Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკოს თავმჯდომარის თქმით "სისხლიან ბანერებზე" "სიამოვნებით შეადგენდა ოქმს", კანონით რომ შესაძლებლობა ყოფილიყო


ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ "სიამოვნებით შეადგენდა ოქმს" სამართალდარღვევაზე, თუ ის საკანონმდებლო ჩარჩოში ჩაჯდებოდა. ამ საკითხზე მან ტელემედიის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც არ მიიწვიეს ონლაინმედიის ან სხვა ტიპის მედიასაშუალების ჟურნალისტები.

"ეს იყო ინდივიდუალური ადამიანის დამოუკიდებელი ინიციატივა - ადმინისტრაციულმა წარმოებამ ეს აჩვენა... რა უნდა გამეკეთებინა, პირი მეუბნება არავის მხარდამჭერი არ ვარ, ჩემი ინიციატივით გავაკეთეო. ერთ ნორმაზე დამიდეთ ხელი, რომელიც შემეძლო გამომეყენებინა და ოქმი შემედგინა და ხვალვე გავაკეთებდი ამას... პრეცედენტული სამართლებრივი გადაწყვეტილება შეიძლება მიიღო, თუ ჯდება იმ სამართლებრივ სივრცეში - ეს გადაწყვეტილება არ ჯდებოდა სამართლებრივ სიტუაციაში, თორემ მერწმუნეთ დიდი სიამოვნებით შევადგენდი ამ ოქმს", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

28 სექტემბერს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ე.წ. სისხლიან ბანერებზე, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში წინასაარჩევნოდ გაჩნდა, სამართალდარღვევის ოქმს ვერ შეადგენს, რადგან კანონმდებლობა არ დარღვეულა. ეს ბანერები ოპოზიციური პარტიების საწინააღმდეგოდ არის გამოკრული.

"საარჩევნო ადმინისტრაციამ დეტალურად მოიკვლია ბანერების თემა და დაადგინა კიდეც, რომ ბანერების დამკვეთი არის ფიზიკური პირი, რომელმაც შპს „ალმას“ შეუკვეთა მათი დამზადება/განთავსება. სწორედ ამ კერძო პირის წერილობითი პასუხებიდან ირკვევა, რომ საჩივრებში მითითებული ბანერების დამზადება/განთავსება არ მომხდარა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებით. ჩვენი მოკვლევის თანახმად, - ეს პირი ასევე არ წარმოადგენს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს ან მათ ოფიციალურ მხარდამჭერს და არც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არის რეგისტრირებული. ის არ არის არც ერთი პოლიტიკური გაერთიანების შემომწირველი", - ეწერა განცხადებაში.

სარეკლამო კომპანია "ალმას" ბილბორდებზე "სისხლიანი ბანერები" 17 სექტემბრიდან გამოჩნდა. ამ ახალ პლაკატებზე ნეგატიურ კონტექსტში, სისხლის მსგავსი შეფერილობით გამოსახული არიან ოპოზიციონერი ლიდერები და ოპოზიციური მედიის "მთავარი არხის" დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია, ასევე, "TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე. პლაკატებზე გამოკრული პოლიტიკოსები არიან: მიხეილ სააკაშვილი, გუბაზ სანიკიძე, ზურა ჯაფარიძე, გიგა ბოკერია. წელს, წინა წლისგან განსხვავებით, ამ ბილბორდზე მოხვდა ყოფილი პრემიერი, "ქართული ოცნების" ყოფილი ლიდერი გიორგი გახარია.

"მერია არაფერ შუაშია, არანაირი უფლება არ აქვს მერიას ბანერის ჩამოხსნის, ან დაკიდების. არაფერი რეაგირება არ იქნება, ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში..." - აცხადებს თბილისის მერი და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი, კახა კალაძე.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით კი, "როგორც ჩანს, ეს არის „მადლიერი“ ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წლის განმავლობაში უსასტიკესი მეთოდებით გამოირჩეოდა".

XS
SM
MD
LG