საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ ე.წ. სისხლიან ბანერებზე, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში წინასაარჩევნოდ გაჩნდა, სამართალდარღვევის ოქმს ვერ შეადგენს, რადგან კანონმდებლობა არ დარღვეულა. ეს ბანერები ოპოზიციური პარტიების საწინააღმდეგოდ არის გამოკრული.
"საარჩევნო ადმინისტრაციამ დეტალურად მოიკვლია ბანერების თემა და დაადგინა კიდეც, რომ ბანერების დამკვეთი არის ფიზიკური პირი, რომელმაც შპს „ალმას“ შეუკვეთა მათი დამზადება/განთავსება. სწორედ ამ კერძო პირის წერილობითი პასუხებიდან ირკვევა, რომ საჩივრებში მითითებული ბანერების დამზადება/განთავსება არ მომხდარა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებით. ჩვენი მოკვლევის თანახმად, - ეს პირი ასევე არ წარმოადგენს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს ან მათ ოფიციალურ მხარდამჭერს და არც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არის რეგისტრირებული. ის არ არის არც ერთი პოლიტიკური გაერთიანების შემომწირველი", - ვკითხულობთ განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ ამ გარემოების გათვალისწინებით, არ დარღვეულა საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 ნაწილი და არ არსებობს სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის საფუძველი.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ ე.წ. სისხლიან ბანერებზე გადაწყვეტილების მისაღებად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სრულად გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული 10-დღიანი ვადა. ნინო დოლიძის თანახმად, ეს ვადა დღეს, 28 სექტემბერს იწურებოდა.
"უბრალოდ, გვეგონა, რომ ცოტა უფრო მალე მოგვაწვდიდა, რომ არჩევნების დღეს სასამართლოში არ მოგვწეოდა ამის გასაჩივრება. 3 დღეში არჩევნებია და ჩვენ ორდღიანი ვადა გვაქვს და ფიზიკურად არჩევნების დღეს შესაძლოა არ გვეცალოს სასამართლოში ბანერების ქეისის წაღება და ამიტომაც ვფიქრობ, რომ ცესკოს რომ ადრე განეხილა ეს საჩივარი, უკეთესი იქნებოდა და წაადგებოდა პროცესებს", - განაცხადა ნინო დოლიძემ.
სარეკლამო კომპანია "ალმას" ბილბორდებზე "სისხლიანი ბანერები" 17 სექტემბრიდან გამოჩნდა. ამ ახალ პლაკატებზე ნეგატიურ კონტექსტში, სისხლის მსგავსი შეფერილობით გამოსახული არიან ოპოზიციონერი ლიდერები და ოპოზიციური მედიის "მთავარი არხის" დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია, ასევე, "TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე. პლაკატებზე გამოკრული პოლიტიკოსები არიან: მიხეილ სააკაშვილი, გუბაზ სანიკიძე, ზურა ჯაფარიძე, გიგა ბოკერია. წელს, წინა წლისგან განსხვავებით, ამ ბილბორდზე მოხვდა ყოფილი პრემიერი, "ქართული ოცნების" ყოფილი ლიდერი გიორგი გახარია.
"მერია არაფერ შუაშია, არანაირი უფლება არ აქვს მერიას ბანერის ჩამოხსნის, ან დაკიდების. არაფერი რეაგირება არ იქნება, ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში..." - აცხადებს თბილისის მერი და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი, კახა კალაძე.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით კი, "როგორც ჩანს, ეს არის „მადლიერი“ ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წლის განმავლობაში უსასტიკესი მეთოდებით გამოირჩეოდა".
ბილბორდებზე გაკრულ პლაკატებს შპს "ალმაში" რამდენიმე დღის შემდეგ, 20 სექტემბერს გამოეხმაურნენ. კომპანია აცხადებს, რომ ემიჯნება იმ პლაკატების შინაარსს, რომელიც მათივე კუთვნილ ბილბორდებზეა გამოკრული.
"ხაზგასმით აღვნიშნავთ და ეს იცის ყველა ჩვენმა დამკვეთმა, რომ "ალმას" არანაირი შეხება არ აქვს სარეკლამო ბანერის შინაარსთან, დიზაინთან, ვიზუალურ ელემენტებთან, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრასთან თუ სხვა. "ალმა" ახდენს მხოლოდ და მხოლოდ სარეკლამო ბილბორდებზე ანუ კონსტრუქციებზე არსებული ფართის გაყიდვას/გაქირავებას...
ამას გარდა ვაცხადებთ, რომ ჩვენ სრულიად ვემიჯნებით ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას თუ ქმედებებს, რომელიც გამოიწვევს სიძულვილს, აგრესიას და ჩვენი ქვეყნის საზოგადოების შემდგომ პოლარიზაციას. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ვაღიარებთ ნებისმიერი სუბიექტის გამოხატვის თავისუფლებას და მისი უზრუნველყოფის საჭიროებას, ჩვენთვის ცალსახად მიუღებელია ხსენებული სარეკლამო ბანერების კონტენტი", - ვკითხულობთ კომპანიის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.