 20-დან 17 შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ კონკურენტია „ნაციონალური მოძრაობა“.

ამ 17-დან 5 შემთხვევაში კი, ენმ-ის კანდიდატებს მმართველი პარტიის კანდიდატებზე მაღალი მაჩვენებლები აქვთ.

  • ქუთაისი - ხატია დეკანოიძე (ენმ) – 43.34%, იოსებ ხახალეიშვილი („ქართული ოცნება“) – 41.45%;
  • ბათუმი - გიორგი კირთაძე(ენმ) – 41.97%, არჩილ ჩიქოვანი („ქართული ოცნება“) – 41.08%;
  • ზუგდიდი - ანზორ მელია (ენმ) – 46.88%; მამუკა წოწერია („ქართული ოცნება“) – 41.15%;
  • სენაკი - კობა ნაყოფია (ენმ) – 42.35%; ვახტანგ გადელია („ქართული ოცნება“) – 40.25%;
  • წალენჯიხა - გიორგი ხარჩილავა (ენმ) – 39.67%; გოგა გულორდავა („ქართული ოცნება“) – 38.24%.

როგორ გამოიყურება ოპოზიცია?

„რატომ გაბოროტდით ასე?! რა არის ეს ზიზღის ენა?! რას ემსახურება ეს?! ეს ხომ სახელმწიფოებრივი არ არის... როდემდე უნდა ვიძახოთ 9-წლიანი ამბავი, როდესაც დაჭერილი გყავთ ეს პრეზიდენტი...

ერთადერთი, რაც საჭიროა - ეს არის სამართლიანი სასამართლო, არა მხოლოდ ამ კაცისთვის, არამედ - თითოეული თქვენგანისთვის, ყველასთვის, ვისაც უსამართლოდ ასამართლებთ“, - მიმართა „ლელოს“ ლიდერმა, დეპუტატმა მამუკა ხაზარაძემ 19 ოქტომბერს, პარლამენტის სხდომაზე, „ოცნების“ წარმომადგენლებს.

ოპოზიცია „დაქცეულ ეკონომიკაზე“, „კოვიდპანდემიის მართვის კრახზე“, „ქვეყანაში გაბატონებულ შიმშილზე“, „ქვეყნის რუსეთის გზით სვლასა“ და ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაზე აქტიურად ლაპარაკობს - მაგრამ, ექსპერტების შეფასებით, დიდი განსხვავებაა თუნდაც ყველაზე მწვავე კრიტიკასა და „სიძულვილის ენას“ შორის, რომელიც „ისედაც დახლეჩილი“ საზოგადოების კიდევ უფრო გათიშვას იწვევს.

მართალია, „ზიზღისა და სიძულვილის ლექსიკას“ ორივე მხარეს მდგარი პოლიტიკური ძალებისა და მათი მხარდამჭერების სამწუხარო „მამოძრავებელ ძალად“ თვლის, მაგრამ ექსპერტი და ტელეწამყვანი, არჩილ გამზარდია მათ რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ფიქრობს, რომ - „ამ ეტაპზე ოპოზიცია ხელისუფლებაზე კონსტრუქციულად“ გამოიყურება.

„ფაქტია, რომ ოპოზიცია ბევრად უფრო მშვიდი, რაციონალური და, ასე ვთქვათ, სამართლებრივი გახდა. ის პრაქტიკულად აღარ მიმართავს იაფ პოლიტიკურ დემაგოგიას, პროვოკაციებსა და ავანტიურას. ბოლო პერიოდის „ნაციონალური მოძრაობა“ მნიშვნელოვნად შეიცვალა.

მართალია, სხვა ოპოზიციურ პარტიებს ბევრად ნაკლები მხარდაჭერა აქვთ, მაგრამ ისინიც ქმნიან კლიმატს თავიანთი პროფესიონალური მიდგომებით და საერთო ოპოზიციურ ხასიათზეც მუშაობენ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას არჩილ გამზარდია.

