Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე: მე აღარ მინდა, პატიმარზე ვილაპარაკო ამდენი


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ იმეორებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არეულობის მოსაწყობად, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ფიზიკურად განადგურებისთვის ჩამოვიდა.

"მე აღარ მინდა პატიმარზე ვილაპარაკო ამდენი, საკმარისია მე ვფიქრობ, ბევრი განცხადებები გაკეთდა, ბევრი ემოციებიც დავხარჯეთ, ახლა საქმეზე არის კონცენტრირება საჭირო. სააკაშვილი ჩამოვიდა მხოლოდ ერთი მიზნით, მოეხდინა არეულობა, მაშ შორის, მკვლელობის განხორციელებაც", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას. მან არ უპასუხა მედიის კითხვებს იმის შესახებ, კონკრეტულად რომელ მკვლელობებს გულისხმობს ან რა პასუხი აქვს იმ ეპისკოპოსებისთვის, ვინც მოქმედ ხელისუფლებას შერიგებისკენ მოუწოდებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას აუცილებლად მიიჩნევს.

ირაკლი ღარიბაშვილი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა ის პრემიერ-მინისტრობიდან გადადგეს. ამ საკითხზე მედიამ საუბარი 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაიწყო.

პრემიერ-მინისტრი სვეტიცხოველში საზეიმო წირვის დასრულებამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე მივიდა და ეკლესიაში შეკრებილ მრევლს ამბიონიდანაც მიმართა.

"ჩვენო ძვირფასო საზოგადოებავ, დღეს ქვეყანას სჭირდება მეტი ერთიანობა, მეტი სიყვარული, მეტი სიმშვიდე. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა ამ ბოლო დროს და ჩვენ გვჯერა, გვაქვს მომავლის ღრმა რწმენა და იმედი. იმედი იმისა, რომ საქართველო გაერთიანდება, ჩვენი ერი გაერთიანდება და ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა", - ასე მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოვლის ტაძარში შეკრებილებს.

XS
SM
MD
LG