Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის რა დაანახვა ქუჩაში გამოსულმა ხალხმა და რა იქნება მერე?


აქცია მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით. 14 ოქტომბერი, 2021 წ. თავისუფლების მოედანი, თბილისი
აქცია მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით. 14 ოქტომბერი, 2021 წ. თავისუფლების მოედანი, თბილისი

თბილისში, 14 ოქტომბერს გამართული ხალხმრავალი მიტინგის მთავარი მოთხოვნა იყო ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, რუსთავის ციხეში მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. მმართველი პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ პატიმარი სასჯელის სრულ ვადას მოიხდის.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დარწმუნებულია, რომ პარტიის დამფუძნებლისა და ლიდერის გარდაუვალი გათავისუფლება მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურში გარდაუვალ გამარჯვებას უნდა მოჰყვეს. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ 14 ოქტომბერს ენმ-ის დასასრულის დასაწყისი დაინახა, ექსპრეზიდენტი ციხეში კიდევ 6 წელიწადს დარჩება და მეორე ტურის შემდეგ, სააკაშვილი თანდათან აქტუალურობასაც დაკარგავს.

  • ვინ იდგა 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე და რა შეცვალა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულმა მიტინგმა?
  • გადაფარა თუ არა სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნამ მეორე ტურისთვის მზადებისა და ოპოზიციური კოალიციის შექმნის მუხტი?
  • რას ამბობს და რას აპირებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, როდესაც „ერის გაერთიანებაზე“ ლაპარაკობს?

სოციალურ ქსელებში ამ დრომდე არ წყდება დავა 14 ოქტომბრის მიტინგის მასშტაბთან დაკავშირებით: „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა მაქსიმუმ 15 ათასი მონაწილე „დაითვალეს“, ენმ-ის მხარდამჭერების თვალით კი, თავისუფლების მოედანზე სულ მცირე 50-60 ათასი ადამიანი იდგა.

ისე კი, მეტ-ნაკლებად, თითქოს ყველა თანხმდება, რომ 2012 წლის შემდეგ, ასეთი ხალხმრავალი აქცია საქართველოში არავის უნახავს.

ვინ მივიდა მიტინგზე?

ვინ იდგა 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე? მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები თუ სხვებიც?

სოციალურ ქსელებში გაჩაღებულ დისკუსიებში აზრები იყოფა და მოქალაქეები, მათ შორის - პირადი გამოცდილებით, მომიტინგეთა „სიჭრელეზე“ ლაპარაკობენ.

ამ დისკუსიების თანახმად, აქციაზე მივიდნენ:

  • „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მომხრეები; მათ შორის - მიხეილ სააკაშვილის სასწრაფოდ გათავისუფლების მომლოდინეები;
  • „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მომხრეები, რომლებსაც უპირველეს ამოცანად მეორე ტურებში გამარჯვება მიაჩნიათ;
  • ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, რომლებსაც უნდათ ცვლილება და ცვლილებების რეალური ძალა ახლა მიხეილ სააკაშვილში დაინახეს; თუმცა ერთპარტიული მმართველობა არ უნდათ;
  • ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, რომლებიც, მათ შორის - ხმას არ აძლევენ „ნაციონალურ მოძრაობას“;
  • ადამიანები, რომლებიც გრძნობენ, რომ „ქართული ოცნება“ დაშორდა ევროპულ გზას და კონფრონტაციაში შევიდა საერთაშორისო პარტნიორებთან.

არ მივიდნენ:

  • ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ „ქართული ოცნება“, მაგრამ არც წარსულის ლიდერები უნდათ, მიშას დაბრუნების „ეშინიათ“ და რეალური მესამე ძალის გამოჩენას ელოდებიან.
  • იმ ოპოზიციურ პარტიათა მხარდამჭერების უმეტესობა, რომლებიც საზოგადოების წინაშე „მესამე ძალად“ პოზიციონირებენ. ამ პარტიებმა უარი თქვეს 14 ოქტომბრის აქციაში ოფიციალურ მონაწილეობაზე.
  • „ოცნების“ მომხრეები.

აქციის მთავარი მიზანი და „თავების დათვლის“ აზარტი ნაკლებად მნიშვნელოვანია ექსპერტებისთვის. ისინი ლაპარაკობენ მთავარ მოცემულობაზე, რომ - მრავალთვიანი მცდელობების შემდეგ, ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ.

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე გვეუბნება, რომ ხალხის ქუჩაში გამოსვლა ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების მიერ გაგზავნილი მნიშვნელოვანი სიგნალია, მათ შორის - საერთაშორისო საზოგადოებისთვის; რაც, მისი შეფასებით, სააკაშვილის შესაძლო გათავისუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

„თუ ხალხს არა აქვს ტრანსფორმაციის, წინსვლისა და ცვლილებების სურვილი, ქუჩაში გამოსვლას ვერანაირი ძალა ვერ აიძულებს. ამ მასშტაბის საპროტესტო აქცია მნიშვნელოვანი ფაქტორია დასავლეთისთვის საჩვენებლად“, - გვეუბნება ლაგაზიძე.

„მიშას ფაქტორი“ და სხვა პარტიები

საერთაშორისო მედიასაშუალებები 15 ოქტომბერს წერდნენ ქუჩაში გამოსულ ათობით ათას ადამიანზე, რომლებიც ექსპრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

აქცია თავიდან ბოლომდე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული და პარტიის მხარდამჭერები თვლიან, რომ ხალხის დარაზმვაში წამყვანი როლი „მიშას ფაქტორმა“ შეასრულა.

ენმ-ში მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის უდიდეს მნიშვნელობასა და ხალხის უპრეცედენტო მხარდაჭერაზე ლაპარაკობენ.

გადაფარა თუ არა ხალხმრავალმა მიტინგმა სხვა ოპოზიციური პარტიების მნიშვნელობა?

ხათუნა ლაგაზიძე გვეუბნება, რომ „მიშას ფაქტორმა“ მართლაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ხალხის გააქტიურებაში, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია პროცესის გაგრძელება.

მოვლენების შემდგომი განვითარება, ექსპერტის შეფასებით, მაინც არჩევნების მეორე ტურის შედეგზე იქნება დამოკიდებული; აქ კი მნიშვნელოვანია სხვა პარტიების როლიც.

„ხალხს სჭირდებოდა იმის დაჯერება, რომ შესაძლებელი იყო იმ სტაგნაციის გარღვევა, რომელიც კიბოსავით ედებოდა სახელმწიფოებრივ სხეულს. ეს იმედი სწორედ სააკაშვილის ფაქტორმა გააჩინა. მაგრამ ამაზე ცალკე ვერ ვილაპარაკებთ. არჩევნების მეორე ტურს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.

თუკი დიდ ქალაქებში ოპოზიციის კოალიცია გაიმარჯვებს, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებებს შორის კონკურენციის სარგებლის გარდა, ჩნდება რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შანსიც. თუნდაც 4-5 დიდ ქალაქში რომ გაიმარჯვოს ოპოზიციამ, ვფიქრობ, გარდაუვალი იქნება რიგგარეშე არჩევნები“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ხათუნა ლაგაზიძე.

მიუხედავად იმისა, რომ სხვა არაერთი ოპოზიციური პარტიის მსგავსად, 14 ოქტომბრის მიტინგს არც „ლელო“ შეერთებია და მონაწილეობის გადაწყვეტილება ამ პარტიამაც თავისი წევრების ნებას მიანდო, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ ფაქტს სამომავლო გეგმებში არაფერი შეუცვლია.

„საზოგადოებრივი მუხტი არის ახლა მეორე ტურებში გამარჯვებისკენ და იმისაკენ, რომ „ქართული ოცნება“ დასრულდეს ყველა დიდ ქალაქში. ჩვენი განსხვავებების მიუხედავად, ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. ყველა დიდ ქალაქში კაბინეტები დაკომპლექტებული იქნება მრავალპარტიული პრინციპით და „ლელოც“ იქნება წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ეფექტიანი კოალიციური მოდელების შექმნით საზოგადოებას ვაჩვენებთ, როგორ უნდა განაწილდეს ძალაუფლება და როგორ უნდა გაერთიანდეს ნიჭი და კომპეტენცია. ვინ რა მასშტაბითა და რა პორტფელით იქნება ჩართული, ამას საზოგადოება მალე გაიგებს“, - ამბობს გეგელია.

აქციაზეც გამოცხადდა და ენმ-შიც ადასტურებენ, რომ, პარტიის ინიციატივის შესაბამისად, გრძელდება გაერთიანებული ოპოზიციის ერთობლივი მზადება მეორე ტურისთვის. პროცესში ჩართულია თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტია.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ გამარჯვებას არავის დაუთმობს და 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურებში 20-ვე მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს.

გაერთიანება და დაყოფა

14 ოქტომბერს, საღამოს, როდესაც ხალხმრავალი მიტინგი დასასრულს უახლოვდებოდა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ დასასრულის დასაწყისზე ილაპარაკა.

კობახიძემ თქვა, რომ:

  • არჩევნებში დამაჯერებლად მოიგებს „ოცნება“ და არჩევნების შემდეგ მოხდება „ნაციონალური მოძრაობის“ - „ამ ბოროტი ძალის სრული განეიტრალება“;
  • მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა აქტუალური იქნება წინასაარჩევნო პერიოდში, „კიდევ ორი კვირის განმავლობაში“ და მერე დავიწყებას მიეცემა;
  • სააკაშვილი დარჩება ციხეში 6 წელი და ვერ შეინარჩუნებს აქტუალურობას; ხოლო „ნაცმოძრაობა“ იქნება „ნული აქტუალურობით მოსარგებლე პოლიტიკური ძალა“ და „ეს ბოროტება საბოლოოდ უნდა დასრულდეს“;
  • არჩევნებამდე „ბევრი უნდა ვისაუბროთ იმ სიმახინჯეებზე, რაც არის დაკავშირებული „ნაცმოძრაობის“ ყოფნასთან ხელისუფლებაში და შემდეგ ოპოზიციაში“;
  • მაგრამ როგორც კი დასრულდება არჩევნები - „ამის შემდეგ დავივიწყოთ საერთოდ ნაცმოძრაობა და ჩავაბაროთ ბნელ წარსულს, რომელსაც ის მიეკუთვნება“;
  • მიხეილ სააკაშვილი უკრაინას არ გადაეცემა.

ირაკლი კობახიძის მესიჯები სრულიად არ შეესაბამება „ერის გაერთიანების“ მოწოდებებს, რომლებიც ასევე 14 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, მოქალაქეებმა პრემიერ-მინისტრისგან მოისმინეს.

„ჩვენო ძვირფასო საზოგადოებავ, დღეს ქვეყანას სჭირდება მეტი ერთიანობა, მეტი სიყვარული, მეტი სიმშვიდე. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა ამ ბოლო დროს და ჩვენ გვჯერა, გვაქვს მომავლის ღრმა რწმენა და იმედი. იმედი იმისა, რომ საქართველო გაერთიანდება, ჩვენი ერი გაერთიანდება და ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა“, - თქვა პრემიერმა სვეტიცხოვლის ამბიონიდან და შემდეგ, დაახლოებით იგივე ჟურნალისტებთან კომენტარშიც გაიმეორა.

საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა პრემიერის ეს სიტყვები „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისა და მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მიერ წამოყენებული იდეის „დიდი შერიგების“ გამოძახილად აღიქვა.

სხვებმა ეს აღქმა მაშინვე უსაფუძვლოდ ჩათვალეს.

როცა „გაერთიანებაზე“ ლაპარაკობს, გულისხმობს თუ არა პრემიერი „დიდ შერიგებას“ პოლიტიკურ სპექტრში?

ჟურნალისტის ამგვარი შეკითხვის საპასუხოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ - სააკაშვილი საქართველოში დესტაბილიზაციის მოსაწყობად ჩამოვიდა და მის გეგმებში „მკვლელობების განხორციელებაც“ შედიოდა. მსგავსი ბრალდება ღარიბაშვილმა, კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე, ადრეც რამდენჯერმე გაიმეორა.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი ადამიანი შეიკრიბა ენმ-ის აქციაზე, რადგან გაცილებით დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, ვის „ჯანმრთელობაზე და ღირსებაზე გადაირა რეჟიმმა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა“.

„დიდი შერიგების“ აუცილებლობაზე ლაპარაკობს მსჯავრდებული სააკაშვილიც ციხიდან გამოგზავნილ მორიგ წერილში, რომელიც 14 ოქტომბრის აქციაზე წაიკითხეს.

"სამოქალაქო ომი"

პარალელურად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები კონტრაქციის გამართვის გეგმებზე ლაპარაკობენ; მოძრაობის „არა ნაციზმს!” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა ნანა კაკაბაძემ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო პეტიციაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ისახავს მიზნად.

ტექსტში გულისწყრომა ძირითადად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მომხრე მაღალი იერარქიის სასულიერო პირებისკენ არის მიმართული და ნახსენებია „სამოქალაქო ომიც“.

„ჰკითხონ ამ „გულუბრყვილო“ ეპისკოპოსებმა სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩახოცილი და დაინვალიდებული შვილების მშობლებს, სააკაშვილის გათავისუფლებით რა მესიჯს გაუგზავნის მათ სახელმწიფო. სინამდვილეში ეს სწორედ განხეთქილების გაღრმავებას გამოიწვევს და შეიძლება ქვეყანა სამოქალაქო ომამდეც კი მიიყვანოს, ამაზეც ხომ უნდა ფიქრობდნენ სულიერი მამები“, - წერია პეტიციის ტექსტში.

15 ოქტომბერს გამოქვეყნებულ პეტიციას საღამოს 8 საათისთვის 1758 ხელმომწერი ჰყავდა.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 7 ოქტომბერს შექმნილ ონლაინპეტიციაზე, ერთი კვირის განმავლობაში, ხელი 75 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG