მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მათ განიხილეს საარჩევნო საკითხები. როგორც დეპუტატი ამბობს, რომ მეორე ტურისთვის მზადება მიმდინარეობს, რაც მიზნად ისახავს ყველა მუნიციპალიტეტში „ოცნების“ გამარჯვებას.
„ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ მაქსიმალურად რისკი, რომ ერთ მუნიციპალიტეტში მაინც ჩვენმა ოპონენტმა მიაღწიოს რაიმე წარმატებას. იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ეს იქნება რაღაც რევოლუციური შტაბი და ისინი ამ ერთი გამარჯვებით (ეს არ უნდა დავუშვათ, მაგრამ), ჰიპოთეტურად, პირობითად ვამბობ, ისინი მოაწყობენ, რაღაც რევოლუციურ მუნიციპალიტეტს და ეს არ იქნება საქმეზე ორიენტირებული საზოგადოების საჭიროებებზე“, - თქვა მდინარაძემ.
როგორც პოლიტიკოსი აცხადებს, პარლამენტის წევრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მიმართულებით უფრო უნდა გააქტიურდნენ. მისი თქმით, გამარჯვება ბოლომდე არის მისაყვანი.
გარდა ამისა, მდინარაძემ დაასახელა, რა მიმართულებით იმუშავებს მმართველი პარტია. მისი თქმით, „ქართულმა ოცნება“ და განსაკუთრებით კახა კალაძე სხვადასხვა პროექტების შესახებ ძალიან აქტიურად ლაპარაკობდნენ, თუმცა მეტი სიმყარისათვის და რისკების მინუმუმამდე დასაყვანად საჭიროა საზოგადოებას შეახსენონ, ვინ დგას „ქართული ოცნების“ კონკურენტად.
მამუკა მდინარაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2 ოქტომბრის არჩევნებში მიღებულ შედეგს აფასებს „ბოლო გაფართხალებად“ და „კუდის მოქნევად“.
30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.