Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის ციხესთან სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა აქცია დასრულდა


თორნიკე მოლაშვილის გამოსვლა აქციაზე რუსთავის ციხესთან, 2021 წლის 16 ოქტომბერი
თორნიკე მოლაშვილის გამოსვლა აქციაზე რუსთავის ციხესთან, 2021 წლის 16 ოქტომბერი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამუდამო პატიმრობა და პარტია "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვა მოითხოვეს რუსთავის ციხესთან გამართული აქციის მონაწილეებმა.

როგორც კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, ყოფილი პატიმრის, გარდაცვლილი სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, აქციის ორგანიზატორები ის და მისი მეგობრები არიან.

"ნაციონალური მოძრაობა უნდა აიკრძალოს, რომელმაც ათობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა", - თქვა აქციაზე გამოსვლისას თორნიკე მოლაშვილმა.

მან აქციის მონაწილეებს ასევე შესთავაზა პეტიციის შედგენა და ხელმოწერების შეგროვება „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც ტერორისტული ორგანიზაციის აკრძალვის მოთხოვნით.

მიტინგზე სიტყვით გამოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც ნათესავებისა და ახლობლების სიკვდილში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ადანაშაულებენ. მომიტინგეთა შორის იყვნენ პირები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დააპატიმრეს, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდნენ.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, რომ გამომსვლელებს შორის ისმოდა სააკაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარაც.

აქცია რუსთავის ციხესთან, 2021 წლის 16 ოქტომბერი
აქცია რუსთავის ციხესთან, 2021 წლის 16 ოქტომბერი

რუსთავის ციხესთან შეკრებილებს შორის იყვნენ რუსთავის მერიის თანამშრომლები, რუსთავის საკრებულოს უმრავლესობის წევრები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის აქტივისტები.

მიტინგზე იმყოფებოდა რუსთავის მერიის ერთ-ერთი აიპ-ის თანამშრომელი, გიორგი წილოსანი. 14 ოქტომბერს გავრცელებულ ვიდეოკადრებში წილოსანი გადაღებულია იმ ტერიტორიაზე, სადაც მოხდა ცოცხებით თავდასხმა თბილისისკენ მიმავალი მომიტინგეების ავტოკოლონაზე.

წილოსანი ამბობს, რომ მას მედიამ მას ცილი დასწამა, რადგან ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია.

ამ დროისთვის რუსთავის ციხესთან აქცია უკვე დასრულებულია.

უკრაინიდან საქართველოში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცველებმა 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და ის ამჟამად რუსთავის ციხეში იმყოფება. ექსპრეზიდენტს ორ საქმესთან დაკავშირებით პატიმრობა სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა, ხოლო კიდევ ორ საქმესთან დაკავშირებით მას ბრალი აქვს წაყენებული.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 7 ოქტომბერს შექმნილ ონლაინპეტიციაზე, ერთი კვირის განმავლობაში, ხელი 75 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას ემხრობიან, მათ შორის - მაღალი იერარქიის სასულიერო პირები.

15 ოქტომბერს ხელმოსაწერად გამოქვეყნდა სააკაშვილის გათავისუფლების მოწინააღმდეგეთა ელექტრონული პეტიციაც. 16 ოქტომბრის 14:00 საათისთვის პეტიციას 3087 ხელმომწერი ჰყავდა.

XS
SM
MD
LG