ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ რუსეთის ლიდერის მიერ „რუსი ხალხისა და რუსეთის ინტერესების“ დასაცავად გამიზნული სახელმწიფო დავალების შესრულებას დიდი გამოცდა ელის, როგორც სოციალურ, ისე ეკონომიკურ დონეზე.
რუსეთი გეგმავს უკრაინასთან საომრად 300 ათასი მოქალაქის გაგზავნას. მას შემდეგ, რაც დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ სამხედრო სამსახურში გაიწვევენ 300 ათას რეზერვისტს. როგორც შოიგუმ თქვა, გაწვევა არ განხორციელდება ერთჯერადი აქციის ფარგლებში.
პროპაგანდისტული რუსული არხები მთელი დღის განმავლობაში ავრცელებენ ცნობებს, თუ როგორი ენთუზიაზმით შეხვდნენ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის განკარგულებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამის ორგანოები, რომლებსაც პუტინის დავალების შესრულება ევალებათ.
მაგრამ ეს „ნებადართული ენთუზიაზმი“ ჯერჯერობით არ აისახება იმ მოქალაქეების განწყობაზე, რომლებსაც ნაწილობრივი მობილიზაცია შეეხებათ.
ასე მაგალითად, პეტერბურგში, საოლქო ადმინისტრაციებმა მუნიციპალიტეტებს დაავალეს მოძებნონ ადამიანები, რომლებიც ნაწილობრივი მობილიზაციისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩატარების მხარდამჭერ აქციაში მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ იტყობინება პორტალი Rotonda, რომელსაც მუნიციპალიტეტების ანონიმმა წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ თითოეული მათგანისგან ხელმძღვანელობა 5-10 ადამიანის მობილიზებას მოითხოვს.
გაქცევა „უსაფრთხო“ ქვეყნების მიმართულებით“
ვლადიმირ პუტინს, როგორც იტყვიან, მოსახლეობისადმი მიმართვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ მოსკოვის ბირჟის ინდექსი 2100 პუნქტზე ქვემოთ დაეცა. გაუფასურება დაიწყო უმსხვილესი კომპანიების ფასიანი ქაღალდების ღირებულებამ. „გაზპრომის“ აქციები ვაჭრობის დასაწყისში 13%-ით გაიაფდა. 10%-ით გაუფასურდა „იანდექსის“ აქციები, „სურგუტნეფტეგაზის“, „ნოვატეკისა“ და „გაზპრომ ნეფტის“ აქციების ფასი 9%-ზე მეტით დაეცა.
ვინაიდან ბოლო ხანს, სხვადასხვა წყაროთი სულ უფრო ხშირად ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსეთი მობილიზაციის გამოცხადებას გეგმავდა, - რუსეთის მოქალაქეთა ნაწილმა წინასწარ დაიჭირა თადარიგი და მასობრივად დაიწყო ქვეყნის დატოვება, რის გამოც ასტრონომიულად გაიზარდა საავიაციო ბილეთების ფასი რუსეთისათვის „უსაფრთხო“ ქვეყნების მიმართულებით“.
როგორც ინტერნეტის არხი „მოჟემ ობიასნიტ“ წერს, 21 სექტემბრისთვის დარჩენილი იყო თითო-თითო ავიაბილეთი ერევნისა და სტამბოლის მიმართულებით. ბილეთების სკრინშოტზე ჩანს, რომ აზერბაიჯანზე ბილეთის ფასი 248 ათას რუსულ რუბლს (4 ათას დოლარს), ერევანზე კი 1400 დოლარს შეადგენს.
ბილეთები 26 სექტემბრამდე გაყიდულია Turkish Airlines-ის მოსკოვი-თბილისის რეისზეც, 26 სექტემბრიდან კი ერთი გზა უკვე 1700 დოლარზე მეტი ღირს. დაახლოებით ამ ფასად შეიძლება მოსკოვიდან ბათუმში ჩაფრენა 22 სექტემბერს, თუმცა მგზავრობის ხანგრძლივობა 18 საათზე მეტია.
დასავლეთის სანქციების მოქმედების შედეგად რუსეთის ეკონომიკისთვის კიდევ ერთ უსიამოვნო ამბად შეიძლება ჩაითვალოს მოსკოვის სტრატეგიული პარტნიორის, ყაზახეთის ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
21 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთის უმსხვილესმა სახალხო ბანკმა (ხალილ ბანკმა) და ვიეტნამის BIDV-მა შეწყვიტეს რუსეთის გადახდის სისტემა „მირის“ ბარათების მომსახურება, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთქმული გაფრთხილების ფონზე, რომ მზად არის სანქციები დაუწესოს იმ საფინანსო ინსტიტუტებს, რომლებიც რუსეთის ფარგლებს გარეთ რუსული გადახდის სისტემის გამოყენებას უწყობენ ხელს.
ყაზახეთის სახალხო ბანკის ქოლცენტრში გამოცემა „იზვესტიას“ აცნობეს, რომ რუსული ბარათების მომსახურება აღარ ხდება არც ბანკომატებისა და არც ტერმინალების საშუალებით. ანალოგიური ინფორმაცია მიიღეს ვიეტნამის ბანკისგანაც.
მანამდე, 19 სექტემბერს, გადახდის სისტემა „მირთან“ თანამშრომლობა დროებით შეაჩერა თურქეთის ორმა უმსხვილესმა ბანკმა, Iş Bankası-მ и DenizBank-მა.
„რისთვის უნდა დაიღუპონ ისინი? პუტინის სასახლისთვის?“
ვისაც ფული აქვს და მოასწრო საავიაციო ბილეთის შეძენა, ქვეყნის დატოვებით შველის რუსეთის ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ „ნაწილობრივ მობილიზებას“. სხვებმა კი პროტესტის ჩვეულ ფორმას - საპროტესტო აქციებს - მიმართეს.
„სიბირ.რეალიის“ ცნობით, მობილიზაციის წინააღმდეგ მცირერიცხოვანი აქციები 21 სექტემბერს შორეული აღმოსავლეთის რამდენიმე ქალაქში გაიმართა.
რუსეთის მოსახლეობას ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციისკენ მოუწოდა ორგანიზაცია „ვესნამ“, რომელიც გავრცელებულ მიმართვაში მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცემული განკარგულების შემდეგ ომი ყველა მათგანის სახლში მივა.
„ათასობით რუსი მამაკაცი - ჩვენი მამები, ძმები და ქმრები - ომის ხორცსაკეპში იქნება ჩაყრილი. რისთვის უნდა დაიღუპონ ისინი? რატომ უნდა დაღვარონ ცრემლი დედებმა და შვილებმა? პუტინის სასახლისთვის? ამიერიდან ომი მართლაც ყველას სახლში შემოვა“, - ნათქვამია მოძრაობა „ვესნას“ მიერ ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში.
მოძრაობის აქტივისტები რუსეთის მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ ქალაქების ცენტრალურ ქუჩებში 21 სექტემბერს, საღამოს 19 საათზე შეიკრიბონ.
თუმცა, „სიბირ.რეალიის“ ცნობით, მცირერიცხოვანი ანტისამობილიზაციო აქციები გაიმართა ხაბაროვსკში, ირკუტსკში, ტომსკსა და ულან-უდეში.
ხაბაროვსკში აქციაზე 12 ადამიანი გამოვიდა. მოსალოდნელი დაპატიმრების შიშით მათ ლოზუნგები არ ჰქონიათ. მხოლოდ გამოცემის კორესპონდენტს უთხრეს ანონიმურობის დაცვით, რომ შოკირებულები არიან მობილიზაციის თაობაზე მიღებული ცნობით. ხოლო ირკუტსკში, სადაც ქალაქის ცენტრში რამდენიმე ათეული ადამიანი შეგროვდა, პოლიციამ 10 დემონსტრანტი დააკავა.
კიდევ უფრო აქტიურდება პროტესტი სოციალურ ქსელებში.
„ვესნას“ გარდა საპროტესტეო აქციებზე გამოსვლისკენ მოსახლეობას მოუწოდეს ალექსეი ნავალნის მომხრეებმაც. ინტერნეტში კი გაჩნდა ნაწილობრივი და სრული მობილიზაციის საწინააღმდეგო პეტიცია, რომელზეც სტატიის წერის დროს სულ მცირე 200 ათას ადამიანს ჰქონდა ხელი მოწერილი.
21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. ვიდეომიმართვაში, რომლითაც კრემლის მიერ კონტროლირებული მედიის ცნობით, პუტინი წინა საღამოს უნდა გამოსულიყო, რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ „სამობილიზაციო ღონისძიებები დღეს, 21 სექტემბერს დაიწყება“.
რუსი ხალხისადმი ამავე მიმართვაში ვლადიმირ პუტინმა დაადასტურა უკრაინის რამდენიმე რეგიონის რუსეთთან შეერთების თაობაზე საოკუპაციო რეჟიმების მიერ „რეფერენდუმების“ გამოცხადება.
23-27 სექტემბერს უკრაინის ოთხ ოკუპირებულ ოლქში ე.წ. რეფერენდუმების გამოცხადების ფონია უკრაინის არმიის წარმატებული კონტრშეტევა, რომელიც ხარკოვის რეგიონში რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებული ქალაქების გათავისუფლებით დასრულდა.
უკრაინის ხელისუფლება და დასავლეთის ქვეყნების ლიდერები აცხადებენ, რომ არ აღიარებენ „კენჭისყრის“ შედეგებს. ხოლო კიევმა შეახსენა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ მიწებზე მცხოვრებ მოქალაქეებს, რომ „რეფერენდუმში“ მონაწილეობა შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასრულდეს.
უკრაინის კანონმდებლობით, ომის დროს ქვეყნის ტერიტორიაზე რეფერენდუმის ჩატარება აკრძალულია. უკრაინის ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, „რეფერენდუმის“ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს 5-დან 10 წლამდე ვადით სასჯელი და ქონების კონფისკაცია ემუქრებათ.