"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და მერობის კანდიდატი თბილისში, ნიკა მელია, თავის კონკურენტს მმართველი პარტიიდან, მოქმედ მერს, კახა კალაძეს დებატებში მონაწილეობას სთავაზობს. შეთავაზება მან "ფეისბუკით" გაავრცელა.
"თბილისის მოქმედი მერი, თბილისის პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, ბოლომდე გადაეშვა ზიზღის კამპანიაში, რაც ძალიან სამწუხაროა.
ვთავაზობ ბატონ კალაძეს ღია დებატებს. საჯაროდ გავაცნოთ თბილისელებს ჩვენი გეგმების და მათი პრობლემების გადაჭრის გზები!
ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეთერში - არა დადგმულ, არამედ რეალურ დებატებში - პირისპირ! ზიზღისა და შეურაცხყოფების გარეშე, ვისაუბროთ ჩვენს დედაქალაქზე, რომელიც პოლიტიკაზე მეტია!" - წერს მელია.
უცნობია, მიიღებს თუ არა კახა კალაძე დებატებში მონაწილეობას.
მან გუშინ ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მიმართა და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებისა და "ნაციონალური მოძრაობის" დასრულებისკენ მოუწოდა.
"ჩემი თხოვნა და მოწოდებაა, თითოეული მოქალაქის მიმართ 20-ვე მუნიციპალიტეტში, სადაც ტარდება მეორე ტური, მოდით არჩევნებზე და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ბოლშევიზმი, ბოროტება, სიძულვილი და სიცრუე, რასაც განასახიერებს "ნაციონალური მოძრაობა" ამ ქვეყანაში!" - მიმართა ამომრჩეველს კალაძემ.
საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ხუთივე თვითმმართველ ქალაქში, მერის ასარჩევად მეორე ტურის გამართვაა საჭირო.