არჩევნების პირველი ტურის წინა პერიოდისგან განსხვავებით, ოპოზიციის „კონსტრუქციულობაზე“ მსჯელობას სოციალურ ქსელებშიც ვხვდებით და ეს მსჯელობა რამდენიმე ფაქტს ეფუძნება:

  • აქცია, რომელშიც, საერთაშორისო მედიის დათვლით, 50-60 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, ენმ-მა მშვიდობიანად დაშალა 14 ოქტომბერს;
  • ოპოზიცია არ ამზადებს ზიზღისა და სიძულვილის მესიჯების შემცველ კლიპებსა და ბანერებს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ;
  • ენმ და სხვა ოპოზიციური პარტიები მეორე ტურის წინ საზოგადოებისთვის კოალიციური მთავრობის შემადგენლობის წარსადგენად ემზადებიან, 5 თვითმმართველ ქალაქში;
  • ძირითადი ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათ შორის - დაკავებული მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას „დიდ შერიგებას“ სთავაზობს; რასაც „ოცნება“ ზიზღის ენით უპირისპირდება.

საერთაშორისო სამეთვალყურეო მისიის წარმომადგენლები, 3 ოქტომბერს, წინასწარი დასკვნის გამოქვეყნებისას, დიდი მწუხარებით აღნიშნავდნენ, რომ ოპოზიციის მიერ პირველი ტურის წინ თვითმმართველობის არჩევნების „რეფერენდუმად“ გადაქცევის მცდელობა „გაშვებული შანსი“ იყო დემოკრატიული თვითმმართველობის განვითარების კუთხით.

ექსპერტებისთვისაც თვალშისაცემი იყო ის ფაქტი, რომ ოპოზიციური პარტიები მთლიანად გადართული იყვნენ „რეფერენდუმის იდეაზე“ და ამომრჩეველს პრაქტიკულად დასამახსოვრებელს არაფერს ჰპირდებოდნენ.

საარჩევნო ბანერი, ენმ
საარჩევნო ბანერი, ენმ

მეორე ტურის წინ, მათ ამ მხრივაც ცვლილება შენიშნეს.

ბოლო დღეებში თბილისში გამოჩნდა ბანერები ნიკა მელიას გამოსახულებითა და კონკრეტული, გარკვეული ჯგუფებისთვის სადავო, დაპირებებით:

  • 100 სტუდენტი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში ყოველწლიურად;
  • უფასო კვება თბილისის საჯარო სკოლებში;
  • 100-ლარიანი ყოველთვიური დანამატი პენსიონერებს.

„ერის გაერთიანება“ VS „დიდი შერიგება“

ოპოზიციის ძირითადი ნაწილის, მათი მხარდამჭერებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების გარდა, „დიდი შერიგების“ მომხრეა მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ნაწილიც.

ამ იდეის მომხრე ეპისკოპოსებს ბოლო დღეებში მწვავედ დაუპირისპირდნენ ხელისუფლების მომხრე საზოგადოებრივი ჯგუფები.

ამ ჯგუფების რიტორიკა ზუსტად ემთხვევა „ოცნებისას“ - მათ შერიგების გაგონებაც არ სურთ და აქციებსაც მართავენ.

16 ოქტომბერს, რუსთავის ციხესთან შეკრებილებმა მოითხოვეს ამავე ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამუდამო პატიმრობა და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა.

„დიდი შერიგების“ იდეის გახმოვანებას დროში დაემთხვა პრემიერ ღარიბაშვილის მესიჯები „ერის გაერთიანებასთან“ დაკავშირებით.

თუმცა მალევე გაირკვა, რომ ის „პოლიტიკურ შერიგებას“ არ გულისხმობს.

19 ოქტომბერს კი პრემიერმა ჟურნალისტებს უფრო გასაგებად განუმარტა - რომ სვეტიცხოვლის ტაძრის ამბიონიდან 14 ოქტომბერს გახმოვანებული „ერის გაერთიანების“ იდეა მისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მიმხრობას ნიშნავს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა ვესაუბროთ, მათ შორის - სააკაშვილის მხარდამჭერ ადამიანებსაც, რადგან ისინი ჯერ კიდევ, სამწუხაროდ, არიან არასწორ გზაზე და შეცდომაში არიან შეყვანილი.

ამიტომ მეტი აქტიური კომუნიკაცია, მეტი საუბარია მათთან საჭირო, რომ მთელი ერი გავაერთიანოთ და რეალურად გადავიდეთ საქმის კეთებაზე - სიღარიბის დაძლევაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე და ქვეყნის გაერთიანებაზე“, - უთხრა ბათუმში ჩასულმა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG