Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია თავისუფლების მოედანზე ჰიმნით დასრულდა


საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქცია თავისუფლების მოედანზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დასრულდა. აქციის დასრულებამდე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ თუკი "ბიძინა ივანიშვილი 30 ოქტომბერს ისევე გააყალბებს არევნებს, როგორც 2 ოქტომბერს გააყალბა", იმაზე მეტი ხალხი გამოვა ქუჩაში, ვიდრე დღეს იყო გამოსული.

„შესაძლებელია, დღეს მავანნი ელოდებოდა, რომ ამ აურაცხელი ადამიანის შეკრების შემდეგ აგრესიული ნაბიჯები გადაიდგმებოდა ჩვენს მიერ. სადღაც ცოტა ადამიანმა, რამდენიმე პოლიტიკოსმა თქვა, რომ იცით რა, ჩვენ არ მივალთ იქ, სადაც არ ვიცით რა ორგანიზაციული საკითხებია, როგორ გადაწყდა, ამიტომ შორიდან დავაკვირდებითო. რატომ ჰქონდა ვინმეს მოლოდინი, რომ ჩვენი თვითმიზანი ძალადობაა?! ჩვენი თვითმიზანი ძალადობა არასდროს ყოფილა. ჩვენი თვითმიზანი ვინმეზე თავდასხმა არასდროს ყოფილა. ჩვენი თვითმიზანი იქნება საკუთარი თავების, ოჯახების, სახელმწიფოს და ხმების დაცვა“,- თქვა ნიკა მელიამ აქციის დასასრულს და შეკრებილ ადამიანებს თხოვა ისევე მშვიდად დაშლილიყვნენ, როგორც შეიკრიბნენ.

14 ოქტომბერს თბილისში გამართული აქცია გამოირჩეოდა ხალხმრავლობით. მასში მონაწილეობისთვის საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ავტომობილებით მოქალაქეები ორგანიზებულად ჩამოვიდნენ - მათ გზად ხვდებოდნენ ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგეები ცოცხებითა და ყავარჯნებით, "ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმბოლოებით."

XS
SM
MD
LG