Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნუგზარ წიკლაური: გუშინდელი აქცია მიხეილ სააკაშვილის სახალხო ლეგიტიმაცია იყო


ნუგზარ წიკლაური, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი
ნუგზარ წიკლაური, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, 14 ოქტომბერს დედაქალაქში გამართული ხალხმრავალი აქციით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დაბრუნების სახალხო ლეგიტიმაცია მოხდა. რადიო თავისუფლების „დღის საუბრებში“ ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ გუშინდელი აქციის შემდეგ საქართველოში ახალი პოლიტიკური რეალობა გაჩნდა:

„ეს იყო ნამდვილი სახალხო ლეგიტიმაცია და დიდი სახალხო ლეგიტიმაცია მიხეილ სააკაშვილის. ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური ფიგურა, ცხადია, რომ ის არის მნიშვნელოვანი გავლენის მქონე ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნითაც ყველასათვის გასაგები გახდა, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია და რომლის პატიმრობასაც შეუძლია ამ რაოდენობით ადამიანთა შეკრება თბილისის ქუჩებში. ამიტომ გუშინდელი აქცია ერთგვარი სახალხო ლეგიტიმაცია იყო და ასევე მე ვფიქრობ, რომ გუშინდელი აქციის შემდეგ დაიბადა ახალი პოლიტიკური რეალობა, ახალი პოლიტიკური მოცემულობა. ამ რაოდენობის ხალხი, მას შემდეგ, რაც ჩვენ დავმარცხდით არჩევნებში, არასოდეს არ გამოსულა თბილისის ქუჩებში. იქ არ იყვნენ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები. იქ იყვნენ სხვა ადამიანებიც, რომელთაც აქვთ ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული შეხედულებები, მაგრამ მათ ჩათვალეს, რომ ის, რისთვისაც იყო შეკრებილი ეს აქცია, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, ვიდრე ერთი პერსონალიის ან ვიდრე ერთი პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო ან ზოგადად პოლიტიკური ამოცანები. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, მართლა ისტორიული მნიშვნელობის დღე იყო გუშინდელი დღე“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა „დღის საუბრებში“.

აქციაში მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციური პარტიების პოზიციების კომენტირებისას მან თქვა, რომ ახლა იმის გარჩევის დრო არ არის, ვინ იყო აქციაზე და ვინ არა:

„ჩვენ უნდა დავივიწყოთ გარკვეული წინააღმდეგობები, რომლებიც, რა თქმა უნდა, გვაქვს იმიტომ, რომ ვართ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. არჩევნების მეორე ტურებისთვის მზადებასთან დაკავშირებით კი განაცხადა, რომ ოპოზიციას, კოორდინაციის პირობებში, დიდი გამარჯვების შესაძლებლობა აქვს:

„ხელისუფლების წინააღმდეგ ყველანი უნდა გავერთიანდეთ იმ ფუნდამენტურ პრინციპებზე, რაც გვაქვს და შემდეგ უკვე იქნება ახალი არჩევნები. ახალ არჩევნებზე ყველას მიეცემა შესაძლებლობა, ბლოკით გამოვიდეს თუ დამოუკიდებლად გამოვიდეს და ეს იქნება არჩევნები, სადაც მართლა რეალურად იქნება ასახული ქართველი ხალხის ნება“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა „დღის საუბრებში“.

14 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

მიხეილ სააკაშვილი მეთოთხმეტე დღეა შიმშილობს რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ის 1 ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია. მას სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

XS
SM
MD
LG