Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვს სულ უფრო ძვირი უჯდება ახალი „საზარბაზნე ხორცი“


რუსეთის არმიის ჯარისკაცები. ილუსტრირებული ფოტო
რუსეთის არმიის ჯარისკაცები. ილუსტრირებული ფოტო

რუსეთის მთავრობამ ოთხჯერ გაზარდა თანხა, რომელსაც თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ერთჯერადად უხდიან ომში წასვლის მსურველებს, თუმცა, სიახლის მიუხედავად, რუსეთის არმია მაინც განიცდის ცოცხალი ძალის მნიშვნელვან დეფიციტის, რაც თვალსაჩინო გახდა კურსკის ოლქში უკრაინის შეჭრის შემდეგ.

რუსეთის არმია განიცდის ცოცხალი ძალის სერიოზულ დეფიციტს, რომლის აღმოსაფხვრელადაც მოსკოვი და რეგიონული ადმინისტრაციები დაქირავებული ჯარისკაცებისთვის ერთჯერადად გასაცემი თანხების მოცულობებს ზრდიან. რუსეთის ხელისუფლება, სავარაუდოდ, ამას აკეთებს მობილიზაციის ახალი ტალღის თავიდან აცილების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება წინა წელთან შედარებით საშუალოდ ოთხჯერ მეტს თანხას იხდის, ანალიტიკოსების გათვლებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ნავარაუდევზე ერთნახევარჯერ ნაკლები „კონტრაქტნიკის“ დაქირავება შეძლო.

2022 წლის 21 სექტემბერს გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაციის“ შემდეგ, რუსეთმა დაიწყო ე.წ. კონტრაქტით დაქირავების (გადაბირების) აქტიური კამპანია, რომლის მთავარი ხიბლი ფულია:

1 აგვისტოდან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები ფედერალური ბიუჯეტიდან ერთჯერადად იღებენ 400 ათას რუბლს (დაახლოებით 11 ათასი ლარი) (ადრე ეს თანხა 195 ათასი რუბლი იყო), რასაც ემატება მნიშვნელოვანი თანხა რეგიონული ბიუჯეტიდან. ჯამში ზოგიერთ რეგიონში „კონტრაქტნიკები“ ერთჯერადად თითქმის 2 მილიონ რუბლს (დაახლოებით 55 ათასი ლარი) იღებენ. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, სიახლემ შესაძლებელი გახადა 1,5 წელიწადში 730 ათასი ახალი საკონტრაქტო ჯარისკაცის დაქირავება.

თუმცა ინტერნეტგამოცემა „ვაჟნიე ისტორიიმ“ და Conflict Intelligence Team-მა (CIT) გააანალიზეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების მონაცემები ერთჯერადად გაცემული თანხების შესახებ და დაასკვნეს, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ დასახელებული მონაცემები სავარაუდოდ გაზვიადებულია. როგორც რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ხარჯების მონაცემებიდან გამომდინარეობს, 2022 წლის შემოდგომიდან 2024 წლის აპრილამდე დაახლოებით 426 ათასმა ადამიანმა მიიღო ერთჯერადი თანხა თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმებისთვის (იმ დროისთვის 195 ათასი რუბლი), თავდაცვის სამინისტრომ კი დაასახელა 214 ათასი ადამიანით მეტი ანუ 640 ათასი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 2022 წლის სექტემბრის მობილიზაციით გაწვეულ იქნა 302 ათასი ადამიანი, ხოლო კონტრაქტით (2023-2024 წწ) - 730 ათასი.

როგორც „ვაჟნიე ისტორიი“ წერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების არასანდოობას სხვა დაკვირვებებიც ადასტურებს:

  • ფრონტზე რუსეთის არმიის რიგებში სულ უფრო ხშირად ჩნდებიან მოიერიშე ქვედანაყოფები, რომლებიც შედგებიან დაჭრილი და დასახიჩრებული ჯარისკაცებისგან.
  • რეგიონები აგრძელებენ დაქირავებულთათვის ერთჯერადად გასაცემი თანხის მოცულობის გაზრდას. პუტინის რეკომენდაციით რეგიონებმა ეს თანხა მინიმუმ 400 ათას რუბლამდე უნდა გაზარდონ.

ანალიტიკოსების თქმით, რუსეთს საკმარისი სამხედრო პერსონალი რომ ჰყავდეს, ასეთი რამ არ მოხდებოდა. ჯამში რუსეთის 47 რეგიონმა გაზარდა გადასახდელი თანხა თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმებისთვის მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა ურჩია რეგიონებს, მიებაძათ ცენტრისთვის, რომელმაც გასაცემი თანხა თითქმის ორჯერ გაზარდა.

2024 წლის აგვისტოში რეგიონულმა ერთჯერადმა თანხამ მიაღწია საშუალოდ 596 ათას რუბლს. რვა თვეზე ნაკლებ დროში გაიზარდა 3,6-ჯერ (2023 წლის ბოლოს ეს თანხა 168 ათასი რუბლი იყო). ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ 400 ათას რუბლს ემატება რეგიონის ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული ასევე ერთჯერადი თანხა, რის შედეგადაც ე.წ. საკონტრაქტო ჯარისკაცი სამსახურში შესვლისთანავე იღებს საშუალოდ თითქმის 1 მილიონ რუბლს.

რუსეთის ცენტრალური ბანკის 2024 წლის 23 აგვისტოს კურსით, 1 რუბლი 0,011 აშშ დოლარს უდრის, 1 მლნ რუბლი - 11 ათას დოლარს.

რუსეთის არმიის ახალწვეული. როსტოვი. 2024 წ. 16 მაისი
რუსეთის არმიის ახალწვეული. როსტოვი. 2024 წ. 16 მაისი

რეგიონებს შორის ყველაზე მეტ ერთჯერად თანხას მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი გასცემენ (შესაბამისად, 1,9 მლნ და 1,7 მლნ რუბლი). როგორც ირკვევა, 1 მლნ რუბლსა და მეტს გასცემენ რუსეთის რეგიონების მესამედში. მხოლოდ სამ რეგიონში - მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და ყარაჩაი-ჩერქეზეთში - კონტრაქტით დაქირავებული ჯარისკაცები ჯამში (ცენტრალური და რეგიონული ბიუჯეტებიდან) იღებენ 2 მილიონ რუბლს. ყარაჩაი-ჩერქეზეთში ეს თანხა, 1,6 მილიონი რუბლი, 68-ჯერ აღემატება ადგილობრივი მოსახლეობის საშუალო თვიურ შემოსავალს (23,4 ათასი რუბლი). რეიტინგში შემდეგ მოდიან:

  • სტავროპოლის მხარე და ყაბარდო-ბალყარეთი - 1,5 მილიონი რუბლი (იყო 200 ათასი)
  • როსტოვის ოლქი და კრასნოდარის მხარე - 1,3 მილიონი რუბლი (იყო 700 ათასი)
  • ადიღე, ასტრახანი, ყალმუხეთი და ვოლგოგრადი - 1 მილიონი რუბლი
  • ვოლგოგრადის ოლქი - 800 ათასი რუბლი (იყო 300 ათასი)
  • დაღესტანი - 500 ათასი რუბლი
  • ჩეჩნეთი - 500 ათასი რუბლი
  • ჩრდილოეთი ოსეთი - 400 ათასი რუბლი

ჩრდილოეთ ოსეთის 400 ათას რუბლში შედის 100 ათასი რუბლი რეგიონული ბიუჯეტიდან, ხოლო 100 ათასი აღჭურვილობის შესაძენი სერტიფიკატია და კიდევ 100 ათასი „ბიზნესსაზოგადოებისა და ”ადგილობრივი მმართველობის ორგანოების” დახმარება.

რუსეთის მხოლოდ 11 რეგიონშია ერთჯერადი (რეგიონული) გადასახდელი თანხა პუტინის მიერ რეკომენდებულ 400 ათასზე დაბალი, ხოლო ორ რეგიონში - ფსკოვის ოლქსა და კარელიაში - ასეთი გადასახდელი საერთოდ არ არსებობს: ადგილობრივები, რომლებიც კონტრაქტით სამხედრო სამსახურში შედიან, იღებენ მხოლოდ ფედერალური ბიუჯეტიდან გათვალისწინებულ ერთჯერად თანხას.

რუსი სამხედროები. მოსკოვი. 2024 წლის 31 მაისი
რუსი სამხედროები. მოსკოვი. 2024 წლის 31 მაისი

კონტრაქტით დაქირავებული სამხედრო მოსამსახურეები ერთჯერადი თანხის გარდა ასევე იღებენ ყოველთვიურ ხელფასს. 2024 წლის 3 ივლისის მონაცემებით, ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში „კონტრაქტნიკის“ მინიმალური ანაზღაურება თვეში 210 ათასი რუბლია. ზუსტი თანხა დამოკიდებულია სამხედრო წოდებასა და თანამდებობაზე. ყოველთვიური მინიმალური ანაზღაურება:

• რიგითის - 210 ათასი რუბლი

• მსროლელის - 210 ათასი რუბლი

• ყუმბარმტყორცნის - 211 ათასი რუბლი

• მზარეულის - 211 ათასი რუბლი

• მეტყვიამფრქვევის - 216 ათასი რუბლი

• უფროსი მესანგრის - 216 ათასი რუბლი

• მძღოლის - 216 ათასი რუბლი

• მძღოლ-ელექტრიკოსის - 222 ათასი რუბლი

• კავშირგაბმულობის უფროსი ოპერატორის - 224 ათასი რუბლი

• სამეთაურო-საშტაბო მანქანის რადიოსადგურის უფროსის - 232 ათასი რუბლი

• შტაბის ინსტრუქტორის - 234 ათასი რუბლი

• განყოფილების მეთაურის - 238 ათასი რუბლი

• ოცეულის მეთაურის მოადგილის - 250 ათასი რუბლი

მიუხედავად რუსეთის ხელისუფლების ოპტიმისტური განცხადებებისა, როგორც ჩანს, რუსეთის ჯარი ვერ ახერხებს დაქირავებულებით (ე.წ. "კონტრაქტნიკებით") არმიის რიგების შევსებას.

„რეგიონული ხელისუფლება ვერ ასრულებს ჯარისკაცების დაქირავების გეგმას მესამედზე მეტით“, - იტყობინება სააგენტო Bloomberg-ი კრემლისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წყაროებზე დაყრდნობით. კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის ფონზე რუსეთის არმიაში პერსონალის დეფიციტმა შეიძლება მოსკოვს უბიძგოს ახალი მობილიზაციისკენ, თუკი რუსები ნებაყოფლობით არ წავლენ ფრონტზე 1 მილიონ რუბლზე მეტი თანხის სანაცვლოდ.

საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინტერნეტგამოცემის, „ვიორსტკას“ დაკვირვებით, რუსეთში საკონტრაქტო სამსახურის მიმართ ინტერესი მთელი 2024 წლის განმავლობაში მცირდებოდა. თუმცა, კონტრაქტით გათვალისწინებული ერთჯერადი თანხის გაზრდის შემდეგ მოსკოვში მკვეთრად (სამჯერ) გაიზარდა მსურველთა რაოდენობა.

„ვაჟნიე ისტორიის“ წყაროს მიხედვით, 2023 წელს რეგიონებმა მხოლოდ 50-60%-ით შეძლეს გეგმის შესრულება. 2024 წელს საკონტრაქტო ჯარისკაცების დაკომპლექტების ტემპი უფრო მაღალია, თუმცა გამოუსწორებელი დანაკარგების გამო მაინც უარყოფითია.

რუსეთის არმიის მთავარი რესურსი პატიმრები და ფინანსური პრობლემების მქონე ადამიანები არიან. „ეძებენ მათ შორის, ვისაც ე.წ სოციალური დავალიანება აქვს: ალიმენტები, კომუნალური მომსახურების ვალები. დაქირავებულთაგან თითქმის ნახევარს აქვს 50 ათას რუბლზე მეტი დავალიანება, რომელიც სააღსრულებო სამსახურის წარმოებაშია“, - აცხადებენ Conflict Intelligence Team-ის ანალიტიკოსები, რომელთა მიხედვითაც, რეგიონულ ხელისუფლებას დაევალა სწორედაც რომ მოვალეების, გაკოტრებულების, მიგრანტების, უმუშევრების, ძიებაში მყოფი პირებისა და მოსახლეობის სხვა მოწყვლადი წარმომადგენლების დაყოლიება თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმებაზე.

2024 წლის პირველ კვარტალში 73,3 ათასმა ადამიანმა მიიღო ერთჯერადი თანხა ხელშეკრულების გაფორმებისთვის, ხოლო იმავე პერიოდში ბანკებმა მიიღეს უკრაინაში საბრძოლველად წასულ პირთა მიერ დაწერილი 33 ათასი განცხადება საკრედიტო არდადეგების მოთხოვნის თაობაზე. თუ ვივარაუდებთ, რომ თითო სამხედრო მოსამსახურეზე მოდის თითო სესხი, გამოდის, რომ თითქმის ყოველ მეორე დაქირავებულ რუს ჯარისკაცს აქვს საბანკო დავალიანება.

ორი წლის განმავლობაში რუსეთის მთავრობამ დახარჯა მინიმუმ 1,1 ტრილიონი რუბლი უკრაინაში მებრძოლთა ფინანსური მხარდაჭერისთვის: მინიმუმ 925,4 მილიარდი ფედერალური, 179 მილიარდი კი რეგიონული ბიუჯეტიდან.

პროექტ Re: Russia-ს გათვლებით, დაღუპულთა ოჯახებისა და დაჭრილებისთვის გადახდილი თანხის მოცულობა 2,6 ტრილიონი რუბლია იმ ვარაუდით, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაპირებული კომპენსაცია ყველას გადაუხადა. 2,6 ტრილიონი რუბლი რუსეთის მშპ-ს თითქმის 1,5%-ია. თუმცა, როგორც CIT-ის ექსპერტები შენიშნავენ, ეს რიცხვი შეიძლება გაბერილი იყოს იმის გამო, რომ რუსეთის მთავრობა ცდილობს თავი აარიდოს დაჭრილებისთვის კომპენსაციების გადახდას და პროცესი მაქსიმალურად გააჯანჯლოს.

„400-600 ათასის ნაცვლად ზოგიერთმა რეგიონმა დაიწყო 2 მილიონზე მეტის გადახდა. თუმცა ამით სამხედრო მოსამსახურეების დეფიციტი არ აღმოფხვრილა, - უთხრა რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიურ სამსახურს (kavkaz.realii) ეკონომისტმა სერგეი ჟავორონკოვმა, - მთავარი პრობლემა ფულში არ არის. ფულს იშოვიან სხვა ხარჯების დაზოგვით. ფიზიკურად არ არის საკმარისი იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მზად არიან, ფულისთვის იომონ“.

სამხედრო ექსპერტ იან მატვეევის თქმით, ერთჯერადად გადასახდელი თანხის გაზრდამ უდავოდ გამოიწვია დაქირავებულთა რაოდენობის მატება, მაგრამ კვლავინდებურად გაურკვეველია, რამდენად ეყოფა ომს ეს ახალი დაქირავებულები.

„ამასთან, დეფიციტი კვლავ ნარჩუნდება, რაც აჩვენა სამხედროების რეაქციამ კურსკში მომხდარ გარღვევაზე, რადგან იქ გადაისროლეს არა კონტრაქტით დაქირავებული ჯარისკაცები, არამედ ძირითადად ფსევდომოხალისეები. რეგულარული ნაწილებიდან იქ მხოლოდ ყირიმის 810-ე საზღვაო ბრიგადა და 488-ე პოლკი არიან წვევამდელებთან ერთად“, - უთხრა kavkaz.realii-ს იან მატვეევმა.

რუსი სამხედროების განადგურებული კოლონა კურსკის ოლქში. ქ. სუჯა
რუსი სამხედროების განადგურებული კოლონა კურსკის ოლქში. ქ. სუჯა

ივან ჩუვილიაევი ჯარისკაცთა უფლებების დამცველი ერთ-ერთი ორგანიზაციის დამფუძნებელი, რომელიც ეხმარება წვევამდელებს რუსეთის დატოვებაში, ამბობს, რომ ფრონტზე წასვლის საფასურის გაზრდა, სწორედაც რომ ხალხის ნაკლებობაზე მიუთითებს.

„აქამდე არსებული თანხა აშკარად არასაკმარისი იყო კონტრაქტის გაფორმების სტიმულირებისთვის. ამავდროულად, უნდა გვესმოდეს, რომ არც 500 ათასზე, არც 1,5 მილიონზე, არც 2-სა და არც 5 მილიონზე ხალხი არ წავა თავის მოსაკლავად, თუ მათ არ აქვთ ცხოვრების საშინელი გარემოებები. სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს ზუსტადაც რომ საშინელი პირობები აქვს: ეს არის სესხები, ვალები, საშინელი ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია პირად გარემოებებთან, მაგალითად, საყვარელი ადამიანის გარდაცვალებასთან და ა.შ.“ - ამბობს ივან ჩუვილიაევი.

ივან ჩუვილიაევი
ივან ჩუვილიაევი

კონტრაქტით დაქირავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე გაცემული ერთჯერადი თანხა და ყოველთვიური ხელფასი მხოლოდ ნაწილია რუსეთის ბიუჯეტიდან „კონტრაქტნიკებზე“ გაწეულია ხარჯისა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2022 წლის 3 მაისის N98 განკარგულებით, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილის“ გარდაცვალების შემთხვევაში დაწესებულია ერთჯერადი კომპენსაცია 5 მილიონი რუბლის ოდენობით (რომელსაც მიიღებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები), ხოლო დასახიჩრების შემთხვევაში, გადასახდელი თანხის მოცულობა 3 მილიონი რუბლია. რუსეთის ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავს ამ კუთხით გაწეული ხარჯის მოცულობას, რომელიც შესაძლებელს გახდიდა რუსეთის არმიის დანაკარგების ზუსტი მოცულობის დადგენას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG